სოლედარის დაცემა ხომ არ ჩამოშლის უკრაინელების ფრონტს დონბასში? - კვირის პალიტრა

სოლედარის დაცემა ხომ არ ჩამოშლის უკრაინელების ფრონტს დონბასში?

13 იანვრის ოპერატიული ინფორმაციების თანახმად, ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული ქალაქ სოლედარის დაკარგვა უკრაინის არმიის მიერ, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით საქმე ამისკენ მიდის ან უკვე მისულია...

ამ მომენტში სოლედარის დარჩენილ უბნებში ბრძოლებზე მნიშვნელოვანი იმ უკრაინული დანაყოფების, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოყვანაა, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან სოლედარის ქუჩებში.

გასული წლის 3 აგვისტოდან დაწყებული ხუთთვიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ძლივს, მაგრამ მაინც მოახერხეს სულ რაღაც ათი ათასკაციანი ერთი პატარა უკრაინული ქალაქის დაპყრობა, რასაც კრემლისთვის სამხედროზე მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს, რათა რუსეთის მრავალმილიონიან ურა-პატრიოტებს დაანახოს, რომ ომის ბოლო ნახევარ წელში ერთი უკრაინული ქალაქის დაპყრობა მაინც მოახერხა...

სამხედრო თვალსაზრისით კი ჩნდება კითხვა - სოლედარის დაცემა და ამის შემდეგ ბახმუტის შესაძლო ალყაში აღება ხომ არ გააჩენს უკრაინის თავდაცვითი ფრონტის ხაზის ჩამოშლის საფრთხეს დონბასის მიმართულებაზე?

თუ რას ნიშნავს ფრონტის ხაზის ჩამოშლა, რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე მწარედ გასული წლის სექტემბერში თავის თავზე იწვნიეს, როდესაც ხარკოვიდან ლუგანსკის მიმართულებაზე რამდენიმე დღეში, ერთმანეთის მიყოლებით მოუწიათ მანამდე დაპყრობილი ბალაკლეიას, იზიუმისა და კუპიანსკის დათმობა...

დასავლური წყაროების მიერ შედგენილ ამ ოპერატიულ რუკაზე ასახულია ფრონტის ხაზი დონბასის მიმართულებაზე 12 იანვრის მდგომარეობით.

2-bsa-1673613031.png
12 იანვრის ამ ოპერატიულ რუკაზე გამოსახულია რუსი ოკუპანტების მიერ სოლედარზე შეტევის მიმართულებები, რის შემდეგაც ისინი ბახმუტს ჩრდილოეთი მხრიდან შემოუბრუნდებიან...

მართალია, ფრონტის ამ მონაკვეთში ოპერატიული სიტუაცია, სოლედარში ბრძოლებიდან გამომდინარე, სწრაფად იცვლება, მაგრამ ეს რუკა მაინც, ძირითადად, ასახავს, თუ რა მდგომარეობაა დღეს ბახმუტის გარშემო.

სოლედარის აღების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩრდილოეთიდან შემოუბრუნდებიან ბახმუტს, რომლის დაცვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - სოლედარის იყო.

მოწინააღმდეგე ბახმუტს ისედაცაა მიმდგარი დასავლეთიდან და ნაწილობრივ -სამხრეთ მიმართულებიდანაც და ამას თუკი ჩრდილოეთიდანაც დაემატა იერიშები, ბახმუტის დამცველების მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო გახდება.

ნებისმიერი თავდაცვითი (ისევე, როგორც შეტევითი) ოპერაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე ანუ რამდენად დროულად და საჭირო რაოდენობით ეწოდება ზურგიდან მეომრებს საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა თუ საკვები და რამდენად ორგანიზებულია დაჭრილების სწრაფი გაყვანა და შესაბამისად - დამატებითი ძალების მიშველება.

მარიუპოლის დამცველებმა კი იბრძოლეს ბოლომდე, გმირულად, მაგრამ იმის გამო, რომ სრულ ალყაში იყვნენ მოყოლილები, ხოლო უკრაინის არმიის უახლოესი პოზიციები ას კმ-ზე შორს იმყოფებოდა და მათ ვერაფრით დაეხმარებოდნენ, რადგან ეს ასი კმ ბრძოლებით იყო გადასალახი ღია მინდვრებში და რუსული ავიაციისთვის საუკეთესო სამიზნედ იქცეოდნენ, მოუწიათ იარაღის დაყრა...

ამიტომაც ბახმუტის თავდაცვით ზღუდეებზე მებრძოლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, რომ მოწინააღმდეგემ არათუ ვერ გადაკეტოს „დიდ მიწასთან“, ამ შემთხვევაში კრამატორსკისკენ და სლოვიანსკისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი, არამედ - არ მიეცეს იმის შესაძლებლობაც, რომ არტილერიის საშუალებით, პირდაპირი დამიზნებით ესროლოს ამ გზაზე მოძრავ ტრანსპორტს.

ბახმუტის ჩრდილოეთით, დასახლებული პუნქტიდან, ბერხივკიდან იწყება სლოვიანსკისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომლის გადაჭრასაც, ეტყობა, პირველ რიგში, ეცდებიან რუსი ოკუპანტები დაპყრობილი სოლედარის ქუჩების სრული „გაცხრილვის“ შემდეგ - სოლედარიდან ამ ტრასამდე მხოლოდ ექვსიოდე კმ-ია...

რუსეთ-უკრაინის თითქმის ერთწლიანმა ომმა უკვე ნათლად აჩვენა, რომ ძირითადი ორთაბრძოლები მაინც დასახლებულ პუნქტებში იმართება, რასაც ათობით უკრაინული სოფლისა და ქალაქის სრული განადგურება მოჰყვა.

ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს - ძირითადად, თავდაცვითი ბრძოლების წარმოებისას უკრაინული არმიის დანაყოფები მოწინააღმდეგის შემაკავებელ ზღუდეებს ღია მინდვრების ნაცვლად დასახლებული პუნქტების შენობა-ნაგებობეში აწყობენ, რომ ნაკლები დანაკარგი ჰქონდეთ დაბომბვების დროს, შესაბამისად, რუსი ოკუპანტების არტილერია და ავიაციაც დაუნდობლად ბომბავს ამ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს...

სოლედარი, და მით უმეტეს - ბახმუტი, უკვე სრულ ნანგრევებადაა ქცეული და თუკი უკრაინის არმიას მაინც მოუწია უკან დახევა და ბახმუტის დატოვება, შემდგომი თავდაცვის ზღუდეები, ეტყობა, უკვე ბახმუტიდან ოცდაათიოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკის მიდამოებთან თუ მოეწყობა ანუ კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი აღმოჩნდება რუსეთის დაუნდობელი აგრესიის მსხვერპლი.