"როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და ვინ უნდა იყოს გარანტორი?" - The New York Times - კვირის პალიტრა

"როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და ვინ უნდა იყოს გარანტორი?" - The New York Times

"ომი როცა დასრულდება, უკრაინა, სავარაუდოდ, გარანტიებს მოითხოვს, რომ რუსეთმა მასზე თავდასხმა ვეღარასოდეს გაბედოს. არის თუ არა ამ მხრივ რამე ისეთი ვარიანტი, ნატოს სრულუფლებიანი წევრობის გარდა, რომელიც კიევს დააკმაყოფილებს და მოსკოვს შეაკავებს?" - ეს საკითხია განხილული აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "რას ნიშნავს უკრაინისათვის "უსაფრთხოების გარანტიებით" უზრუნველყოფა" (ავტორი - სტივენ ერლანგერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ადრე თუ გვიან უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდება და ომი დასრულდება. როდის და როგორ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი იქნება - როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და ვინ უნდა იყოს გარანტორი?

პასუხები ამ კითხვებზე რთულია - გააჩნია, როგორ დასრულდება კონფლიქტი, მაგრამ უკვე აშკარაა - თუ რუსეთის სრულ კრახს და დამარცხებას გამოვრიცხავთ, თუ უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, ყველა სხვა სიტუაციაში ნებისმიერი გარანტია არასრული და მყიფე აღმოჩნდება. არადა, გარანტიების გარეშე დანგრეულ ქვეყანაში ვერც ერთ ინვესტორს ვერ შეიტყუებ აღსადგენად, თუ ის დარწმუნებული არ იქნება, რომ ომი აღარ განახლდება.

ბევრი რამ არის დამოკიდებული დასავლეთზე, რომელსაც, ერთი მხრივ, უკრაინის დაცვა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, აჩვენებს, რომ მზად არ არის კიევისათვის იბრძოლოს და ომში პირდაპირი ჩარევა არ სურს, ერიდება მოსკოვთან სამხედრო კონფრონტაციას. დასავლეთი კომპრომისულ კურსს ატარებს: შეაკავოს რუსეთი და არ მოახდინოს კრემლის პროვოცირება.

"ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას წინ მთელი რიგი სარისკო სიტუაციები ელოდება", - თვლის ნატალი ტოჩი, რომის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი. მისი თქმით, თუ უკრაინა მოახერხებს და იმ ტერიტორიებს მაინც დაიბრუნებს, რომლებიც კიევმა გასული წლის თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად დაკარგა, მას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან იმავე წუთს კომპრომისებზე დაუწყებენ ლაპარაკს: - კიევო, აბა, ახლა შენც რაღაც უნდა დათმო და კომპრომისზე უნდა წახვიდე! ვერ ხედავ, შენ გამო რამდენი ხარჯი და დანაკარგი გვაქვსო? მაგრამ ამის სანაცვლოდ", - ამბობს ნატალი ტოჩი, - "უკრაინა სრულიად ბუნებრივად მოითხოვს მტკიცე გარანტიებს უსაფრთხოების სფეროში, რასაც დასავლეთის პოზიციაში განხეთქილების შეტანა შეუძლია: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა უკრაინას ნატოში ეპატიჟება, დასავლეთევროპელი მოკავშირეები კი ჯიუტობენ და უკრაინის ალიანსში მიღებას თავს არიდებენ.

რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, რომ ნატომ და ევროკავშირმა უკრაინას დიდი ხნის წინ აღუთქვეს წევრობა, მაგრამ რადგანაც მიღების კონკრეტული თარიღი დაზუსტებული არ არის, შესაბამისად, არ არსებობს იმის მტკიცე რწმენა, რომ დაპირება შესრულებული იქნება. სხვათა შორის, სწორედ კიევის სწრაფვამ დასავლური ინტეგრაციისაკენ ბევრად განაპირობა ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ჯარის შეყვანა.

ვიდრე ძალაში რჩება ტერიტორიული დავები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, უკრაინა ერთსულოვან მხარდაჭერას მიიღებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გასაწევრებლად. კონსენსუსის გარეშე მიღება კი ამ ორივე ორგანიზაციაში შეუძლებელია".

"იმას, თუ როგორ დასრულდება ომი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება", - თვლის ექსპერტი თომას კლაინე-ბროკჰოფი, ავტორი სტატიის, სადაც ფართოდ არის განხილული უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლამდე იყო დარღვეული - ყირიმის ანექსიით, ამიტომ ომის ოპტიმალური და პოზიტიური შედეგი ის უნდა იყოს, რომ უკრაინამ მთლიანი ტერიტორია დაიბრუნოს. სამწუხაროდ, ეს გარანტირებული არ არის.

"რუსეთის სრული დამარცხების შემთხვევაში, ჩვენ წინაშე უკვე სხვანაირი რუსული სახელმწიფო იქნება - ყირიმის პრობლემა გადაიჭრება და უკრაინას ნატოშიც მიიღებენ. კიევის ალიანსში გაწევრება ერთგვარი ბარიერი იქნება ყველა სხვა რუსი ლიდერისათვის, რომელიც რევიზიონისტულად იმოქმედებს და წინამორბედების იდეებს დაუბრუნდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინის სრული გამარჯვებისა და რუსეთის სრული დამარცხების ფასი უკიდურესად მაღალი იქნება. იბადება კითხვა - როგორ უნდა იცხოვრონ მეზობლებმა სამომავლოდ გვერდიგვერდ?", - ამბობს თომას კლაინე-ბროკჰოფი.

ამასთან, რუსეთის სრულმა დამარცხებამ, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის პოზიციებს შელახავს, შეიძლება მოსკოვის მხრიდან ესკალაცია გამოიწვიოს [ბირთვული იარაღის გამოყენების სახით], ამ რისკზე წასვლა არც ჯო ბაიდენს და არც სხვა ქვეყნების ლიდერებს არ სურთ.

თუ პუტინის ხელისუფლება დაემხობა, ევროპის მნიშვნელოვანი სახელმწიფოები, უპირველესად კი - საფრანგეთი და გერმანია, შეშფოთდებიან, რადგან მათ კარგად იციან, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია რუსეთში გამეფებულ ქაოსს, თანაც ისეთ რუსეთში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ეს უფრო უარესი იქნება, ვიდრე მე-17 საუკუნის დასაწყისის რუსეთის მდგომარეობა - ანარქიის, უკანონობისა და გაურკვევლობის ეპოქა - ე.წ. არეულობის ხანა.

კიევი ყველა იმ დაპირებას, რომელიც ნატოს წევრობას არ გულისხმობს, ცარიელ სიტყვებად თვლის და ამაში უკრაინა გარკვეულწილად მართალია. მსგავსი რამ უკვე იყო: 1994 წელს იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე, მას აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აღუთქვეს, რაც ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმში დაფიქსირდა... თუმცა, რადგანაც ეს დაპირება არანაირი ვალდებულებით არ იყო განმტკიცებული, მემორანდუმი ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა და უსარგებლო დოკუმენტად გადაიქცა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი შეეცადა ამ საკითხში კომპრომისი მოენახა, კიევთან ერთად შემუშავებული უსაფრთხოების შეთანხმების პროექტით, რომლის შექმნაში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც მონაწილეობდა. შეთანხმების მიზანია, უზრუნველყოს ერთგვარი სავარაუდო ჰიბრიდის შექმნა 1994 წლის დაპირებასა და ნატო/ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას შორის. მისი ძირითადი რეკომენდაცია ასეთია:

დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინა ისეთ კბილებამდე შეიარაღებულ ქვეყნად, ერთგვარ ეკლიან ზღარბად თუ მაჩვად გადააქციონ, რომლის გადაყლაპვას რუსეთი თუ მოისურვებს, ყელში გაეჩხიროს და დაიხრჩოს. ამისათვის ყოფილი გენერალური მდივანი დასავლელ ქვეყნებს უკრაინასთან ხანგრძლივი "სტრატეგიული პარტნიორობისაკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ ათწლეულის განმავლობაში უკრაინა მიუდგომელ ციტადელად გადაიქცევა და თვითონვე შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. ანდერს ფოგ რასმუსენმა თავისი წინადადება აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთდამოკიდებულებას შეადარა, - მათ შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა არსებობს, მაგრამ ოფიციალური ხელშეკრულების გარეშეო.

ანუ, ფაქტობრივად, შეთავაზებულია ნატოსთან კავშირი ალიანსის წევრობის გარეშე: არა იმდენად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რამდენადაც მოსკოვის შეკავების სერიოზული ფაქტორი. "მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ნატოს წევრობის გარეშე დასავლეთს უკრაინასთან აქტიური თანამშრომლობა პერმანენტულად და გაურკვეველი ვადით მოუწევს, რაც რისკებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნავს თომას კლაინე-ბროკჰოფი.

სხვების აზრით, კარგი იქნება, თუ ცალკეული მოკავშირეები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი - ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთ ჯარებს შეიყვანენ. ეს შეიძლება ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო კონტინგენტებს შევადაროთ ალიანსის იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.

მაგრამ მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნას იმ ქვეყანაში, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მოსკოვი მორიგ პროვოკაციად ჩათვლის და იმის კიდევ ერთ მტკიცებულებად, რომ ნატო ცდილობს, უკრაინა თავისი გავლენის სფეროდ გადააქციოს.

