როგორ ვმართოთ ემოციები - კვირის პალიტრა

როგორ ვმართოთ ემოციები

ტერმინი "ემოციური ადამიანი" სულაც არ მიუთითებს პიროვნების მარტივ ცხოვრებაზე: ემოციების მართვა არც ისე იოლია, მძაფრი ემოციების შედეგი კი რთული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავი ვერ შეიკავე და შენი ემოციებით სხვაც დააზიანე და საკუთარი თავიც; ან სხვამ დაგაზიანათ ისე, რომ მისგან გადმოცემულ მძიმე ემოციებს ვეღარ იშორებთ. მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან აშორება არც ისე ძნელია, უბრალოდ, ემოციების მართვა უნდა ისწავლო, რის შესახებ ფსიქოლოგ ჯემო დარბაიძეს­ ვესაუბრეთ:

- რა არის ემოცია? მხოლოდ ჩვენი პირადი დამოკიდებულება გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ - ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენი ემოციები მხოლოდ ჩვენს ტვინში წარმოიქმნება და არა სხვაგან. ამ ემოციებს ჩვენი ტემპერამენტი და ინტელექტი მართავს და არა სხვა რაიმე, როგორც ხშირად ვფიქრობთ ხოლმე. თუ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა, მას ვერავინ აიყოლიებს და "გააგიჟებს". რაც უფრო ტემპერამენტიანია ადამიანი, მით იოლად ემორჩილება ემოციებს, თუმცა, არა იმ შემთხვევაში, თუ ემოციების მართვის უნარი აქვს. რაც უფრო ხშირად ვასწავლით ჩვენს შვილებს, როგორ იფიქრონ უარყოფით ინფორმაციაზეც კი პოზიტიურად, მით ნაკლებად დაზიანდებიან მომავალში თავიანთივე ემოციებით. თუკი შესისხლხორცებული გვექნება, რამდენად ცუდად გამოვიყურებით, როდესაც ემოციებს ვერ ვმართავთ და აგრესიული ვხდებით, მაშინ აგრესიასა და ბრაზს მოვერიდებით და სხვაგვარად მოვაგვარებთ სიტუაციას. სხვათა შორის, ყურანში ერთი საინტერესო დარიგებაა: "ნუ ყვირი, ყველაზე უსიამოვნო ხმა ვირს აქვს".

ის, ვისი ტვინიც დადებით ემოციებს ქმნის, ბედნიერი ადამიანია და ამ ბედნიერებას სხვასაც გადასცემს. ჩვენი მძიმე ემოციები კი ჩვენვე გვავნებს. არსებობს ემოციური რუკები, სადაც ასახულია, რომ ემოციური ტალღების აბსოლუტური უმრავლესობა სხეულის ზედა, ანუ სასიცოცხლო ნაწილისაკენ მიემართება, განსაკუთრებული დარტყმა გულზეა, შემდეგი კი თავზე.

- არადა, ემოციების მართვა უმრავლესობას უჭირს. წარმომიდგენია, საზოგადოებისგან "გამოსხივებული" უარყოფითი ემოციები რამდენ ბნელ ლაქად აისახება ამ რუკაზე.

- კი, ასეა. და ამ რუკას მხოლოდ იმ ადამიანის გონება ცვლის, რომელსაც ემოციების მართვა შეუძლია და აი, რატომ: თუ დავაკვირდებით, რა მექანიზმით ახერხებს გარემო ჩვენზე ასეთ მძაფრ ემოციურ ზემოქმედებას, აღმოვაჩენთ, რომ გარემოდან მიღებულ ყველა ინფორმაციას თავად ვანიჭებთ ისეთ შინაარსს, რომ ემოციურად გაგვანადგუროს. მაგალითად, თითქმის ყოველდღე გვესმის პოლიტიკოსების განცხადებები ომის, რევოლუციების, საზოგადოების დაცემისა და ასე შემდეგ შესახებ, რაზეც ბევრი ჩვენგანი იმ ნგრევასა და უბედურებას წარმოიდგენს, რაც უკვე გავიარეთ, და ისეთ ემოციურ სტრესში ვარდება, შიშით იძინებს და იღვიძებს, თუ საერთოდ დაეძინა. სხვები, პირიქით, ასეთ განცხადებებს მძაფრ დატვირთვას არ ანიჭებენ და ცდილობენ არ დააკავშირონ იმ ხატებთან, რამაც დაგვანგრია. რომელი ადამიანი იქნება უკეთ? ის, რომელსაც ცხოვრება ცუდმა მოგონებებმა დაურღვია, თუ ის, ვინც ცდილობს მოვლენებს დამანგრეველი ემოციური შინაარსი არ მიანიჭოს? უფრო მარტივ მაგალითსაც გეტყვით: სთხოვეთ თქვენს მეგობრებს ზაფხულის ყველაზე მშვიდი დღის წარმოდგენა. ზოგი მთას წარმოიდგენს, ზოგიც ზღვის ტალღებს - ანუ ყველა მათგანი თავისი ემოციებით ქმნის იმის შინაარსს, რაც სთხოვეთ. ესე იგი, ადამიანები ყველა ინფორმაციას მხოლოდ თავიანთ შინაარსებს უკავშირებენ, ისინი კი შესაძლოა დამანგრეველიც იყოს და აღმდგენელიც. აქედან დასკვნა - ყველა თავის ემოციურ ხაფანგს თავადვე იგებს. ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ - ემოციებს და მათ მართვას მართლაც უდიდესი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. ემოციები თვით ეკონომიკურ სფეროსაც მართავს. მაგალითად, გაყიდვებისას უპირველესად ემოცია იყიდება და მერე ნივთი - როდესაც ნივთთან დაკავშირებით ემოცია ჩნდება, ადამიანი სწორედ მაშინ ყიდულობს მას.

