მოხვდება თუ არა სააკაშვილი „მაგნიტსკის სიაში“
"მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში მანამ, სანამ ლეტალური შედეგი დადგება. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და მათ განასხვავებთ დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის დაუმარცხებლობის გრძნობასთან. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედია, მის გარდაცვალებამდე ვიცოცხლო. ამასობაში ჩემი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით", - ასეთი შინაარსის ღია წერილი მისწერა გასული წლის 8 დეკემბერს სააკაშვილმა "მაგნიტსკის სიის" ავტორს, ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, ბილ ბროუდერს, რასაც 9 იანვარს გამოეხმაურა თავად ადრესატი და სააკაშვილს მიმართა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტი, თუ ვინ აფერხებს მის მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ის სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ დოკუმენტს ყურადღება მიაქციონ მაგნიტსკის სანქციების დასავლური ქვეყნების მთავრობებმა.
ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებმაც დაიწყეს საუბარი "სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობაზე. როგორც ირკვევა, "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიაზეა საუბარი და სურთ ამ სიაში მოხვდეს ყველა ის პირი, რომლებიც აფერხებენ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას და შეიძლება ჩართული არიან მის მოწამვლასა და წამებაში.
"სააკაშვილის სია" უნდა არსებობდეს მსგავსად "ყარა-მურზას" და "მაგნიტსკის სიებისა". სამართლებრივი პაკეტი იკვრება და აუცილებლად გადაეცემა ყველა იმ დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორს, რომელთაც აინტერესებთ იმ პირების ვინაობა, რომლებმაც შელახეს მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი აზრით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრიც", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ამ სიაში იქნებიან რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე პენიტენციარული დაწესებულების ყველა ის თანამდებობის პირი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობენ. პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არიან ჩართული. არ მინდა ვინმეს დავემუქრო, რომ მის თავს რაღაც მოხდება, მაგრამ, ცხადია, ამ სიაში მოხვდები, როცა უსამართლოდ იქცევი, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილეობ, როცა ცივილიზებულ სამყაროსა და საქართველოს შორის დგები და ამ ყველაფერზე ხელის მომწერი და გადაწყვეტილების მიმღები ხარ. ამიტომ არ უნდა გაუკვირდეთ, თუ პრობლემები შეექმნებათ", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
"სააკაშვილის სიის" შექმნის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ "ქართულ ოცნებაში". "რაიმე სიებზე საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაციური განცხადება, მით უმეტეს, იმ ადამიანთან დაკავშირებული, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე დანაშაულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა. ეს პიარული კამპანია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ლობისტები არ ერიდებიან ყველას მაქსიმალურად ჩართვას. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახმა დაიქირავა ამერიკული ლობისტური კომპანია. ამ პიროვნებას, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, ასეთი ბრალდებით სავსე განცხადებების არანაირი საფუძველი არა აქვს", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე. იმავე აზრზეა გია ვოლსკი. მისი თქმით, სააკაშვილი სადისტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების გამო დამნაშავეა. "არის თუ არა ის დამნაშავე? აშკარად დამნაშავეა. არის თუ არა დამნაშავე არა მარტო იმ მუხლებით, რომლებიც წაყენებული აქვს, არამედ სადისტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვისაც, სახელმწიფო ინტერესების დათმობისთვის? ის დამნაშავეა. სწორედ ეს რეალობა რომ გადაიფაროს, ახლა "მაგნიტსკის სიის" შექმნის საკითხი მოიგონეს. სააკაშვილი, სადისტური და სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში, თავად იყო რეჟიმის მსხვერპლი. სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, ასეთი ინსინუაციების გამოგონება გაგრძელდება, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სია ამერიკელ ადვოკატსა და საზღვარგარეთ მომუშავე ჯგუფს უნდა გაეგზავნოს. ადვოკატის შეფასებით, „"მაგნიტსკის სიას" "მსუსხავი ეფექტი" ექნება. "მიხეილ სააკაშვილმა სია ნახა. ახლა მას გავუგზავნით ამერიკელ ადვოკატსა და იმ ჯგუფს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს. სია ზუსტდება და პირთა ზუსტი რიცხვის დასახელება ჯერ ნაადრევია, რადგან იკლებს ან იმატებს მტკიცებულებების საკმარისობის მიხედვით. სიას მსუსხავი ეფექტი ექნება". "სავარაუდოდ, "სააკაშვილის სია" შეიქმნება აშშ-ში, რათა შემდგომ მოხდეს ლობირება და შეიქმნას "სააკაშვილის აქტი"
აქვს თუ არა ამ სიაში მოხვედრის შანსი მიხეილ სააკაშვილს, ამ საკითხზე გვესაუბრება იურისტი ლევან ალაფიშვილი.
- "მაგნიტსკის სიის" არსი და ისტორია ორეტაპიანია. ეს დაკავშირებულია ამერიკულ რეალობასა და იქაურ კანონებთან. სიის შექმნა განაპირობა ცნობილი ადვოკატის, რუსეთში დაპატიმრებული და გარდაცვლილი მაგნიტსკის საქმემ, სადაც გამოვლინდა უხეში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევები. 2012 წელს, ობამას პრეზიდენტობის დროს მიიღეს კანონი, რომელიც სანქციებს უწესებდა ამ საქმეში ფიგურანტ რუსეთსა და მასთან დაკავშირებულ პირებს. 2012 წელს ამ კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი მაკკეინი იყო, 2016 წელს კი, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, შეიმუშავეს ე.წ. გლობალური მაგნიტსკის აქტი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციაში მხილებულ პირთა სანქცირებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი დღესაც არსებობს ამერიკაში. როგორც მაშინ ტრამპმა თქვა, ამერიკის განსაკუთრებული ინტერესია, ამ აქტის მიღება და დემოკრატიის მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა არა მარტო ამერიკაში, მთელ მსოფლიოში.
შემდგომ ამდაგვარი შინაარსის აქტები მიიღო კანადამაც. იქ სახელიც კი იგივე, "მაგნიტსკის აქტი" ჰქვია. სანქცირების სისტემა 2019-2020 წლებში დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც გაიზიარეს. "გლობალურ "მაგნიტსკის აქტზე" გადაწყვეტილების მიმღებია აშშ-ის ხელისუფლება, კონკრეტულად ხაზინა და საემიგრაციო სამსახურები. რაც შეეხება სიის ფორმირებას, ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა წყარო აქვთ. უმთავრესად სანდო ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ საერთაშორისო კორუფციის საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს ეყრდნობიან. ამის შემდგომ სისტემა ფილტრს უკვე თავად ხელისუფლებაში გაივლის და კონგრესი იღებს გადაწყვეტილებას სანქცირებაზე. იგივე პროცედურები, მკაცრი საკანონმდებლო ფილტრებია სხვა ქვეყნებშიც.
თუკი გადავხედავთ "გლობალურ მაგნიტსკის აქტს" და იმ სიას, რომელიც საკმაოდ ვრცელია, ვნახავთ, რომ შეყვანილი არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები: კუბის, ბულგარეთის, ჰონკონგის, ჩინეთის, თურქეთის პრეზიდენტები, თავდაცვის მინისტრები, იუსტიციის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები. პროცესი იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ამერიკული სანდო ორგანიზაციები დაიწყებენ მუშაობას და შემდგომ საკითხი გადაინაცვლებს კონგრესში. მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ხაზინა, რომელიც აქტივებს გაუყინავს ამა თუ იმ პირს და დაუწესებს შეზღუდვებს ქვეყანაში შესვლაზე, გადაადგილებაზე.
- ითქვა, რომ სურთ შეიქმნას "მაგნიტსკის სიის" ანალოგი - "სააკაშვილის სია".
