ატენური ზღაპარი - დათოვლილი ტერასები მეღვინეობის „ქვეყნიდან“
„ახალი წლის პირველივე დღეებში გადავეწყობით ხოლმე სამეგობრო-საახალწლო სიტუაციაში და გვიხარია, თან ცივა, ლოყებგასაწითლებელი სუსხია, თან ცეცხლი ანთია, ზედ ცხელი გლინტვაინი დგას, ნაძვის ხე მორთულია და კაშკაშებს...“
2013 წლის დამდეგს იყო მხოლოდ იდეა და სურვილი, ატენის ხეობაში ვენახი გაეშენებინა, ყურძენი დაეწურა და ნატურალური მეღვინეობისთვის მოეკიდა ხელი. იდეას ხორცი შეასხა და დღეს უკვე ცნობილი ფერმერია. ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილთან, პროფესორსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან, სხვა დროსაც გვისაუბრია ატენური ცხოვრებისა და შინამეურნეობის შესახებ. როგორც ამბობენ, ნიკას ბევრი ღვინო ბრმად იცნობა, რადგან მისი ვენახები განუმეორებელ ბუკეტს ქმნის.
ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და ბუდეშური ის ჯიშებია, რომლებითაც ღვინოს წურავს. ამ ახალ წელს მხოლოდ განვლილ 2022 წელს კი არა, 2013 წლიდან მოყოლებულ პერიოდს ვაჯამებთ, ვისაუბრებთ ატენურ ახალ წელზე და ვაჩეიშვილების მარანში დამკვიდრებულ ტრადიციებზე.
- გასული წელიწადი ყოველდღიური შრომით იყო სავსე. სტუმრიანობასაც არ ვუჩიოდით, თუმცა უკეთესიც გვახსოვს. ყოველდღე გვყავდა უცხოელი სტუმრები, ძირითადად, ოჯახური ფორმატით. საინტერესო წელიწადი იყო. სტუმრები ჩვენთან, ოჯახში მოდიან და ქვეყანას ასე, შიგნიდან უყურებენ. ჩვენ მათი მასპინძლები ვართ. ეს ფიზიკურად ძნელია, მაგრამ კომპენსაციაც არის ხოლმე, სტუმრები გვეხმარებიან: ვენახში ფუსფუსებენ, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაში, ჩირის გაკეთებაში, ღვინის შიდა დეგუსტაციაში (ლაბორატორიულში), შემოღობვაში, ფისოებისა და ცუგების დაპურებაში გვეხმარებიან. ამიტომ დიდხანს რჩებიან. ჩვენი მიღწევა ის არის, რომ მომდევნო წელს ისევ ჩამოდიან და ოჯახის წევრები ჩამოჰყავთ.
- ეს არ არის სტანდარტული ტურიზმი.
- დიახ, მოვიდა, ხაჭაპური მიირთვა და გაიქცაო, ასე არ არის. ეს უფრო საქართველოს გაცნობაა.
მოგეხსენებათ, ატენი ტერასების მეღვინეობის "ქვეყანაა". ჩვენს ერთ-ერთ ვენახს ზემოთ, კლდეებში, რომელსაც ზედა ვენახს ვეძახდით, ტერასები დავამატეთ - გავკაფეთ ბუჩქნარი, მოვაცილეთ უსარგებლო ველურად წამოსული მცენარეები. გავაწკრიალეთ, გამოვაჩინეთ ძველი ტერასებიც და ახალიც მივუმატეთ. ფერდებიც გავუმაგრეთ, წყლის გადამყვანი სისტემა გავმართეთ და იქ ახალი ვენახის ჩაყრას ვაპირებთ. გაშენდება ჩინური და გორული მწვანე. ეს იქნება ერთ-ერთი საოცარი და ლამაზი ვენახი საქართველოში. იქიდან ტანას ხეობაზე ყოველი მხრიდან ულამაზესი ხედები იშლება.
- კავკასიონიც ჩანს?
