ცხინვალთან ჩამოგდებული და მარო ბებოს გადარჩენილი რუსი პილოტი კიევის მთავარ მტრად იქცა
ახალი წლის დადგომიდან სამ დღეში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბრალდება წაუყენა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული მოქმედების ავიაციის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშს იმისთვის, რომ მას დაქვემდებარებული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით იბომბება უკრაინის ქალაქები და იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რისთვისაც უკრაინის კანონით გათვალისწინებულია მაქსიმალური სასჯელი - სამუდამო პატიმრობა.
რუსი გენერალი კობილაში უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პირად მტრად უფრო მას შემდეგ გადაიქცა, რაც ახალი წლის წინა დღეებში რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ უმოწყალოდ დაბომბა უკრაინის ქალაქები, მათ შორის კიევიც.
კობილაში ვერ გახდებოდა უკრაინის ქალაქების დამანგრეველი, რომ თავის დროზე ის... ქართველ მარო ბებოს არ გადაერჩინა.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს რუსი პილოტი თხუთმეტი წლის წინ ცხინვალთან ჩამოვაგდეთ და რომ არა ქართველი ბებოს გულჩვილობა, ის ვერ უხელმძღვანელებდა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საჰაერო დაბომბვებს.
2008 წლის 9 აგვისტოს, დილის 10:30 სთ-ზე ორმა რუსულმა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა გორიდან ცხინვალისკენ მიმავალი ქართული სამხედრო კოლონის საჰაერო დაბომბვა სცადა. საპასუხო ცეცხლის შედეგად საზენიტო რაკეტა ერთ-ერთი რუსული მოდერნიზებული მოიერიშე Су-25СМ-ის მარცხენა ძრავასთან აფეთქდა. თვითმფრინავს მართავდა ბუდიონოვსკის 368-ე მოიერიშე პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი კობილაში, რომლის პოლკის მფრინავები ორ დღეს ბომბავდნენ ქართულ მიწას.
პოლკოვნიკმა კობილაშმა შეწყვიტა ქართული კოლონის დაბომბვა და თავის გადასარჩენად დაზიანებული თვითმფრინავით გეზი რუსეთის საზღვრისკენ აიღო, თუმცა ცხინვალის თავზე, დაახლოებით ათას მეტრ სიმაღლეზე გადაფრენისას, უკვე მეორე საზენიტო რაკეტა მიიღო "საჩუქრად", ამჯერად მარჯვენა ძრავაში (ალბათ, მეორე რაკეტა რუს პილოტს ოსმა სეპარატისტებმა ისევ რუსი სამხედროების გადაცემული საზენიტო "იგლით" მოარტყეს - ცხინვალის თავზე გამოჩენილი ყველა თვითმფრინავი მათ ქართველების ეგონათ).
კობილაში იძულებული გახდა ცეცხლწაკიდებული მოიერიშიდან კატაპულტით გადმომხტარიყო. ის პარაშუტით ცხინვალის ჩრდილოეთით, დიდი ლიახვის ქართულ სოფელში, შუა ბოსტანში დაეშვა.
როგორც შემდგომ იგონებდა, ქართველმა ბებომ ერთი კი წაიბუზღუნა ბოსტნის გაფუჭების გამო, მაგრამ ციდან ჩამოვარდნილ რუს პილოტს წყალი დაალევინა და ოსური სოფლისკენ გზა მიასწავლა, სანამ ქართველი სამხედროები პარაშუტის დაშვების ადგილზე მიასწრებდნენ. პილოტი სოფლიდან სწრაფად გავიდა და რაციით გამოძახებულმა სამაშველო შვეულმფრენმა იქაურობას გაარიდა.
რუსი პოლკოვნიკი, ალბათ, სწორედ ქართველ ბებოს უნდა უმადლოდეს თავისი სამხედრო კარიერის წარმოუდგენელ აღმასვლას - ერთ თვეში კობილაშს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ მას დაქვემდებარებულმა ბუდიონოვსკის 368-ე მოიერიშე საავიაციო პოლკმა აგვისტოს ომის ორიოდე დღეში ყველაზე მეტი საბრძოლო დანაკლისი განიცადა - ექვსი ჩამოგდებული და დაზიანებული მოიერიშე თვითმფრინავი.
2013 წელს პოლკოვნიკ კობილაშს პრეზიდენტი პუტინი უკვე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის უფროსად ნიშნავს და ერთ წელში გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს. 2016 წელს პუტინი თავის ფავორიტ პილოტს რუსეთის შორეული მოქმედების ავიაციის სარდლად ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კობილაშს მხოლოდ მოიერიშე ავიაციის პილოტის გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ უკვე გენერალ-ლეიტენანტი კობილაში აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ თავსატეხად იქცა, რადგან თუკი პოლკოვნიკ კობილაშის პოლკის მოზდოკიდან აფრენილ Су-25СМ-ებს აგვისტოს ომის დროს ქართული მიწის დაბომბვა მაქსიმუმ 500 კგ-იანი ფუგასური საავიაციო ბომბებით შეეძლოთ, დღეს გენერალ-ლეიტენანტ კობილაშს დაქვემდებარებულ 16 სტრატეგიულ Ту-160-სა და 64 Ту-95МС-ს, ასევე შორი მოქმედების 60-მდე Ту-22М3-ს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისა და ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებისკენ რამდენიმე ასეული ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლიათ, რაც გენერალს პლანეტაზე ერთ-ერთ მრისხანე საბრძოლო ძალის მეთაურად აქცევს.
მაგრამ სანამ აქამდე მივა საქმე (ღმერთმა ნუ ქნას, რადგან ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს), გენერალ კობილაშის ბრძანებით ფრთოსანი რაკეტებით, ოღონდ ბირთვული ქობინების გარეშე, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე "ვარჯიშობენ" რუსი ოკუპანტები.
რა მოხდებოდა, თხუთმეტი წლის წინ მარო ბებო თავის ბოსტანში ცოტა გვიან რომ გამოსულიყო, ქართველ სამხედროებს კი ჩვენი მიწის დამბომბველი, ჩამოგდებული, პარაშუტით დაშვებული რუსი პოლკოვნიკი დაეტყვევებინათ?!გამოჩნდებოდა სხვა "კობილაში", რომელიც პუტინის ბრძანებით იმავეს გააკეთებდა, მაგრამ მაინც დასანანია, რომ ქართული მიწის დაბომბვისთვის ჩამოგდებულმა ამ რუსმა პილოტმა დამსახურებულ ტყვეობას თავი აარიდა.