უცნობი მეფე - კვირის პალიტრა

უცნობი მეფე

სათაურს არასწორად ნუ გაიგებთ. პელეზე ყველაფერი შეიძლება თქვა, "უცნობის" გარდა. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე! სახელი, რომელიც მთელ მსოფლიოში იციან. "ფეხბურთის მეფე", ბრენდი, ყველაფერი საუკეთესოს ეპითეტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, უნიკალური საფეხბურთო მონაცემებისა და შედეგების მოთამაშე, რომელსაც კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 1283 გოლი (ოფიციალურ და არაოფიციალურ მატჩებში), ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. მონარქის გარეშე ფეხბურთი რამდენიმე დღის წინ დარჩა და რადგან პელესა და მის საოცარ კარიერაზე ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვით, გთავაზობთ ფეხბურთის ნაცნობი "მეფის" უცნობ ფოტოებს:

p2-1673279565.jpg

1971 წლის 30 მარტი: ელისეს მინდვრებზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა "ცოცხლად" ენახათ "ფეხბურთის მეფე" - პელე მსოფლიო თასით. რამდენიმე თვით ადრე, მექსიკაში გამართულ მუნდიალზე, პელე მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რაც დღემდე რჩება უნიკალურ შედეგად.

p3-1673279565.jpg

გამოფენა სახელწოდებით: "პელე: ხელოვნება, ცხოვრება, ფეხბურთი". ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პოზირებს ფოტოსურათების წინ, რომლებზეც მისი ყველაზე ცნობილი "მაკრატელაა" აღბეჭდილი. 2015 წლის სექტემბერი.

p4-1673279565.jpg

პელე ცრემლს ვერ იკავებს მისთვის მეორე საქორწინო ცერემონიალის დროს (ბრაზილიელ ფსიქოლოგსა და მგალობელ ასირია სეიშას ლემოსზე "ფეხბურთის მეფემ" 1994 წლის აპრილში იქორწინა). სამი ქორწინებიდან პელეს შვიდი შვილი ჰყავს.

p5-1673279565.jpg

1997 წლის ოქტომბერი. პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრის რანგში მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონს. რიო-დე-ჟანეიროს კამპ მანგუერას სკოლას შეუძლია იამაყოს, რომ მის საფეხბურთო მოედანზე ბურთი მეფეს და პრეზიდენტს გაუგორებიათ.

p6-1673279565.jpg

პროფესიული კარიერა პელემ 16 წლის ასაკში "სანტოსში" დაიწყო და კლუბის მაისურით გამართულ 636 მატჩში... 618 ბურთი გაიტანა! მშობლიური კლუბის შემადგენლობაში ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ექვსჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, ორ-ორჯერ მოიგო "ლიბერტადორესის თასი" და საკონტინენტთაშორისო თასი.

p7-1673279565.jpg

პრეტორია, 1995 წლის მარტი: გაღიმებული პელე და ნელსონ მანდელა. "ფეხბურთის მეფე" ხანგრძლივი კარიერისა და ცხოვრების განმავლობაში უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვდა. მანდელა ერთ-ერთი მათგანია.

p8-1673279566.jpg

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პელემ არაერთ (მათ შორის, სარეკლამო) გადაღებაში მიიღო მონაწილება. ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს პარიზში, საფრანგეთის ნაციონალური ლატარიის რეკლამირებისას.

p9-1673279566.jpg

პელე და კილიან მბაპე. პარიზი, 2019 წლის აპრილი. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ავტოგრაფიანი მაისური უსახსოვრა 20 წლის კილიანს. სხვათა შორის, მონაცემებისა და შედეგების გათვალისწინებით, სწორედ მბაპეს აქვს ყველაზე კარგი შანსი, გააუმჯობესოს პელეს უნიკალური შედეგები.

p10-1673279566.jpg

პელეს და მარადონას ნახვა არა მარტო ყველა დროის სამ საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალში, ერთ ჰამაკშიც შეგეძლოთ. ფოტო გადაღებულია რიოში, 1995 წლის 13 მაისს. "მოვა დრო, როცა მე და დიეგო ფეხბურთს ზეცაში ვითამაშებთ", - პელემ ეს სიტყვები ორი წლის წინ, მარადონას გარდაცვალების შემდეგ თქვა... და ეს დრო უკვე მოვიდა.