"ცელქი ბავშვები ლიდერები არიან... თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გავაცელქოთ... ის ანგრევს, მაგრამ ხვალინდელ დღეს აშენებს..." - კვირის პალიტრა

"ცელქი ბავშვები ლიდერები არიან... თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გავაცელქოთ... ის ანგრევს, მაგრამ ხვალინდელ დღეს აშენებს..."

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ცელქი ბავშვების შესახებ საუბრობსდა აღნიშნავს იმას, თუ რატომ არ უნდა დაუშალოს მშობელმა შვილს სიცელქე, როგორი უნდა იყოს ამ დროს სწორი მიდგომა და სამომავლოდ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას წარმატების მიღწევაში:

- ცელქი ბავშვი მომავალს აშენებს, მომავლის მშენებლობას სწავლობს. შევხედოთ ცელქ ბავშვს, რას აკეთებს? - ვითომ გმირია, ხმალი უჭირავს, მანქანები აქვს, ვითომ ცხენზე ზის და გარშემო დარბის. ვითარებას ცვლის, საკუთარ თავშიც და გარემოშიც. რასაკვირველია, დედას არ მოეწონება, რომ ბავშვმა აქეთ-იქით მიყაროს რაღაცები, იხტუნოს, გადმოხტეს, არ დაუჯეროს და სხვა ამგვარი. მაგრამ, ამ ქცევებში ისინი მომავლის მშენებლობას სწავლობენ. ცელქი ბავშვები ლიდერები არიან. შესაძლოა, ახლა საპირისპირო აზრი შევთავაზო მშობლებს, მაგრამ თუ ბავშვი არ ცელქობს, უნდა გააცელქოთ. უნდა გააცელქოთ, რომ მასში აზრი გააღვიძოთ. ცელქი ბავშვი ანგრევს, მაგრამ ხვალინდელ დღეს აშენებს. ცელქი ბავშვი ნერვებს გვიშლის, მაგრამ მომავალს აწყნარებს. სიცელქე დიდობის გარანტიაა. მაშ, როგორ მოვექცეთ დღეს ბავშვის ცელქობას? გავღიზიანდეთ, დავუშალოთ ეს სიცელქე? დავაშინოთ? შეიძლება მამამ ისეთი მკაცრი სიტყვა უთხრას, მართლაც დაშინდეს და აღარ გააკეთოს ის, რაც უფროსებს ნერვებს უშლის. გვინდა, რომ შვილი დაშინებით გავზარდოთ?

როგორ მოვიქცეთ ბავშვის სიცელქის დროს? - ერთი, ჩავყვეთ სიცელქეში. ჩვენც მასთან ერთად ვიცელქოთ და ამ ცელქობაში რაღაცას მიმართულება შევუცვალო. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე სახლში მივედით და ვნახეთ, ჩვენს შვილს, პაატას სკამები გადაუქცევია და რომ ვკითხეთ, რას აკეთებდა, გვითხრა, რომ გემს აშენებდა. ასეთ დროს ორი ვარიანტია, ან ავუკრძალოთ, ან თავად გავხდეთ მეზღვაური. ბავშვის გაზრდისთვის რომელი ჯობს - მე შევიდე მის თამაშსა და სიცელქეში თუ ავუკრძალოთ სიცელქე? რასაკვირველია, სიცელქეში რაღაც ფუჭდება, იმტვრევა, მაგრამ ბავშვს რომ ამ სიცელქეში შეეშველები და მიმართულებას მისცემ, ის უფრო ჭკვიან სიცელქეში გადადის. ამიტომ, თუ ბავშვი არ ცელქობს, გავაცელქოთ და ჩვენც ჩავერთოთ მის სიცელქეში. ოჯახში მამა უნდა იყოს ყველაზე დიდი ცელქი. რატომ უნდა უხაროდეს ბავშვს მამის მოსვლა? იმიტომ, რომ მოვა რა მამა, სახლში ყველაფერი შეიცვლება, ხალისით შემოვა, ვიღაცას ჰაერში აისვრის, დაიჭერს. ასეთი მამა უნდა ბავშვს და არა მამა, რომელიც სულ დაღლილი მოდის და შვილს ეტყვის, რომ თამაში არ უნდა.

გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო