"მადლობელი ვარ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი მენდო და ასეთი დიდი პროექტი მომანდო - შესანიშნავი ფესტივალი, კონკურსი დავაარსე"
"ჩემს შვილებს განსაკუთრებულად პიროტექნიკა უყვარდათ, რაც მკაცრად ავუკრძალე. ავუხსენი, რომ ამით შეიძლება ადამიანს ზიანი მიადგეს, როგორ აწუხებს ხმა ცხოველებს და ასე შემდეგ... ვცდილობ, ახალი წელი აღიქვან, როგორც ბედნიერების მომტანი და არა - ბათქა-ბუთქის...", - ცნობილი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი საქართველოსა და ევროპაში გატარებული ახალი წლის მოგონებებს "კვირის პალიტრას" უზიარებს და მის ოჯახში დამკვიდრებული საახალწლო ტრადიციების შესახებ საუბრობს...
- თამარ, რა საახალწლო ტრადიციები გაქვთ ოჯახში?
- ახალ წელს ძალიან გვიყვარს სადმე გასვლა... მაგალითად, ავსტრიაში ვხვდებოდით, ვინაიდან მე ვენაში ვცხოვრობ. ასევე, ტრადიცია გვქონდა, იტალიაში შევხვედროდით, სანამ იქ ჩემი მეუღლის დედა ცხოვრობდა და ბავშვები ბებიასთან ჩაგვყავდა. წელს რაღაც მიზეზების გამო, ახალ წელს ქვეყნიდან არ გავსულვართ.
- საზღვარგარეთ ქართულ საახალწლო ტრადიციებს იცავდით? მაგალითად, გოზინაყს აკეთებდით?
- ჩემი დედამთილი, სანამ იტალიაში ცხოვრობდა, საახალწლოდ სულ ქართულ გარემოს ქმნიდა, გოზინაყსაც ამზადებდა და სხვა რამესაც, მაგრამ ვენაში რომ ჩავდიოდით, იქ ნამდვილად არ ვაკეთებდით გოზინაყს და მსგავს რამეებს. ძალიან მიყვარს ევროპაში საახალწლო სოფლები, ფანტასტიკურად, ძალიან მაღალ დონეზე იციან ამ ყველაფრის მოწყობა და ამის გამო ჩავდიოდით, საახალწლო, საშობაო სოფლებში ბევრი რომ გვესეირნა.
- საქართველოში როგორ ხვდებით?
- 12 საათის შემდეგ ის ადამიანები მოდიან ჩვენთან, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან და ვიცით, მხოლოდ დადებითი განწყობა მოაქვთ... თუ არავის სცალია და მოსვლას ვერ ახერხებს, ჩვენ თავად გამოვდივართ და სახლში მეფეხურად შევდივართ, რადგან მერე ვინმე ისეთი შემთხვევითი მომსვლელი არ იყოს მეკვლე, რომელზეც არ გვეცოდინება, რა განწყობით მოდის.
ახალ წელს ყოველთვის შამპანურით, ღვინით ხელში ვეგებებით და აუცილებლად ვლოცულობთ. ძალიან გვიყვარს, ლოცვით რომ ვხვდებით, უკეთესი მომავლისთვის.
- სამზარეულოშიც ფუსფუსებთ?
- საქართველოში როცა ვართ, მაშინ კი ვაკეთებთ საახალწლო კერძებს... ძალიან ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ სამზარეულოში ცოტა რაღაც მეხერხება.
ახალი წელი ბავშვობაში ძალიან მიხაროდა... მახსოვს, ბებია მაღალ ნაძვის ხეს დგამდა, კენწეროში მანდარინებს, შოკოლადებს კიდებდა... თუ კარგად მოვიქცეოდით, ნებას გვრთავდა, ნუგბარი ჩამოგვეღო... ერთხელაც, ბებია სახლში არ იყო, მე და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს მხრებზე შევადექით და ასე ვეხმარებოდით ჩამოსაღებად, ვინც მიწვდებოდა... ბოლოს ყველანი გადმოვცვივდით და ზემოდან ნაძვის ხე დაგვეცა.
- თქვენს შვილებს რა უყვართ საახალწლოდ, განსაკუთრებულად?
- რა თქმა უნდა, ევროპაში სეირნობა ძალიან უყვართ... განსაკუთრებულად კი პიროტექნიკა უყვარდათ, რაც მკაცრად ავუკრძალე. ავუხსენი, რომ ამით შეიძლება ადამიანს ზიანი მიადგეს, როგორ აწუხებს ხმა ცხოველებს და ასე შემდეგ... ვცდილობ, ახალი წელი აღიქვან, რომ არის ბედნიერების მომტანი და არა - ბათქა-ბუთქის... პატარები რომ იყვნენ, ჩემმა მეუღლემ თოვლის ბაბუის ფორმა გადაიცვა და ბავშვები მოვატყუეთ, თითქოს სანტა კლაუსი გვეწვია. ძალიან გახალისდნენ და მეორე დღესაც კითხულობდნენ, დღესაც რატომ არ მოდისო?.. ახლაც სჯერათ, რომ საჩუქრები სანტა კლაუსს მოაქვს და წერილებს ტოვებენ, ესა და ეს მოგვიტანეო. შარშან, ჩემმა გოგონამ, არც მეტი და არც ნაკლები, სანტა კლაუსს დიდი ტაფა დააბარა.
