ვინ „გააბოროტა“ „მსუბუქი“ კანაფი - კვირის პალიტრა

ვინ „გააბოროტა“ „მსუბუქი“ კანაფი

კანაფი სხვა მცენარეებისგან ერთი შეხედვით არ გამოირჩევა, თუმცა მისგან მსოფლიოში ფართოდ ცნობილ ნარკოტიკებს იღებენ. ამ ნივთიერებებს უწოდებენ მარიხუანას, პლანს ან ანაშას, აგრეთვე ჰაშიშს. თუმცა იმავე კანაფისგან იწვნება ბაწრები და თოკები. მისი არომატი ძალიან უხდება გამომცხვარ პურეულსაც. რა თვისებებით გამოირჩევა ეს პოპულარული მცენარე, ამის შესახებ სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი გვესაუბრება.

- კანაფი ერთწლიანი ბოჭკოვანი მცენარეა. ცნობილია მისი სამი სახეობა: ჩვეულებრივი კანაფი, ინდური და ველური კანაფი. ამ მცენარეს ყველაზე მეტად ჭარბტენიანი ნიადაგი მოსწონს, თუმცა საქართველოში თითქმის ყველგან ხარობს. კანაფი მთიან ადგილებში ყველაზე კარგად მოდის, ველურ ბუნებაში ხშირად გვხვდება სვანეთში, აჭარასა და სხვა მთიან რეგიონებში. კანაფის სამშობლოდ ცენტრალური აზია ითვლება, თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორის კავკასიაში, რუსეთში, უკრაინაში და სხვ.

- რა დადებითი თვისებები აქვს ამ მცენარეს?

- კანაფი ჩვეულებრივი სასარგებლო მცენარე იქნებოდა, ადამიანები ბოროტად რომ არ იყენებდნენ. მას სამეურნეო დანიშნულებაც აქვს, რადგან კანაფისგან მტკიცე ბაგირებსა და გამძლე ქსოვილებს ამზადებენ, ურევენ ტკბილეულსა და პურპროდუქტებშიც, რადგან საკვებს სასიამოვნო არომატს აძლევს. ამ მცენარეს ოდითგანვე იყენებდნენ მედიცინაში როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. მცირე რაოდენობით და დოზით კანაფი ისეთივე სასარგებლოა, როგორიც ღვინო. მთავარია, ადამიანი არ დაეჩვიოს, რადგან კანაფზე დამოკიდებულება ძალიან საზიანოა, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშზე. ამიტომ მშობლებს ადრიდანვე დიდი ყურადღება სჭირდებათ, რადგან ახალგაზრდები მოწევას უმეტესად თინეიჯერულ ასაკში იწყებენ. სწორედ ამიტომ მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო: ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ მარიხუანას სისტემატური მოწევა ჯანმრთელობას აზიანებს.

- თუმცა მწეველები ამტკიცებენ, რომ ეს მსუბუქი ნარკოტიკია და ადამიანის ორგანიზმზე ცუდად არ მოქმედებს.

- ამით ისინი თავიანთ საქციელს ამართლებენ. კანაფის მოწევას ხშირად იმ ასაკიდან იწყებენ, როცა ტვინი ყალიბდება, რაც ყველაზე საშიშია. მარიხუანას რეგულარულად მოწევას გაცილებით მავნე შედეგი მოაქვს, ვიდრე სიგარეტის მოწევას, თუმცა ორივე იწვევს ხველებას, ბრონქიტს, პნევმონიასა და სხვა ინფექციურ დაავადებებს. მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს, ანუ სიგარეტისა და კანაფის მწეველებს, ფილტვის უჯრედები საგრძნობლად დაზიანებული ჰქონდათ. მედიკოსებმა ისიც დაადგინეს, რომ კანაფის ერთხელ მოწევისას იმდენივე ფისი გამოიყოფა, რამდენიც სიგარეტის სამი ღერის მოწევის დროს, გარდა ამისა, მარიხუანას რეგულარული მოწევა უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ემოციებსა და მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებზე, მავნე გავლენას ახდენს ტვინის უჯრედების მოქმედებაზეც: თუ ადამიანმა მარიხუანას მოხმარება თინეიჯერულ ასაკში დაიწყო, მას გაუჭირდება ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რის გამოც მისი გონებრივი განვითარება შეფერხდება! მარიხუანას მოწევა ცუდად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც: ხშირად იწვევს სუნთქვის პრობლემებს და ქრონიკულ ბრონქიტს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მარიხუანას მწეველები პნევმონიითა და სხვა ინფექციებით უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე არამწეველები. მარიხუანას მოწევიდან პირველი საათის განმავლობაში მაღალია გულის შეტევის რისკიც, ასე რომ, ამ "მსუბუქ ნარკოტიკთან" ხუმრობა დაუშვებელია.

what-is-hemp-cord-1673277541.jpg

- როგორ მოქმედებს კანაფის მოწევა ორსულობის დროს?

