"რაღა დროს ბუტააო, რომ მითხრა, გადამეკეტა და ხელი მოვუქნიე" - კვირის პალიტრა

"რაღა დროს ბუტააო, რომ მითხრა, გადამეკეტა და ხელი მოვუქნიე"

2 იანვარს ვაკეში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე "ავერსის" აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს - მას მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") სიძემ, გიორგი (გიგიშა) შარაშიძემ სცემა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე გიორგი შარაშიძემ მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდიდა: "დაპირისპირება მოხდა ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, თავი ვალდებულად ჩავთვალე და არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცავ ორგანოებს".

კითხვაზე, რატომ დაიწყო დაპირისპირება, გიგიშა შარაშიძე ასე პასუხობს: "არა მგონია, მაგრამ თუ ცოტა მაინც, იოტისოდენა ვაჟკაცობა შერჩენია, ჯობს, თვითონ თქვას". მანვე დაადასტურა, რომ დაპირისპირების დროს გაქცეულ მერაბიშვილს წიხლი ჩაარტყა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აფთიაქის თანამშრომლები მედიასთან ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, ვინაიდან უთანხმოება აფთიაქის გარეთ მოხდა.

გიორგი (გიგიშა) შარაშიძე კონფლიქტის მოტივზე მედიასთან ჯიუტად არ საუბრობს, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ინციდენტი აფთიაქში მოხდა, სადაც ვანო მერაბიშვილი მარტო იყო. ამბობს იმასაც, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, რაც შეეძლო (ხელ-ფეხი), და ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა, ახლა კი მზადაა, პასუხი აგოს.

- რაც ვთქვი იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მოტივზე არ ვსაუბრობ. ვიცი, რომ ვანოც არ იტყვის, მაგრამ მე ხომ ყველაფერს ვერ ვიკადრებ? ვაღიარებ, რომ ვანოს ხელითაც შევეხე, ფეხითაც - პანღური ვუთავაზე, ანუ რისი შესაძლებლობაც იყო, ყველაფერი გამოვიყენე. ვანოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, გაიქცა. ალბათ, მარტო იყო, დაცვა ვერ დავინახე.

გიგიშა შარაშიძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მისი დაცვის პირის ჩვენებაზე დაყრდნობით საქმის გარემოებას გვიხსნის:

- 2 იანვარს გიორგი შარაშიძე ბებიამ გაგზავნა საყიდლებზე და ბიძისთვის წამლებიც დააბარა. გიგიშა ჯერ ერისთავის ქუჩაზე მარკეტში, შემდეგ კი აფთიაქ "ავერსში"” შევიდა, თან ტელეფონზე ბიძაშვილს ესაუბრებოდა. შარაშიძე ჩვენებაში წერს: "აფთიაქში ცოტა ხალხი იყო, ერთი ქალი და მეორე - ვანო, რომელიც 7-8 მეტრიდან დავინახე, მას მივამსგავსე. აფთიაქიდან გამოვედი, ხალხში ხმამაღლა რომ არ მელაპარაკა, კართან ბიძაშვილს დავემშვიდობე და ტელეფონზე საუბარი შევწყვიტე. ისევ შევბრუნდი აფთიაქში, ამასობაში, ვანომაც იყიდა წამალი, გამობრუნდა და ვკითხე, ვანო არა ხარ, მერაბიშვილი? კი-ო, დამიდასტურა. ვუთხარი, მე ბუტას მეგობარი ვარ, გახსოვს ბუტა რობაქიძე-მეთქი? ვანომ მიპასუხა, რა დროს თუ რაღა დროს ბუტააო (ალბათ, ახალი წელი იგულისხმა დროში). ამაზე გავმწარდი, გადამეკეტა და ხელი მოვუქნიე". ამ დროს შარაშიძეს ხელი სტკიოდა. როგორც მითხრა, 2 დღით ადრე კიბეზე ასვლისას წაქცეულა, ორივე ხელი დაზიანებული მქონდა, 31-ში გადახვევა გამიკეთეს "ავერსის" კლინიკაშიო. როგორც ამბობს, ვანოს 2-3-ჯერ მოვუქნიე ხელი, ზოგი მოხვდა, ზოგი არა, ვინაიდან ხელი აიფარა, მერე წიხლიც ამოვარტყი, მგონი, ისიც მოხვდა, მერე გაიქცა. მივეცი გაქცევის საშუალება, არ გამოვეკიდე. როცა კარი გამოვაღე, ვანო უკვე მანქანასთან იყო (20 მეტრში იდგა მისი მანქანა). როცა ვანო საჭესთან ჯდებოდა, კიდევ მივაძახე რაღაც, შევაგინე, ეს იყო და ესო. გიორგი ნასვამი არ ყოფილა, რაც მოგიყევით, ეს ჩვენება მისცა გამომძიებელს. ჯერჯერობით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული.

- თუ იცით, მერაბიშვილი მივა დაკითხვაზე?

- დიახ, გამოკითხვაზე დაიბარეს, რაზეც დათანხმდა. თუ ვანო მერაბიშვილმა ექსპერტიზა ჩაიტარა, გააჩნია, რა დასკვნას მისცემენ. მას შესაძლოა ჰქონდეს მძიმე, ნაკლებად მძიმე, მსუბუქი დაზიანება ან საერთოდ არ ჰქონდეს და თქვას, ფიზიკური ტკივილი განვიცადეო - სწორედ ეს არის 126-ე მუხლი. მაგრამ თუკი ექსპერტმა დაასკვნა, რომ მას მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებები აქვს, მუხლი გადაკვალიფიცირდება. გიგიშას არ ახსოვს, აქვს თუ არა დაზიანებები ვანოს, ამბობს, მოქნეულიდან ზოგი მოხვდა, ზოგი არაო. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებები არ იქნა აღმოჩენილი და მერაბიშვილმაც არ განაცხადა, რომ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ჩაითვლება, რომ დანაშაულის ნიშნები აღარ არსებობს... გიგიშა ამბობს, მე და ბუტა 9 წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით, როცა მოკლეს, იმ დღესაც ჩემთან უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, კურსელებს ხათრი ვერ გაუტეხა და მათ გაჰყვაო. არ ვთვლი, რომ ეს ანგარიშსწორება ან შურისძიებაა, ამ შემთხვევას ასეთ კვალიფიკაციას არ მივცემდი. გიგიშას ეს რომ ნდომოდა, თავის დროზე ხომ შეიძლებოდა ჩასაფრებოდა? უბრალოდ, იმ მომენტში, ვანოს ასეთმა პასუხმა გამოიწვია ფიზიკური ძალის გამოყენების პროვოცირება.