"ეს ფსიქიკაშერყეული საზოგადოების მდგომარეობაა... რა ცუდია, ეს მდაბალი გრძნობა ჩვენში ძალიან დიდი დოზით ყოფილა ჩაკირული და ჩამარხული" - კვირის პალიტრა

"ეს ფსიქიკაშერყეული საზოგადოების მდგომარეობაა... რა ცუდია, ეს მდაბალი გრძნობა ჩვენში ძალიან დიდი დოზით ყოფილა ჩაკირული და ჩამარხული"

საქართველოში კიდევ ერთ შობა-ახალ წელს აღნიშნავენ... რა მდგომარეობაშია ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და რა უნდა ვიღონოთ, რომ მომავალ თაობებს უკეთესი საქართველო დავახვედროთ? - ამ და სხვა საკითხებზე მამა პეტრეს (კვარაცხელია) ვესაუბრეთ.

- ჩვენს საუბარს ყველაზე მთავარი თემით დავიწყებ - ეს არის მადლიერება. ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყველაფრისთვის, რაც მის ცხოვრებაში ხდება და რა მოცემულობაშიც იმყოფება, ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება დიდ ტვირთად გადაიქცევა. თითქოს მადლიერების განცდა სადღაც დაიკარგა: ეს თვისება დაკარგეს ადამიანებმა და დაკარგა მთელმა ქართველმა საზოგადოებამ. ყველანი მიდრეკილი ვართ უარყოფითისკენ, ჩვენ გარშემო მხოლოდ ცუდს ვეძებთ და მერე ამ ცუდის გარშემო ვტრიალებთ. ნეგატიურ გარემოცვაში ყოფნა თავის კვალს ყოველთვის ტოვებს, რადგან ნეგატივი უკან ბუმერანგივით ბრუნდება.

- როდესაც ირგვლივ ამდენი ცუდი რამ ხდება, ადამიანი უნებურად გადადის ნეგატიურ ტალღაზე, ეს ხომ ბუნებრივია?

- რა თქმა უნდა, ჩვენ უკიდურესად დაძაბულ დროში გვიწევს ცხოვრება. ამ დაძაბულობას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ყველა დაგვზაფრა! თანამედროვე ადამიანი მძიმე სულიერ მდგომარეობაშია, რაც ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ირგვლივ საკმაოდ მძიმე ფონია: ყოველდღიური დაპირისპირება, შუღლი, დაძაბულობა ჩვენი ყოფის ნაწილი გახდა, რაც ძალზე სამწუხაროა. საერთო ფონი კიდევ უფრო დაამძიმა მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ. ამ ამბავმა მეც ბევრ რამეზე დამაფიქრა, როგორც ნებისმიერი ქართველი, ვისაც ამ ქვეყნის ბედი, მისი მომავალი აწუხებს. დამაფიქრა იმაზე, რომ აბსოლუტურ სიყალბესა და ფარისევლობაში ვცხოვრობთ და სულ ტყუილად გვგონია, რომ მორწმუნეები, აღმსარებლები და მაზიარებლები ვართ.

- რატომ?

- ამ ერთი ადამიანის მაგალითზე ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა, ჩვენი მაცოცხლებელი ენერგია შურისძიება ყოფილა. რასაკვირველია, მესმის, ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც უნდა იყოს ის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ჩემთვის გამაოგნებელი იცით, რა არის? - ვერ წარმომედგინა, თუ ვიღაცის განადგურება, ავადმყოფობა ან სიკვდილი ასეთ სიხარულს მოგვანიჭებდა. სწორედ ამ მოვლენამ დამანახვა, რომ ჩვენ ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში ვყოფილვართ. სულ ტყუილად გვგონია, რომ 2023 წელი ჩვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის. ვისაც შურისძიების წყურვილი ამოძრავებს, ეს ემოცია 2022 წლიდან 2023 წელშიც გადმოჰყვება და მისთვის ყველაფერი ძველებურად იქნება. წლების ცვლილებით გარემო სასიკეთოდ არ შეიცვლება, თუ ადამიანმა თვითონ არ გადაწყვიტა, რომ უნდა შეიცვალოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი წლის ან შობის აღნიშვნა ვერაფერს გვიშველის. ჩვენი საზოგადოების ნაწილს შობის აღნიშვნა საშობაო სუფრის გაწყობა ჰგონია, რაც ძალზე სამწუხარო მდგომარეობაა: საშობაო გოჭის ან ინდაურის შეძენა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დიდი დღესასწაულის თანამონაწილენი ვხდებით. მთავარია გავიაზროთ, ჩვენს სულში რა არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი და რა მანკიერებებს უნდა ვებრძოლოთ...

