რატომ დაგვეჩაგრა „მშობლიური“ პრასი - კვირის პალიტრა

რატომ დაგვეჩაგრა „მშობლიური“ პრასი

ალბათ, ყველას გვახსოვს მოარული ფრაზა ფილმიდან, "პრასი არ გინდა, გვაქვს-თქვა", რომელიც ჩვენი ხასიათისა და, ალბათ, ბუნებრივი მდგომარეობის სიმბოლოდაც იქცა. დიახ, პრასი ყველას უნდა გვქონდეს... ქონებრივი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, რადგან ის ჩვენთვის ბუნებრივი და იმავდროულად, სასარგებლო კულტურაა. ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ თურმე პრასის დეფიციტიც ყოფილა და წლებია, უცხოეთიდან შემოგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ მართალია პრასი "ჩვენია" და მისი ფასიც ვიცით, მაგრამ აქ მოყვანა აღარ გვიღირს და შემოტანას ვამჯობინებთ.

შარშანდელ იანვარ-ნოემბერში პრასის იმპორტი (ისევე, როგორც ხახვისა) საქართველოში 115%-ით გაიზარდა და ჯამში 15,31 ტონა შეადგინა, ხოლო ღირებულებამ 16,05 ათასი დოლარი. იმავე სტატისტიკით და იმავე პერიოდში, 2021 წელს, ქვეყანაში 6,62 ათასი დოლარის ღირებულების 7,11 ტონა პრასი შემოიტანეს. ამითაც ჩანს, რომ პრასზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ბაზარს რატომღაც მისი მოყვანა მაინც არ უღირს. რატომ შეიქმნა დეფიციტი და რამ შეიძლება გაანეიტრალოს, ამ თემაზე სასაუბროდ წყალტუბოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტს რეზო ჭოლოკავას ვესაუბრეთ:

- ფერმერული მეურნეობების დაარსების მიუხედავად, კვლავ ბოსტნეულის დეფიციტია, თუმცა იმპორტირებული პრასის გამოჩენა, ალბათ, მაინც მოულოდნელი იყო. პრასი ხომ ქვეყნის ყველა კუთხეში ხარობს. რატომ შეიქმნა ამგვარი ვითარება?

- თუ ფერმერულ მეურნეობებზე ვისაუბრებთ, პრასის დეფიციტი ლოგიკურია, მაგრამ საკუთარ კარ-მიდამოსა და ბოსტნებში, რა თქმა უნდა, ეს კულტურა აუცილებლად უნდა იყოს, მით უფრო, ის ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ხარობს, თან ძალიან სასარგებლოა. თუმცა საკარმიდამო ნაკვეთებში მოყვანილი პრასი, ალბათ, მაინც ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას. რაც შეეხება სათბურებს, პრასი მომგებიან კულტურად არ ითვლება, ამიტომაც არ მოჰყავთ ფერმერებს, ყოველ შემთხვევაში, წყალტუბოში ასეა.

- რატომ, წყალტუბო ხომ ბოსტნეული კულტურებისთვის საუკეთესო ზონაა?

- ფერმერებს ურჩევნიათ სათბურებში ის კულტურები მოიწიონ, რომელთა მოყვანის გამოცდილება ევროკავშირის სოფლის ორგანიზაციებიდან თუ პირადი შრომით უკვე აქვთ, ამასთან, შემოსავლიანია, თანაც ამას ბევრად ნაკლები დანახარჯით ახერხებენ, ვიდრე პრასს დასჭირდებოდა. ამიტომ პრასის მოყვანას, ფერმერებს ურჩევნიათ კამა ან ქინძი მოიწიონ. ამ კულტურებზე მოთხოვნა არის, თან მრავალჯერად მოსავალს იძლევა. მაგალითად, კამას ერთხელ რომ გადაკრეფ და გაყიდი, მისი გადაკრეფა კიდევ რამდენჯერმე შეიძლება, პრასი კი ორწლიანი კულტურაა, თანაც რეალიზაციისათვის ძირიანად ითხრება და მისგან აღარაფერი რჩება. ამას უნდა დავამატოთ პრასის მოყვანისათვის გაწეული ბევრად მეტი ხარჯი, ვიდრე კამას ან ქინძს სჭირდება.

