"უიტნიმ იცოდა, რომ მე ის მიყვარდა და ვიცი, რომ მას ვუყვარდი" - სოულის დედოფლის ვარსკვლავური ცხოვრება - კარიერა და პირადი - კვირის პალიტრა

"უიტნიმ იცოდა, რომ მე ის მიყვარდა და ვიცი, რომ მას ვუყვარდი" - სოულის დედოფლის ვარსკვლავური ცხოვრება - კარიერა და პირადი

ფერადკანიან მომღერლებზე საუბრისას თავში ბევრს სწორედ უიტნი ჰიუსტონის სახელი გაგვიელვებს, ძლიერი, ომახიანი და მუდამ მოღიმარი ქალის, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში თავისი სათქმელი თამამად თქვა და თავი მთელ სამყაროს შეაყვარა. ცოტამ თუ იცის, რომ უიტნის ასობით გაყიდული ალბომისა და დიდების უკან ტრაგიკული ცხოვრება, სევდა და პირადი პრობლემები ჰქონდა, რომელსაც სცენაზე გამოსვლის წამიდან უკან ტოვებდა და ბრჭყვიალა სამოსით, ომახიანად უმღეროდა მთელ სამყაროს. დღეს ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის აქამდე უცნობ ცხოვრებაზე უნდა გიამბოთ.

უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი ნიუ ჯერსიში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. დედა - სისი ჰიუსტონი ასევე მომღერალი იყო და, როგორც ამბობდნენ, ნიჭი უიტნის სწორედ დედისგან ჰქონდა ბოძებული. მამა სამხედრო სამსახურში მუშაობდა, პატარა გოგოს კარიერაზე კი, უმეტესად, დედა ზრუნავდა. მომღერლობა ბაპტისტურ ეკლესიაში დაიყო, დედის წარმატება მის მომავალ კარიერაზე დიდად აისახა და ეკლესიიდან სცენაზე გადაინაცვლა. 11 წლის იყო, უკვე სოლოპარტიებს რომ ასრულებდა, გუნდში ვოკალითა და არტისტობით გამოირჩეოდა და ეს ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩა. სკოლის დასრულების შემდეგ კრეატიული და შემოქმედებითი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა და თავისი თავი სრულად მუსიკას მიუძღვნა.

ერთ დღეს, დედასთან ერთად სეირნობისას, ნიუ-იორკის ქუჩებში ხუჭუჭთმიანი უიტნი სამოდელო აგენტმა შენიშნა და გოგონა სინჯებზე დაიბარა. ჰიუსტონი შეარჩიეს და 16 წლის ასაკში, მომღერლობის კარიერის დაწყებამდე, მისი სამოდელო კარიერა დაიწყო. იგი ერთ-ერთი პირველი ფერადკანიანი გოგო იყო, რომელიც ახალგაზრდული ჟურნალის - Seventeen-ის გარეკანზე გამოჩნდა, თინეიჯერული ჟურნალიდან კი მომღერალმა Glamour-ისა და Cosmopolitan-ის ყდებზე გადაინაცვლა.

მოდელობას დიდხანს არ მოუწყვეტია უიტნი სიმღერისგან. ჰიუსტონი 19 წლის ასაკში უკვე ღამის კლუბში მღეროდა და საოცარი ვოკალით კლუბის ყველა მაგიდას მსმენელით ავსებდა.

„ვფიქრობ, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ჩემი სიმღერის ნიჭი ღმერთისგან ბოძებული იყო“, - თქვა უიტნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

whitney-houston-1673610240.jpeg

ერთ-ერთ საღამოს, კლუბში სიმღერის დროს, ჰიუსტონი Arista Records-ის პროდიუსერმა - კლაივ დევისმა შეამჩნია, უიტნის დაელაპარაკა, კლუბიდან წამოსვლა და სასიმღერო კარიერის შექმნა შესთავაზა. ამ შემოთავაზებას მომღერალი მაშინვე დათანხმდა, დედის და დიდი ნიჭის დახმარებით, 1983 წელს ჰიუსტონის დებიუტი შედგა - მან სატელევიზიო სივრცეში - The Merv Griffin Show-ზე, Home - მიუზიკლიდან The Wiz შეასრულა. მან და დევისმა მომდევნო ორი წელი სადებიუტო ალბომის შექმნას დაუთმეს, 1985 წელს Saving All My Love for You უიტნის პირველი ალბომის პრეზენტაციაც შედგა და მალევე, ჩარტებში ჰიტის ადგილიც დაიკავა. დასაწყისიც ასეთი უნდა, მას შემდეგ უიტნის ყველა სიმღერა ჩარტების ხუთეულში ტრიალებდა. 1986 წელს უიტნიმ პირველად იმღერა "გრემის" დაჯილდოებაზე.

წარმატებული კარიერა ნელ-ნელა მაღალ საფეხურებზე ადიოდა, უიტნის დიდება იმატებდა, მისი შემოსავალიც საკმაოდ მაღალ ციფრებს აღწევდა და მომღერალმა პოპულარობის ზენიტს ახალგაზრდა ასაკში მიაღწია. ბედნიერი კარიერის მიღმა არეული და დაძაბული პირადი ცხოვრება იდგა. უიტნი თავისი დროის უმეტეს ნაწილს რობინ კროუფორდთან, მის საუკეთესო მეგობართან ატარებდა. ჰიუსტონის მამა ამ ფაქტით შეწუხებული იყო, რადგან ხვდებოდა, მის ერთადერთ ქალიშვილს გოგონების მიმართ ლტოლვა ჰქონდა. ჯონ ჰიუსტონი შვილს დაელაპარაკა, უთხრა, თუ კარიერის შენარჩუნება სურდა, მაშინ ბიჭებთან შეხვედრა უნდა დაეწყო. ამ ამბავზე მალე მედიაც ალაპარაკდა, დადიოდა ჭორები, რომ ახალგაზრდა ფერადკანიანი მომღერალი მის მეგობარ გოგონას ხვდებოდა.

whitney-houston-1673610374.jpeg

რობინი მხოლოდ მეგობრის სტატუსით არ სარგებლობდა, უიტნიმ ის თავის თანაშემწედ დანიშნა. ერთმანეთი 1980 წელს ბანაკში გაიცნეს და მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ. დადიოდა ჭორები, რომ მათი რომანი სწორედ ბანაკში დაიწყო, როდესაც უიტნიმ და რობინმა ღამე ერთად გაატარეს. 1982 წელს ჰიუსტონმა ურთიერთობა თვითონ დაასრულა, თუმცა ეს რომანი საჯაროდ არ აღიარა. ჟურნალ „თაიმსის“ ინტერვიუში ჰიუსტონმა ჟურნალისტს შეკითხვაზე - ჰქონდა თუ არა მას რობინთან ურთიერთობა, ასეთი პასუხი გასცა:

"ნება მიეცით ხალხს, ისაუბროს. ეს ასე არ არის. შევწუხდი ამ თემის განხილვით, ვიცი, რომ ლესბოსელი არ ვარ და არავის აზრი არ მაინტერესებს“.

whitney-houston-1673610316.jpeg

მათი სიყვარულის ამბავი იმაზე ვრცელი იყო, ვიდრე ეს ორკვირიანი რომანი იქნებოდა. რობინს უიტნი წლების განმავლობაში უყვარდა და იმავე გრძნობას იღებდა მომღერლისგანაც. წლების შემდეგ, რობინმა მისი და პოპულარული მომღერლის „საიდუმლო მეგობრობაზე“ საჯაროდ თავის მემუარებში ისაუბრა.

"ჩვენ გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით," - ამბობს კროუფორდი, - "და ეს მხოლოდ "ჩვენს" ნიშნავდა. მე და უიტნიმ ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ ჩვენი კარიერისთვის ჯობდა, მხოლოდ მეგობრები ვყოფილიყავით“

„არასდროს გვილაპარაკია ეტიკეტებზე, როგორიცაა ლესბოსელი ან გეი“, - წერს კროუფორდი. "ჩვენ, უბრალოდ, ვცხოვრობდით ჩვენი ცხოვრებით და ვიმედოვნებდით, რომ ასე გაგრძელდებოდა სამუდამოდ. უიტნიმ იცოდა, რომ მე ის მიყვარდა და ვიცი, რომ მას ვუყვარდი".

უიტნიმ მათი ურთიერთობის ფიზიკური ნაწილი ადრევე დაასრულა, მალევე, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა სარეკორდო ხელშეკრულებას კლაივ დევისთან Arista-ში.

whitney-houston-1673612468.jpeg

„უიტნიმ მითხრა, რომ თუ ხალხი ჩვენ შესახებ გაიგებდა, ამას ჩვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებდა და ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ეს მართლაც ასე იყო. მე შევინახე ეს ამბავი საიდუმლოდ და კომფორტი ჩემს სიჩუმეში ვიპოვე", - წერს კროუფორდი.

