"2023 წელი ვერ იქნება მშვიდობის წელი, იქნება განუწყვეტელი ომის წელი" - კვირის პალიტრა

"2023 წელი ვერ იქნება მშვიდობის წელი, იქნება განუწყვეტელი ომის წელი"

2023 წელი ვერ იქნება მშვიდობის წელი, იქნება განუწყვეტელი ომის წელი - უკრაინელებს სწამთ, რომ ისინი მოიგებენ ომს, მეც მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი წელი ამ გზაზე, - აცხადებს ამერიკის ჰადსონის ინსტიტუტის უფრო მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი "პალიტრანიუსთან", ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუში.

- მოგესალმებით ბატონო კოფი, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს დაუღალავი მხარდაჭერისთვის. რამდენიმე კვირის წინ ჰადსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა თქვენი ანალიტიკური ნაშრომი „მზადება საბჭოთა კავშირის საბოლოო კოლაფსისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის“. ეს ჭეშმარიტად შესანიშნავი ანალიზი გამოყენებულ უნდა იქნას როგორც საგზაო რუკა დასავლელი პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ თავიდან აირიდონ ის შეცდომები, რომლებიც მათმა წინამორბედებმა დაუშვეს 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიდგინეს, რომ რუსეთი როგორც საფრთხე აღარ იარსებებდა. თქვენ მოუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებს ისწავლონ წარსულის შეცდომებზე და აღარ დაკარგონ დრო იმის მცდელობაზე, რომ რუსეთი გადააქციონ დასავლეთის სტილის დემოკრატიად. ამის საპირწონედ, თქვენ წამოაყენეთ ვარაუდები და შეკითხვები იმ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე, რომლის წინაშეც დასავლეთის ქვეყნები დადგებიან რუსეთის დაშლის შემთხვევაში და იმ უპირატესობებზე, რომელსაც დასავლეთი მოიპოვებს რუსეთის დასუსტებისას.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს ანალიტიკურ წერილში გადმოცემული მოსაზრებების, კითხვებისა და მიზნების თაობაზე ნატოსა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ჩათვლით, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის?

-მადლობა მოწვევისთვის. მე ეს წერილი დავწერე იმიტომ, რომ ვგრძნობდი, რომ ვაშინგტონში არ იყო დისკუსიები რუსეთის დაშლის რეალური შესაძლებლობის და საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დასრულების თაობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაინგრა, მე კი მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი ახლაც გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ისტორიას აქვს დროის შეკუმშვის უნარი: მგონია, რომ დღეიდან 200 წლის შემდეგ, როცა ისტორიკოსები საბჭოთა კავშირის დაშლაზე ისაუბრებენ, ისინი 2022 წლის 24 თებერვალს შეაფასებენ, როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევის ფინალურ და შედეგიან აქტს. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როდის და როგორ დაიშლება რუსეთი და არც ამ პროცესის ადვოკატირებას ვახდენ ჩემს ანალიზში, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ მზადება ამ სრულიად რეალისტური სცენარისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ ჩემი წერილის 3 პუნქტი უშუალოდ შეეხება საქართველოს: პირველს მე აღვწერ, როგორც მზადებას ნატოსა და ევროკავშირის დიდი გაფართოებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის კოლაფსი მოხდება. ჩვენ ინსტიტუციურადაც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და მექანიზმებიც მოქმედებაში უნდა იყოს მოყვანილი, რომ ასპირანტი ქვეყნები სწრაფად გავაწევრიანოთ ალიანსში იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთში ხელისუფლების ჩამოშლის შედეგად სრული ქაოსი დაიწყება. რა თქმა უნდა, გაწევრიანების ამ ტალღამ უნდა მოიცვას საქართველოც.

მეორე საკითხი, რომელიც რუსეთის კოლაფსის პირობებში დღის წესრიგში დადგება, არის ნებისმიერი შიდა კონფლიქტის, ბრძოლის, აჯანყების შეკავება რუსეთის საზღვრებში. ეს პროცესები, ბრძოლა და ამბოხი შეიძლება განვითარდეს უშუალოდ საქართველოს საზღვრის გასწვრივაც, ჩრდილო კავკასიაში, რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში.

მესამე და ფინალური პუნქტი, საქართველოსთან უშუალო შეხებაში არის ის, რომ მე მოვუწოდებ დასავლეთის პოლიტიკოსებს, დაიწყონ დაგეგმვა, თუ როგორ უნდა დაეხმარონ საქართველოს ტიპის ქვეყნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკის აღორძინებაში, როცა საქმე ეხება დღეს ოკუპირებულ რეგიონებს: აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან და ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი ამ რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობის და სხვა სახის დახმარების გზით.

