"სისულელეა იმის თქმა, თითქოს პუტინი საქართველოსთვის ვერ მოიცლის..."
ახალი 2023 წელი ნელ-ნელა ძალას იკრებს, თუმცა საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ ძველი დღის წესრიგით ვითარდება. ჯერჯერობით უცვლელია საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მთავარი თემები: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მისი გათავისუფლების თუ პატიმრობის გადავადების საკითხი; საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებების გაუგებარი ურთიერთობა და დასავლეთიდან გაუთავებელი კრიტიკა, ასევე ოპოზიციურ პარტიებში არსებული კრიზისი. დღე არ გავა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე არ მოვისმინოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადება. ახლახან პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ექსპრეზიდენტს გლობალური სტანდარტების დამაკმაყოფილებელი და საჭირო მკურნალობა გაეწიოს. "პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა", - წერია რეზოლუციის ტექსტში. რეზოლუციაში შეტანილია სააკაშვილის განცხადებები, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მზად არის ქვეყანაში დაბრუნდეს სასამართლო საქმეების შემდგომი გარჩევისთვის. სწორედ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- სამწუხაროდ, მართლაც არაფერია ახალი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კიდევ კარგა ხანს არ იქნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როგორც მახსოვს, წინა ინტერვიუსას გითხარით, რომ ეს საკითხი უფრო გამწვავდებოდა, რაც ასეც მოხდა. ვხედავთ, რამდენად გაიზარდა ზეწოლა დასავლეთიდან, რაც, ჩემი აზრით, ორმაგი მიდგომის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რადგან არავინ ახსენებს იმას, თუ როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში - ის შემოიპარა კანონის დარღვევით. რომელი დასავლელი ქვეყნის იურიდიული სისტემა აპატიებს ამას ვინმეს? თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაც უთავოდ და არასწორად იქცევა. წესით, დასავლელ პარტნიორებს უნდა პასუხობდნენ ასე - ეს მთავრობის საქმე არ არის და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოსო, მაგრამ ამის თქმის უფლებაც არა აქვთ, რადგან თავის დროზე სასამართლო სისტემის რეფორმა არ გატარებულა, არ გაწმენდილა იმგვარი ოდიოზური ფიგურებისგან, რომ განაჩენები ეჭვს არ იწვევდეს.
რაც შეეხება პოლონეთის სეიმის რეზოლუციას, მე ვესწრებოდი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ამ ქვეყანაში და ვიცი, იქ როგორ უყვართ სააკაშვილი. ამიტომაც ეს რეზოლუცია არ მიკვირს. ნორმალურ ქვეყანაში ვინ რა რეზოლუციას მიიღებს ან რას იტყვის, ეს კი არ უნდა წყვეტდეს საქმეს, არამედ სასამართლო. წესით, სასამართლოს ვერდიქტისა და პრეზიდენტის შეწყალების გარდა, სხვა იურიდიული ბერკეტი არც არსებობს მისი გათავისუფლებისთვის.
მე სხვა რამეს მინდა გავუსვა ხაზი, მახსენდება, ოსიპ მანდელშტამის ცნობილი ლექსი, რის გამოც ის გააციმბირეს და რომელშიც ამბობს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ვერ ვგრძნობთო. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვერ ვგრძნობთ. სამაგიეროდ, ვგრძნობთ კლანებსა და პოლიტიკურ-ფინანსურ ინტერესებს. ჩვენში არავინ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - არც "ქართული ოცნება", არც ოპოზიცია და არც სხვა ვინმე. თუ მთავრობას აკრიტიკებ, ეგრევე ოპოზიციონერის იარლიყს მოგაკრავენ, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" შენიშვნა მიეცი, ეგრევე "ქოცი" ხარ. აი, ასეთ სამარცხვინო ჩიხშია მოქცეული პროცესი. არადა, პოლიტიკურად აქტიური ჩვენი საზოგადოების 1% თუ იქნება, დანარჩენი ქვეყანა სხვაგან ცხოვრობს, სხვა ინტერესებითა და პრობლემებით. რამდენი მთავრობა და ადმინისტრაცია გამოვიცვალეთ და არც ერთს არ ჰქონია ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა. მხოლოდ საკუთარი მანდატის გახანგრძლივების გეგმები აქვთ ხოლმე. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ და შეიძლება არა, იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა შეეძლო და სტრატეგიული გეგმებიც ჰქონდა. მას ჰქონდა საქვეყნოდ მნიშვნელოვანი მიზნები და ეძებდა მათ მისაღწევად გზებს. მის სახელს უკავშირდება კონსტიტუციის მიღება, ლარის შემოღება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი და ა.შ. საქართველოს სახელმწიფოს მან ჩაუყარა საფუძველი, ის რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით.