- ესე იგი, თუ გარემოსგან მოწოდებულ ინფორმაციაში ნეგატიური სურათების ნაცვლად პოზიტიურ ხატებს ჩავსვამთ, გარემოს აგრესია ემოციურად ვეღარ მოგვერევა? მაგრამ თუ რეალურად საშიშ შინაარსს ვიღებთ გარემოდან?

- "როგორც ქუხს, ისე არ წვიმს". თუნდაც ყველაზე საშიში შინაარსის ინფორმაციის მიღების დროსაც შეიძლება შეინარჩუნო იმედიანი ემოციები. იმავდროულად, თუ შეგიძლია ეს ემოცია მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც გასცე, ეს დიდი უნარია. ამიტომაც არის არასასურველი ნეგატიური ემოციების გადმოფრქვევა სხვებთან. უპირველესად სწორედ იმ ადამიანთან, რომელიც ნეგატიურ ემოციას გასცემს - მისი ტვინი ნეგატიურ ინფორმაციას ხომ არა მარტო სხვას აფრქვევს, საკუთარ სხეულშიც გზავნის. უნდა გვახსოვდეს, როდესაც სხვას ვესაუბრებით, პარალელურად ვესაუბრებით საკუთარ თავსაც - ანუ თუ მოსაუბრეს უთხარით, რომ იღუპებით, ესე იგი, საკუთარ თავზე მართლაც ასე ფიქრობთ და მოსაუბრესაც ამ უარყოფითი ემოციით ბომბავთ. თუ რაიმე უსიამოვნო მოვლენის დროს ოთახში ჩავიკეტებით და საკუთარ თავს "დავიღუპეს" დავძახით, ჩვენი ტვინი წყვეტს აქტიურობას გამოსავლის პოვნისათვის, მაგრამ თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ პრობლემიდან გამოვალთ, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით.

- მაგრამ ეს ხომ არც ისე ადვილია?

- სინამდვილეში ემოციების მართვა არც ისეთი ძნელია. პირველი საფეხური უარყოფითი ემოციისაგან გათავისუფლებაა. წადით იმ გარემოში, რომელსაც თქვენი ტვინი დადებით შინაარსს ანიჭებს. დროულად ემოციისაგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ მას იქვე დაუსვით წერტილი. ამაში ბედნიერი დღეების, მომენტების, მოგონებების გახსენებაც დაგეხმარებათ, თქვენში კეთილგანწყობას გააღვიძებს. ცუდის მოგონება კი, რასაც თავს ვერ ვაღწევთ ბრაზისას, უფრო შეუწყობს ხელს ცრუმტრების წარმოსახვას. სწორედ ამისთვის, ამ სიმშვიდისთვის არსებობს ქრისტიანული მოძღვრების უდიდესი სიბრძნეც: "უარესსა შენსა ნუ განიკითხავ და უკეთესსა შენსა ნუ გამოიძიებ".

- არადა, ხშირად როდესაც ადამიანს ურჩევენ, ნუ განიკითხავო, ბევრს ჰგონია, განკითხვის საგნის ხელშეუხებლობას იცავენ და არა მის სიმშვიდეს.

- ასეა. ემოციების მართვა ბევრს შეუძლებელი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის. როგორც გარემოს ვაკონტროლებთ, ზუსტად ისევე უნდა შეგვეძლოს საკუთარი ემოციების მართვა. ამისთვის საჭიროა, რომ ის ემოცია, რომელიც ცუდ ფიქრებს აღგიძრავთ, მაშინვე "გადაცვალოთ" კარგ ფიქრებში. თუ ამას არ მოვინდომებთ და ცუდ ფიქრებში დავრჩებით, ესე იგი, გვინდა ნეგატიურ ემოციებში ყოფნა.

- თუ ვგრძნობ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ემოციების მართვას მაინც ვერ ვახერხებ, არსებობს "მაგიური" წესი, რომელიც დამეხმარება, რომ არ ავყვირდე და ღირსეულად გამოვიდე სიტუაციიდან?

- კი, არსებობს. თუ ამის სურვილი გაქვთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ემოციების მართვისთვის მზად ხართ. ემოციური აფეთქების პირველ წუთებში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის შეგიძლიათ ღრმა სუნთქვა დაიხმაროთ. გულისცემაც სუნთქვის რიტმში "ჯდება", რაც სიმშვიდეს იწვევს. ასეთივე დამამშვიდებლად მოქმედებს ფიზიკური შეხებაც, იმიტომაც ითხოვენ ადამიანები ჩახუტებას ემოციური შფოთისას. თუ ადამიანი გიყვართ, მისი შეხება სიმშვიდესაც მოგგვრით. დანარჩენი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იზრუნებთ თქვენი ემოციური ინტელექტის განვითარებაზე, რომელიც თქვენს ემოციებს დაიმორჩილებს.