ამერიკული „ბრედლები“, გერმანული „მარდერები“ და ფრანგული ბორბლებიანი ტანკებიც - ნატო უკრაინის არმიას კონტრშეტევებისთვის ჯავშანტექნიკით ამარაგებს... - კვირის პალიტრა

ამერიკული „ბრედლები“, გერმანული „მარდერები“ და ფრანგული ბორბლებიანი ტანკებიც - ნატო უკრაინის არმიას კონტრშეტევებისთვის ჯავშანტექნიკით ამარაგებს...

ყინული დაიძრა - ნატოს წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებსაც ათი თვის განმავლობაში არ ჰყოფნიდათ იმის გამბედაობა, რომ რუს დამპყრობლებთან მებრძოლი უკრაინის არმია თანამედროვე ჯავშანტექნიკით შეეიარაღებინათ, ბოლოს და ბოლოს, იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას...

ვაშინგტონი და ბერლინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დამცველებს მიაწვდიან ამერიკული "ბრედლისა" და გერმანული "მარდერის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველ პარტიას.

მართალია, პარტია არ იქნება დიდი და შეიძლება მხოლოდ 50-50 "ბრედლისა" და "მარდერს" მოიცავდეს, მაგრამ მთავარია, პროცესი დაიძრა - უკრაინის არმია გაზაფხულამდე მიიღებს დასავლური წარმოების ისეთ ჯავშნიან ტექნიკას, რომელიც ძალიან გამოადგება მასშტაბური კონტრიერიშების მხარდასაჭერად, რომლებიც, დიდი ალბათობით, ნიადაგის გაყინვისთანავე ან თებერვალშივე დაიწყება, ან კიდევ ნიადაგის გამოშრობისას, გვიან გაზაფხულზე.

რას წარმოადგენენ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ამერიკული "ბრედლი" და გერმანული "მარდერი", და რამდენად ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ უკრაინის ფრონტზე მებრძოლ საბჭოთა/რუსულ ანალოგიური კლასის БМП-1-ს, БМП-2-სა და БМП-3-ს?

30-ტონიანი "ბრედლი" და "მარდერი" ჯავშანდაცულობით ბევრად აღემატება 13-ტონიან БМП-1-სა და 15-ტონიან БМП-2-ს. ამასთან, შეიარაღების სიძლიერითაც ჯაბნიან, მიუხედავად იმისა, რომ "ბრედლიზე" 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხია დაყენებული, ხოლო საბჭოთა БМП-ებზე კი 30 მმ-იანი ამერიკული ქვემეხის ჭურვები უფრო მეტი ჯავშანგამტანობით გამოირჩევიან.

s6-1673200567.jpg
"მარდერი" ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და საიმედო ქვეითთა საბრძოლო მანქანად ითვლება...

სამაგიეროდ, შედარებით თანამედროვე რუსულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-3-თან ამხელა საბრძოლო უპირატესობა აღარ აქვთ ნატოს არსენალის ამ ჯავშანმანქანებს, რადგან რუსული БМП-3 30 მმ-იანი ავტომატურ ქვემეხთან ერთად 100 მმ-იანი სატანკო ნახევრად ავტომატური ქვემეხითაცაა აღჭურვილი, რომლითაც გასროლილი 18 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი ნამდვილად კარგ დღეს არ დააყრის არათუ "ბრედლის", არამედ ტანკსაც.

მალე ერთი წელი შესრულდება, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ამ უთანასწორო ბრძოლაში უკრაინის დამცველთა გმირულ ბრძოლას ზურგს უმაგრებდა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ პერიოდულად მიწოდებული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი, მაგრამ საქმე ტანკებით უკრაინის არმიის დახმარებამდე მაინც ვერ მივიდა, უფრო სწორად, ნატოს წევრი აშშ-ისა და გერმანიის დაფინანსებული პროგრამებით პოლონეთმა, სლოვაკეთმა თუ ჩეხეთმა კი გადასცეს უკრაინელებს სამასზე მეტი ტანკი, მაგრამ ისინი, ძირითადად, T-72 და T-55 ტიპის საბჭოთა სტანდარტის ტანკების მოდიფიცირებული ვარიანტები იყო.

ამერიკული "აბრამსებისა" და გერმანული "ლეოპარდების" გადაცემისგან ნატო იმ მოტივითაც იკავებს თავს, რომ ამან რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია არ გამოიწვიოს, მაგრამ რომელ ესკალაციაზეა საუბარი, როდესაც ამ ომში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე გამოიყენეს არსენალში არსებული ყველა სახეობისა და ტიპის შეიარაღება და საბრძოლო მასალა, მასობრივი განადგურების ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გარდა?!

s5-1673200567.jpg
შედარებით სუსტი შეჯავშნის მიუხედავად, ფრანგული ბორბლებიანი ტანკი AMX-10RC გამოირჩევა მაღალი მანევრირებითა და ძლიერი შეიარაღებით, რაც ასე სჭირდება უკრაინის არმიას წარმატებული კონტრიერიშებისთვის...