პრასი ევროპული კულტურაა და ძველთაგანვე აფასებენ სარგებლიანობის გამო. მაგალითად, რომში მას "ხმის მომყვან" კულტურად მიიჩნევდნენ, ალბათ, ფიტონციდური თვისებების გამო. ინგლისში "პრასის მეგობართა საზოგადოებაც" არის, სადაც ამ კულტურის მოყვანის თავ-თავიანთ ტექნოლოგიას ფერმერები ერთმანეთს უზიარებენ. ასე რომ, ევროპას თავისთვის საკმარისი პრასი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათაც ჰყავთ პრასის იმპორტიორები, ძირითადად, ირანი ან თურქეთი, სადაც პრასის მოყვანა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, იქიდან იმპორტიც იაფია. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩვენს პრასს არ ითხოვენ. სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ქინძიცა და კამაც ირანიდან შეაქვთ, მაგრამ ვინაიდან მომხმარებელს ის ნაკლებად მოსწონს, გამყიდველები ირანულ პროდუქციაში ქართულ ქინძსა და კამას ურევენ სურნელისა და გემოს მისაცემად. გემოვანი თვისებებითა და სურნელით ჩვენი მწვანილი ნამდვილად უკეთესია ირანულზე. ჩვენი მწვანილის გემოვან თვისებებს კლიმატი და ნიადაგი წარმოქმნის.

- ვინაიდან ქართულ ბაზარზე იმპორტირებულ პრასზე მოთხოვნა გაჩნდა, არ არის ლოგიკური, რომ ჩვენი ფერმერებიც ბაზრის მოთხოვნებით იხელმძღვანელებენ და ქართული პრასის მოყვანას დაიწყებენ?

- კითხვა ლოგიკურია. შესაბამისად, მეც ლოგიკურად უნდა გიპასუხოთ - ასეც იქნებოდა, მით უფრო, რომ ჩვენ ქართული პრასის ჯიშიც გვაქვს გამოყვანილი, მაგრამ ასე არ არის და ეჭვი მეპარება ჩვენში პრასის მოყვანა სათბურებში დაიწყოს. საქმე ის არის, რომ როგორც კი ჩვენი ბიზნესი რამის დეფიციტს ამჩნევს, ეს პროდუქცია ჩვენს ბაზარზე მაშინვე შემოაქვს. ჩვენმა ფერმერებმა კიდეც რომ დაიწყონ პრასის მოყვანა, ეს ბევრად ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე იმ ქვეყნებში უჯდებათ, საიდანაც პრასი შემოგვაქვს, მაგალითად, თურქეთში ან ნიდერლანდებში. ამის შემდეგ ჩვენს შედარებით ძვირ პრასს იმპორტირებული იაფი პრასი ჩაძირავს. ამიტომაც არ უღირთ ფერმერებს პრასის მოყვანა, მით უფრო, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ისედაც ბევრი რამ შეცვალა და ფერმერები პროდუქციის შეზღუდულად წარმოებაზე გადავიდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტით უკრაინასა და რუსეთში გადიოდა.

- იმპორტირებული, მაგრამ ჩვენთან შედარებით ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია დიდი პრობლემაა ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ქართულ პროდუქციას ხალხი უკვე ეძებს.

- თავისუფალ ვაჭრობას დადებითი მხარეც აქვს, კერძოდ, ფასების ლავირება, რაც აწყობს მყიდველს. არც მეპარება ეჭვი, რომ ჩვენი ფერმერები ამჟამინდელ პრობლემებს დასძლევენ. პრასი მართლაც ძვირფასი ბოსტნეული კულტურაა და ჩვენმა სოფელმა მართლაც ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად, მით უფრო, რომ ძალიან გამძლე ორწლიანი კულტურაა - თითქმის ყოველგვარ ნიადაგსა და კლიმატს ეგუება. კულინარიაში პრასს ბადალი არა ჰყავს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მარადმწვანეა - როდესაც სხვა ბოსტნეული "მიძინებულია", მუდამ სასარგებლო პრასი კვლავაც მწვანე და ცოცხალია. ამაშიც არის მისი ეგზოტიკა.

- დიახ, ადამიანს გააკვირვებს პრასის სასარგებლო თვისებების გაცნობა, სიმსივნის პროფილაქტიკისთვის ხომ საუკეთესოა, პარალელურად, ორგანიზმს შხამიანი ტოქსინებისაგან ათავისუფლებს.

- პრასს სხვა ბევრი დადებითი თვისებაც აქვს. ვისურვებდი, ეს ჩვენს სოფლებში ყველგან გაითვალისწინონ, მით უფრო, რომ პრასის თესვის პერიოდი ძალიან მალე, ადრეულ გაზაფხულზეა.