სპილოს ძვალი... პალმისგან - კვირის პალიტრა

სპილოს ძვალი... პალმისგან

მცენარეული სპილოს ძვალი ტაგუას კაკლისგან მიიღება. სათანადო დამუშავების შემდეგ ამ კაკლის თეთრი ნაწილი ნამდვილ სპილო ძვალს ჰგავს და წვრილმარცვლოვანი მარმარილოს სტრუქტურა აქვს.

Phytelephas-ი არის მცენარეთა გვარი, რომელშიც პალმების ექვსი სახეობა შედის. ისინი ბუნებრივად იზრდება ეკვადორში, პანამაში, კოლუმბიაში, ბრაზილიაში, პერუში. პალმების ეს ექვსეული ცნობილია როგორც სპილოს ძვლის პალმები ან ტაგუას პალმები. გვარის დასახელებაც "მცენარეულ სპილოს ძვალს" ნიშნავს. საერთაშორისო ვაჭრობის უმეტესი ნაწილი მოდის ბრაზილიაში გავრცელებული მსხვილნაყოფიან სახეობაზე (P. macrocarpa).

პალმების სიმაღლე 20-25 მეტრია. მათი გიგანტური ფოთლები სიგრძით 6 მეტრს, ხოლო სიგანით 1 მეტრს აღწევს. მცენარე ორსქესიანია. მდედრი მცენარე წლის განმავლობაში ისხამს დაახლოებით ადამიანის თავის ზომის ქერქიან 15-20 ცალამდე ნაყოფს, რომელიც პირდაპირ ხის ღეროზეა ჩამოკიდებული და ცულით ან მაჩეტეთი ჭრიან. თითოეულ ასეთ ნაყოფში ქათმის კვერცხის ზომის რამდენიმე ათეული კაკალია, რომლებიც ფორმით პატარა ავოკადოს წააგავს. პირველ ნაყოფს მცენარე 14-15 წლის ასაკში იძლევა, მერე კი ყოველწლიურად ისხამს ასწლეულების განმავლობაში.

image-661e7ae2-f3d3-4ab9-b6d5-2dc583870a37-3024x-1673277541.jpg

მოსავლის აღებისას კაკალი ჯერაც რბილია, შეიცავს სითხეს, რომელშიც ღვინის მჟავაა და მისი დალევა შეიძლება. გადასამუშავებლად შერჩეულ კაკალს მზეზე აშრობენ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ ძვალივით არ გამაგრდება. შავ-ყავისფერი გარსის ქვეშ სპილოს ძვლის მსგავსი მასალაა. ის შეიძლება დაიჭრას, დაიფქვას, გაიხეხოს, გაპრიალდეს, შეიღებოს და ძალიან მდგრადია ცვეთის მიმართ. მზის შუქის ხანგრძლივი ზემოქმედება უფრო ამუქებს, ხოლო ცეცხლზე დამუშავებით შეიძლება ყავისფერიც გახდეს.

ნამდვილი სპილოს ძვლით ვაჭრობა იზღუდება, რათა ბრაკონიერების მიერ სპილოების განადგურება არ წაახალისონ.

ტაგუას კაკალი ხშირად გამოიყენება სპილოს ძვლის შემცვლელად. გარდა ამისა, ტაგუას წარმოება კარგი სტიმულია სამხრეთამერიკული ქვეყნების ეკონომიკებისთვის.

ტაგუას კაკალს ფართოდ იყენებდნენ XIX საუკუნის ბოლოდან ღილების დასამზადებლად. აშშ-ში წარმოებული ყველა ღილის 20% მცენარეული სპილოს ძვლისგან მზადდებოდა. ტაგუა ასევე ფართოდ გამოიყენებოდა კამათლის, დანის სახელურების, ჭადრაკის ფიგურების, მოსაწევი მილების, სათამაშოების, დომინოს ქვების, ყელსაბამებისა და სამაჯურების დასამზადებლად. მის შესახებ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისთვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი - ამზადებდნენ სამკაულებს, სავარცხლებს, კბილის ჩხირებს და ხერხებსაც კი. შემდგომ დაიწყეს ტაგუას კაკლის გატანა ევროპასა და აზიაში და მისმა გამოყენებამ პიკს 1920-იან წლებში მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის პლასტმასამ და სხვა სინთეზურმა მასალებმა ჩაანაცვლა.

მოსავლის შეგროვების დროს პალმის ხეები არ ზიანდება. იქ, სადაც ტაგუას კაკალი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტყეების განადგურებაც ჩერდება. ხელნაკეთი ნივთები იყიდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ნაკეთობების ფასი შეიძლება იყოს 100 აშშ დოლარი და მეტი, დამზადების სირთულიდან გამომდინარე.ტაგუას პალმები სხვა მხრივაც სასარგებლოა: ფესვები სამკურნალოდ გამოიყენება, ნედლი ნაყოფის ფქვილი საკვებია პირუტყვისთვის, ბოლო დროს იყენებენ ფარმაცევტულ სფეროშიც, დაპრესილი ყუნწებისგან ამზადებენ აგურებს, ქერქისგან კი ფანერას. გიგანტური ფოთლებით ტროპიკებში სახლებს ხურავენ, ფოთლის ბოჭკოებისგან ამზადებენ თოკებსა და ცოცხებს.