"ფარული ჩანაწერები კიდევ გამოჩნდება"
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა გმობს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, რაც მართლაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა, პერიოდულად ჩანაწერები მაინც ქვეყნდება. ახლახან ჯერ იმ ჩანაწერის გამოქვეყნებამ, სადაც, სავარაუდოდ, მელია ლაპარაკობს სააკაშვილზე და შემდეგ, სავარაუდოდ, გიული ალასანიას ჩანაწერმა, სადაც უკვე რუსეთთან კავშირები იკვეთება, პოლიტიკური ვითარება დაძაბა. მართალია, ოფიციალურად ყველა ამბობს, რომ გმობენ ამ ფაქტს და შინაარსზე არ სურთ საუბარი, თუმცა ჩანაწერები მაინც იქცევს ყურადღებას უპირველესად რუსეთის ფაქტორის გამო. თუ დავუშვებთ, რომ ჩანაწერის მიზანიც ეს იყო, უკვე მეორე საკითხი ჩნდება, თუ ვის ინტერესებშია ყოველივე ეს და რაც მთავარია, რა გავლენა ექნება "ნაცმოძრაობასა" და მთელ პოლიტიკურ პროცესებზე. ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:
- ორად გავყოფ ფარული ჩანაწერების საკითხს, უფრო ზუსტად, იმ ინფორმაციის შეგროვება-გავრცელების საკითხს, რომელიც სასამართლოს სანქცირებული არ არის. ეს მაინცდამაინც ქართული მოვლენა არ გახლავთ. გაცილებით სერიოზული ინფორმაცია გავრცელდა არასანქცირებულად, როდესაც "ვიკილიქსმა" გამოაქვეყნა მსოფლიო ლიდერების მიმოწერა და ამას არ გამოუწვევია მხოლოდ ის რეაქცია, რომ ეს უზნეობაა. რა თქმა უნდა, უზნეობაა, მაგრამ პოლიტიკა არ მიდის ზნეობის სტანდარტების დაცვით. ასე რომ, უკანონო ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ ჩვენი რეალობა არ არის და ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკეები.
რაც შეეხება გიულის ჩანაწერს, სახელით მოვიხსენიებ იმიტომ, რომ სტუდენტობიდან ვიცნობ, ორივე თავის დროზე აღმოსავლეთმცოდნეობას ვსწავლობდით და პირადად ვიცნობ ნიკასაც - სააკაშვილის მამას და შემიძლია, ვთქვა, რომ ორივე გულშემატკივარი მშობელია, შვილის ცხოვრებაში ნამდვილად ჩართული მშობლები იყვნენ. გიულის მხრიდან არსებობს მისი ძმა, მიშას ბიძა, რომელიც რუსეთის უშიშროებაში თანამდებობის პირი იყო. ამიტომ დიდი ხნის წინ დადიოდა ვერსიები, რომ სწორედ მიშას ბიძამ ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ სააკაშვილი აღმოჩენილიყო ჯერ უკრაინაში, მერე ამერიკაში და მერე ამერიკიდან ჩამოყვანაც პრინციპში, ალბათ, ალასანიას მონაწილეობით ხდებოდა. ამას მაფიქრებინებს ის, რომ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის კაბინეტში, მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ასე რომ, რუსეთთან სიახლოვე მხოლოდ გიული ალასანიას ნათქვამიდან ხომ არ გამჟღავნებულა? არსებობდა ეს ინფორმაცია და თქმა, როგორ შეიძლება სააკაშვილს რუსეთთან კავშირი ჰქონდესო, წარმოუდგენელი არ არის. უბრალოდ, გულშემატკივარი დედა ჩივის იმას, რაც აწუხებს, და ჩივის ისე, როგორც აწუხებს. სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციის" მომწიფების პერიოდში ამ რევოლუციის ერთ-ერთ მოქმედ პირს, გვარს და სახელს არ ვიტყვი, შევხვდი და ვკითხე, რუსეთის საქმეს აკეთებთ-მეთქი, და არაფერი მიპასუხა. ასეთ საკითხზე ან უნდა გაბრაზდე, ან გაგეცინოს, ან რაღაც რეაქცია ხომ უნდა გქონდეს? ის კი გაჩუმდა და არაფერი მიპასუხა. მეორე ფაქტი ის არის, რომ შევარდნაძის დაცვამ მითხრა იმ დროს, როცა ქუჩა უკვე ხმაურობდა, ვიცით, მოსკოვში რუსეთის რომელ მაღალჩინოსნებს ხვდებიან და რამდენი ფული აქვთ წაღებული, მაგრამ შევარდნაძე არ გვიშვებს, რომ ზომა მივიღოთო. "ვარდების რევოლუციაში" იყო ბევრი რუსული მომენტი, 2008 წლის ომსა და ომის შემდგომ პერიოდშიც, სტრატეგიული ობიექტების გადაცემაშიც. ჩემთვის ეს პროცესი, რასაც "ვარდების რევოლუცია" ჰქვია, მიდიოდა როგორც რუსეთთან, ასევე ამერიკასთან თანამშრომლობის ფონზე. ამიტომ გიულის ჩანაწერში რუსული ხაზის ამოტივტივება დიდი სიახლე არ არის.