- კი... გვაქვს ასეთი პატარა წერტილები, პანორამის მინდვრებს ვეძახით და ყველაფერი რუკებზეა დატანილი, ჯი-პი-ესითაა დასმული. მარშრუტები აკინძულია, როცა სტუმრები მოდიან, იმ მინდვრებზე გაივლიან. ჩვენგან ფეხით ნახევარი საათის სასიარულოა. საქართველოში, სადაც ნამყოფი არიან, კავკასიონს ყველგან ხედავენ და აქ, ფაქტობრივად, ამით აჯამებენ. ეს ჩვენი მთავარი მიმართულებაა. ამის გაკეთებაში დიდი შრომაა ჩადებული. მანიშნებლებიც დავსვით რუკაზე და ყველას ვატანთ. ბილიკებზე მარკირებაა სხვადასხვა ფერით (სირთულეების მიხედვით). მათ ფეხით ასე სიარული მოსწონთ და ვცდილობთ ამაში ხელი შევუწყოთ. ცხენებისა და ველოსიპედების ამოქმედებასაც ვფიქრობთ. ველოფედერაციასთან ერთად გამოვცადეთ კიდეც და მომავალ წელს ამ საქმეს კარგი პირი უჩანს.
ჩვენი ვენახების ტერასების გვერდით კიდევ დავამუშავეთ ტერასები, სადაც ვარდის პლანტაციის გაშენებას ვაპირებთ. უკვე დავტესტეთ და ჩვენი ვარდის მურაბა ძალიან გემრიელი გამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ადგილზე, რომელიც ოდნავ ჩრდილიანია და სავენახედ არ გამოდგება, ვარდი გაშენდეს. სიახლე კიდევ ის არის, რომ მომავალში ჩვენი, ატენური ნაყინიც გვექნება, რადგან ჩვენი ხილი გვაქვს.
- მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა, მეჩირეობა - კიდევ რა მიმართულება აქვს თქვენს მეურნეობას?
- თხისა და საქონლის რძისგან ატენის დედათა მონასტერთან ერთად ყველს ვაწარმოებთ. ჩვენს მეგობრებს აქვე, თეძმის ხეობაში მოჰყავთ ხორბალი და მათგან ვიღებთ თავთავს, რომელსაც ვფქვავთ და ჩვენთან ვაცხობთ. ძალიან გემრიელი გამოდის. საერთოდ, თუ ქართული ხორბლის მოყვანაში ფერმერები კომერციულად აზარტს ვერ ხედავენ, ექსკლუზიურად მაინც მოიყვანონ. სულიერად ეს სხვა რამ არის.პატარა მარნებმა და სასტუმროებმა მასობრივ ფქვილზე ჯობია უარი ვთქვათ. სხვებმაც მოგვბაძონდა ეს შიგა მეურნეობისთვისაც კარგი სტიმულია. რაღაც ერთიან ციკლს შევკრავთ.
მეზობლებისგან საუკეთესო ღორს ვყიდულობთ და იმას ვბოლავთ. ლორი დეგუსტაციის დროს მთელი გაზაფხული-შემოდგომა გვადგება.
ყოველდღიურად ჩვენთან 10 კაცი საქმიანობს, ხოლო სეზონურად სხვადასხვა საქმეზე კიდევ მეტი. ყველაფერი, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ და ეს ჩვენთვის ახლა ცხოვრებაა. თუ კარგად გაირჯები, შემოსავლიანიც არის. არაფერი იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთდა. ამიტომ როგორც ჩვენივე აღმოჩენილს, სიტკბოც მეტი აქვს. პატარა მწვერვალამდე მაინც ავედით.
- ფაქტობრივად, ველურ ბუნებაში, ცოტა მიუვალშიც დაიწყეთ ეს საქმე.
- შუქი, გზა არ გვქონდა, მიგდებულ, უსიერ გარემოში სიცოცხლის ნიშანწყალი არ იყო. არავის სჯეროდა, რომ აქ რამეს შევძლებდით.
