„ლუჩანო პავაროტის მეუღლეს საქართველოში ჩამოსვლა სურს“ - კვირის პალიტრა

„ლუჩანო პავაროტის მეუღლეს საქართველოში ჩამოსვლა სურს“

"პალიტრამედიის" ყოფილი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს. შვილი, ქეთა, რომელიც იტალიის ლიცეუმის მოწაფეა, სამ საუკეთესო მოსწავლესთან ერთად ინდონეზიის საკონსულოში სტაჟის გასავლელად შეარჩიეს, ხოლო სტაჟირების შემდეგ საკონსულომ მასთან თანამშრომლობა გააგრძელა პროექტში, რომელიც გულისხმობს წარმატებული ადამიანების შესახებ ინტერვიუებისა და სიუჟეტების მომზადებას.

ქეთას და ნინას ახლახან დაუვიწყარი ვიზიტი ჰქონდათ ლუჩანო პავაროტის ქვრივთან. დედა-შვილი იტალიიდან გვესაუბრა:

pavaroti-1673194841.jpg

ქეთა: - 12 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად იტალიაში გადმოვედით, მას შემდეგ საქართველოში ყოველ წელს ჩავდივარ. იქ გატარებული წლები საუკეთესო მოგონებად მრჩება მეხსიერებაში. მენატრება ის დრო, როდესაც მე, დედა, ბებო, პაპა, დეიდა, ბიძა ერთად ვცხოვრობდით...

ჩემთვის დღემდე აუხსნელია, როგორ შემომესწავლა იტალიური. პირველი ორი წელი ურთულესი იყო, მაგრამ სკოლა ძალიან ზრუნავს უცხოელი მოსწავლეების ინტეგრაციაზე, სკოლაშივე გამატარეს ენის უფასო კურსი, მეხმარებოდნენ მეცადინეობაში. იტალიაში სკოლა 13-წლიანია, სწავლება დიფერენცირებული, მე ტექნიკური მიმართულება ავირჩიე. სკოლა ბოლო სამ წელს მოსწავლეებს სხვადასხვა უწყებასა და დაწესებულებაში გზავნის სტაჟირებისათვის ერთი კონკრეტული მიზნით, რომ მოზარდი შეეჩვიოს სამუშაო გარემოს და კოლექტივთან მუშაობას. როდესაც ინდონეზიის საკონსულოში სტაჟირებისთვის შემარჩიეს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც შემიძლია გამოვიყენო საქართველო-იტალიის ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად. დედაჩემი არის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა უცხო ქვეყანაში ყველაფერი დაიწყოს ნულიდან და მიაღწიოს წარმატებას.

- როგორც ვიცი, დიდი ლუჩანო პავაროტის ქვრივსა და პავაროტის ფონდის პრეზიდენტ ნიკოლეტა მანტოვანისთან იყავით მიწვეული...

- სტაჟირების შემდეგ საკონსულომ ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პროექტი გულისხმობს უკვე წარმატებული ადამიანების შესახებ ინტერვიუებისა და სიუჟეტების მომზადებას. ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი დიდი იტალიელი ტენორის, ლუჩანო პავაროტის ქვრივი, ნიკოლეტა მანტოვანი გახლდათ. მან ტენორის სახლ-მუზეუმში გვიმასპინძლა.

320843795-893832251804981-3012439180074804317-n-1673604716.jpg

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სახლ-მუზეუმში ყველა დეტალსა და ნივთში იგრძნობა, თუ რა სიყვარულში ცხოვრობდა მომღერალი. იქაურობა პავაროტის ცხოვრებასა და მის პიროვნებას საოცარი სრულყოფილებით გადმოგვცემს.

- ასევე შეხვდით ოსკაროსანი ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, იტალიური კინოსა და თეატრის ვარსკვლავს ჯუზეპე ჩედერნას...

- ჯუზეპე ჩედერნაც საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა, რადგან გარდა იმისა, რომ მაღალი დონის მსახიობია, ძალიან განათლებული პიროვნებაც არის. სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ საქართველოს იცნობს. ჩედერნას ძალიან უყვარს ფეხით მოგზაურობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ტურიზმის, განსაკუთრებით სატრეკინგო მარშრუტების უდიდესი პოტენციალით გამოირჩევა, ის ძალიან მოიხიბლა საქართველოში მოგზაურობის იდეით.

ნინა მამუკაძე: - ნიკოლეტა მანტოვანი ლუჩანო პავაროტის გარდაცვალების შემდეგ ტენორის ფონდის პრეზიდენტი გახდა. უაღრესად განათლებული, უბრალო და სასიამოვნო ქალია. ფონდი იტალიისა და მსოფლიო მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას ემსახურება და შემდგომ მათ განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავს. ვკითხე, რამდენად რეალური იქნებოდა პავაროტის ფონდის ჩამოსვლა საქართველოში და ეს იდეა ძალიან მოეწონა.

321604068-619567206839817-7545888680145685701-n-1673604716.jpg

მეუღლეზე საუბრისას ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი - გაიხსენა, რა უპასუხა პავაროტიმ ერთ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რამდენად დატვირთულია მისი ყოველდღიურობა და რამდენად რთული იყო ლუჩანო პავაროტი, რომელზეც ტენორმა ასე უპასუხა: "ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. ვინც ჩემ გვერდით არიან, მათთვის არის რთული ". ამით მან ხაზი გაუსვა საყვარელი ადამიანების ღვაწლს საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

სწორედ დიდი ტენორის მეუღლის დამსახურებაა, რომ მოდენაში სახლ-მუზეუმი მხოლოდ მუზეუმი კი არაა, არამედ მომღერლის სამყაროში გახედებს. იქ ყველაფერი ისევ ისეა, აბაზანის ხალათიც კი, როგორც პავაროტიმ დატოვა სიცოცხლის ბოლო დღეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ემოციის გაზიარება ქეთასთან ერთად შევძელი. ადრე ვფიქრობდი, ხომ არ შევცდი, ქეთა იტალიაში რომ გადმოვიყვანე საცხოვრებლად, მოვწყვიტე საკუთარ ფესვებს-მეთქი, მაგრამ როდესაც ვხედავ, როგორ ზრუნავს სახელმწიფო და სკოლა ბავშვის განვითარებაზე, რამხელა შესაძლებლობებს უხსნის სამომავლოდ და ამასთან, ქეთას როგორ უღვივდება საქართველოს სიყვარული, იტალიაში ინტეგრირების პარალელურად როგორ ცდილობს კავშირის გაღრმავებას საქართველოსთან, ვმშვიდდები.