კა-გე-ბეს “ოპერატიული კომბინაციები” და ხაფანგში გაბმული ქართველი დისიდენტები: რატომ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე?
დღეს მკითხველს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ - 1975-1978 წლების პერიოდზე, მათ შორის “სატელევიზიო მონანიებისა” და ქართველი დისიდენტების “საჩვენებელი სასამართლო პროცესების” შესახებ უნდა მოვუთხრო.
არ გაგიკვირდეთ, თითქმის ნახევარსაუკუნის წინანდელ მოვლენებს რომ გახსენებთ. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, 1975 წლის გაზაფზულზე კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილმა და განხორცელებულმა ერთმა სპეცოპერაციამ (რომელიც მაშინ შედარებით მცირე მიზანს, ქართველი დისიდენტების განეიტრალება-გადაბირებას ისახავდა), მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორ? ამას მალე შეიტყობთ. უფრო მეტიც, საბჭოთა კა-გე-ბეს ამ ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული ოპერატიული კომბინაციების შედეგად მიღებული შედეგები (დისიდენტური მოძრაობის გახლეჩა, პიროვნული დაპირისპირების პროვოცირება და ეროვნული მოძრაობის ყველაზე რადიკალური ფრთის გამარჯვება) საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემდგომ აქტიურად იყო გამოყენებული აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამხედრო დაპირისპირების პროვოცირებისთვის, ასევე ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის ინსპირაციისათვის. საქართველოში დღეს მიმდინარე „პოლიტიკური ცირკიც“ 70-80 წლებში სუკის მიერ დაგეგმილ-განხორციელებული სპეცოპერაციების გაგრძელებაა (ალბათ გახსოვთ მაშინ „ეროვნულ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ამსახველი ფარული ჩანაწერების მუდმივი ტრიალი ტელევიზიით).
ჩემ მიზანს არ წარმოადგენს ძველ ან ახალ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმა და მტყუან-მართალის გარკვევა. მე მხოლოდ ზემოაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებულ, კა-გე-ბეში დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიული კომბინაციების შესახებ მოსაზრებებსა და სრულიად საიდუმლო საარქივო დოკუმენტების ანალიზს გაგაცნობთ. დასკვნები კი თავად მკითხველმა გააკეთოს.
რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, სპეცსამსახურისთვის უფრო იოლია იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოში დღეს ბევრი ოპერატიული მიზნით შექმნილი პარტიაა. მათგან ბევრი გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მემკვიდრეობით ერგო დღევანდელ სპეცსამსახურებს (როგორც ჩვენს, ასევე რუსეთის). ამ პარტიების მოქმედების დეტალური სცენარები სპეცსამსახურებში, რომ იწერებოდა და იწერება, დღესავით ნათელია. ჯერ კიდევ საბჭოთა სუკ-ის მიერ მაშინ შექმნილი ან თუნდაც ახლად წამოჩიტული “ნორჩი” პარტიები რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლით მოქმედებდნენ და მოქმედებენ. ჩანს, რომ არც ჩვენები აკლებენ ხელს.
პოლიტიკური პარტიების სიმრავლეს და სიჭრელეს კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა ერთი დასაფიქრებელი გარემოება - ვიცით კი ვინ აფინანსებს და რეალურად ვინ დგას რომელიმე პოლიტიკური პარტიის უკან? ხშირად თვით პოლიტელიტამაც არ იცის თუ საკუთარი მოქმედება-უმოქმედობით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს.
ვისი აგენტურა მოქმედებს დღეს ყველაზე აქტიურად საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში? - სწორედ ესაა ის დიდი საიდუმლო, რომლის გარკვევის გარეშე ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობაზე საუბარი მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.
1950 იანი წლების ბოლოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმს, უპირველესად კი მის იდეოლოგიურ საფუძვლებს, უმძიმესი პერიოდი დაუდგა. ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ “პიროვნების კულტის” პროცესის ინიცირებამ და შერჩევითმა სამართალმა (როდესაც რეპრესიების ავტორებად მხოლოდ სტალინი და ბერია გამოიყვანეს) საბჭოთა კავშირს ერთგული მოკავშირეები (უპირველესად ჩინეთი) დააკარგვინა და ე.წ “სოციალისტურ ბანაკშიც” პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი გახდა. ქვეყნის შიგნით კი “დათბობის ხანა” მოქალაქეებმა რეპრესიების დასასრულად, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებად მიიჩნიეს და მეტი თავისუფლება მოისურვეს.
სტალინის მარწუხების გაქრობის შემდეგ, 1960 იანი წლების დასაწყისში, საბჭოელები “თავისუფლების ეიფორიაში” იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით მეცნიერებმა და ხელოვნების ხალხმა “გაილაღეს”: იქმნებოდა ავანგარდისტული ნახატები, იწერებოდა და იბეჭდებოდა (!) ისეთი შინაარსის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, რომელთა გამო “დიდი ბელადის” ეპოქაში დახვრეტა არავის აცდებოდა. მეცნიერები “პიროვნების კულტის” კრიტიკიდან თანდათან საბჭოთა სისტემის კრიტიკაზე გადავიდნენ... მოკლედ, “კომუნიზმის” აშენებას ვინ ჩიოდა, “სოციალიზმიც” თავზე ენგრეოდათ.
თუმცა რეჟიმის ერთგული “ცერბერი” - კა-გე-ბე ფხიზლად იყო. მათი ინიციატივით თავდაპირველად კანონმდებლობა გაამკაცრეს და სისხლის სამართლის კოდექსში “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა” იმდენად ოდიოზური მუხლი გახდა, რომ სრულიად უწყინარი ანეკდოტისათვისაც კი ციხე და გადასახლება გარანტირებული იყო. 1961 წლის 31 მაისს დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი ამგვარად “იმუქრებოდა” - “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა”:
“აგიტაცია ან პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების ძირის გამოთხრის ან შესუსტების ან ცალკეული განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მიზნით, გავრცელება იმავე მიზნით ცილისმწამებლური მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ წესწყობილებას, აგრეთვე იმავე მიზნით ასეთივე შინაარსის ლიტერატურის გავრცელება, დამზადება ან შენახვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსი თვიდან შვიდ წლამდე და გადასახლებით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე. იგივე ქმედება, რომელსაც ჩაიდენს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისთვის წინათ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე რომელიც ჩადენილია ომიანობის დროს , - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ათ წლამდე და გადასახლებით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე “.
ანალოგიური სადამსჯელო სამართლებრივი ნორმები მოქმედებდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც. ასე რომ საკუთარი აზრის გამოხატვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად დარჩა - ისევე, როგორც სტალინის დიქტატურის დროს.
1960 იანი წლების მეორე ნახევარიდან საბჭოთა კავშირში ჩატარებული “დისიდენტებისა” და “ნაციონალისტების” სასამართლო პროცესები მხოლოდ იმით განსხვავდებოდა 1937-1938 წლების ავადასახსენებელი სასამართლო პროცესებიდან, რომ ხრუშჩოვ-ბრეჟნევის ეპოქაში განსხვავებული აზრისთვის სიკვდილით არ სჯიდნენ. სხვა დანარჩენი კი უცვლელი იყო: წინასწარ დაწერილი სცენარი; აღირებითი ჩვენება და არანაირი სხვა მტკიცებულება; “ჯიბის მოწმეები”, “კარგად დამუშავებული” ბრალდებული, რომელიც სხვებსაც “წაიყოლებდა” და ა.შ.
გარე და შიდა ოპონენტების “იდეოლოგიური შეტევების” მოსაგერიელებლად სუკ-ის ახლად დანიშნული თავმჯდომარის, იური ანდროპოვის წინადადებით 1967 წლის 25 ივლისს მე-2 მთავარ სამმართველოს (კონტრდაზვერვა) გამოეყო და ცალკე შეიქმნა მე-5 ( “იდეოლოგიურ დივერსიებთან ბრძოლის”) სამმართველო, მისი მთავარი ამოცანა თავისუფალი აზრის მქონეთა (რომელთაც ხშირად “სხვაგვარადმოაზროვნეებსა” და “უფლებადამცველებსაც” უწოდებდნენ) წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მისი სტრუქტურა ამგვარი იყო:

იური ანდროპოვი, საბჭოთა სუკ-ის შეფი 1967-1982 წლებში.
1 განყოფილება (მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება, ტელევიზია და რადიო, სამედიცინო დაწესებულებები და სპორტი); მე-2 განყოფილება (ემიგრაცია, ნაციონალიზმი, იდეოლოგიური დივერსიის უცხოური ცენტრები); მე-3 განყოფილება ( უმაღლესი სასწავლებლები); მე-4 განყოფილება (რელიგია) ; მე-5 განყოფილება ( ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება , ტერორიზმთან ბრძოლა); მე-6 განყოფილება (საინფორმაციო- ანალიტიკური). შემდეგ წლებში მე-5 სამმართველოს სტრუქტურამ ამგვარი ცვლილებები განიცადა: 1969 წლის აგვისტოში შეიქმნა მე-7 განყოფილება (ტერორიზმი); 1973 წლის ივლისში შეიქმნა მე-8 განყოფილება (სიონიზმი). 1974 წლის მაისში შეიქმნა მე-9 განყოფილება (ანტისაბჭოთა ორგანიზაციები), მე-2 განყოფილება ორ ნაწილად დაიყო: მე-2 (ნაციონალიზმიი , უკრაინული და ბალტიისპირეთის ემიგრანტული ორგანიზაციები) და მე-10 განყოფილებად (დანარჩენი ემიგრანტული ორგანიზაციები). 1977 წლის ივნისში შეიქმნა მე-11 განყოფილება (ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 1980 წლის შემდეგ - სპორტი, მედიცინა, მეცნიერება). 1982 წლის თებერვალში შეიქმნა მე-13 განყოფილება (არაფორმალური ახალგაზრდული მოძრაობები) და მე-14 განყოფილება (მედია და ტელევიზია). 1983 წლის ნოემბერში შეიქმნა მე-15 განყოფილება (სპორტული საზოგადოება "დინამო"). როგორც ხედავთ საბჭოთა უშიშროება ცდილობდა გაეკონტროლებინა საბჭოთა კავშირის მოქალაქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო.
მე-5 სამმართველოს 1969-1983 წლებში საბჭოთა ინტელეგენციის ყველაზე დიდი „მესაიდუმლე“ გენერალი ფილიპ ბობკოვი ხელმძღვანელობდა.

ფილიპ ბობკოვი
ანალოგიური მიზნებით მოკავშირე რესპუბლიკებში შეიქმნა მე-5 განყოფილებები (უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სსრ-ს გარდა, სადაც მე-5 სამმართველოები მოქმედებდა), სადაც უკვე ქვეგანყოფილებები ახორციელებდნენ ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობას ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით. ასე რომ გასული საუკუნის 60 იანი წლების ბოლოს “სხვაგვარადმოაზროვნეთა” და “უფლებადამცველთა” დასჯისთვის იურიდიული ბაზა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის სახით მზად იყო, ასევე შექმნილი იყო მთავარი სადამსჯელო სტრუქტურაც, სუკ-ის “იდეოლოგიური სამმართველოს” სახით. ახლა საჭირო იყო “ყველაზე უმნიშვნელო” პროცესის ინიცირება: საბჭოთა მოქალაქეების პროვოცირება (წაბიძგება) კანონმდებლობის (ანუ 71-ე მუხლის) დარღვევისკენ და „სხვაგვარადმოაზროვნეთა“ გამოვლენა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მრავალი ღია და ფარული “ოპერატიული კომბინაცია”.
