"გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი გახდა. რას ნიშნავს მისი დანიშვნა?" - კვირის პალიტრა

"გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი გახდა. რას ნიშნავს მისი დანიშვნა?"

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სარდლობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს აქტიურად აშუქებენ: როგორც უკვე ცნობილია, რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლობიდან გადააყენეს გენერალი სერგეი სუროვიკინი და მის ნაცვლად დაინიშნა ვალერი გერასიმოვი, რომელმაც, იმავდროულად, გენშტაბის უფროსის თანამდებობაც შეინარჩუნა. თავის მხრივ, სერგეი სუროვიკინიც შორს არ გაუგზავნიათ - იგი ვალერი გერასიმოვის მოადგილედ გაამწესეს. როგორც სერგეი შოიგუს უწყება აცხადებს, "საკადრო გადაადგილებები განხორციელდა "სპეცოპერაციის" უკეთ ხელმძღვანელობის მიზნით, გადასაწყვეტი ამოცანების გაფართოების გამო, რომელიც ჯარების სხვადასხვა სახეობის მჭიდრო ურთიერთქმედებას ითხოვს".

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC News russian) აქვეყნებს ანალიტიკურ მიმოხილვას სათაურით - "გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი გახდა. რას ნიშნავს მისი დანიშვნა?".

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის სარდლობაში საკადრო ცვლილებები იმ დროს ხდება, როცა დონბასში, ქალაქ ბახმუტთან (არტემოვსკთან) და სოლედართან გააფთრებული სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. სოლედარი თითქმის ალყაშია რუსეთის ჯარების მიერ მოქცეული, თუმცა უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ბრძოლას აგრძელებენ.

სოლედარისა და ბახმუტის დაკავება რუსეთის არმიისთვის რეპუტაციისა და პრესტიჟის საკითხს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ომის დაწყების დროიდან - 2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა ზედიზედ დაიკავა უკრაინის ქალაქები და დასახლებული პუნქტები, მაგრამ შემდეგ ისევ ზედიზედ დაკარგა, მათ შორის - უკან დაიხია ხარკოვიდან და დატოვა ომის პირველ დღეებში დაკავებული ერთადერთი მსხვილი საოლქო ქალაქი ხერსონი. უკანდახევამ და დიდმა დანაკარგებმა რუსი "ნაციონალისტ-პატრიოტების" გულისწყრომა გამოიწვია - ისინი მარცხის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდნენ გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის არაკომპეტენტურობას და ჯარების მართვაში, ოპერაციების დაგეგმვაში დაშვებულ შეცდომებს.

"ვაგნერელთა" ამბიციები

2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, რუსეთის არმიის კატასტროფული უკანდახევის გამო, ვალერი გერასიმოვისადმი ბრალდებებში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანიის დამაარსებელი, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი. კრემლი იძულებული გახდა, ვალერი გერასიმოვი "დროებით გადაემალა" (იგი საჯარო სივრცეში აღარ ჩანდა) და მის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა გარკვეული დროით რომ "ჩაეხშოთ", გადაწყდა, უკრაინაში რუსეთის არმიის სარდლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნულიყო - პოპულარული და სიმკაცრით გამორჩეული ოფიცერი.

მთავარი, რაც სერგეი სუროვიკინმა გააკეთა, ის იყო, რომ რუსი საზოგადოება და პოლიტიკური წრეები ხერსონის დასატოვებლად მოამზადა - განაცხადა, რომ სხვა გზა არ იყო. ანუ კრემლმა მას არაპოპულარული გადაწყვეტილება მიაღებინა და ეს შეფუთული იყო როგორც "ინიციატივა ქვემოდან".

სუროვიკინს "ამაგი დაუფასეს"

კაცმა რომ თქვას, სერგეი სუროვიკინს ჯარების სარდლის თანამდებობაზე ყოფნისას მაინცდამაინც ბევრი არაფერი გაუკეთებია - ანუ იმდენი, რამდენსაც "ნაციონალისტ-პატრიოტები" ელოდნენ. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე რუსეთის ჯარებს უკრაინასთან ომში რამე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, შეჩერდნენ ბახმუტთან და ქალაქი ვერა და ვერ დაიკავეს. მოგვიანებით რუსეთის რეგულარული ჯარები ბახმუტთან და სოლედართან ევგენი პრიგოჟინის კომპანიის - "ვაგნერის" მიერ დაქირავებულმა მებრძოლებმა ჩაანაცვლეს.

სერგეი სუროვიკინი, რომელმაც, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე აიღო ხერსონის დატოვების ბრალი, კრემლმა გულუხვად დააჯილდოვა - წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი უბოძა. იმავდროულად, გენერალმა ომის მომხრეებში რეპუტაცია შეინარჩუნა - რამზან კადიროვს, ევგენი პრიგოჟინს, აგრეთვე, ტელეარხ "რაშა თუდეის" ხელმძღვანელს მარგარიტა სიმონიანს, კრემლის პროპაგანდისტს, ჟურნალისტ სოლოვიოვს და სხვებს იგი არ გაუკრიტიკებიათ.