გადამდგარი გენერალი ფედერიკ ბენ-ჰოჯესი, რომელიც წინა წლებში აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალი იყო, აღნიშნავს, რომ გასული წლის თებერვლამდე ამერიკას, კანადას და სხვა ქვეყნებს უკრაინაში თავიანთი სამხედრო ინსტრუქტორების კონტინგენტი ჰყავდათ ქვეყნის არმიის გაწრთვნის მიზნით, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გაიყვანეს. და თუ ისევ შეიყვანენ, როგორი იქნება მათი ამოცანა - იგივე თუ განსხვავებული? თვითონ ბენ ჰოჯესი თვლის, რომ უკრაინას ამერიკამ ამ ეტაპზე შორი მოქმედების იარაღი უნდა მიაწოდოს, რომელიც კიევს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად დაეხმარება, ყირიმის ჩათვლით, რაც სავარაუდოდ, აგვისტომდე შეიძლება განხორციელდეს.

"უკრაინა მანამ არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყირიმს რუსეთი აკონტროლებს", - თქვა გადამდგარმა გენერალმა. მისი აზრით, ყირიმისადმი კონტროლი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, დაბლოკოს აზოვის ზღვაში შესასვლელი ქერჩის სრუტე, მოახდინოს მარიუპოლისა და ბერდიანსკის ნავსადგურების იზოლირება, იბატონოს შავი ზღვის აკვატორიაში. გარდა ამისა, რუსეთის ბატონობა შავ ზღვაზე ხელს უშლის უკრაინის ექსპორტის განხორციელებას, მისი ეკონომიკური ზონის გამოყენებას, ზღუდავს თევზჭერას და გაზის საბადოების ძიებას.

ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია ისაა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს და თუ რუსეთი ამას არ დაეთანხმება, კრემლი უნდა აიძულონ. "რუსეთისათვის რამე შეღავათის მიცემა არ შეიძლება, მას ტერიტორიული მოგება და გავლენა არ უნდა ჰქონდეს".

მაგრამ არიან ექსპერტები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ პერსპექტივას. მაგალითად, როგორც კამილ გრანდი (იგი ადრე ნატოს გენმდივნის თანაშემწედ მუშაობდა, ახლა კი ევროპის საბჭოს თანამშრომელია) ამბობს, კონფლიქტი დასრულდება იმით, რომ რუსეთი ნაწილობრივ თავისას მაინც მიაღწევს: "კრემლის სრული დამარცხება და უკრაინის ნატოში გაწევრება - ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია, თანაც - ყველაზე ოპტიმისტური [რაც შეიძლება არ განხორციელდეს]".

ამასთან, კამილ გრანდი თვლის, რომ ომის შემდეგ უკრაინას ევროპაში ყველაზე მეტად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანი არმია ეყოლება. ასე რომ, თუ უკრაინა ალიანსში გაწევრდება, უკრაინის არმია იქნება ნატოს უსაფრთხოების გარანტი და არა - პირიქით.

"ისე, კაცმა რომ თქვას, გარკვეული თვალსაზრისით, უსაფრთხოების გარანტიების იდეა გარკვეულწილად მოძველდა", - ამბობს სტეფანო სტეფანინი, ყოფილი იტალიელი დიპლომატი რუსეთში და იტალიის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში. "უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტიას ნატოს წევრობა წარმოადგენს, მაგრამ ესეც შეფარდებითი და სარისკოა: ვთქვათ და მოწინააღმდეგემ მისი გამოცდა გადაწყვიტა, რა მოხდება? დღესაც კი, როცა ომია, ნატოს წევრები უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებენ და გგონიათ, რომ მომავალში გაგზავნიან?" - აღნიშნავს სტეფანო სტეფანინი და იქვე დასძენს: - "უკრაინა ნატოს წევრი რომც გახდეს, კიევს უნდა ახსოვდეს, რომ ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა და მას სამოქმედო შეზღუდვებიც აქვს".

თუმცა სათანადოდ უნდა შეფასდეს დიპლომატთა "გამომგონებლობა და ეშმაკობები". სტეფანინის თქმით, "არ არის გამორიცხული ვარიანტი, როცა მოლაპარაკების შედეგად უკრაინა ნეიტრალური გახდეს, მაგრამ - განიარაღების გარეშე". მან პარალელი გაატარა დეიტონის შეთანხმებასთან, რომლითაც ბოსნიის ომი დასრულდა: "ეს იყო მოუქნელი აკრობატიკა, რომელმაც მხოლოდ საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა [საფრთხე კი დარჩა]. ალბათ, ასევე დასრულდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიც.

თუმცა სტეფანო სტეფანინი იმედს მაინც იტოვებს: "მართალია, რომელიმე მხარის უსიტყვო კაპიტულაცია ან სრული გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა", - ამბობს იტალიელი ექსპერტი, - "მაგრამ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან დიპლომატები მაინც გამოავლენენ თავიანთ გამჭრიახობას და უკრაინას პერსპექტივაში მშვიდობითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფენ". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