„ალბათ, წინა ცხოვრებაში ჩიტი ვიყავი“ - კვირის პალიტრა

„ალბათ, წინა ცხოვრებაში ჩიტი ვიყავი“

ტიხრული მინანქარი საქართველოში ოდითგანვე პოპულარული იყო. მინანქრის უძველესი ნიმუშები VIII საუკუნით თარიღდება, X-XII საუკუნეებში კი ეს დარგი უფრო განვითარდა. მომდევნო ეპოქების ქარტეხილებში ქართული კულტურა თითქმის ჩაკვდა, ტიხრული მინანქარიც დავიწყებას მიეცა და მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში აღორძინდა. მინანქრის საინტერესო ნიმუშების ავტორი, მხატვარი-დიზაინერი ირინა ხარატიშვილი თავისი შემოქმედების შესახებ გვიამბობს.

ირინა ხარატიშვილი:

- 23 წელიწადია ტიხრულ მინანქარზე ვმუშაობ, მანამდე უფრო ხატვით ვიყავი გატაცებული, მეექვსე კლასში გადავწყვიტე, რომ მხატვარი გავხდებოდი. ხშირად ვამბობ, ჩემი მუზა უოლტ დისნეი იყო-მეთქი, ბავშვობაში მისი მულტფილმებით ვიყავი მოხიბლული. სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და მინანქრის ზღაპრულ სამყაროშიც სწორედ აკადემიიდან მოვხვდი.

- როგორ დაიწყო ტიხრული მინანქრით თქვენი გატაცება?

- ერთხელ ჩემს შვილთან ერთად ვსეირნობდი ერეკლე მეორის ქუჩაზე და იქ მინანქრის ოსტატის, ირაკლი მეგრელიშვილის ერთ-ერთი ნამუშევარი ვნახე. გადავწყვიტე, სწორედ მასთან მესწავლა ტიხრული მინანქარი. გაკვეთილებზე პირველი მივდიოდი და რასაც დამავალებდნენ, ყველაფერს გულით ვაკეთებდი, თითოეულ ნამუშევარს ერთი ამოსუნთქვით ვქმნიდი. რა თქმა უნდა, რასაც ვაკეთებ, სუფთა ქართული მინანქარია და ჩემი შთაგონების წყაროც სწორედ საქართველოა. როცა შენი საქმე გიყვარს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ სამშობლოში. შეიძლება უცხოეთში ბევრი რამ მომწონდეს, მაგრამ მაინც საქართველოში ცხოვრება მირჩევნია. ნახევარი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ რომ დავფიქრდები, სხვა ქვეყანაში ცხოვრება მაინც ვერ წარმომიდგენია. თუმცა დედით უკრაინელი ვარ და ჩემს ნამუშევრებში უკრაინული პეწი, უკრაინული ფერთა გამაც იგრძნობა. ასევე ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები და ჩემი წარმოსახვის წყარო ხშირად მათი ნახატებიც ხდება.

mam10-1673273882.jpg

- არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, ფერწერას აირჩევთ თუ მინანქარს?

- ჩემს ცხოვრებაში ორივეს თავისი ადგილი აქვს. როცა ვხატავ, ბევრს ვფიქრობ და ნაფიქრალი ფურცელზე გადამაქვს. რა თქმა უნდა, ჩემთვის მინანქარიც მნიშვნელოვანია, თუმცა მარტო მინანქარი არასდროს მყოფნიდა, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემს ნამუშევრებში რამდენიმე განსხვავებული ტექნიკა გამომეყენებინა. როცა ვმუშაობ, თითქოს ჯადოსნურ სამყაროში გადავდივარ, ამ დროს ვერავის და ვერაფერს ვამჩნევ. ნახატი რომ დასრულდება, ყოველთვის უკმაყოფილების გრძნობა მრჩება.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით რას ხატავთ?

- ალბათ, ჩიტებს, ჩემს ნამუშევრებში მათ განსაკუთრებული ადგილი უკავია. სულ ვამბობ, ალბათ, წინა ცხოვრებაში ჩიტი ვიყავი-მეთქი. უამრავი ფრინველი მყავს დახატული, ფარშევანგით დაწყებული, შედარებით მცირე ზომის ჩიტებამდე.

ნახატები უმეტესად საზღვარგარეთ იყიდება, რადგან უცხოელებს ძალიან მოსწონთ. ყველაფერს შერეული ტექნიკით ვქმნი და ჩემი ნაშრომები სხვებისგან სწორედ ამით განსხვავდება.

mam9-1673273881.jpg

- რთულია ტიხრულ მინანქარზე მუშაობა?

- ადვილი ნამდვილად არ არის: საათობით უნდა იჯდე და იშრომო, რომ ორიგინალური, ლამაზი ფერები გამოიყვანო, ტიხარი დაადო, მერე გამოწვა... ნაცნობებს უთქვამთ, ტიხრულ მინანქარზე მუშაობა გვასწავლეო, და თავისი ხელით რომ გააკეთეს, გაოცდნენ, ეს რა მძიმე შრომა ყოფილაო. ტიხრულ მინანქარზე მუშაობას გემოვნებაც სჭირდება, ნებისყოფაც, ფერისა თუ კომპოზიციის შეგრძნებაც...

- ვიცი, რომ საახალწლო ნივთებსა და აქსესუარებზეც მუშაობთ.

- შობა-ახალი წელი ძალიან მიყვარს, ამიტომ დიდი სიამოვნებით ვქმნი პატარა ანგელოზებს, თოჯინებსა და სათამაშოებს. ყველა დეტალი თავიდან ბოლომდე ხელით მაქვს გაკეთებული: სხეული, კაბა, ანგელოზის ფრთები... ყველას მოსწონს, ვისაც ნაძვის ხის განსხვავებული სამშვენისებით მორთვა სურს. დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ნაძვის ხის სათამაშოებსაც, სხვადასხვა სტილის, ფორმისა და ფერის. სხვათა შორის, მძივებსა და სამკაულებსაც ვაკეთებ.

27-28 წელიწადია, საქართველოში თითქმის ყველა გამოფენაში ვმონაწილეობ. ბევრი გამოფენა მქონია ავსტრიასა და ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, მალტაში, სტრასბურგსა და კიევში, შუა აზიასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. უკვე ჩემი გალერეაც მაქვს. ავეჯის რესტავრაციაზეც ვმუშაობ, დაძველებისა და დეკუპაჟის ტექნიკა ძალიან მომწონს და ამ ტექნიკით ორიგინალურ ზარდახშებს ვქმნი. ერთი პერსონალური გამოფენა მქონდა, სადაც დეკორატიული ჩანთები და ქისებიც გამოვფინე.

mam8-1673273881.jpg

- დასასრულ, როგორია თქვენი საახალწლო სურვილები?

- ჩვენს ხალხს მშვიდობას, სიკეთესა და სიყვარულს ვუსურვებ. იცით, კიდევ რას ვინატრებდი? - რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი გვყავდეს, რადგან განათლება ის იარაღია, რომლის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე