რისთვის არიან მზად საქართველოს შეიარაღებული ძალები - კვირის პალიტრა

რისთვის არიან მზად საქართველოს შეიარაღებული ძალები

უკრაინაში თითქმის ერთწლიანმა ომმა მთელ მსოფლიოს დაანახა მშვიდობისა და წლების განმავლობაში სწორად ნაშენები შეიარაღებული ძალების ფასი. საქართველოშიც ხშირად ისმის კითხვა, რა რესურსი აქვთ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს - ამ თემაზე სამხედროები გვესაუბრებიან:

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მწირი ბიუჯეტი აქვს"

ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი: - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის საომარი მოქმედებები შეიძლება გაიმართოს, რა მასშტაბის საფრთხესა და მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. პარტიზანულ ბრძოლებს, ლოკალურ შეტევებს, სეპარატისტულ ან ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს განსხვავებული რესურსი და ტაქტიკა სჭირდება. როდესაც თავდაცვის შემადგენლობის გაზრდაზე ვსაუბრობთ, ზოგი მაღალჩინოსანი კრიტიკად ან შეურაცხყოფად იღებს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის­ მინიმალური ზღვარი საქართველოს კი არა, ბრიტანეთსაც აქვს დაწესებული. ისიც ამ ზღვარზე იმყოფება, მაგრამ მას მეზობელი ქვეყნისგან არ ემუქრება საფრთხე. ამ ეტაპზე­ თავდაცვისუნარიანობის დონე მინიმუმამდეა შემცირებული, ამაზე მეტად შეუძლებელია. ამიტომაც გონივრულად არ მიმაჩნია "ბუკების" უკრაინისთვის გადაცემაც, სანამ არ გვექნება გარანტია და არ გვეცოდინება, რა სახის სამხედრო ტექნიკას მივიღებთ და როდის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მწირი ბიუჯეტი აქვს, რაც მსოფლიოში შექმნილ რეალობას არ შეესაბამება. ამიტომ თუ გადაიარაღება გვსურს, რაც აუცილებელია, უპირველესად­ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. უკრაინის ომის გამო საბჭოთა წარმოების აღჭურვილობა­ კატასტროფულად მცირდება,­ მათი შეცვლა ან სათადარიგო ნაწილების ყიდვა უკვე ჭირს. ამიტომ ოპერატიულად უნდა გადავიდეთ თანამედროვე დასავლურ სამხედრო სისტემებზე. ხელისუფლებამ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ქამრები უნდა შემოიჭიროს. სხვაგვარად სოციალური უზრუნველყოფის გაძლიერებას, განათლებასა თუ ეკონომიკის განვითარებას აზრი ეკარგება.

- წლებია ლაპარაკია, რომ შეიარაღებული ძალების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, გაწვრთნა და გადაიარაღება მიმდინარეობს.

- ბიუჯეტი ძალიან მცირეა, გადაიარაღებას კი უფასოდ არავინ გაჩუქებს, უნდა ვიყიდოთ. სპეციალისტებიც უნდა მოვამზადოთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წვრთნები ნატოს სტანდარტებით მიმდინარეობს, მაგრამ აუცილებელია ტემპის გაზრდა, რაშიც მხოლოდ ნატოს სტანდარტებით წვრთნებს არ ვგულისხმობ - შიდა სწავლებების მასშტაბი და ინტენსივობაც უნდა გავზარდოთ. უკრაინის ომმა მსოფლიო შეცვალა. იმედია, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროში განახლებულ კონცეფციაზე მუშაობენ. ან ჯგუფი მაინც არის შექმნილი, რომელიც უკრაინის საომარი მოქმედებების შემდეგ წარმოქმნილ საფრთხეებს სწავლობს. თავდაცვის შეიარაღებული ძალები რეალობის შესაბამისად უნდა ემზადებოდნენ და არა წარმოსახვით გარემოში, ვირტუალური მტრის წინააღმდეგ.უკრაინის ომზე რომ არაფერი ვთქვათ, სამხრეთ კავკასიაში ყოველდღე იცვლება პროცესები. აქვეა გიუმრის რუსული ბაზა, ხოლო ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტი დგას. რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშიც აქვს სამხედრო პლაცდარმები, ანუ ბუნებრივი გამყოფი ზღუდე არ არსებობს. ყველაფერი ახლებურად უნდა შევაფასოთ. გეოპოლიტიკური ვითარება მუდმივად იცვლება და ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. გასათვალისწინებელია ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთ-აზერბაიჯანის, ირან-აზერბაიჯანის პოლიტიკური ვითარებაც და სხვა. იმ რესურსებისა და პოტენციალიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, აუცილებელია შეიარაღებული ძალების გაზრდა, მესამე სარდლობის ჩამოყალიბება, თანამედროვე სტანდარტებით გადაიარაღება. თუ შემადგენლობას არ ვზრდით, მაშინ უნდა გვყავდეს პროფესიული შეიარაღებული ძალები, საკონტრაქტო, ასევე, კარგად ორგანიზებული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემა. ერთია კონცეფციის შექმნა და სხვა საკითხია მისი ამოქმედება.

ახლა ხშირად ლაპარაკობენ ტოტალურ თავდაცვაზე, რისთვისაც ჯერ კონცეფცია უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ტოტალურ ძალისხმევას, ანუ საფრთხის მოგერიებას ნიშნავს. ამისთვის საჭიროა კარგად მომზადებული რეზერვი, რომელსაც თავისი ფუნქციის ზუსტად შესრულება შეეძლება. რეზერვისტის საქმე მხოლოდ იარაღის დაშლა-აწყობა არ არის, მას აღჭურვილობა, ჩაცმა, გაწვრთნა, სწორი მომზადება, სამხედრო დანაყოფში ინტეგრირება სჭირდება. კარგად მომზადებული რეზერვისტი შეიარაღებულ ძალებს ვერ შეცვლის, მაგრამ გააძლიერებს. ამიტომ ეს სისტემა სამხედრო დანაყოფებთან თავსებადი უნდა იყოს. მხოლოდ თავისი კი არა, მეზობლის სახლიც უნდა დაიცვას და პარალელურად სხვა ამოცანებიც უნდა შეასრულოს. ჩვენი შეიარაღებული ძალები კი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე მანევრირებასაც ვერ მოასწრებენ. ქვეყნის შეიარაღებული ძალები ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ საფრთხის შემთხვევაში ყველა მიმართულებაზე სწრაფად რეაგირება შეძლოს. სწრაფი რეაგირებისა და შემაკავებელი მოქმედებებისთვის საწყის ეტაპზევე უნდა იყვნენ მზად.

რაც შეეხება სკანდალურ "ბუკებს", ისინი­ გასული საუკუნის 80-იან წლებში გაკეთდა და საზენიტო-საჰაერო სისტემა "კუბი" შეცვალა. სხვადასხვა მოდიფიკაციიდან­ გამომდინარე, საშუალო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კარგად იმუშავა. მათი უკრაინისთვის გადაცემაზე­ საუბარი დაახლოებით იგივეა, გარშემო სროლები არ წყდებოდეს, თქვენ კი ერთი თოფი გქონდეთ და გეუბნებოდნენ, ის მომეცი და უკეთესს მოგცემო. ასეთ ვითარებაში ხომ იკითხავდით, როდის მომცემენ ან სანამ მომცემენ, რა ვქნაო?.. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზე, "ბუკებსა"­ და "ჯაველინებზე" ინფორმაცია საიდუმლო აღარ არის, ნებისმიერ ქვეყანაზე დევს ცნობები ინტერნეტში, რომელი ქვეყნის არსენალში რა იარაღი ინახება. შესაძლოა ეს სისტემა უკვე მოძველებულია, მაგრამ სანამ უკეთესს არ მოგვცემენ, დიდი არჩევანი არა გვაქვს.O ასე რომ, ამ საკითხზე მსჯელობა ინფანტილიზმია, მისი საჯაროდ გარჩევა არ შეიძლება.

"როდესაც ქვეყანა თავად საფრთხეშია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სხვისთვის მიცემა ძნელია"

ლაშა ბერიძე, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი: - ომი არის პოლიტიკის სხვა გზითა და საშუალებით გაგრძელება. რუსეთი მტერია, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი თავდაცვისთვის, მასთან კონფლიქტისთვის ან დაძაბულობისთვის მზად არ არის. შესაბამისად, ამ ვითარებაში ძნელია იმაზე ლაპარაკი, საქართველოს შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის რა დონეზე არიან მზად. ქვეყანაში პროფესიონალი სამხედროების გარდა, უამრავი კარგად მომზადებული სამხედროა. ამასთან, უამრავი ქართველი იბრძვის უკრაინაში, რომლებმაც ომში დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღეს. ასე რომ, დიდი ცოცხალი ძალა გვყავს, რომელსაც მობილიზების შემთხვევაში ეფექტურად და ოპერატიულად მოქმედება შეუძლიათ, ოღონდ გააჩნია, რა სახის სამხედრო აგრესიაზეა საუბარი. პატარა ქვეყნის კვალობაზე კარგად მომზადებული ხალხი გვყავს, მაგრამ აუცილებელია თავდაცვაში, სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადება, რაც დიდი ხანია არ მომხდარა.

რუსული აგრესიის შემთხვევაში მთავარი სტრატეგიული ამოცანა თავდასხმის შეკავება და საერთაშორისო დახმარების მიღებაა. მოკავშირეების გარეშე გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, საქართველო ვერ შეძლებს იმას, რაც უკრაინამ შეძლო, მაგრამ ამ პირობებში, როდესაც რუსეთი ასეთი დასუსტებულია, პატარა ქვეყნის კვალობაზე უკეთესი შედეგის მისაღებად მეტი შესაძლებლობა გვაქვს. ახლა რუსეთს არ შესწევს უნარი მთლიანად ჩვენზე იყოს ფოკუსირებული, ამიტომ ისტორიული შანსი გვაქვს პოსტსაბჭოური წრე გავარღვიოთ. თუმცა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, თუნდაც "ბუკების" გადაცემაზე პასუხი, ბევრ რამეზე მიანიშნებს. თუმცა, როდესაც ქვეყანა თავად საფრთხეშია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სხვისთვის მიცემა ძნელია. მთავარი პრობლემა უკრაინის მიმართ ომის დაწყების დღიდან ისტერიკული, არამეგობრული დამოკიდებულებაა. შეიძლება მისი გადაცემა მიზეზთა გამო არ სურთ, მაგრამ უკრაინაში ომია, უზარმაზარი მონსტრი დაესხა თავს და შეიძლებოდა მშვიდად ეპასუხათ, ბოდიში, მაგრამ ჩვენც რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე ვართ და თავადაც გვჭირდებაო. ასეთი ისტერიკა არ იყო საჭირო, მით უფრო, რომ "ბუკების" ნაცვლად უახლოეს მომავალში ამერიკული სტილის საჰაერო თავდაცვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მივიღებდით. ეს უკრაინისთვის დახმარებად ჩაგვეთვლებოდა, დასავლეთის თვალში კი უფრო ერთგულ პარტნიორად გამოვჩნდებოდით.

- უკრაინას რატომ არ გადასცეს ამერიკული სტილის სისტემა?

- გვითხრეს, გადაეცით უკრაინას და უახლოეს დროში ბევრად ეფექტიან სისტემას გადმოგცემთო. ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ "ბუკი" და "ჯაველინი" ეფექტურად მუშაობს და ახლა უკრაინას უფრო სჭირდება. ომს იგებს ხალხი და არა შეიარაღება, რაც უკრაინის მწარე გამოცდილებიდან დავინახეთ. ამიტომ საქართველოს სამოქალაქო პირებს სჭირდებათ მომზადება და მიზანშეწონილი იქნებოდა ეროვნული სამსახურის შემოღება. რუსეთი ყოველთვის გამონახავს დროსა და რესურსს ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საქართველოზე ფოკუსირებისთვის კარგა ხანს ვერ მოიცლის, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის დრო გვაქვს. ხალხის მომზადება ომის მოსაგებად გადამწყვეტია...