ან როგორ შეიძლება ომის ესკალაცია გამოიწვიოს უკრაინის არმიისთვის გადაცემულმა "აბრამსებისა" თუ "ლეოპარდების" ერთმა-ორმა ბატალიონმა, როდესაც აქამდე მიცემული ამერიკული "ჰაიმარსებითა" და გერმანული საზენიტო კომპლექსებით უკრაინელები ისედაც უდიდეს საბრძოლო ზიანს აყენებენ რუს დამპყრობლებს?

და, აი, ფრთხილ ამერიკელებსა და გერმანელებთან შედარებით, ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცზე უფრო გაბედული გამოდგა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ზელენსკის აღუთქვა, რომ საფრანგეთი პირველი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ნატოს სტანდარტის ტანკებს მიაწვდის უკრაინის არმიას, ოღონდ... ბორბლიანებს.

ფრანგულ მძიმე ჯავშანმანქანას AMX-10RC-ს ხშირად ბორბლებიან ტანკსაც უწოდებენ, რადგან ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე ტანკის ქვემეხია დაყენებული.

1976-94 წლებში საფრანგეთში აიწყო 457 ასეთი ბორბლებიანი ტანკი, საიდანაც 337 ერთეული ფრანგულმა არმიამ თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი კი მაროკოსა და კამერუნში გაიგზავნა.

დღეისათვის AMX-10RC შეიარაღებაში ასევე აქვთ კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სინგაპურის არმიებს და მათ რიცხვს მალე უკრაინის არმიაც შეემატება, თუკი შეპირებულ 30 ბორბლებიან ტანკს პარიზიდან დროულად მიაწვდიან კიევს.

რას წარმოადგენს ფრანგული ბორბლებიანი ტანკი AMX-10RC? - ეს არის ექვსბორბლიანი 16,6 ტონა მასის ჯავშანმანქანა, აღჭურვილი 105 მმ კალიბრის სატანკო ქვემეხითა და 48 ჭურვის მარაგით, შეიარაღებულია ასევე ერთი 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით და ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალური, 85 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ფრანგული ბორბლებიანი ტანკის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მისი ალუმინის ჯავშანი ვერ გაუძლებს მოწინააღმდეგის არათუ 125 მმ-იანი სატანკო ჭურვის მოხვედრას, არამედ ქვეითთა საბრძოლო მანქანების ავტომატური ქვემეხებიდან გაშვებულ 30 მმ-იან ჯავშანგამტანი ჭურვების ჯერსაც.

სამაგიეროდ, ფრანგული ბორბლებიანი ტანკი ძალიან მანევრირებადია, შეუძლია ცურვით წყლის წინააღმდეგობების გადალახვა და 105 მმ-იანი ჭურვებით მოწინააღმდეგის ნებისმიერი ჯავშანმანქანის განადგურება, ტანკების გარდა (თუმცა 105 მმ-იანი ჭურვის პირდაპირი მოხვედრა ყველაზე დაცულ ტანკსაც კარგ დღეს არ დააყრის).

უკრაინის არმიისთვის, რომელიც ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მასშტაბურ კონტრიერიშებს გეგმავს, სწორედ მისწრებაა ასეთი მანევრირებადი და თანაც სატანკო ქვემეხით აღჭურვილი ჯავშანმანქანები, რათა სხვადასხვა მიმართულებიდან სწრაფი იერიშები მიიტანონ რუსი ოკუპანტების თავდაცვით პოზიციებზე.

P.S. სხვათა შორის, თავად რუსეთის არმია აპირებდა ნატოს სტანდარტის ბორბლებიანი ტანკების დიდი პარტიის შეძენას, როდესაც რამდენიმე იტალიური ბორბლებიანი ტანკი "ჩენტაურო" ათი წლის წინ რუსეთის სამხედრო პოლიგონზე გადიოდა შეფასებით გამოცდას.

ბორბლებიანი ტანკების კლასის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამერიკული M1128 Stryker Mobile Gun System-ის რამდენმა ერთეულმა ხუთიოდე წლის წინ ფოთის პორტიდან ვაზიანის პოლიგონამდე თავისი სვლით იარა, რომლის კოლონაში ამ სტატიის ავტორიც იყო.