1989 წელს უიტნი თავისი შვილის მომავალ მეუღლეს შეხვდა, ალბათ, მისთვისვე ჯობდა, ბობი ბრაუნი არ გაეცნო, თუმცა ბედმა ეს თავგადასავალიც არ აარიდა მომღერალს. 1989 წელს Soul Train-ის დაჯილდოებაზე, უიტნიმ ბობი ბრაუნი გაიცნო. მათი რომანი თავიდან იდეალურად გამოიყურებოდა, თუმცა ჰიუსტონზე რობის, მის მეგობარს დიდი გავლენა ჰქონდა და ბობისთან ასეთი ახლო ურთიერთობა დიდად არც მოსწონდა. სამწლიანი რომანი უფრო დიდ თავგადასავალში გადაიზარდა და 1992 წელს 18 ივლისს ბობი და უიტნი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ბობისა და უიტნის ურთიერთობის ეს სასიხარულო ფინალი ბევრისთვის მოულოდნელიც კი იყო. ხალხი მას „ცუდი ბობის“ სახელით იცნობდა, ბრაუნი კანონთან ვერ მეგობრობდა და ამის გამო, რამდენჯერმე ციხეში ყოფნამაც მოუწია. ახალგაზრდა მომღერალი 1992 წელს დედა გახდა, წყვილს ბობი კრისტინა ბრაუნი შეეძინა.

whitney-houston-bobby-brown-1673612586.jpg

1992 წელს 29 წლის უიტნის დედობასთან ერთად კიდევ ახალი გამოწვევა - ფილმი „The Bodyguard“ დაემატა, სადაც რეიჩელ მარონის პერსონაჟი განასახიერა. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 410 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

სწორედ ამ ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკი - I Will Always Love You გამოსვლიდან ხუთ კვირაში 2 მილიონზე მეტი ადამიანის საყვარელი სიმღერა გახდა - სიმღერის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 1992 წლის ეს, გრძნობით შესრულებული I Will Always Love You გახდება ჰიუსტონის საფირმო სიმღერა, რითაც ვარსკვლავმა 1994 წლის "გრემის" ჯილდოები მიიღო "წლის ჩანაწერისთვის" და "საუკეთესო ქალი- პოპ-ვოკალისტისთვის".

ბავშვის დაბადების შემდეგ უიტნის ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველასთვის სანაქებო და წესიერი მომღერალი ინტერვიუებზე აგვიანებდა, მედიასთან საუბარს გაურბოდა. მალევე გაირკვა, რომ ის და მისი მეუღლე ნარკოტიკული საშუალებების ხშირი მომხმარებლები იყვნენ. უიტნის ცხოვრების რადიკალურ შეცვლაში სწორედ ბობი ბრაუნს დებენ ბრალს, ბობი აქტიურად მოიხმარდა სხვადასხვა საშუალებას, მასთან თანაცხოვრების რამდენიმე წელში კი უიტნიც მომხმარებელი გახდა. ნარკოტიკებს ფსიქიკური პრობლემები დაემატა და 2007 წელს წყვილი ოფიციალურად გაშორდა ერთმანეთს.

whitney-houston-1673610437.jpeg

დაშორებამდე რამდენიმე წლით ადრე ჰიუსტონის ცხოვრებაში სხვა საოჯახო პრობლემებმაც იჩინეს თავი. ჯონი, უიტნის მამა, მომღერალი შვილის ფინანსებს განაგებდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ჯონმა უიტნის ქონების უმეტესი ნაწილი საკუთარ სიამოვნებაში გაფლანგა და გაღატაკებულმა შვილს ტურნეს ჩასატარებლად მიმართა. 2002 წელს უიტნიმ მამას უჩივლა, რადგან მომღერალს სახელმწიფო გადასახადების გადასახდელი ფულიც აღარ ჰქონდა დეპოზიტზე. სარჩელში წერია, რომ დავის მიზეზი მამის მიერ შვილის ქონების გაფლანგვა იყო, რაც, საბოლოოდ, მამა-შვილს შორის სამუდამო ურთიერთობის შეწყვეტით დასრულდა. წლის ბოლოს, უიტნიმ Arista Records-თან 100-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, 2003 წელს კი ჯონს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში დააწვინეს. უიტნი მამასთან ბოლოჯერ მივიდა და სიტუაციის გამოსწორებასაც ეცადა, თუმცა მათი ურთიერთობა კვლავ იმედგაცრუებითა და უსიამოვნო საუბრით დასრულდა.

2002-2003 წლებში უიტნის ფანები მომღერლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად ალაპარაკდნენ. რადგან უიტნის ნარკოდამოკიდებულება უკვე ქცევებსა და ვიზუალზეც ეტყობოდა. 2004-2005 წლებში უიტნიმ რეაბილიტაცია დაიწყო, გამოჯანმრთელებაში მომღერალს დედა ეხმარებოდა.

