უკრაინაში ნაყიდი "ბუკების" უკან დაბრუნება ისედაც სუსტად დაცულ ქართულ ცას დამატებით საფრთხეებს გაუზრდის...
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ, სათაურით - "როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები?", გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს სახელისუფლო წრეებსა და საზოგადოების ნაწილშიც.
ბატონმა კასიანოვმა ძალზე დაწვრილებით აღწერა ყველა ის ჰუმანიტარული და ეკონომიკური სახის დახმარება, რაც რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველომ უკრაინას აღმოუჩინა, მათ შორის - იძულებით დევნილების განთავსების, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის, 1 550 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისსა და ბათუმში ოთხ სკოლაში უკრაინული სასწავლო პროგრამის ამოქმედების, უკრაინაში 25 გენერატორის გაგზავნისა და გვერდში დგომის სხვა ბევრი მაგალითი.
თუმცა ანდრეი კასიანოვმა არც იმის ხაზგასმა დაივიწყა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად არა ერთი მიმართვისა, კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე...
"უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის - საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. კერძოდ, კიევმა ითხოვა "ბუკის" კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა", - აცხადებს კასიანოვი.
მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ - მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
"ჯაველინების" მიწოდება უკრაინის არმიისთვის ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა პენტაგონისთვის და ქართული არმიის არსენალში დაგროვილი რამდენიმე ასეული "ჯაველინი" ბევრს არაფერს გადაწყვეტდა, თუმცა საზენიტო-სარაკეტო "ბუკებთან" დაკავშირებით საქმე სხვანაირად არის.
ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სანთლით ეძებენ საბჭოთა სისტემის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, მათი გამოსყიდვისა და უკრაინისთვის მიწოდების მიზნით.
ამიტომაც, სრულიად ბუნებრივად მოჩანს, რომ აგვისტოს ომამდე ქართული არმიის მიერ უკრაინაში შეძენილი "ბუკების" უკან დაბრუნების სურვილი გასჩენოდათ კიევში, თუნდაც ამერიკული ფულით გამოსყიდვის სახით.
მაშინ უკრაინაში "ბუკების" დივიზიონის შეძენა, მართლაც რომ წინ გადაგმულ ნაბიჯად აღიქმებოდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ქართული მეზენიტეების საბრძოლო შესაძლებლობები, რაც კიდეც გამოჩნდა უშუალოდ აგვისტოს ომის დროს, როდესაც მათ რუსული შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენის - "ტუ-22მ3"-ის ჩამოგდება შეძლეს, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არავის გაუკეთებია...
ამ ომშივე, სენაკის სამხედრო ბაზის დაპყრობის შედეგად, რუსმა ოკუპანტებმა "ბუკის" სამი თუ ოთხი დანაგარი (მათ შორის ერთი - რადილოკატორით, ორი კი - სატრანსპორტო-გამშვები ტიპის) წაიღეს ალაფის სახით.
მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო თავდაცვის შემადგენლობაში კიდევ რჩება "ბუკის" რამდენიმე დანადგარი, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ცის დაცვის საქმეში და მათ გარეშე დარჩენა, ვერაფრით გამართლდება, რადგან ანალოგიური ტაქტიკურ-ტექნიკური საბრძოლო მახასიათებლების მქონე დასავლური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოძებნას ნატო მეომარი უკრაინისთვის ძლივს ახერხებს და ასეთ დროს ქართული ცის გასაძლიერებლად ცოტა ვინმე თუ მოიცლის....
სხვათა შორის, როდესაც 2014 წლის 17 ივლისს ოკუპირებული დონბასიდან რუსულმა "ბუკმა" მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდო და 298 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, ქართულმა მხარემ დიდი აფიშირების გარეშე "ბუკის" ერთი რაკეტა ამ საშინელი დანაშაულის გამომკვლევ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას გადასცა ნატურალური ექსპერიმენტის ჩასატარებლად...
"ბუკის" რაკეტების ის მარაგი, რაც დღეს ქართველ მეზენიტეებს შემორჩათ, უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეიძლება ერთი დღეც კი არ ეყოს მასობრივი რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად ფრონტის მთელ ხაზზე, ასე რომ, თავის დროზე უკრაინისგან დიდი "ოტკატებით" ნაყიდი "ბუკების" უკან დაბრუნება უკრაინის საჰაერო სივრცეში ამინდს დიდად ვერ შექმნის, სამაგიეროდ, ისედაც სუსტად დაცული ქართული ცა კიდევ უფრო "ფარღალალა" გახდება...
პ.ს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია სამხედრო დახმარების აღმოჩენა ომში მყოფი უკრაინისთვის, მაგრამ როდესაც თვით პოლონეთი ვერ ბედავს გამანადგურებლების, ხოლო გერმანია კი - ტანკების ღიად მიწოდებას უკრაინისთვის, რატომ უნდა იყოს ვინმესთვის გასაკვირი, რომ ბევრად უფრო დაუცველი საქართველო განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდეს ამ საკითხში?
და ერთიც, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყირიმის სევასტოპოლის ბუხტიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ესკადრა გამოვიდა სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ფლაგმანობით და ოჩამჩირესთან ის რუსული დესანტი გადმოგვისხა, რომელმაც შემდეგ კოდორის ხეობის, ზუგდიდისა და სენაკის ოკუპაცია განახორციელა, მაშინ მეც და ბევრს სხვასაც გაგვიჩნდა იმის საპროტესტო გრძნობა, თუ რატომ არ შეაჩერა უკრაინის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უკრაინის ყირიმის სევასტოპოლიდან რუსი დამპყრობლების საზღვაო ლაშქრობა საქართველოს ნაწილის დასაპყრობად?!