"კარგ ქალებს­ გაგაცნობ-მეთქი, დავპირდი მოსკოვში. უარი მითხრა, მერე ნინოს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო?!" - ნინო ხომასურიძის სიყვარული და დღემდე გაუნელებელი ტკივილი - კვირის პალიტრა

"კარგ ქალებს­ გაგაცნობ-მეთქი, დავპირდი მოსკოვში. უარი მითხრა, მერე ნინოს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო?!" - ნინო ხომასურიძის სიყვარული და დღემდე გაუნელებელი ტკივილი

უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვა­დასხვა­ დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი­ იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.

ნინო ხომასურიძე

ყველას ახსოვს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "შთამომავლობა" და დიდი ოჯახის ნაბოლარა წევრი, კნაჭა და კიკინებიანი გოგო, მსახიობი ნინო ხომასურიძე, რომელიც დღემდე გაუნელებელ ტკივილს ატარებს. აღარ ჰყავს უძვირფასესი ადამიანები: მეუღლე და ერთადერთი შვილი და მაინც ამბობს, რომ ბედნიერია, რამეთუ დიდი სიყვარული არგუნა ღმერთმა.

ქალბატონმა ნინომ ლამის დაუჯერებელი ამბავი მიამბო, ამბავი თავისი სიყვარულისა, რომელიც 13 წლის ასაკში ეწვია:

- პლეხანოვზე თბილისური სახლების ერთი ეზოდან მეორეში ველოსიპედით რომ დავქროდი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ზურა ბზიკაძე. 13 წლისა გავთხოვდი. გავიპარე. ჩემი მშობლები ჩემს წასაყვანად რომ მოვიდნენ, გამოვაცხადე, ზურა მიყვარს და აქედან ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. მე და ზურა მეზობლები ვიყავით, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ლენინგრადში დაამთავრა ინსტიტუტი. ზურა და მისი მეგობრები პლეხანოვზე რომ გამოიშლებოდნენ, მეც მოვაჯდებოდი ველოსიპედს და ავუქროლ-ჩავუქროლებდი. ზურა ძალიან ვაჟკაცური და გამორჩეული ბიჭი იყო. მე კი ვინ ვიყავი? ყურებამდე შეყვარებული ერთი პატარა სულელი გოგო. ზურა ისე მექცეოდა, როგორც ბავშვს - ხან ნაყინს მიყიდდა, ხან შოკოლადს. ერთხანს ესეც მაკმაყოფილებდა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა. ვარწმუნებდი, უსაზღვროდ მიყვარხარ და ზურგს თუ შემაქცევ, მოვკვდები-მეთქი. იმ ზაფხულს მე და დედა ბათუმში ვისვენებდით. იქაურ და დამსვენებელ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ზურა თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. როგორც კი დავინახე, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, ჩავუხტი მანქანაში და გამოვუცხადე, შენთან მინდა, აქედან არ გადავალ-მეთქი. უარი ვეღარ მითხრა. ახლა რომ ვაცნობიერებ, თავიდან, ალბათ, ვეცოდებოდი, მე კი სიგიჟემდე მიყვარდა, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და აღარ დავეძებდი არაფერს.D დრო რომ გავიდა, მასაც ძალიან შევუყვარდი და მეუბნებოდა, რა ბედნიერი ცხოველია კენგურუ, ჩანთით რომ დაატარებს თავის შვილს, რომ შეიძლებოდეს, ჩაგსვამდი “ჩემს ჩანთაში” და სულ თან მეყოლებოდიო. მე ის ვაჟკაცური თვისებების, გარეგნობის გამო მიყვარდა.

როცა გავიგე, რომ "კრიმინალური ავტორიტეტი" იყო, ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი. რამდენჯერმე დაიჭირეს, სასჯელს ხან აქ იხდიდა, ხან რუსეთში, ყველგან ჩავდიოდი და ვნახულობდი. აბა, რა გამაძლებინებდა დიდხანს უმისოდ. ურალშიც კი ჩავაკითხე, კინაღამ გაგიჟდა, აქ რამ ჩამოგიყვანაო. საქართველოში პატიმრობისას კი სულ კოლონიაში ვიყავი. მერე ვეხუმრებოდი, შენთან ერთად, სულ ცოტა, 13 წელი მეც მაქვს მოხდილი-მეთქი. ერთხელ კოლონიაში დაცვა შეიცვალა. არ მიცნობდნენ და ზურას უთხრეს, ქალიშვილმა მოგაკითხაო. პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა. სამი თვის იყო, სეფსისით რომ გარდაგვეცვალა.­ მესამე კურსზე ვიყავი, გოგა რომ შეგვეძინა. ერთი წელი აკადემიური ავიღე, რომ სულ ბავშვთან ვყოფილიყავი. ბევრს უკვ­ირს, ასეთი მენტალობის კაცმა როგორ მოგცა­ სამსახიობოზე ჩაბარების უფლებაო. თავიდან მართლა წინააღმდეგი იყო. ციხი­დან 4-თაბახიანი წერილი მომწერა, არ გაბედო თეატრალურზე ჩაბარებაო. მე კი თავი ისე დავიჭირე, ვითომც არ მიმიღია წერილი. ბოლოს მაინც დამითმო. ძალიან მანებივრებდა, მის სამეგობროში მე ვიყავი პირველი რძალი, რომელიც მანქანის საჭეს მიუჯდა, რომელსაც ეცვა მოკლე ქვედაკაბები. მეგობრებს უკვირდათ, ნეტავ ასეთი რა გაუკეთა ამ პატარა გოგომ ზურა ბზიკაძეს, რომ ასეთი მოკლე კაბის ჩაცმის უფლებას აძლევსო. ზურა კი იცინოდა, ჩემს პატარა გოგოს უხდება, ჩაიცვას და გაიხაროსო. არ ეჭვიანობდა, მე უფრო ეჭვიანი ვიყავი, რადგან ბევრ ქალს მოსწონდა, თუმცა ჩემთვის არასოდეს უტკენია გული.

