„მე რომ ქართველი დიპლომატების ადგილზე ვყოფილიყავი, ევროპარლამენტს ტალიავინის დასკვნას თავზე გადავახევდი“ - კვირის პალიტრა

„მე რომ ქართველი დიპლომატების ადგილზე ვყოფილიყავი, ევროპარლამენტს ტალიავინის დასკვნას თავზე გადავახევდი“

ანალიტიკოს გიორგი გობრონიძის თქმით, 2022 წელს მთლიანად გარდაიქმნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო არა მარტო კავკასიაში, არამედ მთელ რეგიონში, ასევე ევროპაშიც. "ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თვისებრივად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა სრულიად სამყარო. ამან უნდა დააფიქროს ისინი, ვინც პასუხისმგებელია უსაფრთხოების პოლიტიკის განახლებაზე, შემუშავებასა და სწორ ინტერპელაციაზე. 2022 წელი ყველას დაამახსოვრდება იმით, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ყველაზე დიდი მსოფლიო კრიზისი, რაც კი ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ". 2022 წელს რეგიონში­ დაწყებულ იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რუსეთში მოვლენების შესაძლო განვითარებისა და კრემლის საქართველოსთან დაკავშირებულ მიზნებზე­ გიორგი გობრონიძე­ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ჩვენი რეგიონისთვის 2022 წელი იმითაც არის დასამახსოვრებელი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს დაწყებული დაპირისპირება ისევ გაგრძელდა და საერთოდ, ბევრი რამ შეიცვალა. ერთი მხრივ, ვხედავთ სომხეთის საგარეო ვექტორების დივერსიფიკაციას, მეორე მხრივ, რეგიონში თურქეთის გაძლიერებას, ირანის ახალ ინტერესებსა და აზერბაიჯანის არაერთგვაროვან პოლიტიკას. ვგულისხმობ როგორც თურქეთთან მჭიდრო კავშირს, ასევე რუსეთთან მჭიდრო დაახლოებას. უკრაინაში შეჭრის წინადღეს ალიევმა და პუტინმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც არც ერთმა მხარემ არ უნდა გადადგას მეორე მხარის ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი თანდათან ბუნდოვანი ხდება, ქვეყნის მმართველი გუნდი კი უმთავრესად შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზეა გადართული.

- თქვენ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის­ 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებული მოკავშირეთა ურთიერთობების შესახებ მემორანდუმი ახსენეთ, მაგრამ ომის დაწყებიდან ერთ თვეში აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა უკრაინას და რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა.

- კი, აზერბაიჯანის პოზიციამ რუსი საზოგადოების განსაზღვრულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ კრემლს ოფიციალურად ამ საკითხზე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ეს ნიშნავს, რომ დიდ თამაშში აზერბაიჯანის მოქმედება არ ეწინააღმდეგება რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს. გავიხსენოთ ოდეკაბეს განცხადება, როდესაც ფაშინიანმა დახმარებისთვის მიმართა. ამ ორგანიზაციამ პრაქტიკულად უარყო სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, პირდაპირ თქვა, არ არის ფაქტი იმისა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარი დაარღვია, ვინაიდან ამ ორი ქვეყნის საზღვარი დემარკირებული არ არისო. არადა, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ჯერმუკზე. სომხეთის მთლიან ფართობს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალაქი ქვეყნის შუაგულშია.

- ბაქო, ალბათ, მაინც ვერ იქნება მოსკოვის საიმედო მოკავშირე, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანზე უდიდესი გავლენა აქვს თურქეთს, რომლის სტრატეგიული ინტერესი ახლა ნამდვილად არ არის რეგიონში რუსეთის გავლენის გამყარება.

- დიახ, თურქეთს არ სურს რეგიონში­ რუსეთის გაძლიერება და კრიტიკულ მომენტში აზერბაიჯანიც უპირობოდ გაატა­რებს თურქეთის ინტერესებს. ძალიან საინტერესოა ბაქოს თამაშის წესები. მისთვის პრიორიტეტი არის თურქეთი, მაგრამ სხვა აქტორებთანაც ცდილობს ურთიერთობას. აზერბაიჯანს რუსეთი თურქეთთან ერთად სჭირდება, რათა ყარაბაღში თავისი წესრიგი დაამყაროს, თუნდაც ის სახმელეთო კორიდორი გახსნას, რომლითაც ასევე დაინტერესებულია მოსკოვი. სხვათა შორის, სწორედ ეს საერთო ინტერესი გახდა სომხებისთვის იმის ფიქრის საფუძველი, რომ რუსეთმა მათ უღალატა.

- სადამდე შეძლებს ალიევი ლავირებას რუსეთსა და თურქეთს შორის და ორივე აქტორის გამოყენებას საკუთარი დღის წესრიგის შესაქმნელად?

