„ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ...“ - კვირის პალიტრა

„ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ...“

ზღვა, რომელიც ჩვენ გვერდითაა, უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. ასეთი შესაძლებლობაა წყალქვეშა ფერმები, იგივე მარიკულტურა. ამ საქმის წამოწყება მამუკა მიქაშავიძემ გადაწყვიტა. ყოფილმა ემიგრანტმა წყალქვეშა ფერმა კვარიათში 2016 წელს დააარსა ოჯახთან ერთად. ფერმის მოსავალი ხამანწკებით დატვირთული კალათები და ზღვაში ჩაკიდებულ თოკებზე "ასხმული" მიდიებია, რომელიც რეგულარულად "იკრიფება".

შეუპოვარი შრომითა და მიზანდასახულობით ფერმერი რამდენიმე ათეულ ტონა მოლუსკს იღებს, და თუ დღეს ქართულ მიდიასა და ხამანწკებს მივირთმევთ, ამ ფერმის დამსახურებაცაა.

- ემიგრაციაში წლები ვცხოვრობდი და ბევრ რამეს იმ თვალსაზრისითაც ვაკვირდებოდი, რომ გამოცდილება ჩემს ქვეყანაში წამომეღო, მათ შორის მარიკულტურასაც. ის სოფლის მეურნეობის დარგია და გულისხმობს ზღვაში ფერმების დაარსებას მოლუსკების თუ თევზების მოსაშენებლად. ალბათ, ამისკენ ბავშვობამაც მიბიძგა, მეც მახსოვს სოხუმის ხამანწკების სუნი, როდესაც სოხუმში ზაფხულობით ჩავდიოდით.

ევროპაში მარიკულტურა, კერძოდ, ზღვის მოლუსკების ფერმები, დიდ მოგებას ტოვებს. ამიტომაც ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ჩვენს ზღვაში ორსაგდულიანი მოლუსკების შემოტანა, კერძოდ, მიდიებისა და ხამანწკების. ჩვენს ზღვაში ორივე ძვირად ღირებული მოლუსკი ბინადრობდა, მაგრამ ზღვის დაბინძურებამ და მიდიების მჭამელმა ინვაზიურმა მოლუსკმა რაპანამ შეიწირა. ასე რომ, ადგილობრივი სახეობების დაბრუნებაც დავიწყეთ. მიახლოებითი გათვლებით, ამ დარგით ჩვენს ქვეყანას შეუძლია 800 მილიონი აშშ დოლარიდან 1,4 მილიარდამდე შემოსავალი მიიღოს. მსოფლიოში მოლუსკების 65%-ს სწორედ ზღვის ფერმებში მოიპოვებენ, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში, თან პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და ზღვისთვისაც დამზოგველი - ერთი მოლუსკი 90 ლიტრ წყალს ფილტრავს დღე-ღამეში.

mam5-1673273881.jpg

- რამხელა სარგებელი ჰქონიათ მოლუსკებს, იმის გარდა, რომ დელიკატესია.

- ამიტომაც ისწავლა ევროპამ ზღვაში მოლუსკების გამრავლება უკონტროლოდ მათი ამოხაპვის ნაცვლად. ჩვენ მოსავლის Pპირველი პარტია 2018 წელს მივიღეთ. მოლუსკებს დაახლოებით ორი წელიწადი სჭირდება, რომ კომერციულ ზომამდე, 3-დან 9 სმ-მდე გაიზარდონ.

როდესაც საქმეს ვიწყებდი, ზღვაში უკვე მონიშნული იყო შესაძლო ადგილები ფერმებისთვის, მაგრამ სირთულეები წინ წასვლის საშუალებას არ იძლეოდა. ფერმების მოწყობის პირველი ცდა მარცხით დასრულდა. ღელვა წყალში ჩაშვებულ იმ ბაგირებს გლეჯდა, რომლებსაც მიდიები ეკვრიან და მრავლდებიან. საზოგადოდ, ევროპაში ზღვის ფერმები მცირე ყურეებშია მოწყობილი, სადაც ღელვა არ აწუხებთ, შავი ზღვა კი ძალიან ღელავს და ყურეებისთვის შესაფერისი ევროპული ფერმები ვერ გამოგვადგებოდა. ამიტომ ახალზელანდიური მეთოდი გამოვიყენეთ, რომლის მეშვეობით ფერმებს ოკეანეებში აკეთებენ. ზღვის ფსკერზე 100-მეტრიანი ბაგირები ჩავუშვით 6-ტონიანი სიმძიმეების საშუალებით. ბაგირებზე ყოველი მეტრის დაშორებით ჩამოვკიდეთ 4-მეტრიანი თოკები, რომლებსაც მიდიები ბუსუსებით ეკვრიან და თაობიდან თაობამდე მრავლდებიან. საბოლოოდ თოკები მიდიების "ჩურჩხელებს" ემსგავსება. თუმცა "ჩურჩხელები" ზღვის ფსკერიდან 3 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, რადგან ფსკერზე მიდიაჭამია რაპანა ბინადრობს. კონსტრუქცია 8-ბალიან ღელვასაც უძლებს.

მიდიები წელიწადში ორჯერ, აპრილ-მაისსა და ოქტომბერ-ნოემბერში მრავლდებიან. ამ დროს თითოეული მოლუსკისგან დაახლოებით 10 ათასი ლარვა იბადება, რომლებიც ჯერ ზედაპირზე ტივტივებენ, შემდეგ კი იძირებიან და "ჩურჩხელებს", ისევე როგორც გზად შემხვედრ ნებისმიერ რამეს, თუნდაც გემებს, ეწებებიან. ამიტომ გემებისთვისაც ქმნიან პრობლემას.

mam7-1673273881.jpg

- ხამანწკებსაც ასევე ზრდით?

