"ვაგნერის" მიერ სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში "პუტინის მზარეული" შოიგუს სავარძელს დაუმიზნებს... - კვირის პალიტრა

"ვაგნერის" მიერ სოლედარის დაპყრობის შემთხვევაში "პუტინის მზარეული" შოიგუს სავარძელს დაუმიზნებს...

10-11 იანვრის ყინვიანი ღამე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისთვის, რომლის დაცვას უკრაინელები გასული წლის 3 აგვისტოდან ახორციელებენ...

პუტინის "პირად მზარეულად" ცნობილი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" მოიერიშე დანაყოფებმა, გააფთრებული ქუჩის ბრძოლების შედეგად, მოახერხეს სოლედარის დასავლეთ ნაწილში გაღწევა და ოპერატიულ ალყაში მოაქციეს ქალაქში საბრძოლველად დარჩენილი 500-იოდე უკრაინელი სამხედრო.

ჯერჯერობით იმის მტკიცება, რომ სოლედარი სრულიად დაიპყრეს რუსმა ოკუპანტებმა, არ შეიძლება, მაგრამ საქმე უფრო აქეთკენ მიდის...

ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერისთვის", რომლის დაქირავებული პროფესიონალი მებრძოლები საუცხოოდ არიან შეიარაღებულნი და აღჭურვილნი (ამასთან - "საზარბაზნე ხორცად" იყენებენ ციხეებიდან გამოყვანილ პატიმრებს, რომლებსაც შეტევაში წინ უშვებენ). სოლედარის დაპყრობას წმინდა სამხედრო თვალსაზრისის გარდა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება.

საქმე ის არის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს გასული წლის ზაფხულის შემდეგ არც ერთი უკრაინული ქალაქი არ დაუპყრიათ, პირიქით, მოუწიათ კუდამოძუებული გამოქცევა ბალაკლეიადან, იზიუმიდან, კუპიანსკიდან და ბოლოს - თვით ხერსონიდანაც კი, ამიტომაც ფრონტის ხაზზე თითქმის ნახევარწლიანი სამხედრო წარუმატებლობისა, რუსეთის ხელისუფლებისთვის უდიდესი პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს, თავის მრავალმილიონიან მოსახლეობას და მთელ მსოფლიოსაც აჩვენოს, რომ მის არმიას ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინის ახალი ქალაქების დაპყრობა...

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ათიათასიანი სოლედარის (ამჟამად ამ ქალაქში მხოლოდ 500-ოდე მაცხოვრებელიღა იყო ჩარჩენილი, ისიც იმიტომ, რომ ბოლო წუთებამდე უარს ამბობდა ევაკუაციაზე) დაპყრობა ვერაფრით გადაწონის ოკუპირებული ხერსონიდან გამოქცევას. პრიგოჟინი თავისი "ვაგნერის" ამ შესაძლო გამარჯვებას ეცდება, ბოლომდე სათავისოდ გამოიყენოს და კიდევ უფრო ჩააჩოჩოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ რუსეთის პოლიტიკური ოლიმპიდან...

პროგიჟინი ორი დღეა, მასმედიაში გამწარებულად იძახის, რომ სოლედარის იერიშს მხოლოდ "ვაგნერის" მებრძოლები ახორციელებენ და არც შოიგუს თავდაცვის სამინისტროს მედესანტეები და არც სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რეპუბლიკის" რაზმები ამ შეტევებში არ მონაწილეობენ ანუ პრიგოჟინს სურს, გამარჯვებულის სახელი მხოლოდ მას დარჩეს და ამით პრეზიდენტ პუტინს დაუმტკიცოს, რომ ის, რაც ვერ შეძლო ასიათასიანმა რუსეთის რეგულარულმა ჯარმა, მოახერხა მისმა კერძო არმიამ - "ვაგნერმა"...

2-prigozhini-1673428573.png
არადა იყო დრო, 21 წლის წინ, როდესაც პუტინის „პირადი მზარეული“ - პრიგოჟინი აშშ-ის პრეზიდენტ ბუშ-უმცროსს სუფრასთან ფეხისწვერებზე მდგომი ემსახურებოდა...

პრიგოჟინის მომავალი პოლიტიკური ამბიციები სახეზეა - მას აქვს დიდი ფული, ნაშოვნი მრავალრიცხოვანი გარიგებული ტენდერებიდან და ჰყავს არანაკლებ 50-ათასიანი საუცხოოდ შეიარაღებული და აღჭურვილი კერძო არმია, პროფესიონალი მებრძოლებითა და თავზეხელაღებული პატიმრებით დაკომპლექტებული, მაშინ რატომ არ ეკუთვნის სულაც... თავდაცვის მინისტრის სავარძელი?!

