„ომის ანგელოზი“ - კვირის პალიტრა

„ომის ანგელოზი“

"ომის ანგელოზები" - ასე მოიხსენიებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალებს დასავლურ მედიაში. ჟურნალმა Forbes-მა უკვე არაერთი სტატია მიუძღვნა ქართველ მედიკოსებსა და მეომრებს და მათ განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებზე გაამახვილა ყურადღება. გვანცა გელაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამორჩეული საბრძოლო უნარებით, თავგანწირვითა და გამბედაობით არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გვანცა მესტიაში სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა. როგორც ამბობს, მისთვის მძიმე საყურებელი იყო დაბომბვაში მოყოლილი ბავშვები. "არანაირი ზიზღი, სიძულვილი, ეს იყო უკრაინელი ბავშვების სიბრალული და შიში იმისა, რომ აქ, საქართველოშიც, იგივე არ მომხდარიყო", - ასე ხსნის ომში წასვლის გადაწყვეტილებას 27 წლის გვანცა.

გვანცა გელაშვილი: - 24 თებერვალი ჩემს ცხოვრებაში ფასეულობების გადახედვის, სამყაროს ახლებურად აღქმის დღედ იქცა. ტელევიზორით ვუყურე, როგორ ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ვნახე ატირებული, შეშინებული პატარები და მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. 28 თებერვალს უკვე ავტობუსში ვიჯექი, 2 მარტს კი "ქართულ ლეგიონში" გამოვცხადდი. ძალიან ბევრი ვიბრძოლე და ვიწვალე იმისთვის, რომ ლეგიონის წევრი გავმხდარიყავი. ვიცოდი, იქ ადვილად არ მიმიღებდნენ და დღე და ღამეს ვასწორებდი. რომ მეტყოდნენ, ეს ერთ თვეში უნდა ისწავლო, აითვისოო, მე ერთ კვირაში ვსწავლობდი. დილის ხუთი საათიდან ვიწყებდი ვარჯიშს. დღე-ღამეში ორი, მაქსიმუმ, სამი საათი მეძინა.

- ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?

- როგორც ახალბედასთვის, ძალიან რთული იყო სიცივეში უქურთუკოდ ტალახში საათობით წოლა. თავდაპირველად, სწავლებას ლვოვში გავდიოდით. მარტი იყო. ამ დროს უკრაინაში ძალიან ცივა. დილის ხუთ საათზე რთავდნენ განგაშის სიგნალს და ჩვენც უნდა წამოვმხტარიყავით.

- გოგონებს არ გინდობდნენ?

- სხვათა შორის, მე რომ მივედი ლეგიონში, გოგო არავინ იყო, მერე დაგვემატნენ. რაც შეეხება დანდობას, მეთაურებისთვის ყველა თანასწორია, არ მიმიცია თავისთვის სისუსტის გამოჩენის უფლება.

- ფრონტის ხაზმა თქვენი მოლოდინი გაამართლა, ის დაგხვდათ, რასაც ელოდით?

- რაც ვნახე, სუსტი ნერვების ან გულის ადამიანმა არ უნდა ნახოს. ეს ყველაფერი სხვას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი.

- როგორც ვიცი, ორჯერ ხარ დაჭრილი.

- კი, მაგრამ ორჯერვე მსუბუქად. ხუთი კაცი ოპერაციაზე ვიყავით გასული, პოზიციებს ვამაგრებდით და დაბომბვა დაიწყო. სასწრაფოდ უნდა გაგვეთხარა ორი სანგარი, ჩვენ კი ერთი ნიჩაბი გვქონდა. სიმწრისგან მეორე სანგრის თხრა დანით დავიწყე. ამ დროს ჭურვის ნამსხვრევმა არტერიასთან ჩამიარა და მიწაში ჩაერჭო. ისეთი განცდა მქონდა, რომ ღმერთმა ხელი გადამაფარა. სწორედ იმ დროს დაიღუპა პირველად ჩემი თანამებრძოლი, ოცმეთაური. მან გაგვიყვანა პოზიციაზე და თავად საჭირო ნივთების მოსატანად წავიდა. სამწუხაროდ, უკან ვეღარ დაბრუნდა. მაშინ ვიგრძენი, რა საშინელებაა შენიანის სიკვდილი. მეორედ მანქანაში ავფეთქდი და ცხვირი დამიზიანდა. მას შემდეგ უარესი ამბები ვნახე და გადავიტანე.

- ამ ომში ქართველების განსაკუთრებულობაზე ხშირად ლაპარაკობენ. ეს მითია თუ რეალობა?

- ქართველების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთისთვის სიცოცხლის გაწირვა დაუფიქრებლად შეგვიძლია. ერთ ამბავს გიამბობთ და ყველაფერი თავად განსაჯეთ: სამდღიან ალყაში აღმოვჩნდით. ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში შევედით, პოზიციები უნდა გაგვემაგრებინა. ლუდის სახარშ ქარხანაში დავბანაკდით. პოზიციებზე ჯგუფებად, მორიგეობით გავდიოდით. 18 ქართველი ვიყავით, დანარჩენი უკრაინელები და ამერიკელები. ერთ დღესაც გავიდა ჯგუფი და უკან დაბრუნებისას გვითხრეს, რომ ალყაში ვიყავით.

- შეგეშინდათ?

- ამ დროს შიშისთვის არ გცალია, გამოსავალს ეძებ. სასმელ-საჭმელი კი გვქონდა, მაგრამ ვითარება ძალიან გართულდა. წარმოუდგენელი იყო, იქ ჩვენს დასახმარებლად ვინმე მოსულიყო, და ამ დროს მოგვდის ინფორმაცია, რომ ჩვენს დასახმარებლად ქართველები წამოსულან. ეს ისეთი განცდა იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მეგონა, რომ მთას მოვგლეჯდი. მერე კიდევ, ერთია, რომ იცი დასახმარებლად წამოვიდნენ, და მეორე, როცა შენიანებს შენი თვალით დაინახავ.

- საქართველოში რამდენჯერმე ჩამოხვედით შვებულებით. ეჭვი არ გაგჩენიათ ფრონტის ხაზზე დაბრუნების შესახებ?

- პირველად საქართველოში 8 თვის შემდეგ დავბრუნდი. სიმართლე გითხრათ, გამიტკბა მშვიდობიან გარემოში ცხოვრება, იმის შეგრძნება, რომ არავინ გბომბავს, რომ ტყეში ისე შეგიძლია გასეირნება, ჩასაფრების მოლოდინში არ იყო. თუმცა გულმა ისევ იქით გამიწია. მეორედ რომ ჩამოვედი, დღეებს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა, ჩემს თანამებრძოლებთან დავბრუნებულიყავი.

- ომმა შეგცვალათ?

- ძალიან. ადრე სიფრთხილე რა იყო, არ ვიცოდი. ექსტრიმი მიყვარდა. ახლა ვფიქრობ, რომ სიცოცხლეს უდიერად არ უნდა მოეპყრო, იმიტომ, რომ არ იცი, სამშობლოს როდის და როგორ დასჭირდები. კიდევ ამ ომმა სამშობლო უზომოდ შემაყვარა. ადრეც მიყვარდა, მაგრამ ამ ომმა და ჩემმა მეთაურებმა ბევრი რამ სხვა თვალით დამანახეს. მე ვხედავ, როგორ ცხოვრობენ და იბრძვიან აქ იდეისთვის, როგორ არიან მზად სიცოცხლის გასაწირად თითოეული ჩვენგანისთვის. გული მწყდება, რომ მათ სამშობლოში არ აფასებენ. დიდი უსამართლობაა ჩვენზე იმის თქმა, ფულისთვის იბრძვიანო. ძალიან კარგად იციან, რომ ასე არ არის, მაგრამ მაინც ამბობენ, ჩვენს გამოწვევას ცდილობენ. არადა, ჩვენ მზად ვართ სხვების გადასარჩენად სიცოცხლე გავწიროთ, მაგრამ თუ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება, საშიში გავხდებით.

- თქვენი აზრით, საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?

- ჩვენ ისეთი მეზობელი გვყავს, საფრთხეს სულ უნდა ველოდოთ. ძალიან ცუდია, როდესაც მტრულად განწყობილი ქვეყნიდან ასიათასობით კაცი ჩამოდის. ეს ძალიან მაფიქრებს.

- თქვენი ოჯახი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?

- გარდაბანში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს. მესტიაში მუშაობა რომ დავიწყე, 8 თვის განმავლობაში ოჯახისგან მოშორებით ვიცხოვრე. ომში ისე წავედი, დედ-მამასა და ჩემს ერთადერთ დას არაფერი ვუთხარი. პოლონეთის საზღვარზე ვიყავი, რომ დავურეკე და შევპირდი, საზღვარზე გავჩერდები, ლტოლვილებს დავეხმარები-მეთქი. საუბარი დავასრულეთ და მოულოდნელად დედას შეტყობინება მივიღე, მწერდა, შენ შენი საქმე გააკეთე და შინ ცოცხალი დამიბრუნდიო. ის სქრინი დღემდე შენახული მაქვს.

- გამარჯვების შემდგომ ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე, ალბათ, იმ საქმეს დავუბრუნდები, რასაც მანამდე ვაკეთებდი.

- ახალ წელს გილოცავთ, გვანცა, გამარჯვებას და თქვენს ძალიან მაგარ დედასთან მშვიდობიანად დაბრუნებას გისურვებთ.

- მე კი გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.

ხათუნა ბახტურიძე