- "ქართული ოცნება" ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა რუსეთის ოპერაციაა. რაში აწყობდა რუსეთს აქ სააკაშვილის ჩამოყვანა?
- ნება მომეცით "ქართული ოცნების" ამ ვერსიას შევეკამათო. მათ ის ვერსიაც ჰქონდათ, რომ რუსეთის დაგეგმილი იყო, რათა აქ სააკაშვილს დესტაბილიზაცია მოეწყო. თუ რუსეთს აქ დესტაბილიზაციისთვის კაცი ჩამოჰყავს, ის მარტო არ ჯდება სახლში და არ სადილობს. გერმანელებმა ლენინი რევოლუციის მოსაწყობად რომ ჩაიყვანეს პეტერბურგში, პირდაპირ მიტინგზე გაიყვანეს და ჯავშნოსანზე დააყენეს.
- "ქართული ოცნება" ზუსტად ამას ამბობს, რომ სააკაშვილი აქციაზე უნდა გამოჩენილიყო, რასაც დესტაბილიზაცია მოჰყვებოდა. ეს გეგმა ჰქონდათ და ჩაშალეს იმით, რომ სააკაშვილის დაკავება დაასწრეს.
- შეხვედრა არავისთან ჰქონია და რა ჩაიშალა? ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური მოტივით შედგენილი ვერსიაა, რათა მოწინააღმდეგეში ის წარმოაჩინონ, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყველაზე მიუღებელია. მე მგონია, სააკაშვილის ჩამოსვლა უფრო პირადი მოტივებით იყო განპირობებული. აქ რევოლუციისთვის რომ ჩამოსულიყო, გასაგებია, რომ შემოიპარებოდა, მაგრამ უკრაინიდან რატომღა გამოიპარა? ესე იგი, უკრაინაში არ დაედგომებოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კარგა ხანს არ იცოდა, რომ წამოსული იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინაში ისე ჰქონდა საქმე, რომ არ გამოპარულიყო, ცუდ დღეში ჩავარდებოდა. ასეთ სიტუაციაში კი ყველაზე კარგი ციხეში ჩაჯდომაა.
- თუ ასეა, მაშინ ჩაჯდომის მომენტიდან რატომ ცდილობს ციხიდან თავის დაღწევას?
- ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით და არც არავის გამოუკვლევია, სააკაშვილს უკრაინაში რა სიტუაცია ჰქონდა და არც ის ვიცით, ის ძალები, რომლებისაც შეიძლება ეშინოდა, ახლა, ომის დროს, სად არიან. დააკვირდით ერთ რაღაცას - არც ამბობს, უკრაინაში გამიშვითო. კი ამბობს, უკრაინის მოქალაქე ვარო, მაგრამ ამის პედალირებას არ ახდენს, უკრაინაში გამიშვითო. ლაპარაკია მის ევროპა-ამერიკაში გაშვებაზე. მეორე მომენტია ის, რომ სააკაშვილს სულ ჰქონდა ერთ ადგილზე ჯდომის პრობლემა და როგორია ამ ხასიათის ადამიანისთვის ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა? მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ჩაკეტილი სივრცის შიშიც აქვს. თუ ასეა, ციხეში მართლაც გაუჭირდება. ამერიკაში თუ ევროპაში ჩასული სააკაშვილი, რაც არ უნდა თქვას, რომ გამოვჯანმრთელდიო, აქ პროცესებზე უკვე ვეღარ იქონიებს გავლენას, იმდენად დისკრედიტირებულია მისი ფიგურა ამ სამედიცინო დასკვნებით. ცხადია, არ ვგულისხმობ მიშას იმ მხარდამჭერებს, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არაფერს აქვს და ყოველთვის მის მხარდამჭერებად დარჩებიან.
- პარალელურად გავრცელდა მელიას საუბრის ვიდეოჩანაწერი. ამ ჩანაწერებს რა გავლენა ექნება "ნაციონალურ მოძრაობაზე"?
- მე ვემხრობი იმ ვერსიას, რომ გიულის ჩანაწერი მელიას მხარის გავრცელებულია, ისევე როგორც იმას, რომ მელიას ჩანაწერი ხაბეიშვილის მხარემ გაავრცელა.
- დავუშვათ, ეს ვერსია მართალია, მაშინ რა ინტერესები ჰქონდათ და რას ელოდებოდნენ, განსაკუთრებით მელიას მხარე?
- რას და, ერთმანეთის დისკრედიტაცია სურდათ, როგორც კონკურენტებს. მაგრამ თუ მელიას მხარის მიერ გიულის ჩანაწერის გავრცელება მართალია, ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. ამ ჩანაწერით თუ გამოდის, რომ მიშა რუსეთის პოლიტიკას ატარებდა, მაშინ გამოდის ისიც, რომ რუსეთის პოლიტიკას "ნაცმოძრაობაც" ატარებდა და ამ დროს მელიას ამ პარტიის თავმჯდომარეობა უნდა?
