"ლამპის შუქზე გატარებულ საღამოებს რომ ვიხსენებ, გულში სითბო მეღვრება... ახლა ყველა თავის გაჯეტში, აიპადშია თავჩაგრული" - კვირის პალიტრა

"ლამპის შუქზე გატარებულ საღამოებს რომ ვიხსენებ, გულში სითბო მეღვრება... ახლა ყველა თავის გაჯეტში, აიპადშია თავჩაგრული"

რატომ ახსენდება ტკბილად სოფიო გორდელაძეს "ბნელი 90-იანები" და რაში გამოიყენა მომღერალმა პანდემიის პერიოდი

სოფიო გორდელაძე ფრილანსერია, ანუ დამოუკიდებელი არტისტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. უყვარს ისეთი ადგილები, რომლებიც სიცოცხლით სავსეა, სადაც მძიმე აურა არ იგრძნობა, ხოლო იტალია იყო მისთვის პირველი ქვეყანა, სადაც ადაპტაცია არ გასჭირვებია და საქართველოს შემდეგ, თავი შინ იგრძნო. ამავეს განიცდის, როცა მექსიკას სტუმრობს, იქაც ყველა და ყველაფერი ახლობლად მიაჩნია. უყვარს მოულოდნელი სიურპრიზები, როცა მას უკეთებენ ან როცა თავად უწყობს სხვებს - თუნდაც საახალწლოდ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

"ყველანი ერთ ოთახში ვისხედით, რადგან სხვებს ვერ ვათბობდით და ლამპის შუქზე ვთამაშობდით ქალაქობანას, ნარდს; დედა ფორტეპიანოზე უკრავდა ან მე საათობით ვმეცადინეობდი. ვკითხულობდი დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას. შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს პოპულარული არ არის, მაგრამ მიყვარს რუსული ლიტერატურა..."

"ახლა ადამიანები ერთ ოთახში ვსხედვართ ხოლმე, მაგრამ ყველა თავის გაჯეტში, აიპადშია თავჩაგრული. იმ დროს კი ვსაუბრობდით და უდიდესი სიახლოვე იყო ჩვენ შორის. სიბნელეში, ლამპის შუქზე გატარებულ საღამოებს რომ ვიხსენებ, გულში ახლაც სითბო მეღვრება..."

"ბევრი შთაბეჭდილება მახსოვს ემოციისა და შეგრძნების დონეზე. ასევე, ხმებმა შეიძლება კონკრეტული მოვლენები გამახსენოს ან სურნელმა თუ ხმის ტემბრმა - ვიღაც ადამიანი. მახსოვს, ბებოს ყოველთვის ნაშუადღევს ძილი უყვარდა. სოფელში გვერდიგვერდ ორი სახლი გვედგა. როცა იღვიძებდა და თავისი სახლის კარს გამოიხურავდა, გასაღების ხმაზე უკვე ვიცოდი, რომ ჩვენთან მოდიოდა. ის ხმა თითქოს დღესაც ყურში ჩამესმის..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე