ფეიკ-შურისძიება ანუ რას აკეთებს შოიგუს უწყება, როდესაც რუსული რაკეტები მიზანს სცდება... - კვირის პალიტრა

ფეიკ-შურისძიება ანუ რას აკეთებს შოიგუს უწყება, როდესაც რუსული რაკეტები მიზანს სცდება...

7-8 იანვრის ღამეს რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ამაში რაიმე ახალი და განსაკუთრებული, სამწუხაროდ, არაფერი იქნებოდა (რადგან მეთერთმეტე თვეა, რუსეთი ისედაც ყოველდღე ბომბავს უკრაინის ქალაქებს), რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ეს იყო "შურისძიების ოპერაცია" ახალ წელს მაკეევკაში რუსი სამხედროების განთავსების ადგილის დაბომბვის გამო და ამის საპასუხოდ, კრამატორსკში, სარაკეტო შეტევები მიტანილი იქნა ორ საერთო საცხოვრებელზე, რომლებშიც 700 და 600 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა. სარაკეტო დარტყმების შედეგად, საერთო ჯამში, განადგურებული იქნა 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო...

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი წლის დადგომის წუთებში უკრაინელების მიერ ერთი-მეორის მიყოლებით გაშვებულმა "ჰაიმარსის" ოთხმა მართვადმა რაკეტამ მაკეევკაში, პროფტექნიკუმის შენობაში 600-ზე მეტი სპეციალურად თავმოყრილი რუსი სამხედროდან (რომლებიც იქ პუტინის სატელევიზიო საახალწლო მიმართვის მოსასმენად შეიკრიბნენ) 400-მდე დაიჭრა და დაიღუპა (თუმცა რუსი გენერლები მხოლოდ 89 სამხედროს დაღუპვას აღიარებენ), რადგან პროფტექნიკუმის მოზრდილი შენობა მთლიანად დაინგრა (ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ დეტონაცია განიცადა შენობაში შენახულმა საბრძოლო მასალამ და, ასევე, ცეცხლი გაუჩნდა შენობის სარდაფში განთავსებულ ხუთ ტონა დიზელის საწვავს, რომლის წვის კვამლმაც დაახრჩო ნანგრევებში მოქცეულები), მაშინ რუსეთის გენშტაბს მართლაც სათანადო "სარაკეტო შურისძიება" გამოსვლია...

3-shur-1673253181.png
ასე გამოიყურებოდა მაკეევკაში პროფტექნიკუმის შენობა, რომელშიც 600-ზე მეტი რუსი სამხედრო პუტინის სატელევიზიო საახალწლო გამოსვლის მოსასმენად სპეციალურად შეკრიბეს...

მაგრამ ერთი ცნობილი ქართული ანდაზისა არ იყოს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, იმ ფოტოების ნახვისას, რომელზეც კრამატორსკში რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნე ორი საერთო საცხოვრებელია ასახული, ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, რომ რუსმა გენერლებმა სასურველი რეალობად გაასაღეს, მაგრამ მათ მორიგ "ფეიკს" ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა...

კრამატორსკში ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის წინ რუსული რაკეტა მართლაც დაეცა, მაგრამ შენობიდან ოც მეტრზე შორს და მისმა აფეთქებამ ოთხსართულიან შენობაში არათუ ასობით უკრაინელი სამხედრო "შეიწირა", არამედ - ყველა ფანჯარაშიც კი ვერ ჩაამსხვრია შუშა...

2-shurr-1673253140.jpg
მეორე რუსული რაკეტა საერთო საცხოვრებლის შენობას კი არა, ეზოსაც კი ასცდა და მეზობლად, ავტოფარეხებთან მოზრდილი ორმო დატოვა...

კიდევ ერთი რუსული რაკეტა მეორე საერთო საცხოვრებლის შენობას კი არა, ეზოსაც ასცდა და მეზობლად, ავტოფარეხებთან აფეთქდა...

ანუ არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა რუსული რაკეტების პირდაპირი მორტყმა, რაც საერთოდ გამორიცხავს არათუ "600 უკრაინელი სამხედროს ლიკვიდირებას შურისმაძიებელი უზუსტესი სარაკეტო დარტყმებით", არამედ, საერთოდ, ერთი ადამიანის დაღუპვასაც კი.

არადა, როდესაც უკრაინული "ჰაიმარსების" "ნამუშევრის" ფოტოებს ადარებ, როდესაც მაკეევკაში სამსართულიანი პროფტექნიკუმის შენობიდან (რომელიც რუს ოკუპანტებს დროებითი განთავსების პუნქტად ჰქონდათ გამოყენული და იქ, ძირითადად, მობილიზებული სამხედროები ჰყავდათ დაბინავებული) აღარაფერი დარჩა, კიდევ ერთხელ რწმუნდები - ომში რომ იტყუებიან, ისე არავინ ცოდავს...

4-shur-1673253235.jpg
... და აი რა დარჩა ამ პროფტექნიკუმის შენობიდან, როდესაც მას „ჰაიმარსის“ ოთხი რაკეტა მოხვდა, დეტონირდა შენობაში შენახული საბრძოლო მასალა (შენობის გვერდზე ცხრა ჯავშანმანქანაც განადგურდა) და დაიწვა ხუთი ტონა დიზელის საწვავი...

ისე, რაღა შორს წავიდეთ - გახსოვთ, 2008 წლის 8 აგვისტოს, დილას, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანის მიერ მთელი მსოფლიოსთვის მოდებული "მეგაფეიკი" - ქართველების ნასროლმა "გრადის" რაკეტებმა ცხინვალში 2 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლესო...

სამხედრო საქმეში ნაკლებად გარკვეულიც კი მიხვდებოდა, რომ ეს ტექნიკურადაც კი შეუძლებელი იქნებოდა, თუკი ადამიანები გაშლილ მინდორზე დადგებოდნენ და ფეხმოუცვლელად დაელოდებოდნენ რაკეტების დაცემას და მით უმეტეს - ქალაქის შენობებსა და სარდაფებში თავშეფარების შემთხვევაში...

მაგრამ მაშინ ამ რუსულმა "ფეიკმა" ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კარგად იმუშავა, რაშიც თავისი წვლილი ბრალი საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და მის სრულ დაქვემდებარებაში მყოფ, ვითომ დამოუკიდებელი ტელევიზიების პროდიუსერებსაც მიუძღვით, რომლებმაც მოწინააღმდეგე მხარეს "ხონჩით მიართვეს" ქართული "გრადების" სტარტების ვიდეოკადრები...

პ.ს. საგულისმოა, რომ თავად იმ რუსმა სამხედრო პროპაგანდისტებმაც კი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომს, ვეღარ მოითმინეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამხელა "მეგა-ფეიკ-შურისძიებისთვის" თავადაც გააპროტესტეს საკუთარ ტელეგრამ-არხებზე და რუსეთის საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის გამო, რუსეთის გენშტაბს პასუხი მოსთხოვეს...