- თუ ასეა, ამით ხაბეიშვილის დისკრედიტაციას როგორ მოახდენდა? ეს ერთი და მეორე, "რუსთავი 2"-მა რატომ გაავრცელა?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ჯგუფს რომელ ჟურნალისტზე მიუწვდება ხელი. რაც შეეხება ხაბეიშვილის ფაქტორს, მისმა მხარემ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც მელია აგინებს სააკაშვილს. საპასუხოდ მელიას მხარემ გაავრცელა ჩანაწერი, რომ სააკაშვილი გინების ღირსი იყო. პრობლემა ის არის, რომ ასეთი მიმართულებით თუ წავიდა პაექრობა, გამოდის, პარტიის მომავალი თავმჯდომარეები წირავენ პარტიას.
იმ ჯგუფზე, რომლისთვისაც მიშა ყოველთვის მართალია, ჩანაწერს არანაირი გავლენა არ ექნება. დანარჩენებისთვის ექნება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს გავლენას შუაში მდგომ, მერყევ კატეგორიაზე იქონიებს, ვისაც ვერ გადაუწყვეტია, "ნაციონალებს" დაუჭიროს მხარი თუ არა.
- ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა ამის გავრცელება?
- "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" არსებობა იმ კონტრასტისთვის სჭირდება, რომლის ხარჯზეც ხმებს მიიღებს. ასე რომ, "ნაცმოძრაობის" დამარცხება და გაქრობა მათ ინტერესში არ შედის. აი, ბაიდენმა რომ რუსეთზე თქვა, გვინდა ისე დავამარცხოთ, რომ აგრესია არ შეეძლოს, თორემ დაშლა არ გვინდაო, მგონი, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" "ნაცმოძრაობის" მიმართ.
- რა შანსია, რომ "ნაცმოძრაობა" დაიშალოს და ამას რა გავლენა ექნება პროცესებზე?
- მეტი რაღა უნდა დაიშალოს? ამ წლების განმავლობაში ჯგუფებად ქუცმაცდება და მერე ისინი 2%-საც ვერ აგროვებენ. ეს ნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობის" ჯგუფები მიშას გარეშე ურეიტინგო არიან. ამიტომ სააკაშვილიანი "ნაცმოძრაობა" სჭირდებათ იმათ, ვინც ცდილობს იყოს თავმჯდომარე, გინდ ხაბეიშვილი და გინდ მელია. ამიტომ ცდილობს ხაბეიშვილის მხარე, რომ გამოაქვეყნოს მელიას კონფლიქტი სააკაშვილთან, და თუკი დაშლა გაგრძელდება, ახალი ჯგუფიც, რომელიც გამოეყოფა, 2%-იანზე მეტი ვერ იქნება. ბოლოს დარჩებიან სააკაშვილი და მცირე ჯგუფი მხარდამჭერებით.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, კი ეცდებიან ნიშის დაკავებას, მაგრამ სააკაშვილის ამომრჩევლებს ისედაც "ნაცმოძრაობა" წაიყვანს, რა ჯგუფიც არ უნდა დარჩეს, დანარჩენების წაყვანა კი ახლაც შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის რას აკეთებენ, არაფერს. მეორე პრობლემაა ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი "ნაცმოძრაობიდან" აფრენილი პარტიებია და ვისაც "ნაცმოძრაობა" არ უნდა, ისინიც არ უნდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ეს პარტიები დიდად ჭკვიანად რომ არ იქცევიან და ჰგონიათ, მოსახლეობას რასაც ეტყვიან, დააჯერებენ, მაგრამ ასე არ არის.
დასამარცხებელი ოპოზიცია აღარ არსებობს და ეს არის საქართველოს პრობლემა. ხელთ შეგვრჩა ერთპარტიული სახელმწიფო. დანარჩენი პარტიები ერთადაც კი არ არიან ამინდის შემქმნელები. ასე რომ, მათი დამარცხებაც უაზრო ამოცანაა.
- როგორ გგონიათ, დასრულდა ჩანაწერების გამოქვეყნება და მიაღწია ამან იმ მიზანს, რისთვისაც გამოაქვეყნეს?
- მგონი, ჯერ ბუნდოვანია, მიაღწია თუ არა მიზანს, მით უმეტეს, ალასანიას ჩანაწერმა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩანაწერები კიდევ გამოჩნდება. მათ ხომ დრო სჭირდებათ ხოლმე რეალობის დასანახავად და მგონი, მივლენ იმ დასკვნამდეც, რომ ამ ჩანაწერებით პარტიას სპობენ. თუ პარტია მოისპობა, თვითონ რისი თავმჯდომარეები იქნებიან, გაუგებარია.
რუსა მაჩაიძე