ჩემი შვილი, გოგა, მიყვებოდა, ერთხელ მოსკოვში ჩამომაკითხა მამამ. ერთ საღამოს მეგობრებმა გამომიარეს, წვეულებაზე მივდიოდით. ისიც დავპატიჟე, კარგ ქალებს­ გაგაცნობ-მეთქი, დავპირდი. უარი მითხრა, მერე ნინოს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო?! ასეთი კაცი იყო! ამით შვილსაც ასიამოვნა და ჩემი გულიც მოიგო. პირადად მე მისთვის არაფერი დამიმალავს. ისიც იცოდა, რომ ძია იაშა (ტრიპოლსკი, რომელიც "შთამომავლობაში" მამის როლს თამაშობდა) მეტრფოდა, მაგრამ მისი გრძნობა­ ისეთი სუფთა და უმწიკვლო იყო, როგორ იეჭვიანებდა მასზე. ტრიპოლსკი რომ დამინახავდა, შუქი ჩაუდგებოდა თვალებში, ამბობდა, ნინო ჩემი სიბერის სიყვარულიაო. ერთ მშვენიერ დღეს თეატრიდან წასვლა გადავწყვიტე. შიში დამეუფლა, თითქოს ვგრძნობდი, ამ ორ უძვირფასეს ადამიანს დავკარგავდი. ისტერიკულად ვიღებდი ვიდეოფირზე ზურასა და გოგას. ერთხელ ცუდად გავხდი, ძლივს გამომიყვანეს მდგომარეობიდან. დამეძინა. ცოტა ხანში ფაჩუნმა გამომაღვიძა. ზურას ხატებთან სანთელი დაენთო და ჩურჩულით ამბობდა, ღმერთო, თუკი ნინოს რამე უნდა დაემართოს, გთხოვ, ნუ მომასწრებ ამას და წამით ადრე მე მომკალიო. არ ვმალავდი, რომ ამქვეყნად ყველაზე­ მეტად ზურა მიყვარდა. ზურას 50-ე წლისთავი ახლოვდებოდა. დიდი ზარ-ზეიმით გადავიხადეთ და სწორედ ამ დაბადების დღეზე უეცრად თრომბით გარდაიცვალა. ბუნდოვნად მახსოვს, ზურას დაკრძალვაზე უამრავი ხალხი ტრიალებდა. მოდიოდნენ უცნობი ლამაზი ქალებიც... და უცებ ამ დიდი ზარის დროს გავიფიქრე, ვინ იცის, ამათგან რამდენი ეტრფოდა ზურას, რატომ უნდა მნახონ ასეთი სახეწაშლილი-მეთქი. წამოვდექი და სარკის წინ თავი მოვიწესრიგე. ორმოციდან რამდენიმე­ დღეში გოგაც დავკარგე. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ზურას მოსკოვში გოგას სახელზე ჰქონდა ძეხვის კომბინატი. ალბათ, იქაურებს ქართველის მოშორება უნდოდათ... განუწყვეტლივ ვფიქრობდი ჩემს ქმარ-შვილზე. მერე ანევრიზმა დამემართა და ძლივს გადავრჩი. ერთხანს ჩემი სახელიც არ მახსოვდა. თავს ვერ ვიკლავდი, რადგან მეშინოდა, ვაითუ იმ ქვეყნად ვეღარ შევხვდე მათ-მეთქი. თავი გადავიპარსე. შინ ჩავიკეტე, თვალმოუწყვეტლივ ვუყურებდი იმ ვიდეოებს, სადაც ზურა და გოგა იყვნენ. ისინი მელაპარაკებოდნენ, მიღიმოდნენ.…ერთი სიტყვით, კადრსმიღმა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მერე დათო დოიაშვილმა "ჯინსების თაობის" დადგმა გადაწყვიტა და გეგას დედის როლი შემომთავაზა. მე ვითამაშე ყველა ის დედა, რომლებიც შვილის დაკარგვით გამოწვეულ დიდ ტკივილს დაატარებენ. გავიდა ხანი და იტალიური წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა ქალმა, ბერტუჩელიმ მათამაშა თავის ფილმში "სანამ ოთარი წავიდა". ამ როლის გამო "სეზარით" დამაჯილდოვეს და საფრანგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს.

თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არაფერს შევცვლიდი, რადგან რაც ვინატრე, ყველაფერი ამისრულა ზურამ. სასწაულების არ მჯერა, მაგრამ მაინც ვინატრებდი - გაიღოს კარი და ჩემს ოთახში შემოვიდნენ ზურა და გოგა. კიდევ მინდა ოკეანის ტალღებში მივცურავდე და ზემოდან დამნათოდეს ჩახჩახა მზე. იხილეთ სტატია სრულად

მარინა ბაბუნაშვილი