- მამაო, უმეტესობა რატომ ვერ ახერხებს ამას?

- ალბათ იმიტომ, რომ თავის სულიერ მდგომარეობაზე დაფიქრება არავის სურს: ამოვიჩემებთ ერთ ადამიანს, მნიშვნელობა არა აქვს, რაიმე დააშავა თუ არა, ვდგავართ და კოლექტიურად ვლანძღავთ და ვაგინებთ. კოლექტიური ფსიქოლოგია ყველაზე დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისთვის. შეიძლება ვიღაც ცდება და შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად შევცდებით და უფრო დიდ ცოდვას ჩავიდენთ, თუ ჩვენს მიზნად ვინმეს განადგურებას დავისახავთ. უკვე ვთქვი, რომ ცხოვრება ბუმერანგია და ზუსტად ის დაგვიბრუნდება უკან, რასაც სხვებს ვუსურვებთ. ამიტომ, მომავლისგან რაღაც განსაკუთრებულს ნუ ველოდებით, თუ სხვებისთვის დადებითი ემოცია, დადებითი ენერგეტიკა არ გვემეტება. იმისათვის, რომ ახალმა წელმა, შობამ და ნებისმიერმა დიდმა დღესასწაულმა სიკეთე მოგვიტანოს, უნდა ვეცადოთ, სხვებისთვის კარგი გვსურდეს.

- სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ასეთია: მისი ხელისუფლების დროს ბევრი ადამიანი დაიჩაგრა, ბევრი უსამართლოდ დაისაჯა, რის გამოც, ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოსო...

- დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ შურისძიება არა მხოლოდ ქრისტიანობას, არამედ ყოველგვარ ადამიანობას ეწინააღმდეგება და გამორიცხავს. ქრისტიანული მორალი გვასწავლის, რომ შური საკუთარ მტერზეც არ უნდა ვიძიოთ. როდესაც ქრისტეს ჰკითხეს, რა არის მორწმუნის უმთავრესი მცნებაო, მან უპასუხა - გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენი... ჩვენ როგორ ვიქცევით?.. თუ ვინმემ კარგად შეფუთული, ძვირფასი საჩუქარი მოგვაწოდა, ჩვენი მოყვასი გვგონია და ყველაფერს ვპატიობთ. პარალელურად, თუ ვინმე ჩვენგან შენდობას ითხოვს, მაგრამ მისგან მატერიალურ სარგებელს არ ველოდებით, მაშინვე ჩავქოლავთ და გავანადგურებთ. ეს ფსიქიკაშერყეული საზოგადოების მდგომარეობაა და თუ ჩვენ ამ თვისებებისგან არ გავთავისუფლდებით, არც ჩვენს საზოგადოებაში იქნება სასიკეთო ცვლილებები და არც ჩვენს ცხოვრებაში. მიზეზი მარტივია: ადამიანი თავად ქმნის სიტუაციას თავის ოჯახში, გარემოცვაში და ბოლოს, ის განსაზღვრავს ქვეყნის მდგომარეობას. ამიტომ, კონკრეტულ ადამიანებში მომხდარი სასიკეთო ცვლილებები განაპირობებს სასიკეთო ცვლილებას საზოგადოებასა და მთელ ქვეყანაში.

- თქვენ თუ გაქვთ ასეთი ცვლილების მოლოდინი?

- ჯერჯერობით ვერ ვატყობ, რომ შეიძლება ჩვენში სასიკეთო ცვლილება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ადამიანი დამნაშავეა, კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს, მაგრამ მის მიმართ განხორციელებული შურისძიება უკიდურესად ნეგატიურ ველს ქმნის საზოგადოებაში და ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში. შურისძიების სურვილი ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან არ უნდა მოდიოდეს, ამით დამნაშავე კი არ ზარალდება, პირველ რიგში, მე და თქვენ ვზარალდებით. რა ცუდია, ეს მდაბალი გრძნობა ჩვენში ძალიან დიდი დოზით ყოფილა ჩაკირული და ჩამარხული. როდესაც მე ვიღაცის ცუდად ყოფნა მიხარია და მინდა, რომ ის კიდევ უფრო ცუდად გახდეს, ეს უკვე დიაგნოზია: ამით ისევ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ბინძურდება. გამოდის, რომ სიცრუეში ვცხოვრობთ: ტყუილად ვეგებებით შობას, ტყუილად ვმარხულობთ და ვლოცულობთ. და თუ ჩვენს აზროვნებაში არაფერი იცვლება, მაშინ ამ ფასადურ, ხელოვნურ სულიერებას რა მნიშვნელობა აქვს?

- მამაო, ზოგს ჰგონია, რომ მარხვა მხოლოდ საკვებზე უარის თქმას ნიშნავს.

- მარხვის მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად ეხება საკვებს. შეიძლება ვიღაც მხოლოდ მცენარეულ საკვებს ჭამდეს, მაგრამ მეორე ადამიანი "შეჭამოს" სულიერად და ფსიქიკურად, მიწასთან გაასწოროს და გაანადგუროს. ამიტომ, მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის. მარხვის არსი ისაა, რომ ადამიანმა თავი შეიკავოს მანკიერებისგან, შურისგან, ბოღმისა და შურისძიებისგან; არ შეიძლება ადამიანი მარხულობდეს და თან ღმერთს სთხოვდეს, რომ ვისზეც ის არის ნაწყენი, განადგურდეს, მოკვდეს და გაუბედურდეს... ეს არ არის მარხვა! მარხვა ნიშნავს, რომ სხვა არ გძულდეს, არ განიკითხო და სხვისთვის ცუდი არ მოისურვო. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს მანკიერებები ჩვენში ჩავკლათ. ვიდრე ჩვენი ერის დიდი ნაწილი ასე არ მოიქცევა, ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებთ და სასიკეთო ცვლილებებიც არ შეგვეხება: სულ ასე დაქსაქსულნი ვიქნებით. ყველაფერს მტერს ვაბრალებთ, მაგრამ ჩვენი ერის უმთავრესი მტერი არის შურისძიებით, აგრესიითა და ერთმანეთის სიძულვილით შეპყრობილი ქართველობა! სიძულვილი ყველაზე საშიში იარაღია, რომლითაც ჩვენი მტერი ყოველთვის სარგებლობს. ჩვენ რომ ერთმანეთის მტრობა და შუღლი არ გვჭირდეს, ვერავინ მოგვერეოდა, მაგრამ ისევ გახლეჩილები ვართ და სხვისი იმედით ვცხოვრობთ: გვგონია, რომ თუ ვინმეს დაველოდებით, რაღაც გვეშველება. კიდევ ერთხელ ვიტყვი: არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენ თავად არ მოვინდომებთ, რომ ქვეყანაც შევცვალოთ და საკუთარი თავიც.

- დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომიც გახდა. ამის თაობაზე რას გვეტყვით?

- უკრაინის ომმა ქართველი ერის ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა: აშკარა გახდა, რომ ქართველების ნაწილი გადარჩენის გზას ისევ რუსეთში ეძებს. ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია: არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ადამიანი არ მძულს, მაგრამ რუსეთმა ჩემს სამშობლოში უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, რასაც ახლა უკრაინაშიც სჩადის. ამაზე თვალის დახუჭვა ყველაზე დიდი შეცდომა და ბოროტებაა. უმძიმესი მდგომარეობაა, როცა ადამიანი ბოროტების მხარეს დგება და მას ამართლებს.

- უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე რას ფიქრობთ?

- როდესაც ადამიანი უკრაინისთვის იბრძვის, ის ამავდროულად საქართველოსთვისაც იბრძვის. დარწმუნებული ვარ, ბრძოლის ველზე, მათ თვალწინ აფხაზეთი და სამაჩაბლო უდგათ, თავისი ქვეყნის მდგომარეობაზე ფიქრობენ და ამის გამო, ორმაგი მონდომებით იბრძვიან. როდესაც დღის წესრიგში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გათავისუფლება დადგება, დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნის შვილებიც ასევე მხარში დაგვიდგებიან, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. ამიტომ, ჩვენი მეომრები მარტო უკრაინის კი არა, საქართველოს გაერთიანებისთვისაც იბრძვიან. მე დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული თითოეული ქართველი მოხალისის მიმართ და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - დიდება გმირებს!

- 7 იანვარს საქართველო ქრისტესშობას ზეიმობს. შობის წინა დღეებში რას უსურვებთ ჩვენს დაქსაქსულ ხალხსა და ქვეყანას?

- სინანულს, სინანულს და მხოლოდ სინანულს. და კიდევ: სხვისი სიხარულით გახარებას. ჩვენ ხომ ვნატრობთ სიკეთეს ჩვენი ოჯახისთვის?! ასევე უნდა გავიხაროთ სხვისი სიკეთითაც. თუ ჩვენ გვერდით თუნდაც ერთი ადამიანი უბედურია, მაშინ ბედნიერები ჩვენც ვერ ვიქნებით. ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ერთმანეთისთვის ღიმილი და სიხარული. მხოლოდ ამ შემთხვევაში დამკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში უფლის მადლი და ჭეშმარიტი ბედნიერება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"