"ერთხელ, თენგიზმა ისეთი რამ გააკეთა, მოულოდნელობისგან მეტყველება დავკარგე" - თენგიზ სუხიშვილისა და ინგა თევზაძის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"ერთხელ, თენგიზმა ისეთი რამ გააკეთა, მოულოდნელობისგან მეტყველება დავკარგე" - თენგიზ სუხიშვილისა და ინგა თევზაძის სიყვარულის ამბავი

უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვა­დასხვა­ დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი­ იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.

ინგა თევზაძე

ქალბატონი ინგა მაშინ ჩავწერე, როცა თენგიზ სუხიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი მიილია. მაშინვე დამთანხმდა ინტერვიუზე, მით უმეტეს, გაიგო, რომ მათ სიყვარულზე უნდა გვესაუბრა.

ქალბატონმა ინგამ ბევრი რამ გაიხსენა მეუღლეზე და ხან ცრემლი გაუკრთებოდა თვალებში, ხან ღიმილი:

- მამაჩემი სამხედრო ინჟინერი იყო, ამიტომ ჩვენი ოჯახი (დედა, მამა, მე და ჩემი უმცროსი ძმა) კარგა ხანს რიგაში ვცხოვრობდით. მეექვსე კლასამდე იქ ვსწავლობდი, რუსულ სკოლაში. მერე გადმოვედით თბილისში, სკოლის დამთავრების შემდეგ რუსულ ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მაშინ ასეთი კანონი იყო - თუ მუშაობის სტაჟი არ გქონდა, უნდა გემუშავა და საღამოს დასწრებულზე გესწავლა.

მამამ მომიხერხა და მეცნიერებათა აკადემიაში დამაწყებინა მუშაობა. იქ ბევრი ახალგაზრდა მუშაობდა, ყველასთან ვმეგობრობდი. ერთ-ერთი, მურაზ ჯაფარიძე გადამეკიდა, ჩემი საცოლე ჟუჟუნა ართმელაძე სუხიშვილების დასის მოცეკვავეა, ნინო რამიშვილის დისშვილი. ანსამბლისთვის ლამაზ გოგოებს ეძებენ და უნდა წაგიყვანოო. მეცინებოდა და უარს ვეუბნებოდი, უნივერსიტეტში ვსწავლობ, ცეკვა რად მინდა, თან ამ ასაკში რაღა დროს ჩემი ცეკვის სწავლაა-მეთქი, მურაზი კი თავისას არ იშლიდა, ჟუჟუნას დეიდაშვილი ძალიან კარგი ბიჭია, უნდა გაგაცნოო.

თურმე რაც გიწერია, ვერ ასცდები.

სექტემბერში მამას ბათუმში მოუწია მივლინებამ და მეც წამიყვანა. "ინტურისტში" დავბინავდით. სწორედ იქ გავიცანი თენგიზი, თანაც მურაზის ჩარევის გარეშე.

მთელი თბილისის ცნობილი ბიჭები იქ იყვნენ: ჯანო ბაგრატიონი-უმცროსი, კოკა იგნატოვი, ჯანრი კაშია... სუხიშვილები ახალი დაბრუნებული იყვნენ ამერიკიდან. მათ ჯგუფს რომ ჩავუარე, გავიგონე, რა კარგი გოგოა, ნეტავ სადაურიაო (რუსი ვეგონე). გამეღიმა და გზა განვაგრძე, გაზეთები ვიყიდე და თვალიერება დავიწყე. მომიახლოვდა ერთი ბიჭი და "სოვეტსკი სპორტი" ხომ არ გაქვთო, მკითხა. ცოტა დავიძაბე. მერე გამომკითხა, რამდენი ხანია აქ ისვენებთ, ვისთან ერთად ხართო. ავყევი საუბარში. ბოლოს სასტუმროს ოთახამდე მიმაცილა. მაშინ არც ვიცოდი, ახალგაცნობილი თენგიზი თუ იყო.

tengiz-suxishvili-4-1673437939.jpg

მეორე დღეს მურაზი შემხვდა, ხელი მომკიდა და თენგიზთან მიმიყვანა, აი, ესაა ჟუჟუნას დეიდაშვილიო. ორივეს გაგვეცინა და ვუთხარით, რომ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს. არ დამავიწყდება მურაზის გაოცებული სახე. მერე თენგიზმა და მურაზმა ილიკოსა და ნინოსთან მიმიყვანეს. ორივეს ძალიან მოვეწონე, არ გინდა ჩვენთან იცეკვოო? უარი ვუთხარი, უნივერსიტეტში ვსწავლობ, თან ცეკვაც არ ვიცი-მეთქი. ჩვენ გასწავლითო. მაშინ ილიკო სპეციალურად დადიოდა რუსთაველსა და პლეხანოვზე და ლამაზ გოგონებს ეძებდა. ქალთა ცეკვები არ იყო ტექნიკურად რთული, ახლა გაცილებით გართულდა და მეტი დატვირთვა მიეცა. ასე რომ, ჩემს ასაკშიც შეიძლებოდა ცეკვის დაწყება.

თენგიზი ჩვენი გაცნობიდან მალევე გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში. როცა დაბრუნდა, მე უკვე ანსამბლში დავხვდი.

რაც შეეხება ჩვენს რომანს, ის გაცნობისთანავე დაიწყო. ბათუმში ისეთი ლამაზი დღეები იყო, სიკვდილამდე არ დამავიწყდება. თენგიზის მეგობრებთან ერთად ხან კატერით ვსეირნობდით ზღვაზე, ხან რესტორანში მივდიოდით, ხან კონცერტზე. თბილისში რომ დავბრუნდით, მეგობრებს მივახარე, შეყვარებული ვარ-მეთქი. თენგიზისგან სიურპრიზები არ მაკლდა, მაგრამ ერთხელ ისეთი რამ გააკეთა, მოულოდნელობისგან მეტყველება დავკარგე. მამაჩემს კვლავ მივლინება უწევდა ბათუმში, მეც მივყვებოდი. ბათუმიდან ოდესაში უნდა წავსულიყავით. თენგიზი დამპირდა, გაგაცილებო, მაგრამ ვერ მოვიდა რკინიგზის სადგურში და ძალიან გულდაწყვეტილი ვიჯექი კუპეში. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მამის მერიდებოდა, თორემ ვიღრიალებდი. მატარებელი დაიძრა, მაგრამ მცხეთაში 2 წუთის ნაცვლად დიდხანს გაჩერდა. მგზავრები აბუზღუნდნენ. სარკმელში გავიხედე, ნეტავ რა ხდება-მეთქი და, რას ვხედავ? თენგიზი მოქრის, ყველა ვაგონში იჭვრიტება და მეძებს. მატარებელი კი მისმა მეგობარმა, თენგიზ კიტოვანმა გააჩერა, რევოლვერით დაადგა მემანქანეებს, სანამ არ გეტყვით, არ დაძრათო. შეთანხმებული იყვნენ, მე რომ მნახავდა, ნიშანს მისცემდა კიტოვანს და ისიც გაათავისუფლებდა "დატყვევებულებს". ასეთი იყო თენგიზი, რომანტიკული, ზოგჯერ ძალიან ბობოქარი და შფოთისთავი, მაგრამ როცა დავოჯახდით, დადინჯდა, პრობლემებს ახლოს არ მაკარებდა, ყოველთვის თავად აგვარებდა ყველაფერს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მის გვერდით ბედნიერი ქალი ვიყავი. იხილეთ სრულად