ამ დღეებში ცნობილი გახდა კიდევ ერთი საკადრო გადაადგილებაც - უკრაინაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების "ცენტრის" ყოფილმა სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ლაპინმა, რომელსაც რუსი ნაციონალისტები, ასევე, აკრიტიკებდნენ დაშვებული შეცდომების გამო, სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსის თანამდებობა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უპირატესობას მაინც რეგულარულ არმიას ანიჭებენ და გენერლებს, მათი შეცდომების მიუხედავად, მაინც პოზიტიურად უყურებენ.

როგორც პოლიტოლოგი აბას გალიამოვი ამბობს, "ვალერი გერასიმოვისა და ალექსანდრე ლაპინის დანიშვნები იმას მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინმა დემონსტრაციულად არ შეიმჩნია უსისტემო მოთამაშეების - რამზან კადიროვისა და ევგენი პრიგოჟინის თვალსაზრისები და ოფიციოზის მხარე დაიკავა.

თავის მხრივ, პოლიტოლოგი ეკატერინე შულმანი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ განხორციელებული გადაადგილებები მოწმობს იმას, რომ ევგენი პრიგოჟინთან ფარულ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ "გაიმარჯვა.

არც დაქვეითება და არც დაწინაურება

"ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი ილია აბიშევი კომენტარს უკეთებს ვალერი გერასიმოვის დანიშვნას.

"ვალერი გერასიმოვის ახალი პოსტი არც დაქვეითებას ნიშნავს და არც დაწინაურებას. ბოლოსდაბოლოს, იგი შეთავსებით გენშტაბის უფროსის თანამდებობას მაინც ინარჩუნებს. ვერც იმას ვიტყვით, რომ მას პასუხისმგებლობის დონე შეეცვალა - იგი სარდლად დანიშვნამდეც ყველაფერზე იყო პასუხისმგებელი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხება.

კაცმა რომ თქვას, სამხედრო კარიერაში არც გენერალი სერგეი სუროვიკინი "დაზარალებულა" - როცა თვითონ იყო სარდალი, მისი უფროსი გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი იყო, ახლა, მართალია, სარდლის მოადგილეა, მაგრამ უფროსად მაინც გერასიმოვი ჰყავს, რომელიც, ვიმეორებ, გენშტაბის უფროსიც არის.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უფრო სხვა მომენტია: რა თქმა უნდა, ვალერი გერასიმოვის დანიშვნაში მთავარი როლი ვლადიმერ პუტინს მიუძღვის. ეს ნიშნავს, რომ მრავალი დამარცხების მიუხედავად, როცა ბევრი გენშტაბს ლანძღავს, პრეზიდენტი ფსონს მაინც ძველ და გამოცდილ, შემოწმებულ კადრებზე დებს.

იგივე შეიძლება ითქვას ალექსანდრე ლაპინის მიმართაც, რომელიც სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსად დაინიშნა. მას ევგენი პრიგოჟინი უსაქმურ და უუნარო ჩინოვნიკად თვლიდა, ხოლო რამზან კადიროვი მისთვის გენერლის წოდების ჩამორთმევას მოითხოვდა.

თავდაპირველად, როცა რუსეთის არმია მარცხს მარცხზე განიცდიდა, ისე ჩანდა, რომ რუსი კადრის გენერლების პოზიციები დასუსტდა, ევგენი პრიგოჟინისა და რამზან კადიროვის - გაიზარდა. აბა, გავიხსენოთ: უკრაინის ომის დაწყებიდან რამზან კადიროვს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო ევგენი პრიგოჟინმა უდიდესი, დღემდე წარმოუდგენელი კარტ-ბლანში მიიღო - უფლება მიეცა, დაექირავებინა ათი ათასობით მსჯავრდებული (პატიმარი) და ბრძოლებში გამოეყენებინა, მათი სამომავლო შეწყალების პირობით. სხვათა შორის, ასეთი გადაწყვეტილება თვით სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ბევრისმნახველი თანამშრომლებისთვისაც კი შოკისმომგვრელი იყო. ევგენი პრიგოჟინის გავლენისა და პოზიციების მოულოდნელმა გაძლიერებამ ძალიან შეაშფოთა სამხედროები და პრეზიდენტთან დაახლოებული სხვა პირები... მათ ზომები მიიღეს.

ვალერი გერასიმოვის დანიშვნა ორი ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა: პირველი - ევგენი პრიგოჟინმა, ყველა მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ დაამტკიცა თავისი კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" უნიკალური ეფექტიანობა. მან უკან დაიხია (თუ დასწიეს) აპარატულ ფარულ თამაშებში; მეორე - ვლადიმერ პუტინს კარტის მხოლოდ ერთი დასტა აქვს და მის შეცვლას არ აპირებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