მას შემდეგ რაც კეთდება, კეთდება პოლიტიკური და საკუთარი ჯიბის ინტერესების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ნახეთ, როგორი შეზღუდული აზროვნება და მენტალიტეტი აქვთ ჩვენს ძირითად პოლიტიკურ აქტორებს, ნებისმიერ მხარეს. გამაოგნებელიც კია, რომ მათ რაღაც რეიტინგი აქვთ. ფართოდ მოაზროვნე ადამიანი სულ რამდენიმე შეიძლება ჩამოვთვალო ქართულ პოლიტიკაში და არც ერთს მაღალი რეიტინგი არა აქვს. არ ვიცი, ეს რით ავხსნა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი.
ჩვენ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ვიგრძნოთ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ხომ არსებობს რაღაც, რაც ყველას უნდა აერთიანებდეს, მაგალითად, უსაფრთხოება, ქვეყნის კეთილდღეობა და ა.შ. ამაზე ხომ შეიძლება შეთანხმდნენ, მაგრამ ამაზეც ვერ თანხმდებიან, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი ჰგონიათ ერთმანეთის კრიჭაში დგომა და გაუთავებელი ლანძღვა-გინება. ასე ქვეყანა ვერ აშენდება და სულ ვიქნებით ევროპის სანაგვეზე.…
- არ წყდება ლაპარაკი სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე. სასამართლო პროცესზე ერთმა ექსპერტმა ისიც თქვა, რომ ეს შეიძლება პირველად გასული წლის მარტში მომხდარიყოო. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მისი მოქალაქის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე კვლევის ჩატარებას აპირებს.
- პირადად მე არ მჯერა, რომ მოწამვლის მიზანმიმართული ცდა ყოფილიყო. უფრო არ გამოვრიცხავ, რომ თუ ბევრ მედიკამენტს იღებდა, მათმა ურთიერთქმედებამ გამოიწვია გართულებები. ის დიდხანს შიმშილობდა, შესაბამისად, მისთვის შემდგომ საკვების მიცემისას შეიძლება ყოფილიყო დაშვებული შეცდომები, რაც, დიდი ალბათობით, უფრო უვიცობის ბრალი შეიძლება იყოს.
თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც მიზანმიმართულად მოწამლეს, არ მჯერა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულია, რადგან სააკაშვილის დაზიანება ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შედის მასთან, ვის რა შეაქვს აკონტროლებს ვინმე? აი, აქ შეიძლება იყოს უფრო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.…
ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ქვეყნის გარედან მისი მოწამვლის შესაძლებლობა, მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდო მგონია. ასეთ შემთხვევაში სპეცსამსახურებს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გაუჭირდებოდათ. არ ვიცი, რას გამოიკვლევს უკრაინა, მაგრამ ამას უზარმაზარი სამედიცინო-საექსპერტო კვლევები სჭირდება, რაც აუცილებლად ჩასატარებელია.
- მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება, რამაც უკიდურესად გაამწვავა ვითარება პარტიაში, ფარული ჩანაწერებით მანიპულაციაც კი ვნახეთ.
- რაც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, მიკრომოდელია იმისა, რაც ქვეყანაში ხდება, როდესაც პირადი ინტერესები ამოძრავებს მთელ პოლიტიკურ ელიტას, რომლის მთავარი დევიზიც არის, მე ვარ და ჩემი ნაბადი, დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღიაო. პარტიისთვის დამანგრეველია ასეთი დაპირისპირება და განხეთქილება. შეიძლება ჩატარდეს პარტიაში არჩევნები, ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ არა ასეთი კონფლიქტით. თუ გინდა რეიტინგის შენარჩუნება, ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე.
