"საქეიფო ადგილას გაკეთებული გვაქვს სცენა, სადაც კონცერტებს ვუწყობთ მეგობრებს. ხანდახან ქსოვრელებიც ჩვენთან არიან და ლადო დუდუკების თანხლებითაც მღერის" - კვირის პალიტრა

"საქეიფო ადგილას გაკეთებული გვაქვს სცენა, სადაც კონცერტებს ვუწყობთ მეგობრებს. ხანდახან ქსოვრელებიც ჩვენთან არიან და ლადო დუდუკების თანხლებითაც მღერის"

მსოფლიო ბარიტონის - ლადო ათანელის ჯადოსნური საახალწლო ამბები, საფირმო გოზინაყი და ოჯახური იდილია

"მსოფლიო თეატრების სცენაზე საახალწლო შეხვედრებიდან პირველი დასამახსოვრებელი იყო მილანის ლა-სკალაში ვერდის ოპერა “მაკბეტი“, - იხსენებს მსოფლიო ბარიტონის მეუღლე, პიანისტი მანანა ჩიქოვანი... წყვილი 6 წელია, რაც ბერლინიდან სამშობლოში გადმოვიდა საცხოვრებლად და დღესასწაულებსაც აგარაკზე, საგურამოს ულამაზეს გარემოში აღნიშნავენ. ქალბატონ მანანას ოჯახურ საახალწლო ტრადიციებზე ვესაუბრეთ...

- ქალბატონო მანანა, რა არის ის აუცილებელი რამ, რასაც ახალ წელს უეჭველად ამზადებთ ხოლმე, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოთ?

- როგორც ყველა ქართველის ოჯახში, უპირველესად, კეთდება გოზინაყი, რომელსაც ლადო ამზადებს. ნაძვის ხე ჩვენთან არ იდგმება, სამაგიეროდ, უამრავი დეკორით ვრთავთ სახლს.

- დეკორს, ალბათ, თქვენ ამზადებთ, რადგან მხატვრული ნიჭიც აუცილებლად გექნებათ...

- დიახ, რასაკვირველია, მე ვაკეთებ. მოგეხსენებათ, მხატვრის ქალიშვილი ვარ და ეტყობა, ამაში გამოჩნდა მამის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ღირსების ორდენის კავალერის - შალვა ჩიქოვანის ნიჭის გაგრძელება...

- იგი ოპერის ყველაზე დამსახურებული მხატვარი იყო...

- მამამ 50 წელი იმუშავა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, უამრავი დადგმა განახორციელა - ისეთი აღსანიშნავი ოპერები, როგორებიცაა: ვერდის "აიდა”, “ტრავიატა”, გუნოს "ფაუსტი”, პუჩინის ”ტოსკა”, “მადამ ბატერფლაი“ და სხვა მრავალი... მისი ნახატები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. აღსანიშნავია, რომ შალვა ჩიქოვანი შავ ხავერდს იყენებდა სურათებისთვის და ამით სიღრმეს და თავისებურ ელფერს აძლევდა ნახატებს.

- ცნობილი ხელოვანი იყო დედაც...

- დედა - ვენერა ადამია-ჩიქოვანი იყო საქართველოს დამსახურებული მომღერალი, მეცო სოპრანო... თავდაპირველად იგი გუნდში მღეროდა, შემდეგ - მეორე, მთავარ პარტიებს ოპერებში, როგორიც იყო: ვერდის "რიგოლეტო”, ჩაიკოვსკის ”ევგენი ონეგინი”, გუნოს “ფაუსტი”, ფალიაშვილის”დაისი” და სხვა. იყო, აგრეთვე, ფილარმონიის სოლისტი.

- ალბათ, მსოფლიოს უდიდესი თეატრის სცენაზეც არა ერთხელ შეხვედრიხართ ახალ წელს...

- დიახ... პირველი დასამახსოვრებელი იყო მილანის ლა-სკალაში ვერდის ოპერა “მაკბეტი”. სპექტაკლები იყო 27, 29 და 3 იანვარს. მაესტრო - ნოდარ ანდღულაძე საგანგებოდ იყო ჩამოსული, მისი 70 წლის იუბილე იყო დეკემბერში და ლადომ მას მიუძღვნა პირველი "მაკბეტი". ერთად შევხვდით ახალ წელს... ასევე, დასამახსოვრებელი იყო იტალიის ქალაქი ტურინი, სადაც ლადო მღეროდა მასნეს ოპერას - "ტაისს”, სპექტაკლები იყო დეკემბრის ბოლოს და ამ ოპერის DVD მთელ მსოფლიოში გამოვიდა... ერთხელ ბათუმში იყო ქართველი საოპერო ვარსკვლავების კონცერტი. ლადომ ნეაპოლიტანური სიმღერა შეასრულა, შემდეგ იყო ბანკეტი.

