"უკრაინის ომში დამარცხების შემდეგ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა გახდება" - კვირის პალიტრა

"უკრაინის ომში დამარცხების შემდეგ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა გახდება"

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) 7 იანვარს ეთერში გადასცა ინტერვიუ რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციონერთან, ჭადრაკში მსოფლიოს ექსჩემპიონთან - გარი კასპაროვთან, რომლის ტექსტი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე სათაურით - "უკრაინის ომში დამარცხების შემდეგ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა გახდება".

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

- თქვენ ცდილობთ რუსეთის ოპოზიციის გაერთიანებას, როგორია წარმატებები?

- ტერმინი "გაერთიანება" მოქმედების შესაბამისი მაინცდამაინც არ არის - იმდენად, რამდენადაც ადამიანები რომ გაერთიანდნენ, უნდა იცოდნენ, როგორია საბოლოო მიზანი. ლაპარაკი დასავლური დემოკრატიის ტრანზიტზე, ჩემი აზრით, საკმაოდ წამგებიანია, თუ არ ვიცით, საით მივდივართ. 9-თვიანმა ომმა გვერდზე მისწია ზოგიერთი ის პრობლემა, რომელიც რუსეთის ოპოზიციას ჰყოფდა. დღეს ისინიც კი, რომლებიც სრულიად კომფორტულად გრძნობდნენ თავს ყირიმის ანექსიის დროს და თვლიდნენ, რომ ეს ხელს არ უშლიდათ მათ კვაზიოპოზიციურობაში, დღეს უკვე ამბობენ, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია - მართალია, ჯერ კიდევ ენა ებმებათ ამის აღიარებისას, მაგრამ - მაინც.

- ალექსი ნავალნის გუნდი გყავთ მხედველობაში?

- დიახ, უპირველეს ყოვლისა, ალექსი ნავალნის გუნდი, თუმცა არის კიდევ საკმაოდ ბევრი, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანი. მე ვგულისხმობ მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე თვლიდა, რომ რუსეთის ფედერაცია ჰიბრიდულ დემოკრატიას წარმოადგენს. ჩემი აზრით, რუსული ოპოზიციის სწორედ ამ შრის დამსახურებაა, რომ დასავლეთს შეგრძნება დაუსუსტდა და რუსეთის ნამდვილ მიზნებს ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა. მართალია, იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირებისათვის ემზადებოდა და ომი გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩვენი ხმები საერთო ფონზე არ ისმოდა. "არა, რას ამბობთ! თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, პუტინი ასეთ ავანტიურაზე არ წავა...". ახლა მიხვდნენ, მაგრამ არ აღიარებენ...

- არიან ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს თუ ჟურნალისტურ კოლექტივებს ხელმძღვანელობენ და იტყვიან, რომ "მე ამის თქმა და აღიარება არ შემიძლია, რადგან [აგვკრძალავენ]..."

- რომელი არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები შეიძლება არსებობდნენ პუტინის რუსეთში? ჟურნალისტი, რომელსაც ხელისუფლებასთან დაპირისპირების ეშინია, ის უკვე ჟურნალისტი აღარ არის, იგი მძევალია. კი, შენი ნებაა მშვიდად იცხოვრო, მაგრამ სხვებს თავს ნუ მოაჩვენებ ჟურნალისტად, მით უმეტეს, ოპოზიციურ ჟურნალისტად. რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ ამ ადამიანების უფლებას, იზრუნონ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე... მაგრამ საერთო ფონი არ უნდა გააფუჭონ - ვთქვათ, ომთან დამოკიდებულების საკითხში. მაგალითად, ვინ აწარმოებს ამ ომს - ვლადიმერ პუტინი თუ რუსეთი?

- თქვენი აზრით, ვინ აწარმოებს?

- რა თქმა უნდა, რუსეთი. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ომია. მეორე მსოფლიო ომს ადოლფ ჰიტლერი კი არ აწარმოებდა, არამედ ჰიტლერის გერმანია. დიახ, დღეს რუსეთს "პუტინის რუსეთს" ეძახიან, მაგრამ ამ მომენტში რუდოლფ ჰესი მახსენდება, რეიხსფიურერის მოადგილე... იგი სწორად ამბობდა: "არ იქნება ფიურერი, არ იქნება გერმანია" - ანუ იმ მომენტში ორივე ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ასევე, მართალი თქვა ვოლოდინმაც: "დღევანდელი რუსეთი - ეს პუტინის რუსეთია". დღეს ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის საზოგადოების ფაშიზაციისა, რომელმაც საშუალება მისცა ვლადიმერ პუტინს არა მარტო ომი დაეწყო, არამედ, ომისთვის ასეთი საშინელი ფორმა მიეცა.

რუსეთში ანტიადამიანის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეებს ადამიანურ სახეებს უკარგავენ. პროცესი დიდი ხანია, დაიწყო და ახლა, ომის დროს, სწრაფი ტემპით გრძელდება. რუსეთში დღეს ანტისაომარი პროტესტები არ იმართება. კარგად ვიცი, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უკრაინასთან ომში მონაწილეობა არ სურს, მაგრამ როცა საქმე მობილიზაციას ეხება, ძირითადი კითხვები, რომლებიც მშობლებს და ახლობლებს აწუხებთ, ასეთია: როგორ არიან მათი შვილები ეკიპირებულები? რატომ არ არიან აღჭურვილები კარგი იარაღით? ომისადმი წინააღმდეგობა კი არავის ახსოვს".

- თქვენი აზრით, თუ "ნაწილობრივი" მობილიზება მასობრივი გახდება, შესაძლოა მოსახლეობის ანტისაომარი აზრი უფრო მკვეთრად გამოიხატოს?

- ქვეყნდება [გამოკითხვების] მონაცემები, რომ რუსეთში ომის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდაო. ამ ციფრების დაჯერება ძნელია, მაგრამ არის შეგრძნება იმისა, რომ ომი მართლაც რუსების საერთო საქმე ხდება. თავიანთი შვილების ომში გაგზავნის შემდეგ, როცა ვიღაც კვდება, ვიღაც იჭრება, ადამიანები უკვე სხვადასხვანაირად რეაგირებენ: ხშირ შემთხვევაში, სიძულვილი მატულობს არა ხელისუფლების მიმართ, ვინც მათი შვილები ომში მოსაკლავად გაგზავნა, არამედ - უკრაინის მიმართ. ჩვენ საერთოდ ვეღარ ვხედავთ იმ პროტესტის ნარჩენსაც კი, რომელიც მეტ-ნაკლებად იყო ომის დასაწყისში. ბევრი პროტესტანტი უკვე საზღვარგარეთ არის გაქცეული ან "ფსკერზეა გაწოლილი" და ჩუმად არის.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ დღეს რუსეთში პროტესტის ღიად გამოხატვა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, არა მარტო ჯანმრთელობის მხრივ, არამედ - საფრთხე შეიძლება თვით სიცოცხლეს დაემუქროს. უფრო მეტიც - მე არასოდეს არავის მოვუწოდებ ქუჩაში გამოსასვლელად, იმიტომ, რომ მე როცა თვითონ შორს ვარ, საფრთხე არ მემუქრება, სხვას არ ვუბიძგებ მთავრობასთან დასაპირისპირებლად. მე, უბრალოდ, ამით ის მინდა ვთქვა, რომ ჩინეთშიც და ირანშიც მთავრობა რუსეთზე არანაკლებ სასტიკია, მაგრამ ხალხი საპროტესტო აქციებში მაინც მონაწილეობს ანუ ჩვენ საქმე გვაქვს საზოგადოების სტაგნაციასთან.

- თქვენ გეტყვიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობთ და ხალხთან კავშირი დაკარგული გაქვთ... რომ არ იცით, ხალხი სინამდვილეში რას ფიქრობსო...

- რა ფიქრობს ხალხი სინამდვილეში? ვიცი, ფიქრობს იმას, რომ რუსული იარაღით ადამიანები იხოცებიან, რუსული რაკეტები ადამიანებს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ტოვებენ, წყლისა და საჭმლის გარეშე... ამბობენ, რომ ზოგჯერ მთავრობას დანაშაული უნდა ეპატიოსო, მაგრამ რუსეთში ხალხი ხელისუფლებას ომში დამარცხებას არასოდეს პატიობდა. თუ ომი იმ შედეგით დასრულდება, როგორსაც ჩვენ ველოდებით ანუ - რუსეთისათვის კატასტროფულად, სამხედრო განადგურებით, უკრაინისათვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებით და სევასტოპოლში უკრაინის დროშით, ეს საზოგადოებისათვის შოკი იქნება. რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხების შემდეგ პირველი კლასის სახელმწიფო აღარ იქნება, გადაიქცევა მეორე ხარისხის ქვეყნად.

- თქვენი აზრით, ბირთვული ომი არ იქნება? ვლადიმერ პუტინი ტაქტიკური დანიშნულების იარაღსაც არ გამოიყენებს?

- ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად აუცილებელია ბევრი ადამიანის მზადყოფნა, საკუთარი სიცოცხლის გასარისკად. ვფიქრობ, რომ ყველა ადმირალი და გენერალი, ძირითადად, იმას ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს ნაქურდალი ქონება. რუსულ სამხედრო "ლატარეაში ძალიან დიდი ფული თამაშდება".

- როცა რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, სოციალური აფეთქებაც მაშინ მოხდება?

- დამარცხება კრიტიკულ მასას წარმოქმნის: ფრონტიდან რუსეთში ასობით ათასი შეიარაღებული ადამიანი დაბრუნდება. ყოველი ახალი მობილიზაცია კიდევ უფრო მეტ მსგავს ადამიანს აჩენს. ჯერჯერობით ისინი უკრაინაში მიდიან, მაგრამ შემდეგ იქიდან როცა წამოვლენ... სხვათა შორის, სამხედრო მოსამსახურეები ისეთი რევოლუციის ინგრედიენტები არიან, რომელიც 1917 წელს მოხდა: არმია, დამარცხების შემთხვევაში, ხელისუფლების მესაფლავე ხდება.

- თქვენ თვლით, რომ რუსეთში დიდი სისხლისღვრაა მოსალოდნელი?

- რა თქმა უნდა, მოხდება, თუ ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება... ერთადერთი გზა, რომ რუსეთი ცივილიზაციის გზაზე გავიდეს, ისაა, რომ მოხდეს სახელმწიფოს დეფოლტი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