"არ ვიცი რა ვქნა, შვილებს ამას ვერ ვეტყვი" - მწერალი ლელა ლაშხი თავს გადამხდარ ემოციურ ისტორიას ჰყვება - კვირის პალიტრა

"არ ვიცი რა ვქნა, შვილებს ამას ვერ ვეტყვი" - მწერალი ლელა ლაშხი თავს გადამხდარ ემოციურ ისტორიას ჰყვება

მწერალი ლელა ლაშხი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გაჩერებაზე კაცი ზის და ტირის. ბოლო ხმაზე მოთქვამს და ხელებს იშენს თავში. ხალხი მიდი-მოდის. გავჩერდი.ან ვის და რატომ შეუძლია ამ დროს გულგრილად გაიაროს, ამის გაგებას ვერ ვახერხებ ვერასდროს.

მინიმუმ ერთი კითხვა - როგორ ხართ? არ ვიცი. ვერ გადავაბიჯე ჩემს თავს.

- ბოდიში, გამარჯობა, რამე შემიძლია თქვენთვის გავაკეთო?არ ჩუმდება. ზლუქუნით მპასუხობს.

- გამარჯობა. მადლობა. არა, არაფერი შეგიძლიათ. ცდილობს უფრო ხმამაღლა იტიროს. ჩანთაში დოლიპრანი მაქვს და წყლის ბოთლი. მივუჯექი. მხარე დავადე ხელი, რომ მოეხედა. გავუწოდე ორივე. უსიტყვოდ გამომართვა. დალია წამალი. წყალიც. ცრემლებს იწმენდს. მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი ასე რომ ტირის კაცი. 40 წლისაც არ იქნება. არ ვეშვები მაინც.

- რა დაგემართათ? შემომხედა. სულ წითელი აქვს თვალები. ცხვირს იწმენდს და იფშლუკება.

- საავადმყოფოში მივდივარ.

- ავად ხართ?

- არა, ჩემი ცოლის ნივთები უნდა გამომატანონ. დილით გარდაიცვალა.

- ვაიმე, მაპატიეთ. ძალიან რთული ამბავია. ვერაფერს გეტყვით.

- ვიცი. უარესად ტირის. ვერ მოვითმინე და მხარზე მოვეხვიე. ადგა და მაგრად ჩამეხუტა. ხერხემალი ამტკივდა.

- ორი შვილი მყავს მაროკოში და დედას ელოდებიან. ჩამოვედით, რომ ემკურნალა და გვიანი აღმოჩნდა. ახლა არ ვიცი რა ვქნა. შვილებს ამას ვერ ვეტყვი. სიკვდილი მირჩევნია.

ვდგავართ ასე, ჩახუტებულები.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან. ტირის და ტირის. მისი მატარებელი მოვიდა.

- ამ წყალს წავიღებ. მაჯა გაისვა ცრემლების მოსაწმენდად. ზუსტად ისე, ბაღის ბავშვებმა რომ იციან. მეც ავტირდი. შევიდა და სანამ კარი დაიხურებოდა მომაძახა.

- არაფრის შეგეშინდეთ ცხოვრებაში, სიკვდილის გარდა. მატარებელი წავიდა “ - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლელა ლაშხი