კიმ ფილბი და რიჰარდ ზორგე: საბჭოთა დაზვერვის ყველაზე ცნობილი “სამხრეებიანი ჟურნალისტები“ - კვირის პალიტრა

კიმ ფილბი და რიჰარდ ზორგე: საბჭოთა დაზვერვის ყველაზე ცნობილი “სამხრეებიანი ჟურნალისტები“

დღეს საბჭოთა დაზვერვის ყველაზე ცნობილ “სამხრეებიან ჟურნალისტებზე“: კიმ (ჰაროლდ) ფილბიზე (1912-1988) და რიჰარდ ზორგეზე (1895-1944) ვისაუბროთ. მათ ორი რამ აქვთ საერთო: ისინი საბჭოთა დაზვერვის აგენტები იყვნენ და ორივე ჟურნალისტის პროფესიას იყენებდა ჯაშუშობის შესანიღბად.

კიმ ფილბი ინდოეთში დაიბადა, სადაც მისი მამა, ინგლისელი არისტოკრატი სენტ-ჯონ ფილბი დიდი ბრიტანეთის კოლონიალურ ადმინისტრაციაში მსახურობდა. კიმის მამა დიდი ექსტრავაგანტურობით გამოირჩეოდა: ერთხელაც უზრუნველი ცხოვრება და ოჯახი მიატოვა, მაჰმადიანობა მიიღო და ცოლად შვილისტოლა არაბი გოგონა შეირთო, ბედუინებთან ერთად ცხოვრობდა და საუდის არაბეთის პირველი მეფის, იბნ-საუდის კეთილგანწყობითაც სარგებლობდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კიმ ფილბის ავანტურისტული ბუნება გენეტიკურად მოსდგამდა.

17 წლის კიმ ფილბი პრესტიჟული კემბრიჯის უნივერსიტეტის, თრინითი-კოლეჯის სტუდენტი გახდა. 1930-იანი წლების დასწყისში ლონდონის კემბრიჯის უნივერსიტეტი და მისი თირინთი კოლეჯი, ისევე როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტი (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის კონტრდაზვერვა აქტიურად მუშაობდა განათლების სისტემაში სხვა ქვეყნების დაზვერვების შეღწევის თავიდან ასაცილებლად) საბჭოთა აგენტების “სამჭედლო” გახდა. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლები შემთხვევით არ იყო შერჩეული: იქ განათლებას იღებდა დიდი ბრიტანეთის მომავალი პოლიტიკური ელიტა, დიპლომატიური კორპუსი და სპეცსამსახურების “ჯეიმს ბონდები”.

ინგლისში არსებული საკადრო პოლიტიკის ღრმა ანალიზის შედეგად საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მომავალი აგენტურის მოსაძებნად კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტი საუკეთესო ვარიანტი იყო. კიმ ფილბი ოცი წლისაც არ იყო, რომ სოციალისტური იდეებით “მოიწამლა” და მალევე აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში, აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო საბჭოთა დაზვერვამდე. ოფიციალური ცნობებით, მისი გადაბირება 1934 წლის ივნისის დასაწყისში განახორციელა ინგლისში არალეგალურად მოქმედმა საბჭოთა მზვერავმა არნოლდ დეიჩმა. მალევე, საბჭოთა დაზვერვის რჩევით, კიმ ფილბიმ ჟურნალისტობას მიჰყო ხელი და უკვე ორ წლის შემდეგ ის ცნობილი ინგლისური გაზეთის „Times“ თანამშრომელი გახდა. ასევე მოსკოვის დავალებით ანტიფაშისტმა კიმ ფილბიმ . . . ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა დაიწყო. მას, როგორც „ჟურნალისტს“, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა სხვადასხვა ადამიანებს და დაესვა კითხვები ისე, რომ დაეჭვება არ გამოეწვია. კიმმა დაიწყო რეგულარულად მოგზაურობა ბერლინში, რამაც საშუალება მისცა გერმანიაში გაეჩინა ინფორმაციის რამდენიმე წყარო, მათ შორის გერმანიის პროპაგანდის სამინისტროში. 1936 წლის ბოლოს ფილბის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა: საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იგი გაეგზავნა სადაზვერვო მისიით ესპანეთში, სადაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ფილბის მოუწია მუშაობა ფრანკოს (რომელსაც მხარს უჭერდა იტალია და გერმანია) მომხრეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ფილბი ესპანეთში იმყოფებოდა, როგორც ჟურნალისტი და "ნაცისტური გერმანიის გულწრფელი მეგობარი".

კიმ ფილბი 1937-1939 წლებში „Times“ სპეციალური კორესპონდენტი იყო ესპანეთში და გენერალ ფრანკოს გარემოცვაში დიდი ნდობა მოიპოვა. საბჭოთა ხელისუფლება იმ პერიოდში ფრანკოს ლიკვიდაციას გეგმავდა, ამ ოპერაციაში კიმ ფილბის მთავარი როლო ეკისრებოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს სპეცოპერაცია ჩაიშალა. სწორედ ჟურნალისტიკამ გაუხსნა გზა კიმს დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის უმაღლესი ეშელონებისკენ.

1956 წელს კიმ ფილბი ინგლისური გაზეთის „Observer“ და ჟურნალ „Economist“ კორესპონდენტის საფარქვეშ მოქმედებდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში: როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომელი , რეალურად კი საბჭოთა აგენტი.

b2-1673333928.jpg
რიჰარდ ზორგე

1920-იანი წლების ბოლოს “კომინტერნის” (კომუნისტური ინტერნაციონალი) სადაზვერვო განყოფილების მიერ გადაბირებული ახალგაზრდა გერმანელი კომუნისტისა და ჟურნალისტის რიჰარდ ზორგეს (“რამზაი”) სახელი წლების შემდეგ მითიური გახდა. საბჭოთა პროპაგანდა მას მიაწერდა დაუჯერებელ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, მისგან სათაყვანებელი კერპი შექმნეს და მისი სახელი მთლიანად საბჭოთა დაზვერვის ძლიერების სიმბოლოდ აქციეს. რეალურად კი “რამზაის” სადაზვერვო საქმიანობა ძალზე “შუქ-ჩრდილიანი” იყო.

რიჰარდ ზორგე 1895 წელს დაიბადა ბაქოში, მამა გერმანელი, დედა კი რუსი ჰყავდა. XX-ე სუკუნის დასაწყისში ოჯახი გერმანიაში დაბრუნდა. ზორგე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა ფეხში, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა. 1925 წელს ის გაემგზავრა საბჭოთა კავშირში და “კომინტერნის” სისტემაში დაიწყო მოღვაწეობა. 1929 წელს საბჭოთა სამხედრო დაზვერვის შეფმა იან ბერზინმა მას დაზვერვაში მუშაობა შესთავაზა.

უკვე 1930 წლიდან ზორგე, რომელიც გერმანელი ჟურნალისტის ლეგენდით მოქმედებდა, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელებმა ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ჩინეთსა და მანჯურიაში მიავლინეს. 1933 წლის 6 სექტემბერს გერმანული გაზეთის “ფრანკფურტენ ცაიტუნგის” საკუთარი კორესპონდენტი რიჰარდ ზორგე უკვე ტოკიოში გამოჩნდა. ორ წელში მან ინტერნაციონალური სადაზვერვო ჯგუფი შექმნა.

ზორგეს ჯგუფის უდაო წარმატებად იაპონიაში ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის ორგანიზება უნდა მივიჩნიოთ. თავად “რამზაი” ტოკიოში გერმანიის საელჩოს ხშირი და სასურველი სტუმარი იყო. ერთი პერიოდი საელჩოს პრეს-ატაშეს პოსტიც ეკავა. მეგობრობდა იაპონიაში გერმანიის ელჩთან ეიგენ ოტთან, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა კი მის მეუღლესთან - ჰელგასთან ჰქონდა. საერთოდ, ზორგე რეგულარულად უთავსებდა ერთმანეთს ამურულ თავგადასავლებს, უგონოდ სმას, მოტოციკლით “ჯირითს” და აგენტურულ საქმიანობას. განუწყვეტელი ლოთობის გამო ზორგეს იმდენად მძიმე ავარიები მოუხდა, რომ ექიმებმა რამდენჯერმე ხელახლა “ააწყვეს”.

საინტერესოა, რომ იაპონიის კონტრდაზვერვამ სულ სათითაოდ გადათვალა “რამზაის” მიჯნურები და პედანტურად დააფიქსირა: იაპონიაში ყოფნის რვა წლის მანძილზე ზორგეს 40-მდე სხვადასხვა ეროვნების მანდილოსნისთვის “გაუკრავს კბილი”. საბოლოო ჯამში სწორედ ავანტურიზმი, უდისციპლინობა და კონსპირაციის ელემენტარული წესების უგულვებელყოფა გახდა 1941 წლის შემოდგომაზე მისი სადაზვერვო ჯგუფის ჩავარდნის მიზეზი.

ზორგეს ჯგუფმა საბჭოთა ხელისუფლებას ორი უმნიშვნელოვანესი ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა, რომელთგან ერთმა დიდი გავლენა მოახდინა მოსკოვის გადარჩენაში.

1941 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული “რამზაი” სისტემატურად აცნობებდა ცენტრს გერმანიის საომარი მზადების შესახებ და უთითებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის სავარაუდო თარიღებს. სხვადასხვა მიზეზის გამო “დიდი ბელადი” – სტალინი, ზორგეს და სხვა მზვერავების ანალოგიურ შეტყობინებებს . . . ინგლისის პროვოკაციად მიიჩნევდა და არ ითვალისწინებდა.

ზორგეს მეორე შეტყობინება ომში გერმანიის მოკავშირე – იაპონიის ჩართვას ეხებოდა. ზორგეს იაპონელმა აგენტებმა შეძლეს უტყუარი ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, რომ 1941 წელს იაპონია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმოდა. ამან საშუალება მისცა სტალინს, რომ შორეულ აღმოსავლთში დისლოცირებული დივიზიები დასავლეთის ფრონტზე, მოსკოვის გასამაგრებლად გადაესროლა.

რიჰარდ ზორგე 1941 წლის 18 ოქტომბერს დილას დააკავეს, როცა გერმანიის ელჩის მეუღლის ვილიდან დარდიმანდულად გამოდიოდა. იაპონელი გამომძიებლები საკმაოდ კორექტულად ეპყრობოდნენ ზორგეს. არ ყოფილა ცემის ან წამების შემთხვევები. ამის მიუხედავად, ერთ “მშვენიერ” დღეს “რამზაიმ” საბეჭდი მანქანა მოითხოვა და . . . ყველაფერი ჩამოარაკრაკა.

იაპონელები გაოცებული კითხულობდნენ ზორგეს ჩვენებებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მისი ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის სრულიად საიდუმლო ფაქტებს. “რამზაიმ” პირადი ინიციატივით იაპონიის კონტრდაზვერვას გადასცა: საბჭოთა კავშირში პოლიტიკური და სადაზვერვო გადაწყვეტილებების მიღების სქემა ანუ “შიდა სამზარეულო”; “კომინტერნის” სადაზვერვო საქმიანობის საიდუმლო დეტალები; იაპონიაში და ჩინეთში საბჭოთა აგენტურის ზუსტი მონაცემები; მოსკოვთან კავშირის შიფრ-კოდები და ა.შ.

ასე, რომ საბჭოთა დაზვერვის კერპმა „მოლაყბე დიაცივით“ “გუდას მოხსნა” და მტერს ყველაფერი ჩაუკაკლა. ზორგეს ეს “გმირობა” სტალინისთვის მალევე გახდა ცნობილი და ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ საბჭოთა დიქტატორს თითი არ გაუნძრევია “რამზაის” დასახსნელად. სამი წელი ელოდნენ იაპონელები საბჭოთა კავშირის წინადადებას, მერე კი 1944 წლის 7 ნოემბერს (თარიღიც სპეციალურად შეარჩიეს) რიჰარდ ზორგე ჩამოახრჩვეს.

b3-1673334025.jpg
ლეონიდ კოლოსოვი

საბჭოთა “სამხრეებიანი ჟურნალისტების” მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია კა-გე-ბეს ოფიცრის, იმავდროულად იტალიაში გაზეთ “იზვესტიის” სპეციალური კორესპონდენტის, ლეონიდ კოლოსოვის (1926 – 2008) აქტიური მონაწილეობა ე.წ. “საუკუნის პროექტის” - იტალიური კონცერნ “ფიატის” მიერ საბჭოთა კავშირში საავტომობილო ქარხნის მშენებლობის განხორციელებაში.

აღნიშნული ხელშეკრულება 1966 წლის 16 აგვისტოს გაფორმდა. მანმადე კი დიდი ფარული ბრძოლები მიმდინარეობდა. საავტომობილო ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსები სესხის სახით იტალიურ მხარეს უნდა გამოეყო და მათვე უნდა ეწარმოებინათ საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. იტალიური მხარისათვის ხელსაყრელი იყო კრედიტის 7 %-ად გაცემა, საბჭოთა მხარე კი ჯიუტად მხოლოდ 5 %-ზე იყო თანახმა. როდესაც დიპლომატები ვერ შეთანხმდნენ, საქმეში უკვე საბჭოთა დაზვერვა ჩაერთო. იტალიის პარლამენტსა და მთავრობაში მოქმედი მრავალრიცხოვანი საბჭოთა აგენტურის და იტალიის კომპარტიის ლიდერის პალმირო ტოლიატის აქტიურობის წყალობით, კრემლმა მისთვის სასურველ მიზანს მიაღწია: კრედიტი მინიმალურ პროცენტში მიიღო და ამით, იმ დროისთვის დიდი თანხა - 40 მლნ დოლარზე მეტი დაუზოგა საბჭოთა იმპერიას. სწორედ მას შემდეგ მომრავლდნენ ახალი “ჟიგულები” საბჭოთა კავშირში.

“ცენტრმა” ლეონიდ კოლოსოვის ეს წარმატება “დიდად” დააფასა და მივლინებით მოსკოვში დაბრუნებულ მზვერავ-ჟურნალისტს, იჟევსკის საიარაღო ქარხნის მიერ დამზადებული სანადირო თოფი საჩუქრად გადასცა. 40 მილიონი დოლარის ეკონომიის სანაცვლოდ ორასი მანეთის ღირებული სანადირო თოფი: ამგვარად „დაუფასდა“ ლეონიდ კოლოსოვს საბჭოთა იმპერიის სამსახური.

პ.ს. ერთ–ერთ მკითხველს, „კოტეს“, აინტერესებდა ლუსტრაციის საკითხები. მინდა შევახსენო: გასული წლის 7 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსი მასალაა გამოქვეყნებული ამ თემაზე.