2009 წელს, ჰიუსტონმა ოპრასთან ინტერვიუში ნარკოდამოკიდებულებაზე საჯაროდ ისაუბრა და იმავე წელს ახალი მუსიკალური ალბომი გამოუშვა - I Look To You, სადაც გრძნობები, განცდები და იმდროინდელი მდგომარეობა მომღერალმა სიმღერის ტექსტით გადმოსცა.

„სიმღერები თავად გეტყვიან, თქვენ გაიგებთ, სად ვარ მე, შეიტყობთ ზოგიერთ ფაქტს ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც მე უკეთესობისკენ ცვლილების გზაზე აღმოვაჩინე“, - თქვა ჰიუსტონმა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში.

რთული იყო უიტნისთვის ამ ყველაფერზე საუბარი, პრობლემების დაძლევა, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ხალხის გაოცებას ყოველთვის ახერხებდა, უიტნი „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე მომღერლის სახელით შევიდა. გაყიდა 200 დისკი და შექმნა 7 სტუდიური და 2 საუნდტრეკული ალბომი. ჰიუსტონმა კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა - მათ შორის, ექვსი გრემის ჯილდო, 22 ამერიკული მუსიკალური ჯილდო და რამდენიმე Billboard Music Awards, რომელმაც ყველა დროის ყველაზე მეტად დაჯილდოებული ქალის ტიტულიც მიანიჭა.

whitney-houston-1673610567.jpeg

ერთხელ უიტნიმ სიყვარულზე საუბრისას ინტერვიუში ახსენა:

„ღმერთმა მომცა ხმა, რომ ვიმღერო და როცა ეს გაბადია, სხვა რა უნდა გააკეთო, ამის მეტი“ - მომღერლისთვის სიმღერა სიყვარული და მისი მამოძრავებელი ძალა იყო.

უიტნის გამორჩეულად უყვარდა მაიკლ ჯექსონი. ხალხის ნაწილი ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ნაწილი კი მათ მეგობრობასაც სასიყვარულო რომანს აწერდა. მაიკლ ჯექსონის ყოფილმა მცველმა - მეთ ფიდსმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაიკლისა და ჰიუსტონის რომანი 1991 წელს დაიწყო, თუმცა 2 კვირაზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

whitney-houston-1673610509.jpeg

ჰიუსტონი ასევე გაოცებული იყო მომღერალი ალიშა ქის შემოქმედებით და 2009 წელს მასთან ერთად ახალი ალბომიც გამოუშვა, როგორც ჩანს, ნიუ-იორკში ჩაწერილი Million Dollar Bill იყო ჰიუსტონის ბოლო სინგლი, 2012 წელს მომღერალი მოულოდნელად გარდაიცვალა.

whitney-houston-1673610619.jpeg

ჰიუსტონი მისმა დაცვამ კალიფორნიაში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში გარდაცვლილი იპოვა. 48 წლის მომღერალი გრემის დაჯილდოებაზე უნდა მისულიყო, რამდენიმე საათით ადრე დაცვამ ნომერში ააკითხა, სადაც სააბაზანოში უკვე გარდაცვლილი უიტნი დახვდა. ლოს-ანჯელესის სასამართლომ სიკვდილის მიზეზად დახრჩობა, გულის დაავადება და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება დაასახელა. გარდაცვალების დროს მის ნომერში სხვადასხვა მედიკამენტის ბოთლებიც აღმოაჩინეს.

დედის მსგავსად, ტრაგიკული ბედი ეწვია მის შვილს, უიტნის გარდაცვალებიდან სამ წელზე ნაკლებ დროში ჰიუსტონის ქალიშვილი - კრისტინა ბრაუნი 22 წლის ასაკში, საზარელი სცენარით გარდაიცვალა. ის 2015 წელს აბაზანაში გათიშული იპოვეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს და 6-თვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა.

სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე უიტნის მისი ფანები ხმის დაკარგვაში ადანაშაულებდნენ, ამ ფაქტმა მომღერალი გაანადგურა. ნარკოდამოკიდებულება, პრობლემები პირად ცხოვრებაში, არეული ოჯახური სიტუაციები და საკუთარი ნიჭის დაკარგვა, საბოლოოდ, საბედისწერო აღმოჩნდა. უიტნი დღემდე ერთ-ერთ ლეგენდარულ მომღერლად ითვლება, მისი შემოქმედება ჩარტებში საუკეთესო ადგილს ამდენი წლის შემდეგაც კი უცვლელად იკავებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

წყარო:

Whitney Houston: The life story you may not know

Whitney Houston - biography