"ბიჭუნას იუმორი მაყურებელმა ვერ გაიგო და გამოსვლა სტვენით შეაწყვეტინა" - მსოფლიო კომიკოსის რთული გზა ვარსკვლავობამდე და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ბიჭუნას იუმორი მაყურებელმა ვერ გაიგო და გამოსვლა სტვენით შეაწყვეტინა" - მსოფლიო კომიკოსის რთული გზა ვარსკვლავობამდე და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება

თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსის - ჯიმ კერის ცხოვრება არც თუ ისე მხიარული აღმოჩნდა, როგორც ბევრს წარმოედგინა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელიც მიმიკითა და პლასტიკით, ასევე, იუმორის საოცარი გრძნობით გამოირჩევა, წარმატების მიღწევამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა.

ჯეიმს იუჯინ კერი 1962 წლის 17 იანვარს კანადის ერთ-ერთ ქალაქში - ნიუმარკეტში დაიბადა. მრავალშვილიან ოჯახში ის უმცროსი ბავშვი იყო, ორ დასთან და უფროს ძმასთან ერთად იზრდებოდა. თავდაპირველად მომავალი მსახიობის მშობლები მუსიკით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა საყვარელი საქმე გვერდზე გადადეს, მამა ბუღალტერი გახდა, დედა კი - სახლში ბავშვებს უვლიდა.

მსახიობი მოგვიანებით იხსენებდა, რომ დედას - კეტლინს იპოქონდრია ჰქონდა, სჯეროდა, რომ სხვადასხვა დაავადების სიმპტომები აწუხებდა და ამის გამო ირგვლივ მყოფებს იგი შეშლილიც კი ეგონათ. დედის მდგომარეობიდან გამოსაყვანად და გასართობად პატარა ჯიმმა სასაცილო მიმიკების გამოსახვა და ხუმრობა დაიწყო. პატარა კომიკოსი, დედასთან ერთად, ასე მამის მეგობრებსაც ამხიარულებდა.

11 წლის ასაკში კერი უკვე სერიოზულად ფიქრობდა კომედიური ჟანრის მსახიობობაზე, თუმცა სულ მალე მსახიობის მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - იძულებული გახდა, საცხოვრებლად ფურგონში გადასულიყო. სიდუხჭირეში იუმორისა და სიცილისთვის აღარავის ეცალა. ოჯახის მდგომარეობა შედარებით მაშინ გაუმჯობესდა, როცა მამა საბურავების ქარხანაში ბუღალტრად დასაქმდა. ფურგონში რომ არ ეცხოვრათ, მათ ქარხანასთან ახლოს მდებარე სახლი მიაქირავეს, თუმცა იმ პირობით, თუ ჯიმი ძმასთან ერთად დაცვად იმუშავებდა.

16 წლის ასაკში კერიმ სკოლა მიატოვა და ქარხანაში დასაქმდა, ის აღარც კი ფიქრობდა მსახიობობაზე, თუმცა გაუმართლა და კომიკოსი მაინც გახდა.

„შოუ-ბიზნესში ჩემი კარიერა რომ არ შემდგარიყო, ალბათ, დღესაც ქარხანაში ვიმუშავებდი. ბავშვობაში ვუყურებდი ამ ქარხნებს და ვფიქრობდი, აი, ეს არის ყველაზე კარგი სამსახური-მეთქი, - აღნიშნა მსახიობმა.

პირველად ის სცენაზე 15 წლის ასაკში გამოვიდა, როცა მამამისმა ადგილობრივ კლუბში წაიყვანა. ბიჭუნას იუმორი მაყურებელმა ვერ გაიგო და გამოსვლა სტვენით შეაწყვეტინა. ამ ფაქტმა მომავალ მსახიობზე ძალიან იმოქმედა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

melisa-1673623784.jpg
პირველ მეუღლესთან და შვილთან ერთად

როცა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, კერიმ გადაწყვიტა, ნომერი გაეუმჯობესებინა და ისე წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე, ძალიან მალე ის კლუბში - იუკი-იუკის კომედიურ შოუში ყველასთვის საყვარელ კომიკოსად იქცა და წარმოდგენებში ხელფასსაც უხდიდნენ.

ამ წარმატების შემდეგ კერიმ აშშ-ში წასვლა და ბედის ცდა გადაწყვიტა, თუმცა ის კომედიურ ტელეშოუში ვერ მოხვდა და უკან, კანადაში დაბრუნდა. მან ისევ განაგრძო ადგილობრივ კლუბში გამოსვლა. ახალგაზრდა მსახიობი მალე ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა და მასზე სტატიებიც დაიწერა, ამის შემდეგ კი ის ტელევიზიაშიც მიიწვიეს.

კერი შემდეგ ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და ტელეეთერში სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პაროდიას აკეთებდა.

shviltan-1673623784.jpg
შვილთან ერთად

საკუთარი კომედიური შოუს შემდეგ, მიზანს მიაღწია და 1996 წელს Saturday Night Live სატელევიზიო შოუშიც მიიწვიეს.

რამდენიმე მცირებიუჯეტიანი ფილმის შემდეგ კი კერიმ შეძლო და ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადაიყვანა. მან პირველი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფილმში - „კუპერის მთები“.

მსოფლიო აღიარება და უდიდესი წარმატება კი მოუტანა ფილმმა - „ეის ვენტურა - ცხოველების დეტექტივი“. კრიტიკოსთა დაბალი შეფასების მიუხედავად, ჯიმ კერი მალე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგაზრდა მსახიობად იქცა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის გადაღებისას ბევრი დეტალი არ იყო გათვლილი, ამიტომ კერიმ თავად შექმნა ეის ვენტურას პერსონაჟი, დამახასიათებელი სტილითა და ხუმრობებით. საკულტო პერსონაჟის შესრულებისთვის ფილმის ბიუჯეტმა გამოსვლის შემდეგ 100 მლრდ დოლარი შეადგინა, თუმცა კერის მხოლოდ 350 ათასი დოლარი გადაუხადეს.

jim-1673623784.jpg

იმავე წელს გამოვიდა ფილმები „ნიღაბი“ და „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი“, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა. ფილმ „ნიღბის“ საშუალებით კერიმ მაყურებელს დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილად უდიდესი კომიკოსი იყო. გადაღებისას მისი მეწყვილე კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი - კამერონ დიასი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ კამერონ დიასისა და ჯიმ კერის გარდა, ფილმმა აღიარება მოუტანა საყვარელ ცუგას, სახელად მაქსს, რომელიც ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის გახლდათ. მან მაილოს როლი შეასრულა. ის სცენა, სადაც მაილო ნიღაბს ირგებს, კინემატოგრაფიაში ყველაზე სახალისო სცენად აღიარეს.

2003 წელს, ჰოლივუდის ვარსკვლავმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ყოვლისშემძლე ბრიუსი“, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ფილმი ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კომედიად იქცა.

brus-1673623971.jpg

აღსანიშნავია, რომ ჯიმ კერის შესრულებული ყველა როლი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და სახალისოა. მან მიიღო მონაწილეობა ფილმში - „ყოველთვის თქვი "დიახ“, ასევე, მონაწილეობდა ანიმაციურ ფილმში „საშობაო ისტორია“ და სხვა.

როგორც ცნობილია, მსახიობს ფილმების გაგრძელებებში თამაში არ უყვარს, რადგან თვლის, რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა, „ეის ვენტურაა“.

პირადი ცხოვრება

წარმატებულ კარიერასთან ერთად, საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მსახიობის პირად ცხოვრებას.

1987 წელს მისი პირველი მეუღლე მელისა უომერი გახდა. გოგონა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გაიცნო, ამ პერიოდში მელისა ოფიციანტად მუშაობდა. მალე მათ შვილი - ჯეინ ერინი შეეძინათ. ქორწინება მყარი არ აღმოჩნდა, მსახიობი იძულებული გახდა, განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლისთვის 7 მლნ დოლარი გადაეხადა.

„არ მჯერა ზღაპრების მარადიული სიყვარულის შესახებ. 10 წელი ერთ ადამიანთან - ეს საკმარისზე მეტია“, - აღნიშნა მსახიობმა.

განქორწინებამ დიდი გავლენა მოახდინა მსახიობზე, მას დეპრესია დაემართა, ანტიდეპრესანტებსაც იღებდა. სულ მალე კი მსახიობს წამლები აღარ შველოდა, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდა. ჯიმმა შვილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხა და მას ყველაფრით უზრუნველყოფდა. 2010 წელს კი ის ბაბუაც გახდა. ჯეინს ვაჟი - ჯეკსონ რაილი შეეძინა.

განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მსახიობი კიდევ ერთხელ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული მსახიობი ლორენ ჰოლი გახდა. მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, ისინი 10 თვეში დაშორდნენ, ამის შემდეგ კი კერის კიდევ რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა.

მოდელებსა და მსახიობ პარტნიორებს შორის იყო რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვაც. როგორც გოგონამ აღნიშნა, ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა რთული სამუშაო გრაფიკის გამო მათი ურთიერთობა ვერ გაგრძელდა.

ყველაზე რთული და იდუმალებით მოცული ურთიერთობა მსახიობს 25 წლით უმცროს ირლანდიელ კატრიონა უაითთან ჰქონდა.

katriona-1673623784.jpg

აღსანიშნავია, რომ მსახიობთან ურთიერთობის დაწყებიდან ძალიან მალე გოგონა სხვას გაჰყვა ცოლად. 2015 წლის სექტემბერში კი მათ ისევ განაახლეს ურთიერთობა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მსახიობთან დაშორების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან დიდი ოდენობით აბი მიიღო. გოგონას ახლობლებმა კატრიონას გარდაცვალებაში მსახიობი დაადანაშაულეს. კატრიონას ოფიციალურმა ქმარმა სასამართლოს მიმართა. სასამართლო სხდომები 2018 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი მსახიობს ბრალი მოუხსნეს.

„საყვარელი მამაკაცის დაკარგვის შემდეგ, აღარ იცოდა რისთვის ეცხოვრა“, - აღნიშნა გარდაცვლილი გოგონას დედამ.

აღსანიშნავია, რომ ამ ამბის მერე ჯიმ კერი საზოგადოების წინაშე აღარ ჩნდებოდა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ მაყურებელმა ის 2017 წელს ნიუ-იორკში მოდის კვირეულზე იხილა. ჟურნალისტების კითხვაზე კი ასეთი პასუხი გასცა:

„ეს არ არის ჩვენი სამყარო, ყველაფერი ეს არ არის ნამდვილი".

მსახიობს ახლა ურთიერთობა ჯინჯერ გონზაგასთან აქვს. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

jinjer-1673623784.jpg

მსახიობს კანადისა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს.

2022 წლის 17 იანვარს მსახიობი 60 წლის გახდა. გასული წლის მარტში მან მაყურებელს განუცხადა, რომ კარიერას ასრულებდა. როგორც მან განაცხადა, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება გადასაღებ მოედანს, თუ პროექტი ხალხისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ცნობილია, მსახიობი ვეგეტარიანელია და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, უყვარს მოტოციკლით სეირნობა და ვარჯიშობს ჯიუ-ჯიცუში. ფილმების გარდა, ის ფერწერითაა გატაცებული და ხატავს კიდეც.