- დიდი ტაფა რატომ?
- ეტყობა, რაღაც კერძებს რომ ვაკეთებდით და მერე იკითხავდა, ის აღარ არისო, ვპასუხობდი, შვილო, დამთავრდა, ტაფაზე რამდენი უნდა დატეულიყო-მეთქი... ამბობდა, აუ, არ შეიძლება, ცოტა დიდ ტაფაზე გაკეთდესო?! უცებ ვხედავ მისგან სანტასთვის წერილს, თუ შეიძლება ძალიან დიდი ტაფა მაჩუქეო... ქალაქში რაც კი შეიძლებოდა, ყველაზე დიდი ტაფა მოვიძიეთ და შევიძინეთ.
ახლა კი წამოიზარდნენ და მადაც გაეზარდათ. ტაფები, სათამაშო ხმლები და თოფები კი არა, პლანშეტებს, ძვირადღირებული ტელეფონების ბოლო მოდელებს უკვეთავენ სანტას... რა თქმა უნდა, არ ვყიდულობთ, ასე შეიძლებოდა მალე მანქანაც მოეთხოვათ და ვუთხარი, სანტამ რომ წაიკითხა, გაბრაზდა კიდეც, მას ის საჩუქრები მოაქვს, რაც დაიმსახურეთ, რაც თქვენი ასაკისთვის არის-მეთქი... თვითონ რაც უნდოდეს, ის მოგვიტანოსო და დილით რომ გაიღვიძეს - "ფლეისთეიშენ 5" დახვდათ, რაზეც სიხარულისგან გადაირივნენ. კარგად იმიტომ იქცევიან და მეცადინეობენ, იციან, რომ თუ გაგვაბრაზებენ, სანტას ვეტყვით და აღარაფერს მოუტანს.
- ძველით ახალ წელს როგორ აღნიშნავთ?
- ლამაზი ტრადიციაა და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით აღვნიშნავთ... ვცდილობთ, თბილისიდან გავიდეთ ხოლმე და ამიტომაც ახლა ბაკურიანში ვართ.
- საუბრის დასასრულს... დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ინფორმაციამ, თითქოს საქართველოს ტოვებთ და ამერიკაში გადადიხართ...
- ჩემს მეუღლეს ამერიკაში ოჯახის წევრები ჰყავს - დედა, და, ბიძაშვილები და ბევრი ახლობელი... თუმცა, ამ ეტაპზე ამ თემას არ განვიხილავ. ევროპაში, მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, მომავალშიც წავალ.
ბათუმში შესანიშნავი ფესტივალი, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი დავაარსე, რომელმაც სექტემბერში ტრიუმფალურად აიღო სტარტი და შედეგად, რამდენიმე გამარჯვებული უკვე ევროპაში - იტალიასა და ამერიკაში გაემგზავრება, შემდგომი განვითარებისათვის. ამრიგად, ჩემმა ოცნებამ და ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო, თუნდაც ერთ და ორ ახალგაზრდას რომ გაუმართლებს და მისი ნიჭისა და ამ კონკურსის წყალობით სადღაც გავა, ჩემთვის ეს სასიხარულოა და კონკურსი შედგა, მისი მისია შედგა. კონკურსი მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება.
მადლობელი ვარ, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მენდო და ამდენად დიდი პროექტი მომანდო...
ბოშათა ცხოვრებას რომ მივდევდი, "ჩემოდნებზე ვიჯექი", უცხოეთში ვმღეროდი, რასაც გამოვიმუშავებდი, ჩამოვდიოდი და საქართველოში ვხარჯავდი. ახლა ოჯახი მყავს და ძველებურად ვეღარ ავიყრები, თბილისიდან გასტროლებზე სასიარულოდ... დასავლეთში მეტი შესაძლებლობაა, ჩემი თავის რეალიზება რომ შევძლო. საქართველოში მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, რაც 70 წლის ასაკშიც შემიძლია გავაგრძელო...
- ანუ გინდათ, რომ სცენას აქტიურად დაუბრუნდეთ?
- რასაკვირველია! ძალიან გული მწყდება, რომ თბილისში ამის შესაძლებლობა არ არის. იმიტომ გვისწავლია და გვიშრომია, სანამ ახალგაზრდები ვართ, მაქსიმალურად ბევრის გაკეთება შევძლოთ.
დღეს ძალიან პოლიტიზებულია ჩვენი ქვეყანა და წლები ასე გადის... მე, დაახლოებით, ათი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში, რადგან დედა ავად მყავდა და მას ჩემი გვერდით ყოფნა სჭირდებოდა. შემდეგ ბავშვები შემეძინა და მსურდა, ქართველებად გამეზარდა. ქართული სცოდნოდათ და მშობლიური ყველაფერი შეესისხლხორცებინათ. უკვე ნამდვილი ქართველები არიან და სადაც უნდა წავიყვანო, ასეთებად დარჩებიან. საოცრად უყვართ თავიანთი ქვეყანა, ადამიანები, თანატოლები, ცხოველები და ყველაფერი, რაც კარგ ადამიანს უნდა უყვარდეს.
(სპეციალურად საიტისთვის)