-თუ გქონდათ შესაძლებლობა თქვენს წერილში გადმოცემული მოსაზრებები და შეკითხვები განგეხილათ ამერიკელ კონგრესმენებთან ან თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და როგორია მათი მოსაზრებები რუსეთის შესაძლო დაშლის და მისი შედეგების თაობაზე?

- სწორედ ვაშინგტონში ჩემი შეხვედრები იქცა ჩემი ამ სტატიის ინსპირაციად, რადგან ცოტაა იმ პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ რუსეთის დაშლის შესაძლებლობაზე. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე დადებითი საპასუხო რეაქცია მქონდა კაპიტოლიუმიდან, კონგრესმენთა ოფისებიდან, სადაც დაიწყეს ფიქრი ამ მიმართულებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი შიდაპოლიტიკური ვითარება გვაქვს დღეს ვაშინგტონში: ძველი კონგრესი ახლით იცვლება და ამ ვითარებაში საგარეო საკითხების მიმართ ინტერესი მცირდება. თუმცა, როგორც კი ახალი კონგრესი საქმიანობას სრულად შეუდგება, ვფიქრობ ბევრი დაიწყებს ფიქრს იმის თაობაზე, თუ როგორ ემზადონ რუსეთის პოტენციური კოლაფსის და მისგან მომდინარე შედეგებისთვის.

- მოდით ვისაუბროთ ჩვენს, კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონზე. თქვენს მეორე ახალ სტატიაში „რატომ არის ახლა ზუსტი დრო დავაკავშიროთ კასპია მსოფლიოს“ თქვენ სააშკარაოზე გამოგაქვთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ახლა უჩნდება ჩვენს რეგიონს. კერძოდ, მზარდი უპირატესობები ე.წ. შუა დერეფნისა რომელიც, მათ შორის საქართველოზეც გადის და აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან და პირიქით და მათ ტვირთბრუნვას უზურნველჰყოფს და აგრეთვე, კასპიის ენერგორესურსების სულ უფრო შთამბეჭდავი როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად ვაქციოთ?

-ნათელია, რომ ე.წ. შუა კორიდორს აქვს შესაძლებლობა იქცეს მომავლის სატრანზიტო გზად ევროპისთვის, როცა საქმე ეხება მის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ევრაზიასთან, რადგან ძალიან დიდია უნდობლობა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით დასავლელი ინვესტორების და დიდი კორპორაციების მხრიდან. ამიტომ, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, პერსპექტივაში სომხეთიც, თუკი დალაგდება ურთიერთობები სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთს შორის, ანუ მთლიანად სამხრეთ კავკასია, გახდება ძალზედ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა, რომელიც დააკავშირებს ევროპას ევრაზიასთან. უაღრესად საჭიროა ხელი შეეწყოს ევროპის მეტ წვდომას კასპიის ენერგორესურსებზე. ევროპა მოწადინებულია, რომ მოძებნოს რუსული ეენერგორესურსების ალტერნატივა და ამ კუთხით კასპიის ზღვა სთავაზობს გაზისა და ნავთობის უზარმაზარ პოტენციალს. ამისთვის კი ახალი ინფრასტრუქტურა უნდა აიგოს, სამხრეთის გაზის კორიდორი უნდა ამუშავდეს სრული სიმძლავრით, გვჭირდება ინფრასტრუქტურა თურქმენეთის გაზთან დასაკავშირებლად, ყაზახეთის ენერგორესურსების ინტეგრაცია ამ სატრანზიტო სტრუქტურებში, მაგრამ პირველი რიგის ამოცანაა, რომ დასავლეთი, ამერიკა აქტიურად გამოჩნდეს ამ რეგიონში. ჩვენ არ გვქონია სამთავრობო დონის, სახელმწიფო მდივნის დონის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში ათწლეულზე მეტი ხანია. სახელმწიფო მდივანი კლინტონი იყო ბოლო ამ რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ეწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოში ორ წელზე მეტი ხნის წინ იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი. უარესი მდგომარეობაა ამ მხრივ ცენტრალურ აზიაში. დროა, რომ ამერიკის ოფიციალური პირები მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ რეგიონს და დაიწყონ ძალიან მაღალი დონისა და ხარისხის ჩართულობა ამ რეგიონში. გააგრძელე კითხვა