"ბრიტანელთა შემართება, ვლადიმერ პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, სუსტდება" - კვირის პალიტრა

"ბრიტანელთა შემართება, ვლადიმერ პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, სუსტდება"

ბრიტანული "დეილი ტელეგრაფი" (The Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ბრიტანელთა შემართება, ვლადიმერ პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, სუსტდება" (ავტორი - რიჩარდ დანატი, გენერალი, დიდი ბრიტანეთის გენშტაბის ყოფილი უფროსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყოველ სამხედრო კონფლიქტს ყოველთვის აქვს თავისი დინამიკა, რომლის საფუძველს შექმნილი გარემოებისადმი არმიის სწრაფი ადაპტაცია წარმოადგენს. პირველი მსოფლიო ომის გენერლებს [ანტანტის ქვეყნებიდან] თავდაპირველად ხშირად საყვედურობდნენ, რომ ისინი არმიებისადმი ხელმძღვანელობის დროს შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ ომში გაწვეული სამოქალაქო პირების სამხედრო ყაიდაზე გარდაქმნა და მათი "ერთ მუშტად შეკვრა" მოკლე დროში იოლი ნამდვილად არ იყო. საბოლოოდ, 1918 წლის ასდღიანი შეტევა, რომლის მომზადებას საკმაო დრო დასჭირდა, მათ წარმატებით დაასრულეს. დღეს უკრაინა და რუსეთი ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგანან: გაიმარჯვებს ის, ვინც შეძლებს თავისი შეიარაღებული ძალების სწრაფ და ეფექტიან ადაპტაციას და ტრანსფორმაციას.

ვლადიმერ პუტინისა და გენერალ სერგეი სუროვიკინისათვის ძირითადი გამოწვევა იმით გამოიხატება, თუ როგორ ჩამოაყალიბონ და მოამზადონ ახალი სამხედრო ძალები, რომელთა მეშვეობით საგაზაფხულო შეტევის განხორციელება იქნება შესაძლებელი (...)

ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნისათვის ძირითადი გამოწვევა იმით გამოიხატება, თუ როგორ მოაგროვონ იარაღი და სად, რომელი მიმართულებით განალაგონ საარმიო ქვედანაყოფები გადამწყვეტი სამხედრო კამპანიისათვის.

უკრაინას დღეს, რუსეთთან შედარებით, გარკვეული უპირატესობა აქვს, მაგრამ რა შედეგებს მოიტანს სამომავლო ბრძოლები, ამაში ჯერჯერობით კიევი მტკიცედ დარწმუნებული არ არის. დიახ, უკრაინელები - როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე - სამოქალაქო მოსახლეობა, ნამდვილად შეუპოვრად იბრძვიან და მოტივირებულები არიან ომში გამარჯვებისათვის, არჩეული გზისა და თავიანთი ცხოვრების წესის დასაცავად. დიახ, დასავლეთი ენერგიულად ეხმარება უკრაინელებს მიზნის მიღწევაში, მაგრამ... ეს საკმარისი არ არის.

2014 წლიდან კიევი აქტიურად სარგებლობდა დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით, მათ შორის - დიდი ბრიტანეთიდანაც. რასაკვირველია, ეს პროცესი უფრო დაჩქარდა 2022 წლის თებერვლიდან. ამჟამად უკრაინის არმიის ტრანსფორმაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დასავლეთის მხარდაჭერამ, რომელშიც აშშ და დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს, უკრაინა უზრუნველყო იმ იარაღით და სხვა სამხედრო აღჭურვილობით, რითაც კიევი ბრძოლას აგრძელებს და ომი არ წაუგია.

უკრაინისათვის გადაცემულმა თანამედროვე ახლო მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო იარაღმა ("ჯაველინებმა" და NLAW-ებმა) თავიანთი როლი შეასრულეს - ჩააქრეს რუსი არმიის საწყისი შეტევა. თანამგზავრული კავშირის სისტემამ - Starlink-მა უკრაინის არმიის ოპერატიული მართვის სისტემის ტრანსფორმაცია უზრუნველყო. მაგრამ ფაქტია, დასავლეთმა მხოლოდ ახლა დაიწყო კიევის ვედრების "შესმენა" უკრაინის არმიისათვის შემტევი შეიარაღების გადასაცემად.

ფრანგებს განზრახული აქვთ მსუბუქი ტანკების (AMX-10) მიცემა, ამერიკელებმა 50 ცალი ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანა "ბრედლი" უნდა გაუგზავნონ, გერმანელები თავიანთი ჯავშანმანქანების - "მარდერების" პარკის დიდ ნაწილს მისცემენ. და რას აკეთებენ ამ დროს ბრიტანელები? რატომ არ ბაძავს ლონდონი ვაშინგტონს, პარიზსა და ბერლინს, რატომ არ აძლევს კიევს სახმელეთო საბრძოლო ტექნიკას?

მკაცრი რეალობა ისაა, რომ დიდ ბრიტანეთს მისაცემი თითქმის არაფერი აქვს. ამჟამად დღის წესრიგში დგება ჩვენი არმიის მრავალწლიანი დაუფინანსებლობის საკითხი. წარმოიდგინეთ: 1970-იანი წლების CVR(T)-ის ტიპის ჯავშანმანქანები უიმედოდ არიან მოძველებულნი, ხოლო ჩვენს ძირითად ტანკს - "ჩელენჯერს" დიდი ხანია, მოდერნიზება სჭირდება, ისევე, როგორც "უორიორს". მაგრამ რადგანაც მათი განახლება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, "უორიორი" ექსპლოატაციიდან იხსნება და, ალბათ, ჯართად გადაიქცევა.

იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჯავშნიანი "უორიორი" უკრაინელებს ვაჩუქოთ? ძველია, მაგრამ წრთვნების პროცესში მაინც გამოადგებათ. ჩვენ საკმაოდ ბევრი ინსტრუქტორი გვყავს პოლონეთში, რომლებსაც უკრაინელებისათვის გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა შეუძლიათ.

იმ საკითხების გადადება, რომელთა გადაჭრა დღესაა აუცილებელი, დამარცხების წინაპირობას წარმოადგენს. დღემდე ჩვენ უკრაინას ვეხმარებოდით, რომ ომი არ წაეგო, ახლა კი ომის მოსაგებად უნდა დავეხმაროთ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