- თქვენს აგარაკზე სასიამოვნო შეხვედრებს აწყობთ, რას ამზადებთ ხოლმე საახალწლო სუფრისთვის?

- მე ვამზადებ საცივს, შემწვარ ბადრიჯანს, სალათ "ოლივიეს", ტოლმას ვაზის ფოთოლში, მჭადებს ვაცხობ, ლადო მწვადებს წვავს... აგარაკზე, საგურამოში, ჩვენი საყვარელი მეგობრები მოდიან და მხიარული შეხვედრა გვაქვს. საქეიფო ადგილას გაკეთებული გვაქვს სცენა, სადაც მე და ლადო კონცერტებს ვუწყობთ ჩვენს მეგობრებს. ხანდახან ქსოვრელებიც ჩვენთან არიან და ლადო დუდუკების თანხლებითაც მღერის.

რაც შეეხება გოზინაყს, ლადო აკეთებს ასე: ჭრის ნიგოზს, მოხალავს ტაფაზე, ადუღებს თაფლს, ცოტა შაქარს ამატებს, შემდეგ - ნიგოზს და სამჯერ წამოადუღებს. მერე გადმოდგამს, ბოლოს გააბრტყელებს ხეზე და დაჭრის ძალიან სიმეტრიულად, ლამაზად და გოზინაყიც მზად არის! მერე გემრიელად მიირთმევს და თან თავს იქებს, რა გემრიელი გამომივიდაო.

- ოჯახის წევრებს საახალწლოდ საჩუქრების ტრადიციაც გაქვთ?

- არა, საახალწლო საჩუქრებს არ ვჩუქნით ერთმანეთს, მხოლოდ დაბადების დღეებზე.

- რამდენი წელია, რაც საქართველოში გადმოხვედით საცხოვრებლად და წელს კიდევ იმით გაქვთ განსხვავებული ახალი წელი, რომ პროექტში - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობთ...

- 6 წელია, რაც ბერლინიდან თბილისში გადმოვედით და ვინაიდან საგურამოში გვაქვს აგარაკი, ახალ წელს იქ ვხვდებით უმეტესად. წელს ლადომ პირველად მიიღო მონაწილეობა "ცეკვავენ ვარსკვლავებში”... არასდროს უცეკვია, არც ბავშვობაში და არც ოპერაში დასჭირვებია ცეკვა. ვფიქრობ, რომ კარგად გაართვა თავი ამ შემოთავაზებას.

მეორე ტურიდან გამოვიდა, ვინაიდან ევროპაში დაგეგმილ კონცერტებს ვერ გააცდენდა. ახლა, მიწვეულია 14 იანვარს, უნდა იმღეროს საახალწლო “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალში.

- როგორ აღნიშნავდით ბავშვობაში ახალ წელს?

- ბავშვობაში დედას მოჰქონდა დიდი ნაძვის ხე, მერე ერთად ვრთავდით და კარგად მახსოვს ნაძვის სუნი, ახლანდელ ნაძვს სუნი არა აქვს. წინათ, ბამბებს ვადებდით ტოტებზე და ქვემოთ, რომ თოვლის შეგრძნება ყოფილიყო. თოვლი მე, პირადად, არ მიყვარს, არც ზამთარი. მიყვარს გაზაფხული და ზაფხული. ლადოს შემოდგომა უყვარს, ეტყობა იმიტომ, რომ 9 სექტემბერს არის დაბადებული.

- რას უსურვებდით საახალწლოდ სამშობლოს? და მსოფლიო ბარიტონის საფირმო გოზინაყის რეცეპტი რომ გაგვანდოთ...?????

- საახალწლოდ საქართველოს ვუსურვებთ მშვიდობას და საქართველოს მთელ მოსახლეობას სულიერ სიმშვიდეს - ლადო ათანელი, მანანა ჩიქოვანი.

(სპეციალურად საიტისთვის)