- ხამანწკები სპეციალურ კალათებში იზრდებიან.

ბევრ ქვეყანას არა აქვს ზღვის იმხელა პოტენციალი, როგორც საქართველოს. ჩვენი ფერმა 72 ჰექტარია, საკმაო ბაზაა მარიკულტურის გასავითარებლად. ჩვენი პროდუქცია უფრო კარგი გემოვანი თვისებით გამოირჩევა, ვიდრე, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის, რადგან ხმელთაშუა ზღვაში მარილის მაღალი შემცველობაა - 35%, ჩვენთან კი 18%-ია. გარდა ამისა, ჩვენს აკვატორიებს სხვა უპირატესობაც აქვს: კავკასიონიდან ჩამონადენი წყლები მოლუსკებისთვის იმდენად საინტერესო საკვებს შეიცავს, რომ ჩვენთან გაცილებით სწრაფად იზრდებიან, ვიდრე სხვა ზღვების ბინადარი იგივე სახეობები, ან თუნდაც შავი ზღვის სანაპიროებზე განლაგებულ სხვა ქვეყნებში, სადაც მთებიდან ჩამონადენი მტკნარი წყლები არ არის.

ზღვის ფერმებიდან დაახლოებით 1 ჰექტარზე 10-15 ტონამდე ძვირად ღირებული პროდუქცია მიიღება, რომელიც შეგვიძლია საზღვარგარეთ გავყიდოთ.

- რეალიზაცია ახსენეთ, ქართულ მოლუსკებს სად და როგორ ყიდით?

- მსხვილ მარკეტებში, ბათუმის თევზის ბაზარზე, რესტორნებში... მოთხოვნა დიდია. ამის მიუხედავად, 20 ტონა პროდუქციის რეალიზაცია გაგვიძნელდა. არადა, გაცილებით მეტი პროდუქციის წარმოება შეგვიძლია, ვთქვათ, 100 ტონის, მაგრამ, სავარაუდოდ, "გავიჭედებით".

- რატომ? მოთხოვნა ხომ დიდია?

- იმიტომ რომ, რაც მეტს მივიღებთ, მით უფრო მეტი პროდუქცია დაგვეკარგება. 20 ტონა მოლუსკის მიღების პროცესში დამატებით ამ რაოდენობის 35% მოლუსკი დავკარგეთ. საქმე ის არის, როდესაც კომერციული და არაკომერციული მოლუსკები გადაირჩევა, მცირე მოლუსკები სპეციალური ბადით ისევ ზღვაში უნდა ჩაბრუნდნენ, რათა თოკებზე დაეკიდონ და გაიზარდონ. ეს მხოლოდ იმ გემზე მოხერხდება, რომელიც მოლუსკების დამუშავებისთვის არის განკუთვნილი, იქვეა დამონტაჟებული მიდიების დახარისხების დანადგარები, ჩვენს ფერმას კი გემი არა ჰყავს. გემს კი შევიძენდით, მაგრამ პრობლემა სხვა რამ არის - გვეუბნებიან, გემი რომც გყავდეთ, მისი დასაყენებელი ადგილი არა გვაქვსო. ამ დროს ისევ ჩემი ბავშვობის აფხაზეთი მახსენდება, სადაც ჯერ კიდევ როდის იყო მოწყობილი ზოლები ყოველ 50 მეტრში ზღვის ტრანსპორტისთვის ზღვის ინდუსტრიის გასავითარებლად, აქ კი მსგავსი არ არის. არადა, წყალში ხომ უნდა შეხვიდე, რომ იმუშაო! ამ ეტაპზე ზღვის ინფრასტრუქტურის მოწყობა არ ხერხდება. ნაპირდაცვითი სამუშაოების შემდეგ თუ რამ გაკეთებულია, ისიც წყალს მიაქვს.

- რატომ არ კეთდება ეს ინფრასტრუქტურა, რა გვიშლის ხელს?

- უცოდინარობა. უნდათ რაღაცის გაკეთება, მაგრამ არ იციან, როგორ. მოჰყავთ საზღვარგარეთიდან ექსპერტები, მაგრამ მხოლოდ მოყვანა, პროექტების უცხოეთიდან გადმოტანა და ჩვენი გარემოსთვის ბრმად მორგება საკმარისი არ არის. შენს ბიზნესს უნდა დაუჯერო და ჰკითხო, რა უნდა გაკეთდეს, რა აჯობებს ქვეყნის ინდუსტრიისთვის. გარდა ამისა, მარიკულტურის შესანარჩუნებლად კანონმდებლობა უნდა შეიქმნას, რომელიც ფერმებს ბრაკონიერებისგან დაიცავს. ჩემი გათვლებით, დაახლოებით 350 ათასი ცალი ხამანწკა მომპარეს, მაგრამ პოლიციამ ხელი ვერ გაანძრია, რა გავაკეთოთ, ზღვაში ვერ შევდივართ, ზღვის ფერმების დაცვის კანონი არა გვაქვს, ამას სპეციალური პერსონალიც სჭირდებაო. არ არსებობს ზღვის ფერმების დაზღვევა. ჰოდა, ახლა ველი, როდის მოიფიქრებს სახელმწიფო რამეს ამ საქმისთვის. სხვანაირად ჩვენთან ზღვის ეკონომიკა არ განვითარდება.