უკრაინას გაშლილი ადგილები აქვს, საქართველო კი მთაგორიანი ქვეყანაა, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ სწორი ტაქტიკისა და მომზადების შემთხვევაში. ბევრი ბერკეტი გვაქვს მოწინააღმდეგის შესაკავებლად. პარალელურად თანამედროვე შეიარაღებაში კაპიტალის ჩადება, ვგულისხმობ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგოსა და საარტილერიო საშუალებებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ქვეყანამ უნდა შექმნას ისეთი სამსახური, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაივლის პრაქტიკულ მომზადებას, რათა ქვეყნის თავდაცვისთვის მზად იყოს. ეს ერთ ან ორ წელიწადში ვერ მოხერხდება, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყოს. თუ მოსახლეობა არ იქნება მზად, ქვეყნის თავდაცვას ვერავითარი შეიარაღებული ძალები ვერ ეყოფა. რაც შეეხება რეზერვის სისტემას, ფინეთს ძალიან კარგი სარეზერვო სამსახური აქვს და ითქვა, რომ მისი მოდელის შემოღებას აპირებენ, რაც მისასალმებელია. ძალიან კარგი თავდაცვის სისტემა აქვთ სამხრეთ კორეაშიც. კარგია, რომ რეზერვის ფინურ სისტემაზე ფიქრი დაიწყო, მაგრამ ის, რომ მასზე 2025 წლიდან გადავდივართ, გაუმართლებელია - საქართველოს დასაკარგი დრო არა აქვს. გეგმა კარგია, მაგრამ ერთია, რა წერია ქაღალდზე და მეორე, რას ვაკეთებთ რეალურად.

"ჯარში მსახურება არაპრესტიჟული გახდა"

გიორგი სურმავა, ბრიგადის გადამდგარი გენერალი: - შეიარაღებული ძალების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ცნობები ვენის დოკუმენტსა და "ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის" დოკუმენტშია მოცემული და საიდუმლო არ არის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვოტები არათუ აუთვისებელია, დიდი დანაკლისიც გვაქვს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაკომპლექტების პრობლემა აქვს. თავდაცვის ძალების შემადგენლობა 36 ათას კაცს უნდა შეადგენდეს, მაგრამ მასზე ბევრად ნაკლებია. ჯარში მსახურება არაპრესტიჟული გახდა. ოფიცერთა შემადგენლობით დავიწყოთ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და ეროვნული თავდაცვის აკადემიაც ფუნქციონირებს, ორივე სასწავლებელი მაღალკვალიფიციურია, ჰყავს მოსწავლეებიც, მაგრამ არ კმარა. ვფიქრობ, მათზე არჩევანს მხოლოდ უფასო სწავლის გამო აკეთებენ. საინტერესოა, სწავლის დასრულების შემდეგ აგრძელებენ თუ არა სამხედრო სამსახურს. ვიცი, რომ აკადემიაში უკვე მიიღეს პრევენციული ზომები, აქედანვე დებენ კონტრაქტს, მაგრამ არმია იძულებით დარჩენილი პირებით კი არა, მოტივირებული სამხედროებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ამის მოტივაცია კი სახელმწიფომ უნდა შეუქმნას. სხვათა შორის, ერთ-ერთი წინა პირობა მაღალი ანაზღაურება უნდა იყოს. ოფიცრების, სერჟანტების და ჯარისკაცების დეფიციტია. როდესაც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა დაიწყო და სამხედროებს ხელფასები მოემატათ, სოფელში მცხოვრები ბიჭებისთვის სამხედრო კონტრაქტი პერსპექტიული იყო. ახლა ის თანხა მიმზიდველი აღარ არის. მეორე დიდი პრობლემაა ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით მილიარდი ლარით განისაზღვრება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ორჯერ და მეტჯერ აღემატება ჩვენსას, აზერბაიჯანზე არც ვლაპარაკობ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შიდა სფეროებიც შევაფასოთ - წლების წინ გვითხრეს, სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, მის შენახვას დიდი თანხები სჭირდებაო. საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ფლოტის გარეშე შეიარაღებული ძალები სრულყოფილი ვერ იქნება.

რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის ძალებს, კვოტა არათუ აუთვისებელია, განსაზღვრულ რაოდენობას ძალიან ბევრი აკლია. "ბუკები", რომელთა გამო ასეთი სკანდალია ატეხილი, საშუალო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. მის რაკეტებს შვიდ წელიწადში ერთხელ ქარხანაში სარეგლამენტო შემოწმება უტარდება. საქართველომ ის 2007 წელს შეიძინა, მას შემდეგ 16 წელი გავიდა და გამოყენება კი არა, ხელიც არავის უხლია. საქართველოს კი არა, უამრავ ქვეყანას არა აქვს საზენიტო-სარაკეტო "ბუკების" შემოწმების სერვისი. ისინიც ჩვენსავით სხვაგან ამოწმებენ. რადგან უკრაინამ მოგვცა, მისი შემოწმება უკრაინასა და რუსეთში შეიძლებოდა. ახლა უკრაინას ამის თავი არა აქვს, რუსეთში კი ვერ ჩავიტანთ. ასევე გვაქვს პოლონური და ისრაელის წარმოების გადასატანი კომპლექსები, ფრანგული წარმოებისაც, მცირე რაოდენობით, მაგრამ არ ვიცი, უტარდება თუ არა სარეგლამენტო შემოწმება.

- საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სახმელეთო ძალები.

- დიახ, მაგრამ იქაც პრობლემებია, საცეცხლე მხარდაჭერა და მობილურობა არასაკმარისია, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ "ჰაილუქსებით" ირბინონ. ჩვენ გვჭირდება ჯავშანმანქანები, რომლებიც ძალიან ცოტა გვყავს. ძირითადად საბჭოთა სტანდარტის 122 და 152-მმიანი საბრძოლო მასალები გვქონდა. რა თქმა უნდა, რუსეთიდან არ მივიღებთ, სხვა ქვეყნებში კი ამოიწურა. ანუ კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი. იგივე ითქმის სარეზერვო და სამობილიზაციო სისტემაზე, ტოტალური თავდაცვის შემადგენელ ნაწილზე, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გვიწერია. რას ნიშნავს ტოტალური თავდაცვა ბევრმა არც იცის. თუ სახელმწიფოს სურს ტოტალურ თავდაცვაში მონაწილეობა, მისი მნიშვნელობა უნდა იცოდეს. რეზერვის შესახებ დაწერილი კონცეფცია კარგია, მაგრამ მასშტაბი მცირეა და თავდაცვის ძალებს ვერ გაზრდის. რეზერვის მთავარი ფუნქცია სამხედრო პოტენციალის გაზრდაა და თუ ეს ვერ შეძლო, რა აზრი აქვს. სენაკის და თელავის ქვეითი ბრიგადებისთვის რეზერვის კონცეფციაში გათვალისწინებული მასშტაბი მცირეა. სამობილიზაციო სისტემაც გაუმართავია, ისიც კი არ ვიცით, ხალხი აღრიცხულია თუ არა, თანაც მობილიზაცია მხოლოდ ადამიანებს კი არა, სამხედრო მანქანებს, ტექნიკასა და სხვა ელემენტებს მოიცავს.

- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წელს განახლდა, მაგრამ მაშინაც არასრულყოფილი იყო. მას შემდეგ კი უამრავი რამ შეიცვალა - მთიანი ყარაბაღის ომი, რუსეთიდან გაზრდილი საფრთხე, შავი ზღვის პრობლემები, გასათვალისწინებელია რუსეთ-თურქეთის ფაქტორი, უკრაინის ომი... საფრთხეები შეიცვალა, მაგრამ მოქმედება არ შეუცვლიათ. კონცეფცია არ არის სრულყოფილი დოკუმენტი, უნდა გვქონდეს სტრატეგიაც, სადაც ინტერესები, ღირებულებები და მიზნები გაწერილი იქნება. დასანანია, რომ ჩვენი ვერც ერთი ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სამხედრო ინსტრუმენტის როლს სათანადოდ ვერ აფასებდა.