"ჩინეთი აცნობიერებს, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი "მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ" გადაიქცევა" - რას წერს Financial Times-ი - კვირის პალიტრა

"ჩინეთი აცნობიერებს, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი "მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ" გადაიქცევა" - რას წერს Financial Times-ი

ბრიტანულმა გაზეთმა "ფაინენშელ თაიმსმა" (Financial Times) გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - "სი ძინპინის გეგმა ეკონომიკის გადატვირთვისა და ევროპელ-აზიელი მეგობრების დაბრუნების მიზნით" (ავტორები - ჯეიმს კინჯი, სუნ იუ და სინინგ ლიუ).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

ჩინეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების კვალობაზე, რაც "კოვიდ-19"-ის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული მკაცრი საკარანტინო წესების გაუქმებაში გამოიხატა, დანაკარგები კანონზომიერად მატულობს. მართალია, კომუნისტური ოფიციოზი გარდაცვლილების, ფაქტობრივად, უცვლელ (და იმავდროულად - არარეალურ) ციფრებს აქვეყნებს, მაგრამ ფაქტია, რომ მასმედიაში მატულობს ნეკროლოგები - დაწყებული ხანდაზმული საზოგადო მოღვაწეებით, მეცნიერებით და დასრულებული საკმაოდ ახალგაზრდა ცნობილი საოპერო მომღერლებით. გასაგებია, თუ რა დღეში იქნებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები.... ქვეყნის მილიონიან ქალაქებში საავადმყოფოები გადაჭედილია დასნებოვნებული ადამიანებით, იგრძნობა ანტივირუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატების მწვავე დეფიციტი... არაოფიციალური პროგნოზებით, ჩინეთში "კოვიდ-19"-ის ახალი ტალღის შედეგად, სავარაუდოდ, დაახლოებით, ერთ მილიონი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს.

ასეთი პერსპექტივა არა მარტო იმიჯს ულახავს სი ძინპინს - ქვეყნის ყველაზე ძლიერ და გავლენიან ლიდერს, მაო ძედუნის შემდეგ, არამედ დიდ სირთულეებს უქმნის ჩინეთის კომპარტიის პროპაგანდისტულ ორგანოებს, რომლებიც ადრე ჩინეთს კოვიდთან ბრძოლაში დასავლეთის წინაშე ბოლო ორ წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად წარმოსახავდნენ. ახლა პარტიის აგიტაცია-პროპაგანდის სტრუქტურებში ქაოსის სიმპტომები ჩანს...

მაგრამ ამ ქაოსის მიღმა ჩინეთის საგარეო და საშინაო-ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური გადატვირთვაც მიმდინარეობს: ჩინელი ოფიციალური პირებისა და სამთავრობო ჩინოვნიკების თქმით, პეკინი იწყებს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიმართულია დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ: ძირითადი ყურადღება ეთმობა ევროპასთან დამოკიდებულებას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერის გამო, რუსეთ-უკრაინის ომში.

უნდობლობა მოსკოვისადმი

სი ძინპინის დიპლომატიის გადატვირთვის საწყის წერტილად ითვლება ის, რომ პეკინმა გადააფასა თავისი მჭიდრო ურთიერთობები მოსკოვთან. ჩინეთი ახლა აცნობიერებს, რომ კრემლს არ შეუძლია უკრაინაზე გამარჯვება და როცა კონფლიქტი დასრულდება, რუსეთი "მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ" გადაიქცევა - მნიშვნელოვნად გამოფიტული ეკონომიკით და დასუსტებული დიპლომატიით მსოფლიო არენაზე.

მიუხედავად საჯარო განცხადებებისა ორმხრივ მეგობრობაზე, კერძო საუბრებში ზოგიერთი ჩინელი ოფიციალური პირი ვლადიმერ პუტინის მიმართ გარკვეული დონით უნდობლობას გამოხატავს. მაგალითად, ხუთმა ჩინელმა მაღალჩინოსანმა "ფაინენშელ თაიმსის" ჟურნალისტებთან ინკოგნიტოდ განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტს მას შემდეგ აღარ ენდობიან, რაც ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინი საქმის კურსში არ ჩააყენა უკრაინაში შეჭრის წინ. მართალია, 2022 წლის 4 თებერვალს ორივე ლიდერმა პეკინის მოლაპარაკების დროს "უსაზღვრო მეგობრობა" გამოაცხადა, მაგრამ, რადგანაც შეხვედრის სტენოგრამა დღემდე არ გამოქვეყნებულა, არავინ იცის, სინამდვილეში უთხრა თუ არა რამე რუსმა ლიდერმა თავის ჩინელ კოლეგას უკრაინასთან უკვე გამწვავებული სიტუაციის შესახებ. ერთ-ერთმა ჩინელმა ჩინოვნიკმა, რომელიც საქმის კურსში იყო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, "ფაინენშელ თაიმსს" აცნობა, რომ ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს ასე უთხრა - "რუსეთი არ გამორიცხავს ყველანაირი ზომის მიღებას, თუ უკრაინელი სეპარატისტები რუსეთის ტერიტორიას თავს დაესხმებიან და ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევენო".

გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს ნამდვილი განზრახვა დაუმალა და არ ჩათვალა იმ პიროვნებად, რომელსაც იგი ენდობოდა. მართალია, მოგვიანებით, 27 ოქტომბერს, მან ჩინელი კოლეგა მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსად შერაცხა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მოსკოვმა პეკინს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განზრახვა დაუმალა, ორი ქვეყნის ურთიერთობას ჩრდილი მიაყენა.

სხვათა შორის, როგორც ჩინური წყაროები ამბობენ, სი ძინპინმა იმის გამო, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 თებერვლიდან 23 თებერვლამდე რუსული საიდუმლოს გამოცნობა ვერ შეძლო, თუ როდის შეიჭრებოდა რუსეთის არმია უკრაინაში, "ჯავრი მინისტრის მოადგილეზე და რუსეთთან კავშირების პასუხისმგებელ პირზე - ლე იუჩენზე იყარა" - იგი პოსტიდან მოხსნა და სხვა, უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანა. "ლე იუჩენი, ჩინური პარტიული იერარქიის მიხედვით, ორი დონით უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშნეს, იგი დამნაშავედ იქნა შერაცხული, რომ ვერ მოიპოვა ის დიპლომატიური სადაზვერვო მასალები, თუ როდის დაიწყებდა რუსეთი "სპეცოპერაციას" უკრაინის წინააღმდეგ", - ამბობს ინკოგნიტო ჩინელი მაღალჩინოსანი.

კურსი დასავლეთისკენ?

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ამჟამად ჩინეთის მთავარი მიზანია, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან როგორმე ურთიერთობა აღადგინოს და პოლიტიკური იზოლაცია თავიდან აიცილოს. ძირითადი ყურადღება ეთმობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომელიც პეკინის მოსკოვთან დაახლოების გამო დაზარალდა.

"ამჟამად ჩინეთმა გააცნობიერა, რომ ერთდროულად ძალიან დიდი რაოდენობის ქვეყანას მტრობდა, მათ შორის ["პირველი სამყაროს"] - ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს, რომლებიც მის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ", - ამბობს ჟან-პიერ კაბესტანი, ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და სინოლოგი, ჰონკონგის უნივერსიტეტიდან, - ამიტომაც პეკინი ცდილობს ევროპის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის "კარზე დაკაკუნებას", აგრეთვე - აშშ-ის აზიელ მოკავშირეებთან (იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან) და პარტნიორებთან (მაგალითად, ვიეტნამთან).

ევროკავშირი ჩინეთის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად მიიჩნევა, რამდენიმე ევროპელი კომპანია ჩინეთის ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანეს ინვესტორად ითვლება.

ჩინეთის დიპლომატიურ გადატვირთვას უკვე მოაქვს გარკვეული შედეგები: გასული წლის ნოემბერში გერმანიის კანცლერის - ოლაფ შოლცისა და ევროპის კავშირის პრეზიდენტის - შარლ მიშელის პეკინში ვიზიტს მიმდინარე წლის იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონისა და იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის - ჯორჯია მელონის ვიზიტი მოჰყვება.

მოსალოდნელია, რომ ფრანგი ლიდერი გერმანელი კანცლერის გზას გაჰყვება და ჩინეთთან ურთიერთობას აშშ-საგან "განცალკევებით" არ განიხილავს და არ მისცემს პეკინს იმის შესაძლებლობას, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობაში განხეთქილება დათესოს. მაგრამ, როგორც ჟან-პიერ კობესტანი ამბობს, "ჩინეთი მაინც შეეცდება, ისარგებლოს ემანუელ მაკრონის ამბიციებით ე.წ. სტრატეგიული ავტონომიის შესახებ და სოლი ჩასვას ევროპისა და ამერიკის ურთიერთობებში".

გარდა ამისა, ჩინეთი კარგად აცნობიერებს იმას, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების სურვილის შეკავებაში ევროპისათვის საიმედო ბურჯს წარმოადგენს: "პეკინი ყოველთვის ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიოდა", - ამბობს სიუზან შირკი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ჩინური ცენტრის დირექტორი, - "ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ, როცა სი ძინპინი ევროპელ ლიდერებს ამ საკითხზე ესაუბრება, მას ამ საკითხში რუსეთთან დისტანცირების ხაზგასმა სურს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