“ოპერატიული კომბინაცია” სპეცსამსახურის ოპერატიული მუშაობის ერთ-ერთი მეთოდი და რამდენიმე საიდუმლო ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული ღონისძიების ერთობლიობაა (კომბინაცია), რომელთაც ერთი სტრატეგიული მიზანი აკავშირებთ.
“ოპერატიული კომბინაციის” დაგეგმვა, მიმდინარეობა, კოორდინაცია და კონტროლი ერთი ცენტრიდან ხორციელდება. “ოპერატიული კომბინაცია” ნიღბავს სპეცსამსახურის რეალურ მიზანს და ხელოვნურად ქმნის ისეთი პირობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დასახული ოპერატიული ამოცანების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტას. ეს მეთოდი გულისხმობს ფარულ ზეგავლენას დამუშავების ობიექტზე და მის კავშირებზე, რათა სიტუაციების მოდელირებით შექმნას სპეცსამსახურისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოება.
რამდენიმე მცირე ღია და ფარული “ოპერატიული კომბინაცია”, როგორც წესი, არის ერთი, რთული ტაქტიკური კომბინაციის ნაწილი, მისი სტრუქტურული ელემენტი. ამ დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური ოპერაციების რიგითობა და ყველა მათგანი ერთიანი გეგმით განსაზღვრულ დროში უნდა განხორციელდეს. უნდა აღინიშნოს, რომ “ოპერატიული კომბინაციას”, როგორც კონკრეტული მიზნის მიღწევის მრავალსვლიანი და მრავალფეროვანი ოპერაციების ერთობლიობას, მსოფლიოს ყველა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს. თუმცა წარმატებას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვისაც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოპერაციებისთვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსები გააჩნიათ.
უნდა ვაღიაროთ, რომ კა-გე-ბეს შეფი, იური ანდროპოვი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა “ოპერატიული კომბინაციების” სცენარებს და მათ, როგორც “უცხოელი იმპერიალისტების”, ასევე “შინაური დისიდენტების” წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ფორმად განიხილავდა.
1960-1990 იან წლებში “უცხოეთის მტრული იდეოლოგიის შემოტევებისაგან” ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საბაბით კა-გე-ბე თვითონ ქმნიდა „კონსპირაციულ ორგანიზაციებსა“ და „პოლიტიკურ პარტიებს“, პოლიტიკური და სოციალური პროტესტების შირმით ახდენდა მოქალექეთა პროვოცირებას “დისიდენტურ” პროცესებში ჩასართავად. კა-გე-ბემ ძირითადად 1960-იანი წლების ბოლოდან დაიწყო საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ სხვადასხვა ოპერატიული კობინაციების დაგეგმვა (ანუ “ხაფანგების დაგება“) და განხორციელება.
1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მოსკოვი წარმატებით ნერგავდა თავის აგენტურას საქართველოში მოქმედ არალეგალურ დისიდენტურ ჯგუფებში. მართალია, ყველა ძირითად “შავ” ოპერატიულ სამუშაოს სახელმწიფო უშიშროების ადგილობრივი კადრები ასრულებდნენ, მაგრამ მოსკოვი მათ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და საკავშირო სუკ-იდან მიჩენილი თანამშრომლების მეშვეობით მკაცრად აკონტროლებდა (იმიტომ, რომ „ცენტრი“ ქართველ „ჩეკისტებს“ ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, უკრაინელი თუ სომეხი ეროვნების „ჩეკისტებისგან“ განსხვავებით) მათ მოქმედებებს. შედეგად მოსკოვს დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს დისიდენტურ, შემდეგ კი, ეროვნულ მოძრაობაში გაერთიანებული პარტიების, მათი ლიდერებისა და თვით ცალკეული წევრების შესახებაც.
(პირველი ნაწილის დასასრული)