- ამასობაში, ალბათ, ატენური საახალწლო ტრადიციებიც ჩამოგიყალიბდათ.
- სავენახე ზონა სადაც მთავრდება და სუბალპური იწყება, ნაძვნარია. ერთი მშვენიერი ნაძვი ავარჩიეთ, რომელსაც ყოველ წელიწადს ვრთავთ. ვუკეთებთ განათებას და ეს არის გადაძახილი, განაცხადი, რომ ბუნებას ყველა უნდა გაუფრთხილდეს. ხის ჭრაზე არავინ უნდა იფიქროს. ასე გავხადეთ ერთი ობოლი ნაძვის ხე პატარძალი, ლამაზი და მიმზიდველი. მერე ასეთი ტრადიციაც დავამკვიდრეთ - გლინტვაინს ვაკეთებთ და ამ ნაძვის ხის გარშემო სტუმრებს ჩვენი ჩურჩხელებით, ნუგბარითა და თონეში გამომცხვარი ქადით ვუმასპინძლდებით. ახალი წლის პირველივე დღეებში გადავეწყობით ხოლმე სამეგობრო-საახალწლო სიტუაციაში და გვიხარია, თან ცივა, ლოყებგასაწითლებელი სუსხია, თან ცეცხლი ანთია, ზედ ცხელი გლინტვაინი დგას, ნაძვის ხე მორთულია და კაშკაშებს...
- სუფრასთან ხომ ხვდებით ახალ წელს?
- ბავშვები გაიზარდნენ და წლეულს უკვე გვკითხეს, მამიკო, 12-ს რომ 5 წუთი აკლია, რატომ ამბობ, მარანში უნდა ჩავიდეო, სუფრიდან დგები, გადიხარ და მერე უცებ კარზე თოვლის ბაბუა აკაკუნებს, ყველაფერი ერთმანეთს რატომ ემთხვევაო? მოკლედ, გავიყიდეთ, მიხვდნენ, რომ თოვლის ბაბუა-ბებიები მშობლები ვართ. წლეულს თვალი გავუსწორეთ რეალობას, ჩამოწერეს, რა საჩუქრები სურდათ და საქმე ცოტა გაგვიადვილდა. ახალ წელს სუფრასთან სამი თაობა ვართ. მაგ დროს ბუხარიც კარგად გუგუნებს.
- პირველი სადღეგრძელო რა იქნება?
- მადლიერების, უფლის სადიდებელი, იმიტომ, რომ იქ ყველაზე მეტად ვგრძნობთ მის დიდ შემწეობას, თან სიძველეებითა და სიწმინდეებით სავსე ხეობაა. აქ ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ამ სადღეგრძელოს 2018 წლის ატენური ღვინოებით ვიტყვით, ეს ჩემი საყვარელი ჩინური და გორული მწვანეა.
- თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- ბუნებასა და წინაპრებთან თანამუშაკობას. ატენში რაც გავაკეთეთ, ეს არის როგორც ბუნებასთან, ისე წინაპრებთან უხილავი ერთობის საოცარი გამოხატულება. ამას სულ ვგრძნობთ.
- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, კიდევ უფრო მეტადაც.
- კი, ეს სმენა ჩვენ მეტი გვაქვს, მაგრამ როცა მარანი ავაშენეთ, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს წინაპარმა ააშენა. ეს ხორციელისა და სულიერის საოცარი თანახმიერებაა. რაც მთავარია, ჩვენ უცხო სოლად არ ჩავსობილვართ. თუმცა საკმაოდ რთული მისაღწევი იყო ეს ჰარმონია, ერთობა. გამოგვივიდა და ეს არის მთავარი. დანარჩენი - ღვინო, პური და სხვა რამ უკვე ამ დიდი ერთობის შემადგენელია. მადლობა ღმერთს ამის შეძლებისთვის.
- რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანასა და მკითხველს?
- ჩვენს ქვეყანასა და მკითხველს ვუსურვებ თავისუფლებასა და სიბრძნეს, სიყვარულით ატენიდან.