პრიგოჟინისა და შოიგუს დაპირისპირება ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, როდესაც პრიგოჟინის ფირმა "კონკორდს" რუსეთის შეიარაღებული ძალების მთელი პირადი შემადგენლობის გამოკვების მრავალმილიარდიანი ტენდერის ხელში ჩაგდება სურდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრი შოიგუ ის ჩიტი არ იყო, რომ ასეთი მსუყე ლუკმა სხვისთვის დაეთმო და არა - მისი ახლობლების ფირმებისთვის გადაეცა...

პრიგოჟინ-შოიგუს მრავალწლიან პირად შუღლში, სოლედარის დაპრობის შემთხვევაში, პრიგოჟინი კიდევ უფრო გაიძლიერებს თავის პოზიციებს პუტინთან, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტი მისთვის შემდგომი ტრამპლინი შეიძლება აღმოჩნდეს თვით რუსეთის პრეზიდენტობის პოსტზე გასაჭრელადაც...

ვინმემ შეიძლება იკითხოს, სად პუტინის "პირადი მზარეული" - პრიგოჟინი და სად თავდაცვის მინისტრობაო? მაგრამ შეგახსენებთ, რომ არც სერდიუკოვს (ვინც აგვისტოს ომის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრი გახლდათ) გაუცვეთია სამხედრო ჩექმები პლაცზე მარშირებით, ის სრულიად სამოქალაქო პირი გახლდათ და "ტაბურეტნიკსაც" იმიტომ ეძახდნენ, რომ თავდაცვის მინისტრის კაბინეტში მოკალათებამდე ავეჯის დიდი ბიზნესი ჰქონდა.

რაღა შორს წავიდეთ, იცით, რომ თვით არმიის გენერალ შოიგუს... ერთი დღეც არ უმსახურია საბჭოთა ჯარში?

მე, ამ ბლოგის ავტორს, 1992 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ დამწყები სამხედრო კორესპონდენტის რანგში, ცხინვალთან, ყოფილი საშვეულმფრენო პოლკის შტაბის შენობაში (ეს რუსი "სამშვიდობოების" სწორედ ის შენობაა, რომელიც დანგრეულ მდგომარეობაში მთელმა მსოფლიომ იხილა აგვისტოს ომის დროს), სიტყვიერი ცხარე დაპირისპირება რომ მომივიდა შოიგუსთან (რომელიც კონფლიქტების მოგვარების რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის რანგში იმყოფებოდა საქართველოში), მაშინ ის პოლკოვნიკის სამხრეებს ატარებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სოხუმში, უკვე გენერალ-მაიორის წოდებით ესაუბრებოდა ქართული არმიის სარდლობას. არადა არ მოიპოვება არავითარი ოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორ მიიღო პოლკოვნიკობამდე სხვა წოდებები შოიგუმ.

პიგოჟინი, რომელსაც მხარს უბამს რამზან კადიროვიც, ამ ომის დაწყების შემდეგ ცდილობს, ჩამოაგდოს შოიგუ-გერასიმოვის დუეტი და თუ თავდაცვის მინისტრის ჩანაცვლებას თავად პრიგოჟინი აპირებს, გენშტაბის უფროსის სავარძელს "გენერალ არმაგედონისთვის" - სუროვკინისთვის ამზადებს.

სწორედ იმ გენერალ სუროვკინისთვის, რომელმაც თავისი დაუნდობლობით ჯერ კიდევ სირიის ომში გაითქვა სახელი და ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალებს სარდლობს და, ამასთანავე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალია.

ისე კი, სუროვკინმა თავისი დაუნდობელი სახე ჯერ კიდევ 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს აჩვენა, როდესაც კაპიტნის წოდების მქონე ბატალიონის მეთაურის რანგში, მოსკოვის ცენტრში ქვეითთა საბრძოლო მანქანით გადაუარა სამ მომიტინგეს.

სოლედარის შესაძლო დაკარგვა უკრანის არმიის თავდაცვით პოზიციებს ბახმუტთან, რა თქმა უნდა, მდგომარეობას გაურთულებს, რადგან გაჩნდება ბახმუტზე ჩრდილეთიდანაც შეტევის შესაძლებლობები და, ამასთანავე, ჩაიკეტება ბახმუტი-იზიუმის საავტომობილო გზა, რაც შეუძლებელს გახდის ამ მიმართულებიდან ბახმუტის დამცველების დამატებითი ძალებითა და საბრძოლო საჭურვლით მომარაგებას, მაგრამ ეს სამხედრო კატასტროფა არ არის.

უფრო უარესი იქნება, თუკი დაგვიანებული უკანდახევის გამო ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდება უკრაინის არმიის მებრძოლების დიდი რაოდენობა, რომელთა ნაწილი შეიძლება დაიღუპოს, ნაწილი კი - ტყვეობაში აღმოჩნდეს...