- რუსეთისა და თურქეთის ინტერე­სების­ დაბალანსება რეგიონში მართლა ძნელად წარმოსადგენია. თუმცა არის საკითხები, რომელთა თაობაზე ამ ორი დიდი მოთამაშის ინტერესები ემთხვევა. ეს ცხადი შეიქნა "სამს პლუს სამის" ფორმატშიც. რა შეიძლება ჰქონოდათ საერთო რუსეთს, თურქეთსა და ირანს კავკასიაში? ერთადერთი რამ - დასავლეთის გასვლა რეგიონიდან, მაგრამ ამის მიღმა არის ძალზე აქტიური კონკურენცია და ინტერესთა შეჯახება. აი, ეს დეტალები კარგად აქვს გააზრებული ალიევს და ცდილობს ყველა მცირე შესაძლებლობა სათავისოდ გამოიყენოს.

- ჩვენი ხელისუფლებაც ამბობს, რომ ლავირებას ცდილობს დიდ აქტორებს შორის.

- ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ლავირებისთვის, მაგრამ ერთია, რას ცდილობ და მეორე, რა გამოგდის. ბოლო დროს ხშირად ვისმენთ ხისტ განცხადებებს­ ამერიკის ელჩზე, ევროპარლამენტარებსა და სხვა გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსებზე. ეს არ არის ლავირების­ გონივრული­ მეთოდი. ეს ხელოვნური კონფრონტაციის შექმნაა შიდაპოლიტიკური­ კაპიტალის დასაგროვებლად. ძალიან დიდი შეცდომა იყო "აბა, ომი გინდათ" რიტორიკა და სიტუაციის ისე წარმოჩენა, თით­ქოს დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა სურდა.­ დღეს ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელია ურთიერთობის ნებისმიერი გამწვავება და კონფრონტაცია, რამაც შეიძლება თუნდაც თეორიულად კონფლიქტი გააღვივოს რომელიმე რეგიონულ ძალასთან, მაგრამ საკითხავი ის არის, დგას კი ასე საკითხი, გთხოვდა ვინმე ამ დაპირისპირებაში ჩართვას? ჩემი აზრით, არა! იმიტომ, რომ არსებული­ დაპირისპირების გამო უკვე ისედაც დიდი კრიზისია და დამატებითი აქტორების ჩართვა მას უფრო გააღრმავებდა. ჩვენ არა ვართ ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია გარდატეხის შეტ­ანა ომის სურათში და რატომ უნდა დასჭირვებოდათ ჩვენი ომში ჩართვა, იმისათვის, რომ ჩვენ გავმხ­დარიყავით გადასარჩენი?

- როგორ უნდა მოქცეულიყო ან ახლა რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, რომ უკრაინისთვის უპირობო მხარდაჭერაც გამოეხატა და არც რუსეთი გაეღიზიანებინა?

- ჩვენ წლების განმავლობაში "ვიყოჩაღეთ" და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული გავხდით. ჩვენი ძალიან ბევრი სტრატეგიული და ინდუსტრიული სიმძლავრე რუსეთს ეკუთვნის, ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილიც რუსულ ბაზარზე მოდის.

- ამ "სიკეთეს" დღევანდელი მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების "დამსახურებად" მიიჩნევს.

- 2012 წლიდან დღემდე 10 წელია გასულია. წესით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე უნდა გვემუშავა. ისეთი პირობები უნდა შეგვექმნა, რომ ბიზნესს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების ბაზრებზეც შესძლებოდა ოპერირება - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ხოლო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს­ გაფორმებული. მაგრამ შეგვეძლო ახალი ბაზრების ათვისება და ეკონომიკის იმგვარად დივერსიფიცირება, რომ რუს ტურისტებზე, რუსეთიდან შემომავალ კაპიტალზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული. ახლა ისეთ დღეში ვართ, უკრაინის კი არა, საქართველოს დაბომბვის გამო რომ დაეწესებინათ რუსეთისთვის სანქციები, იმასაც კი ვერ შევუერთდებოდით, მაგრამ შეიძლებ­ოდა ამ სიტუაციიდან ისე გამოსვლა, რომ ჩვენს მტერთან მებრძოლი ქვეყანა არ გაგვეღიზიანებინა. იმაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ვინმემ ჩვენი მტერი დაამარცხოს?! დავაკვირდეთ მოვლენებს და მოვიქცეთ ისე, რომ ვინმე არ გავაღიზიანოთ. მხოლოდ რუსეთს ან უკრაინას არ ვგულისხმობ, არც დასავლელი პარტნიორების გაღიზიანებაა სწორი. კითხვა მაქვს "ქართულ ოცნებასთან" - რატომ არ გამოვიყენეთ საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების გამყარების შესაძლებლობა? ახლა ხომ მაინც დაინახა დასავლეთმა რუსეთის რეალური მხარე? რატომ არ ავტეხეთ ერთი ამბავი იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამარცხვინოდ შეაფასეს, რატომ არ დავამუნათეთ ევროკავშირი იმის გამო, რომ თავის დროზე ტალიავინი რუსეთის გაღიზიანებას მოერიდა? მე რომ ქართველი დიპლომატების ადგილზე ვყოფილიყავი, ევროპარლამენტს ტალიავინის დასკვნას თავზე გადავახევდი. ევროპა ჩვენგან გაკრიტიკებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ თურმე ომში გვითრევდა, არა, იმის გამო, რომ 2008 წელს სათანადოდ არ შეაფასა რუსეთი. ის კი არ უნდა გვეძახა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ფარატინა ქაღალდიაო, ისეთივე პრივილეგიები უნდა მოგვეთხოვა, დღეს უკრაინა რომ ითხოვს. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო იყო მთელ პოსტსაბჭოთა­ სივრცეში, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ჩვენ ვერა! რატომ? იმიტომ, რომ უკრაინამ სათანადოდ გამოიყენა შესაძლებლობა, ჩვენ ვერა! კიდევ ერთი აბსურდი მოხდა - ჩვენ ყველა საერთაშორისო არენაზე დავუჭირეთ მხარი უკრაინას, მაგრამ ჯეროვნად არ აღვნიშნეთ. სხვა სახელმწიფოები მცირედსაც რომ აკეთებენ, იმასაც ისე ფუთავენ, გეგონება, უზარმაზარი რამ გააკეთეს.

- ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს?

- ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, მთავარია, შეცდომა დაშვებულია და ის გამოსასწორებელია. ომით გამოწვეულმა კრიზისმა რისკებთან ერთად ქართველებს შესაძლებლობებიც მოგვცა. მაგალითად, რუსეთიდან შემოსულმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ საფრთხეებსა და რისკებთან ერთად კაპიტალიც შემოიტანა, რამაც მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. იმის მაგივრად, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ვკმაყოფილდებით იმით, რომ ჩვენს რესტორნებს ბევრი ქერა კლიენტი ჰყავს.

- როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ეს ქვეყანა თვეების განმავლობაში დაიცავდა თავს, ახლა რუსეთის შესაძლო დამარცხებასაც კი განვიხილავთ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს ომის სურათი და შესაძლო შედეგი­ რა გავლენას იქონიებს საქართველოზე?

- რუსებმა უკრაინაში შეჭრით ისეთი შეცდომა დაუშვეს, როგორიც რუსულ პოლიტიკურ ელიტას არასდროს დაუშვია, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, სამხედრო ანალიტიკოსებს რატომ ეგონათ, რომ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა, სადაც 45 მილიონი კაცი ცხოვრობს, ადვილი დასამარცხებელი იქნებოდა, მით უფრო იმ ძალით, რომელიც რუსეთს ჰქონდა - 200 000 ჯარისკაცით ევროპის ყველაზე დიდი ტერიტორიის დაპყრობა და შემდეგ მისი გაკონტროლება სრული აბსურდია. ასევე აბსურდია 4-მილიონიანი ქალაქის აღება 25 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტით. 25 000 მოხალისე­ მარტო ერთ უბანში მოაგროვეს უკრაინელებმა. უკრაინის ბრძოლისუნარიანობამ დასავლეთს ბიძგი მისცა ინვესტიცია ჩაედო მის გამარჯვებაში. სამხედრო დახმარება მორალური ვალდებულება კი არა, პრაგმატული მიზნებით განპირობებული გადაწყვეტილებაა. ევროკავშირმა დაინახა, რომ რუსეთი მისთვის რეალური საფრთხეა. ახლა საკითხი დგას ასე - როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან რუსეთი. უკვე ფაქტია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული პუტინის ამოცანა ჩავარდა. ნატომ არათუ 1997 წელს დაწესებულ საზღვრებთან არ დაიხია, 1600 კილომეტრით მიიწია რუსეთის საზღვრისკენ.

- ანალიტიკოსები ადრე ამბობდნენ, რომ დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს, ახლა გვესმის, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს.

- რაც უფრო გრძელდება კრიზისი, მით მეტად უჭირს რუსეთსაც, უკრაინასაც და ევროპასაც. არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება ეს ომი. ორივე მხარის წინააღმდეგ არის ფაქტორები და ორივე მხარეს აქვს უპირატესობები. საქართველო ორივე სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს. თუ რუსეთი დამარცხდა, მოსკოვს მოუწევს ექსკლუზიური გავლენის ზონებიდან გასვლა. ამ შემთხვევისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს გამზადებული აფხაზეთსა და ცხინვალთან, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის სტრატეგია და გეგმა. მზადება უნდა დავიწყოთ იმ საფრთხეებისთვისაც, რომლებსაც რუსეთი სულის მოთქმის შემდეგ ისევ შეგვიქმნის. თუ რუსეთმა ეს ომი მოიგო, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. რუს საზოგადოებას იმედი მიეცემა, რომ მოსკოვი შეძლებს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ეს ჩვენს სუვერენიტეტს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის.

ხათუნა ბახტურიძე