ნავსი გატყდა - პოლონეთმა პირველმა გაბედა "ლეოპარდების" უკრაინის არმიისთვის მიწოდება - კვირის პალიტრა

ნავსი გატყდა - პოლონეთმა პირველმა გაბედა "ლეოპარდების" უკრაინის არმიისთვის მიწოდება

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნატოს წევრი ქვეყნებიდან პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც გაბედა და გადაწყვიტა, უკრაინის არმიისთვის გერმანული "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკების პირველი პარტიის მიწოდება.

პოლონელები ჯერ მხოლოდ ათი "ლეოპარდის" ანუ ერთი სატანკო ასეულის მიწოდებას აპირებენ, რაც, ერთი შეხედვით, ზღვაში წვეთიც არ არის, როდესაც უკრაინის ფრონტზე ორივე მხრიდან რამდენიმე ასეული ტანკი იბრძვის, მაგრამ, სამაგიეროდ, გატყდა ის მოჯადოებული ნავსი, რომელიც ომის დაწყების დღიდან გრძელდებოდა...

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს შეჰყურებდნენ, თუ რომელი გაბედავდა ნებისმიერი ომის მთავარი შემტევი ძალის - ძირითადი საბრძოლო ტანკების გადაცემის დაწყებას უკრაინელი სამხედროებისთვის.

ეს უცნაური პროცესი ძალზე წააგავდა გენიალური ქართული ნაწარმოებიდან - "დათა თუთაშხიადან" ერთ ეპიზოდს, როდესაც ყაჩაღების მიერ გაძარცვულები ერთმანეთს შეჰყურებენ და იძახიან - ჯერ იკივლოს სხვამ და მერე ვიკივლებ მეცო...

ორჭოფულ მდგომარეობაში მყოფ ნატოელების რიგებში ერთგვარი დისონანსი ერთი კვირის წინ, ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა შეიტანა, რომელმაც "ბორბლიანი ტანკების" გაგზავნა აღუთქვა კიევს, შემდეგ კი პოლონეთმა ეს უფრო განავრცო...

ასეთ რა საოცრებას წარმოადგენენ გერმანული "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკები და მართლაც შეუძლიათ "გადატრიალება" მოახდინონ რუსეთ-უკრაინის ამ ომში?

1979 წლიდან მოყოლებული, 2015 წლის ჩათვლით, 3 200-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკია დამზადებული, რომელიც შეირაღებაში ჰყავს მსოფლიოს 22 ქვეყანას.

ამ გერმანული ტანკის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციაა Leopard 2А7+, თუმცა უფრო რეალურია, რომ უკრაინელებს ჯერ პოლონელები და შემდეგ, დიდი ალბათობით, ნატოს სხვა ქვეყნებიც გადასცემენ Leopard 2A4 მოდიფიკაციას და ამიტომაც აჯობებს, მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები განვიხილოთ.

55-ტონიან Leopard 2A4 მოდიფიკაციის ტანკს უყენია 1 500 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის 12-ცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავა, რაც ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალური, 68 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა.

უკუსვლის მაქსიმალური სიჩქარეც შთამბეჭდავია - 31 კმ/სთ, რასაც ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სატანკო დუელების დროს, გასროლის შემდეგ საცეცხლე პოზიციების რაც შეიძლება სწრაფად შეცვლისთვის.

ადგილზე 360 გრადუსით მოსატრიალებლად ამ "ლეოპარდს" 10 წმ-იც კი ჰყოფნის.

"ლეოპარდის" კოშკურაში დამონტაჟებულია 44 კალიბრის სიგრძის 120 მმ კალიბრის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი ქვემეხი, რომლიდანაც გასროლილ ქვეკალიბრის ჯავშანგამტან ჭურვს 2 კმ-ის ფრენის შემდეგ 560 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

თავად "ლეოპარდის" ჯავშანი კი 1,5 კმ-იდან ნასროლ საბჭოთა/რუსულ 125 მმ-იან სატანკო ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვის მოხვედრას უძლებს.

Leopard 2A4 მოდიფიკაციის ტანკის სერიული წარმოება 1985-92 წლების შუალედში მიმდინარეობდა და მასში დამონტაჟებულია იმ დროისთვის ულტრათანამედროვე, ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა, თბოვიზური სამიზნეები, ტიტანისა და ვოლფრამის მაღალმდგრადი ლითონების შემცველი ახალი კოშკურა, ხოლო საბრძოლო მარაგი შეივსო უფრო ძლიერი ჯავშანგამტანი ჭურვებით.

გერმანული ტანკის - Leopard 2A4 მოდიფიკაციის საბრძოლო შესაძლებლობებს რუსი სამხედროები Т-90М ტანკით მხოლოდ დღეს მიუახლოვდნენ, თუმცა უკრაინის ფრონტის ხაზზე რუს ოკუპანტებს ასეთი თანამედროვე Т-90М არაუმეტეს 30 ერთეული თუ ეყოლებათ მაშინ, როდესაც, მონდომების შემთხვევაში, ნატოს წევრ ქვეყნებს ერთ-ორ თვეში უკრაინის არმიის არსენალი რამდენიმე ასეული "ლეოპარდით" შეუძლიათ გაამდიდრონ...

2-leopardi-1673526124.png
აუფეთქებელი ტანკები არ არსებობენ - კოშკურამომძვრალი თურქების „ლეოპარდი“ სირიაში...

არავინ წარმოიდგინოს, რომ გერმანული "ლეოპარდები" აუფეთქებელია...

აუფეთქებელი ტანკი არ არსებობს და ამ "ლეოპარდებსაც" აფეთქებენ - მაგალითად, ავღანეთში ნატოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დროს დანიამ ექვსი, ხოლო კანადამ კი - სამი "ლეოპარდი" დაკარგა, ხოლო სირიის სამოქალაქო ომში თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ერთ დღეში(!) ათი "ლეოპარდი" გაუნადგურეს...

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას შეიძლება, თავის "ჩელენჯერ-2"-ები გადასცეს, ამერიკელები ჯერ კიდევ ფიქრობენ "აბრამსების" უკრაინაში გაგზავნას, მაგრამ ამ "სატანკო ზოოპარკის" შექმნას (რისი ლოჯისტიკური მომსახურება ურთულესი იქნება), აჯობებდა, ძირითადად, სწორედ "ლეოპარდები" გაეგზავნათ, თუნდაც იმიტომ, რომ "აბრამსების" აირტურბინიანი ძრავების მომსახურება დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც უკრაინელ ტანკისტებს კარგად მოეხსენებათ საბჭოთადროინდელი აირტურბინიან Т-80-თან დაკავშირებული პრობლემებით...