ტექნოლოგიურად კი იქცევიან ისე, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას სხვებს ექცეოდნენ, არაფერი ახალი მაგათ მოქმედებაში არ არის. ერთმანეთის დისკრედიტაციის გაუთავებელი ცდა ქართული პოლიტიკის ისეთ თანამდევად იქცა, რომ აღარც გვიკვირს, შევეჩვიეთ ამ სიბინძურეს, რაც დიდი უბედურებაა. პოლიტიკოსები სულ არ მადარდებს, მაგრამ ეს მთელ საზოგადოებას რყვნის - თუ პოლიტიკოსებისთვის ყველაფერი დაშვებულია და საკუთარ განცხადებებსა და მოქმედებებზე პასუხს არ აგებენ, გამოდის, რიგითმა მოქალაქემაც შემიძლია იგივე ვაკეთო. რისთვის უნდათ ამ ადამიანებს "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში ყოფნა, საკითხავია. ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი უმცირესია. აქედან გამომდინარე, იმიტომ უნდათ, რომ ფულადი რესურსები მართონ და პირადი სარგებელი მიიღონ.…
როგორც თვითონვე ამბობენ, ხაბეიშვილის ჯგუფის უკან მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან. მათ პარტია იმისთვის უნდათ, დიდი ალბათობით, რომ მმართველ ძალასთან უკეთესად ივაჭრონ. ამასთანვე, ჩემი აზრით, აქ შურისძიების მოტივიც ძლიერია. უნდათ პარტიას მიხეილ სააკაშვილის გავლენა მთლიანად მოაცილონ. სხვათა შორის, მე ისიც მეჩვენება, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაშიც მერაბიშვილისა და კეზერაშვილის როლი მნიშვნელოვანი იყო. ეს ვარაუდია, მაგრამ პროცესების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს შეიძლება ძალიან ახლოს იყოს რეალობასთან. ეს ვითარება ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან დღეს გაცილებით მნიშვნელოვან თემებზე ლაპარაკის ნაცვლად ვლაპარაკობთ ჩანაწერებზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირებაზე და ა.შ. ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების უმწვავესი პრობლემები არავის ახსოვს.…
ჩვენ დიდი ხანია გადავედით პოლიტიკური ცხოვრების იმ დონეზე, როდესაც ერთმანეთისთვის სულელის ძახილის გარდა, არაფერი ხდება. ამიტომ ვამბობ, უდიდესი პრობლემაა-მეთქი ის, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ არსებობს, წუთიერი ინსტინქტებით იმართება ქვეყანა, რომელსაც ამასობაში ვკარგავთ. წარმოიდგინეთ, მომავალში, ასი წლის შემდგომ, ისტორიის სახელმძღვანელოში "ნაციონალურ მოძრაობასა" თუ "ქართულ ოცნებაზე" ორიოდე პწკარი თუ დაიწერება და ამისთვის ღირს ამხელა უბედურების ქვეყნისთვის თავს დატეხა?.. შეხედეთ, დიდ ბრიტანეთში ქვეყნის პრემიერმინისტრობიდან ქალბატონი ტრასი იმიტომ გადადგა, რომ ერთი პატარა დანაპირები ვერ შეასრულა, აი, ეს არის სახელმწიფო მიდგომა, დემოკრატია, როდესაც ქვეყანა და ხალხი შენს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა, შერეკილი ეგონებოდათ და ელდარ შენგელაიას მის გამოსაკვლევად დაუძახებდნენ. ჩვენთან აცდენილია ერთმანეთთან მორალური კრიტერიუმები. ჩვენ კონფორმიზმი ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილად ვაქციეთ.
- დასასრულ უკრაინის თემას შევეხოთ. გასულ კვირას გამოქვეყნდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ინტერვიუ, რომელშიც ამბობს, კიევმა თბილისს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, რაზეც ოფიციალური თბილისისგან უარი მიიღოო.
- მოდი, თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორი ურთიერთობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შეიძლება ამ ტონით ერთმანეთთან ლაპარაკი. საქართველო უკრაინას ვერც "ბუკის" კომპლექსებს და ვერც სხვა რომელიმე ტიპის იარაღს გადასცემს, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, არა გვაქვს ამის ფუფუნება ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რუსეთი ისევ უდიდესი საფრთხეა საქართველოსთვის და ჩვენ გვიწევს სიფრთხილით მივიღოთ გადაწყვეტილებები. სისულელეა იმის თქმა, თითქოს პუტინი საქართველოსთვის ვერ მოიცლის... ამ სიფრთხილისთვის საქართველოს ხელისუფლებას ვერ დავძრახავ, მაგრამ მე მის რიტორიკასა და საუბრის ტონს, იმას, თუ როგორ ლაპარაკობენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ.ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამას აქვს მეტად ობიექტური მიზეზები, რისი ახსნაც ადამიანურად უნდა შეეძლოს ხელისუფლებას და არა ისე, როგორც აკეთებს. საქართველოს მოსახლეობა უკრაინის გამარჯვების მოსურნე და დიდი მხარდამჭერია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არ სურს. შეუძლებელია არ ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უკრაინის გამარჯვება. ამიტომაც მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო საკუთარი აზრის გამოხატვის პრობლემა აქვთ.