პუტინის საახალწლო მილოცვას რუსი ოკუპანტების დიდი, ერთდროული მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

პუტინის საახალწლო მილოცვას რუსი ოკუპანტების დიდი, ერთდროული მსხვერპლი მოჰყვა

2023 წლის დამდეგს უკრაინელმა სამხედროებმა მართლაც მიართვეს "საახალწლო სიურპრიზი" თავად პუტინს, რომლის შესაძლებლობის თაობაზე "კვირის პალიტრაში" ახალი წლის დამდეგამდე ვწერდით.

მართალია, ეს სიურპრიზი არ აღმოჩნდა მოსკოვში წითელ მოედანზე უკრაინული კამიკაძე-დრონის "სტუმრობა" (რუსეთის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ 20-ათასიანი დაჯგუფების მობილიზება მოახდინა ახალი წლის წინ მოსკოვის სამხრეთ მიმართულებაზე, საიდანაც ელოდნენ უკრაინული დრონების გამოჩენას), მაგრამ ის, რაც მოხდა, ბევრად მტკივნეული აღმოჩნდა რუსი ოკუპანტებისთვის და სავარაუდოდ, თავად პუტინისთვის, რადგან სწორედ მის ნათქვამს შეეწირა რამდენიმე ასეული რუსი მობილიზებული.

ახალი წლის დადგომამდე დარჩენილ რამდენიმე წუთში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის საახალწლო მიმართვას ფრონტის ხაზზეც უსმენდნენ რუსი ოკუპანტები, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკის ყოფილი პროფტექნიკუმის მოზრდილ შენობაში, სადაც მეთაურობამ სპეციალურად თავი მოუყარა 600-მდე სამხედროს.

ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე ამ შენობას პირველი რაკეტა დაეცა და შემდგომ სამ წუთში კიდევ სამი უზუსტესი სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა და იქ მყოფები ნანგრევებში ჩაიტანა.

სიტუაცია იმანაც დაამძიმა, რომ შენობაში შენახულმა საბრძოლო მასალამ დეტონირება დაიწყო (იქვე მდგომი ცხრა ჯავშანმანქანაც აფეთქდა) და უფრო უარესი - სარდაფში ხუთ ტონა დიზელის საწვავს ცეცხლი მოეკიდა, რის შედეგადაც კვამლმა დაახრჩო ნანგრევებში მანამდე მოყოლილი რუსი სამხედროები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 89 სამხედროს დაღუპვა აღიარა, უკრაინული მხარე 400-მდე ლიკვიდირებულ და 300-მდე დაჭრილ რუს ოკუპანტზე საუბრობს, მაგრამ მაკეევკის ამ შენობაზე საჰაერო დარტყმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ასამდეც რომ იყოს, ეს იქნება ამ ომში რუსეთის არმიის ყველაზე დიდი ერთდროული დანაკარგი.

s3-1673200566.jpg
ის, რაც დარჩა მაკეევკის პროფტექნიკუმის შენობიდან უკრაინელების მიერ გაშვებული ოთხი "ჰაიმარსის" საახალწლო "სტუმრობის" შემდეგ...

რუსეთის გენშტაბმა სცადა მისი არმიის ეს ტრაგედია თავად შენობაში მყოფი სამხედროებისთვის გადაებრალებინა იმ მოტივით, რომ ისინი მასობრივად იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს და ასე მოახერხა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსი სამხედროების კომპაქტურად განთავსების ადგილის აღმოჩენაო.

უფრო სავარაუდოა, რომ მაკეევკაში, რომელიც დონეცკსაა გადაბმული და ფრონტის ხაზიდან მხოლოდ ოციოდე კმ-ითაა დაშორებული, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში რუსი სამხედროების მასობრივად დაბინავება უკრაინის დაზვერვამ ჯერ კიდევ 25-26 დეკემბერს დააფიქსირა, მაგრამ რამდენიმე დღე თავი შეიკავა და "საახალწლო საჩუქარი" "ჰაიმარსების" "სტუმრობის" სახით სწორედ კრემლის კურანტების ჩამოკვრის წუთებში მიართვა, იცოდა, რომ რუსი ოკუპანტები ტელევიზორების ეკრანებიდან პუტინის საახალწლო მილოცვას არყის ჭიქებით ხელში შეხვდებოდნენ.

საგულისხმოა, რომ ასევე ახალი წლის წუთებში უკრაინელებმა ანალოგიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს ოკუპირებული ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის სოფელ ჩულაკოვკაში რუს ოკუპანტთა განთავსების ადგილზე, სადაც მსხვერპლის რიცხვი ასევე სამციფრიანია.

უკრაინის არმიის შეიარაღებაში 84 კმ მანძილამდე მოქმედი ამერიკული "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტების გამოჩენის შემდეგ რუსეთის გენშტაბი იძულებული გახდა ფრონტის ხაზიდან არანაკლებ ასი კმ-ით დაეშორებინა საბრძოლო მასალის საწყობები.

მაგრამ ფრონტის ხაზიდან ასევე ას კმ-ზე პირადი შემადგენლობის დაცილება შეუძლებელია, რადგან ისინი წინა ხაზზე უნდა იყვნენ გადანაწილებული, მანამდე კი სადღაც ახლოს განთავსდნენ, მორიგ როტაციამდე. თუმცა ორი პოლკისა და კიდევ სხვა დანაყოფების პირადი შემადგენლობის თავმოყრა ერთ შენობაში, სადაც საბრძოლო მასალა და საწვავის მარაგიც ინახება, მართლაც სერიოზული სამხედრო შეცდომაა, რისი დამსახურებული პასუხი მიიღეს კიდეც რუსმა ოკუპანტებმა.