- სავარაუდოდ, "სააკაშვილის სია" შეიქმნება აშშ-ში, რათა შემდგომ მოხდეს ლობირება და შეიქმნას "სააკაშვილის აქტი". იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ ვარაუდებზეა საუბარი, ვერ გეტყვით, რა მოხდება. როცა უკვე არსებობს "გლობალური მაგნიტსკის აქტი", არა მგონია, ახალი აქტის მიღების საჭიროება დადგეს. თუმცა წარმატებული ლობირების წყალობით "გლობალურ მაგნიტსკის აქტში" შეიძლება სააკაშვილი ან სხვა კონკრეტული პირები შეიყვანონ. არ არის გამორიცხული, სულაც ამერიკულ სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ.
კანონით გათვალისწინებული ლობირება ერთ-ერთი საშუალებაა არა მარტო ამერიკაში, არამედ საქართველოშიც, ასევე სხვაგანაც, რათა ესა თუ ის საკითხი მოექცეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების ცენტრში და დაიწყოს პროცედურები. როგორც ვიცი, ამ ეტაპისთვის ამერიკის იუსტიციის სამინისტროში ჯერ დარეგისტრირებული არაფერია...
ვინ იყო მაგნიტსკი?
სერგეი მაგნიტსკი უკრაინაში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები ადვოკატი იყო. ის ბრიტანული საინვესტიციო ფონდი "ჰერმიტიჯ კაპიტალის" ადვოკატი გახლდათ და სახელმწიფო კორუფციის საქმეებს იძიებდა. 37 წლის სერგეი მაგნიტსკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან მთავრობის ჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა. ის 2009 წლის ნოემბერში ციხეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა. მას სხეულზე წამების კვალი ემჩნეოდა. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალებამდე სცემდნენ და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც საინვესტიციო ფონდის მოხსენებაშია ნათქვამი, მაგნიტსკის სამედიცინო დახმარებაზე უარი ყველა სამთავრობო უწყებამ უთხრა. ფონდმა მაგნიტსკის გარდაცვალებაში დაადანაშაულა ციხის პერსონალი, რომელმაც პატიმრის საწამებლად რეზინის ტყვიები გამოიყენა. მაგნიტსკის სიკვდილმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციებიც დაუწესა. მაგნიტსკის პროცესი იმითაც არის საყურადღებო, რომ ეს საქმე რუსეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა პირი გარდაცვალების შემდეგ მაინც გაასამართლეს. მოსკოვის სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობაში ციხეში გარდაცვლილი ადვოკატი დამნაშავედ ცნო. მაგნიტსკის 2008 წელს გადასახადების გადაუხდელობა ბრალად მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან გამოააშკარავა 230 მილიონი დოლარის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ბილ ბროუდერმა დაიწყო ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს სთხოვდა, სანქციები დაეწესებინათ იმ რუსი ოფიციალური პირებისთვის, რომელთაც მაგნიტსკის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით. თავდაპირველად მან სიაში 18 პირი შეიყვანა, საბოლოოდ კი მათი რიცხვი 34 კაცამდე გაიზარდა. ბროუდერის მცდელობა საბოლოოდ საკანონმდებლო ინიციატივად იქცა და დღეს ის "მაგნიტსკის აქტის" სახელითაა ცნობილი. 2012 წელს აშშ-მ და ოდნავ მოგვიანებით კანადამ „"მაგნიტსკის კანონი" დაამტკიცეს. პროცესს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს. მაგალითად, შარშან„"მაგნიტსკის აქტის" ევროპული ანალოგით ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქესა და 4 კომპანიას. ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეში. „"მაგნიტსკის აქტით" სანქცირებულთა სიაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც შეიყვანა. მას ადანაშაულებენ ადამიანების წამებასა და გაუსამართლებლად ლიკვიდაციაში. რამზან კადიროვთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნებულ სიას დაამატეს კიდევ ოთხი პირი.