სოლედარის დაპყრობით ბახმუტის ნახევრად ალყაში მოქცევას შეეცდებიან...
შობის დღესასწაულის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში ბრძოლების ეპიცენტრმა დროებით ბახმუტიდან სოლედარში გადაინაცვლა და ახლა ამ პატარა უკრაინული ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს ქუჩის სისხლისმღვრელი ბრძოლები.
სულ რაღაც 10-ათასიანი სოლედარი მილიონობით დიასახლისისთვის, მათ შორის - საქართველოშიც, ნაცნობ ასოციაცის აღძრავს,რადგან ამ ქალაქის მარილის საბადოებში მოპოვებული და დახარისხებული სუფრის მარილი თითქმის ყველა ჩვენგანის სამზარეულოში ერთხელ მაინც მოხვედრილა...
სწორედ მარილის საბადოები, რომელთა გამოყენება ჯერ კიდევ 1881 წლიდან დაიწყო, არის ამ ქალაქის უკრაინელი დამცველების მთავარი კოზირი, რომლებშიც ისინი თავს აფარებენ რუსი ოკუპანტების მიერ ამ ქალაქის გამუდმებული საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების დროს.
სოლედარს, ძირითადად, პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის - „ვაგნერის“ მებრძოლები უტევენ, რომელთა შეტევების უმთავრესი მიზანი მაინც ბახმუტის დაპყრობასთანაა დაკავშირებული.
საქმე ის არის, რომ სოლედარი ბახმუტიდან ათიოდე კმ-ში მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით და სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში, რუსი ოკუპანტები შეძლებენ ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციონ, ჩრდილოეთი მხრიდან.
ეს ბახმუტის დამცველებისთვის იმიტომაცაა სახიფათო, რომ ამ შემთხვევაში რუსი დამპყრობლები გადაკეტავენ ბახმუტი-იზიუმის მთავარ საავტომობილო მაგისტრალს, რაც ძალზე გააძნელებს ბახმუტში მებრძოლი უკრაინული შენაერთების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას.
სოლედარზე შეტევების წინაისტორია
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ქალაქ სოლედარზე პირველი რუსული საავიაციო დარტყმა 17 მაისს განხორციელდა, ხოლო 3 აგვისტოდან დაიწყო რუსი ოკუპანტების სახმელეთო შეტევა სოლედარის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები სოლედარზე, ისევე, როგორც ბახმუტზე, ხუთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს, კრემლმა სასურველ შედეგს ჯერჯერობით მაინც ვერ მიაღწია და მთლიანად ვერ დაიპყრო ეს ორი უკრაინული ქალაქი, თუმცა რამდენიმეთვიანი ინტენსიური დაბომბვების შედეგად, სოლედარშიც და ბახმუტშიც შენობა-ნაგებობების უდიდესი ნაწილი განადგურებულია და საცხოვრებლად აღარ გამოდგება.
ბახმუტისა და სოლედარის ქუჩებში გააფთრებული ბრძოლების შედეგად მოწინააღმდეგე მხარეებს, როგორც რუსებს, ისე - უკრაინელებს, ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ პირად შემადგენლობაში, რაც, ძირითადად, გამოწვეულია ინტენსიური საარტილერიო ცეცხლითა და ახლო მანძილზე ქუჩის ბრძოლებით.
პუტინის პირადი მზარეული პრიგოჟინი განსაკუთრებულ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ სოლედარში ბრძოლებს მხოლოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი „ვაგნერის“ მეომრები აწარმოებენ, რითაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შოიგუს თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირებას, რადგან მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სოლედარს, თითქოს, რუსეთის არმიის სადესანტო დანაყოფებიც უტევდნენ.
ფაქტია, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული პროფესიონალი მებრძოლები, რომლებიც „საზარბაზნე ხორცად“ ციხეებიდან გამოყვანილ პატიმრებს იყენებენ, ბევრად უფრო ეფექტიანად მოქმედებენ მრავალრიცხოვანი, მაგრამ მცირერიცხვიანი მოიერიშე ჯგუფების შეტევის ტაქტიკით, ვიდრე რუსეთის რეგულარული არმიის ქვეითი დანაყოფები.
„ვაგნერის“ მებრძოლების მიერ სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება პრიგოჟინის „აქციები“ პუტინის თვალში და, შესაბამისად, შემცირდება შოიგუსი.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უწევს დამატებითი ძალების გადასროლა ბახმუტი-სოლედარის თავდაცვითი ზღუდეების გასამაგრებლად, რაც დროში უკან წევს უკრაინის არმიის მოსალოდნელ კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყების დროს, რაც მოსკოვის ინტერესებში შედის.