"ღამის ქოთანზე ასეთი მოკავშირე" - სომხებმა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის დაბლოკვა სცადეს...
8 იანვრის შუადღისას ტრანსპარანტებიანმა რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა სომხეთში გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის შესასვლელი ჩახერგა და რუსი სამხედროების მიმართ, საპროტესტო სიტყვებს გაიძახოდა...
„რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან“, „ჩვენ ვეუბნებით არას რუსულ-თურქულ ოკუპაციას“, „ჩვენი ახალი მოკავშირეები ნამდვილები იქნებიან“, „ღამის ქოთანზე ასეთი მოკავშირე“ - ასეთ ტრანსპარანტებს უფრიალებდნენ თვალწინ სამხედრო ბაზის წინ თავმოყრილ რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებს სომეხი დემონსტრანტები...
მართალია, რუსეთში აცხადებენ, რომ „ამიერკავკასიაში“ სომხეთი მათი ფორპოსტია, ხოლო სომხეთში უყვარდათ თვითდაჯერება, რომ რუსეთი სომხეთის უმთავრეს მეგობარსა და დამცველს წარმოადგენდა, მაგრამ 2020 წლის შემოდგომის ყარაბაღის ბოლო ომის შედეგეგები და მას შემდეგ განვითარებული, სომხეთისთვის დრამატული მოვლენები, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღეს სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი სომხების დამცველად კი არა, არამედ... სომხეთის მიმტოვებლად და „გადამგდებად“ აღიქვას...
ეს განწყობა სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში განსაკუთრებით გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებს გასული წლის 12 დეკემბრიდან გადაკეტილი აქვთ ლაჩინის დერეფნის გზა ქალაქ შუშასთან და სომეხი ეროვნების მოსახლეობას ყარაბაღის სტეფანაკერტისკენ (ჰანკენდისკენ) გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ მოტივით, რომ მათ არ მისცეს საშუალება ყარაბაღში კარიერის მუშაობის ეკომონიტორისთვის.
გიუმრიში, რუსულ სამხედრო ბაზას მიმდგარი სომეხი მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა გახლდათ, რომ ყარაბაღში შეყვანილ რუს „სამშვიდობოებს“ ძალის გამოყენებით გაეხსნათ აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მიერ გადაკეტილი გზა შუშასთან, ყარაბაღში.
სომხეთის საპოლიციო სპეცრაზმმა რამდენიმე ყველაზე აქტიური მომიტინგე დააკავა და გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის შესასვლელის დებლოკირებაც მოახდინა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში იმატებს უკმაყოფილება მთავარი მოკავშირის - რუსეთის მიმართ, იმის გამოც, რომ სწორედ რუსეთის მიერ მიყიდული ტანკებით უტევდა აზერბაიჯანის არმია ყარაბაღის ბოლო ომში სომხების პოზიციებს და იმიტომაც, რომ კრემლი მხარს უჭერს ბაქოსა და ანკარას ზანგეზურის დერეფნის ასამოქმედებლად...
ფაშინიანის ხელისუფლება პუტინს დიდად გულზე რომ არ ახატია, არახალი ამბავია - პუტინი დიდი სიამოვნებით დააბრუნებდა სომხეთის ხელისუფლებაში პირად მეგობარს - ქოჩარიანს, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეს კრემლმაც კი ვერ შეძლო, რადგან სომხეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ქოჩარიანის სახელის გაგონებაც კი არ სურს.
მოსკოვში დიდი ეჭვის თვალით უყურებენ ოფიციალური ერევნის ყოველ კონტაქტს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ევროპელ ლიდერებთან, განსაკუთრებით კი, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, რომელთანაც ფაშინიანს კარგი პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.
კრემლი ყველანაირად ეწინააღმდეგება ერევნის მცდელობას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე არსებული დაძაბულოს მოგვარების პროცესში ევროკავშირის სტრუქტურები ჩაერთონ - რუსეთის ხელისუფლება ჩვენ, სამხრეთ კავკასიას, რომელსაც თავად „ამიერკავკასიად“ მოიხსენიებს, კვლავ „რუსეთის იმპერიის უკანა ეზოდ“ მიიჩნევს.
თავად სომხეთისთვის ურთულესი არჩევანი დგას - იმ რუსეთმა, რომელსაც სომეხმა ერმა თავისი უსაფრთხოება ორ საუკუნეზე მეტია მიანდო, ორჯერ მწარედ უგანა მათ.
პირველად, ეს ერთი საუკუნის წინ მოხდა, პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც სომხები მეფის რუსეთის ჯარის გვერდით იბრძოდნენ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და რუსეთისგან მიტოვებულებმა თურქებისგან მწარე პასუხი იგემეს.
მეორედ კი, ეს „რუსული გადაგდება“ 2020 წელს, ყარაბაღის ბოლო ომში წაგებისას მოხდა, როდესაც 1994 წლიდან მოყოლებული, სომხები დარწმუნებულნი გახლდნენ, რომ ყარაბაღი უკვე მთლიანად მათი გახდა და ამას აღარაფერი შეცვლიდა, თუმცა აქაც ისევ რუსეთმა უგანა თავის „ფორპოსტს ამიერკავკასიაში“ და არათუ შეაჩერა აზერბაიჯანის არმია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაში, არამედ, მანამდე წლების განმავლობაში აიარაღებდა კიდეც აზერბაიჯანელებს...
იმედების გაცრუება მთელი ერის მასშტაბით სერიოზული კატასტროფაა და მოაზროვნე მოქალაქეები სომხეთში დიდი გასაყარის წინ დგანან - ისევ იმ რუსეთთან ერთად გაგრძელება, რომელმაც აქამდე ორჯერ უღალატა მათ, ხოლო ახლა, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ლამის ნახევარი მსოფლიო გადაიმტერა და ჭაობისკენ მიექანება, თუ დასავლური განვითარების კურსის არჩევა ყარაბაღის მიწების ჩაბღაუჭების სანაცვლად...