- აქაც მედიკოსთა კვლევები უნდა მოვიშველიოთ: მარიხუანა ნაყოფის განვითარებასაც პრობლემებს უქმნის და იმავდროულად, შესაძლოა ბავშვის ტვინის განვითარებაც დააბრკოლოს. ეს ნარკოტიკი საფრთხეს უქმნის ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და მის მომავალს. მარიხუანას ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ჰალუცინაციებსა და პარანოიას. მოზარდები მარიხუანას მოხმარებას ისეთ პრობლემებამდე მიჰყავს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და სუიციდის მცდელობა. ყველაზე რთული მარიხუანაზე დამოკიდებულებაა: ამ დროს ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკის მიღებაზე, მაშინაც კი, როდესაც ის დიდ პრობლემებს უქმნის. მოწევის გარეშე ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, გაღიზიანებულია, ეცვლება განწყობა, ერღვევა ძილი, მადა და მარიხუანას მიღების დაუოკებელი სურვილი უჩნდება.

მარიხუანაზე დამოკიდებულების გაჩენის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია იმ შემთხვევაში, როცა მის მოხმარებას მოზარდობის ასაკში იწყებენ. ამ ნარკოტიკის მოხმარების კიდევ ერთი მავნე ეფექტი ის არის, რომ ადამიანში ჩნდება სწრაფვა სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებისკენ. უმეტესად სწორედ მარიხუანაა პირველი ფსიქოტროპული საშუალება, რომელსაც იყენებენ შემდეგში უფრო ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებლები, რომელთა ჯანმრთელობა წლების განმავლობაში კიდევ უფრო ზიანდება. მარიხუანას დოზის გადაჭარბებას შეუძლია მძიმე გართულებები გამოწვევა, შფოთვითი აშლილობით დაწყებული, პარანოიისა და ფსიქოზური რეაქციების ჩათვლით.

- ალბათ, ძალიან ბევრი ავარიაც ხდება იმის გამო, რომ პლანის მოწევის შემდეგ საჭესთანაც სხდებიან...

- ასეა, რადგან მარიხუანა აქვეითებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ დროს ავტომობილის მართვის უნარი დაქვეითებულია, რაც ავტოავარიის მიზეზი ხშირად გამხდარა. მეტიც, კანაფზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს უჭირთ სოციუმთან კონტაქტი, სწავლა და მუშაობა, რადგან დადასტურებულია კანაფის ნეგატიური გავლენა ყურადღებაზე, მეხსიერებასა და სწავლაზე. მოსწავლეებს, რომლებიც მარიხუანას ხშირად მოიხმარენ, ინტელექტის დონეც დაბალი აქვთ. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მარიხუანას აქტიური მოხმარება ხელს უშლის ადამიანის კარიერულ წინსვლასა და სოციალურ ცხოვრებას. ცხადია, კანაფზე დამოკიდებული ადამიანის ოჯახში კონფლიქტებიც უფრო ხშირია. მარიხუანას უარყოფითი გავლენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზეც აისახება. მოკლედ, ამ მცენარის გავლენა სოციუმზე აშკარად უარყოფითია.

pexels-photo-606506-1673277541.jpeg

- თუმცა არსებობს ზოგიერთი დაავადება, რომელთა დროსაც მარიხუანას მოწევა პირიქით, ნებადართული და საჭიროც კი არის.

- დიახ, ზოგიერთ ქვეყანაში ნებადართული და რეკომენდებულია მარიხუანას გამოყენება, როცა ავადმყოფს სჭირდება. ამ შემთხვევაში მარიხუანა სპეციალური რეცეპტით გაიცემა. ეს ხდება უმეტესად სიმსივნით, გლაუკომით ან ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილის დროს. სამედიცინო მარიხუანა შეიძლება დაინიშნოს მრავლობითი სკლეროზის, ქიმიოთერაპიული მკურნალობის, შიდსის ან სხვა მძიმე დაავადებების დროს, რადგან მას ტკივილის გაყუჩება და ანთების ჩაქრობა შეუძლია. ცხადია, მარიხუანას მოხმარება მხოლოდ განსაზღვრულ დროს განსაზღვრული დოზით შეიძლება, სპეციალისტის რეკომენდაციით. მისი შეუზღუდავად მოხმარება არ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე