"აქ იდეისთვის ვიბრძვი, მწამს, თუ რუსეთი დამარცხდება, საქართველოც შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას" - კვირის პალიტრა

"აქ იდეისთვის ვიბრძვი, მწამს, თუ რუსეთი დამარცხდება, საქართველოც შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას"

რუსებმა უკრაინელებს მძიმე შობა და ახალი წელი გაუთენეს. „ერთმორწმუნეებისთვის“ არც ძველით ახალი წლისთვის დაიშურეს „სიურპრიზები“. თუმცა უკრაინელები და ქართველი მეომრები ყველაფრისთვის მზად არიან. ფრონტის ხაზიდან მებრძოლი-ექიმი ქეთი ლეშკაშელი გვესაუბრება:

- მე ლუგანსკის მიმართულებით ვიმყოფები, ამ მხარეს ყოველთვის იყო შემოტევა, დაბომბვა. ეს არც შობას შეწყვეტილა და არც ახალ წელს. პუტინმა რომ საშობაო ზავი დააანონსა, ჩვენ უფრო მეტად მოვემზადეთ თავდაცვისთვის. ვინც რუს ხალხს იცნობს, მით უფრო - პოლიტიკოსებს, კარგად იცის მათი მზაკვრობის ამბავიც. შობას და ახალ წელს სწორედაც რომ ველოდით რუსეთის სისხლიან მოლოცვას, არც გაუცრუებიათ მოლოდინი. სხვათა შორის, მე დაბადების დღეც მქონდა შობა დღეს.

- ოდნავ განსხვავებულად მაინც თუ აღნიშნეთ ეს დღესასწაული?

- შუქიც კი ვერ ავანთეთ, სწორედ იმის შიშით, რომ სისხლიანი საჩუქარი არ მიგვეღო რუსებისგან. პატარა ორიგინალური ნაძვის ხე გვაქვს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.

320705560-3362475900745517-5106950730214186977-n-1-1673616450.jpg

- თქვენი საახალწლო სურვილები როგორია, ფრონტის ხაზზე კი ხართ, მაგრამ ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა ხართ, ომის მოგების გარდა, ალბათ, სხვა ოცნებებიც გაქვთ.

- ჩემი ყველა ოცნება, სურვილი, მიზანი - ომში გამარჯვებას უკავშირდება. აქ სხვაზე მართლა ვერაფერზე იფიქრებ. აი, დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი და მერე კარგ რამეებზეც ვიოცნებებ.

- როგორი განწყობით ხართ, ომის მოგების იმედი გაქვთ?

- კი, იმედი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ და ეს ძალიან მალე მოხდება. ჩვენ ისეთი ლიდერი გვყავს...

- პრეზიდენტ ზელენსკის გულისხმობთ?

- დიახ, ეს ადამიანი თითოეული ჩვენგანისთვის სტიმულია. ჩვენ რომ ის ბახმუტში ვნახეთ, მისდამი პატივისცემა გაორმაგდა. მე ერთ რამეზე მწყდება გული, ქართველებს რომ არ გვყავს ასეთი ლიდერი. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება იმას ცდილობს, როგორმე ჩაკლას ქართველებში მებრძოლი სული. რატომ აკეთებენ ამას, მართლა ვერ ვხდები. იცით, ამ ახალი წლის დღეებში ყველაზე მეტად რისი მეშინოდა?! რუსებს კი არა, ჩვენს ხელისუფლებას არ მოეწყო ჩვენთვის „სიურპრიზი“.

13012023-1724-1673616501.48_REC.png

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ გული ძალიან დაგვწყვიტეს, როდესაც უკრაინაში მებრძოლების პატრიოტიზმი, სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დაიწყეს საუბარი. ეს წარმოუდგენელი დარტყმა იყო. რა ფული?! როგორ გვაკადრეს?! გულდასაწყვეტია, რომ საქართველოდან ვიღაცები მემუქრებიან, შეურაცხმყოფელ სიტყვებს მწერენ პირად შეტყობინებებში. მე ნამდვილად არავისი მეშინია, უბრალოდ, გული მწყდება, რომ არსებობენ ქართველები, რომლებსაც მტრების ნაცვლად სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანები სძულთ. მე რას მემართლებიან, გერმანიაში ვცხოვრობდი ომის დაწყებამდე, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ ტყვიისთვის შემეშვირა შუბლი?! მე აქ იდეისთვის ვიბრძვი. მწამს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, საქართველოც შეძლებს ნამდვილი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებას, ასევე, ტერიტორიების დაბრუნებას. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, 2023 წელი რუსეთის ტერორისგან გათავისუფლების წელი ყოფილიყოს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე