შენარჩუნდება თუ არა ლარის კურსის სტაბილურობა - კვირის პალიტრა

შენარჩუნდება თუ არა ლარის კურსის სტაბილურობა

შარშანდელი თითქმის 10%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი მთავრობას 4%-ზე აქვს დაგეგმილი. მართალია, შემცირებულია ინფლაციის დაგეგმილი მაჩვენებელიც, მაგრამ ფასების ზრდა ქვეყანაში მოსახლეობისთვის მაინც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს, ლარის კურსია. რა განაპირობებს ლარის კურსის სტაბილურობას, რა შანსია, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს და რა გავლენა ექნება ამას მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა:

- ლარის კურსს განაპირობებს ქვეყანაში დოლარის შესვლა-გამოსვლა და ლარის ოდენობა. დოლარის წყაროებია ექსპორტი, ინვესტიციები, ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადები და გზავნილები, ლარის მასა კი დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე.

ბოლო თვეებში ლარის კურსის მთავარი განმაპირობებელი ცალსახად იყო რუსებისა და ბელარუსების ქვეყანაში შემოსვლა, რომლებმაც დიდი ოდენობით დოლარი და ევრო შემოიტანეს. ამან განაპირობა, ერთი მხრივ, ლარის გამყარება და მეორე მხრივ, სტაბილურობა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახლა უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის, ზოგჯერ კი შეიძლება პირიქითაც იყოს, მაგრამ ეს ეფექტი ჯერ არ ამოწურულა და კურსის საშუალოვადიან პერიოდში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის.

სხვა მიზეზებსაც რომ შევეხოთ, ექსპორტი კი იზრდება, მაგრამ არა იმგვარად, რომ ეს იყოს მიზეზი. იგივე ითქმის ინვესტიციებზე. მთავარი მაინც ფულადი გზავნილები და ვიზიტიორებიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადებია. ეროვნული ბანკის პოლიტიკას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ისევ არა გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, კვლავ ბევრ ფულს "ბეჭდავენ", ანუ ფულის მასა მკვეთრად იზრდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ, ჯერ კურსი არ უფასურდება.

- ლარის სიმყარის ტრადიციულ პერიოდებს რასაც უწოდებენ, ახალი წლის პერიოდს, ზაფხულს და ა.შ., როდესაც ლარზე იზრდება მოთხოვნა, ეს ფაქტორები თუ მუშაობს და მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარს რა ელოდება?

- არა, ამ ე.წ. ტრადიციული პერიოდების არანაირი მეცნიერული დადასტურება არ არსებობს. რომ ავიღოთ ბოლო 20 წელიწადი და ვნახოთ ნებისმიერი ასეთი პერიოდი, არასდროს ყოფილა კორელაცია ლარის გამყარებასა და რამე პერიოდს შორის. ამ პერიოდებში ლარი ხან მყარდება და ხან უფასურდება, რადგან ეს დამოკიდებულია არა დროის მონაკვეთებზე, არამედ იმაზე, თუ რამდენი დოლარი რის გამო შემოვა და გავა. რა თქმა უნდა, ზაფხულში ტურიზმიდან მეტი დოლარი შემოდის და ეს ყოველთვის ქმნის კურსის გამყარების მოლოდინს, მაგრამ უკანასკნელ 20 წელიწადში ბევრჯერ ყოფილა, რომ ზაფხულში ლარი პირიქით, მკვეთრადაც გაუფასურებულა, არათუ გამყარებულა, მათ შორის კარგ ტურისტულ სეზონზეც.

- ცოტა ხნის წინ ოპოზიცია ეროვნულ ბანკს საყვედურობდა, რეზერვები შეავსო და ამის გამო ლარი უფრო მეტად ვერ გამყარდაო. ეს რამდენად საფუძვლიანი კრიტიკაა, რამდენით შეიძლებოდა ლარის კიდევ უფრო გამყარება და რაც მთავარია, სჯობდა ლარის გამყარება რეზერვების შევსებას?

- მკვეთრად ლარის არც გაუფასურება ვარგა და არც გამყარება, რადგან ეს არასტაბილურობას ნიშნავს, რაზეც ბაზარი ცუდად რეაგირებს. მე ეროვნული ბანკის კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იმსახურებს. მკვეთრი გაუფასურების ან გამყარების დაბალანსება და დროში განაწილება სწორი რამ არის. მარტივი მაგალითი: როდესაც რეზერვების გაყიდვით ბაზარზე დოლარს უშვებენ, ამას ყოველთვის მოკლევადიანი ეფექტი აქვს - ანუ რეზერვი არასდროს არის იმის ფუნდამენტური ფაქტორი, კურსი გამყარდება თუ არა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მოკლევადიან პერიოდში, კი ბატონო. რეზერვების შევსების პოლიტიკა ზოგადად სწორია, მაგრამ პრობლემა ის არის, თუ როდის მყარდება და როდის არა და ყველაზე დიდი კავშირი აქვს წინასაარჩევნო პერიოდთან. წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული ბანკი ძალიან ბევრ რეზერვს ყიდის, რათა კურსი შენარჩუნდეს, რაც ცალსახად ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება. ეს კატეგორიულად არ შეიძლება. მერე ამის გამო შეიძლება ისეთ ნაბიჯებზე წასვლამ მოუწიოს, რომ რეზერვების შევსება პოლიტიკურად იყოს მოტივირებული და არა ეკონომიკურად.

- როდესაც საქართველოს მოსახლეობა დიდად არის დამოკიდებული საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე, ლარის გამყარებას ასეთი მნიშვნელობა აქვს? ისინი მიღებული ფულით ხომ უფრო ცოტა ლარის ყიდვას შეძლებენ? თუ დაბალი კურსი მაღალი მსყიდველობითუნარიანობით ბალანსდება?

- სწორედ მსყიდველობითუნარიანობაა გადამწყვეტი. ლარს თუ მაღალი მსყიდველობითი უნარი აქვს, ესე იგი, ცოტა ფულით ბევრ რამეს ვიყიდით. ჩვენთან სამომხმარებლო პროდუქციის 60%-ზე მეტი იმპორტირებულია, შესაბამისად, პირველადი მოხმარების საგნებიც უფრო გვიიაფდება, რადგან საქონელი ლარში უფრო ნაკლები ჯდება, როცა ის დოლარის მიმართ მყარია. როცა ლარი მყარდება, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში რაღაცები გვიიაფდება. ცენტრალური ბანკი ფულს რომ არ "ბეჭდავდეს", ანუ მონეტარულ ექსპანსიას არ ეწეოდეს და ფულის მასა სტაბილური იყოს, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგან იმპორტი თუ გაგიიაფდება, ადგილობრივი პროდუქცია გაგიძვირდება და პირიქით - ანუ, თუ ფულის მასა მკვეთრად იზრდება, გვაქვს ინფლაცია, თუ არ იზრდება, ლარის კურსს რაც უნდა მოუვიდეს, მაღალი ინფლაცია არა გვაქვს. ყველა ქვეყანაში ასეა და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

- დღეს არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, ლარის კურსთან დაკავშირებით რა არის მოსალოდნელი?

- კურსზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, ეს მხოლოდ მკითხაობა იქნება. ანალიზი მხოლოდ წარსულისა და აწმყოსი შეიძლება. ინფლაციაზე შესაძლებელია, რადგან ვიცით, რას აპირებს ცენტრალური ბანკი. ვიცით, რომ გაზაფხულისკენ საშუალოწლიური ინფლაციის შემცირებას ვარაუდობენ, მაგრამ ამაზეც ვერ ვიტყვით, რა მოხდება. ვიცით მხოლოდ ის, თუ რას გეგმავენ. პრობლემა კი ის არის, რომ ხშირად გეგმავენ ხოლმე რამეს და მერე ასე არ ხდება­. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მიჰყვებიან თუ არა მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და დიდი ალბათობით, არ მიჰყვებიან, როგორც ყოველთვის.

- ანუ ინფლაცია დაგეგმილზე მაღალი იქნება?

- დიდი ალბათობით კი, რადგან მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას არ ატარებენ, ინფლაციის მოთოკვას კი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა სჭირდება.

- წლიური ეკონომიკური ზრდა 10%-მდე გვქონდა და ახლა დაგეგმილია 4%. მოსახლეობისთვის ეს რას ნიშნავს?

- მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა ვიზიტიორების დიდმა რაოდენობამ და ფულადმა გადმორიცხვებმა, მაგრამ ეს ეფექტი გადის. ამიტომ წლეულს დაიკლებს და დაუბრუნდება ორი წლის წინანდელ ნიშნულს, დაახლოებით 3%-ს. ეს მოსახლეობისთვის რას ნიშნავს, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც სტაბილურად ბევრი წელიწადი სჭირდება, რომ სიღარიბის პრობლემები მოაგვაროს. მოსახლეობისთვის ერთ-ორწლიანი მაღალი ეკონომიკური ზრდა შესამჩნევი არ არის. ამიტომ წლეულსაც სიღარიბე და ფასების ზრდა კვლავ პრობლემა იქნება და საერთოდ, სოციალური პრობლემები ისევ ისე გვექნება. როდესაც 3%-იანი ზრდა გვქონდა, სიღარიბე იზრდებოდა და შესაძლოა ისევ ეს ტენდენცია დაბრუნდეს.

- ხშირად ამბობენ, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეამცირა მაღალი ინფლაციის უარყოფითი გავლენა. ამგვარი ეფექტი რომ აღარ იქნება, ინფლაცია რამდენად მწვავე შეიძლება გახდეს მოსახლეობისთვის?

- სინამდვილეში არაფერიც არ შეუმცირებია. რომ ნახოთ სტატისტიკა, თუ როგორ იზრდებოდა ფასები წლების განმავლობაში და როგორ იზრდებოდა მედიანური ხელფასი, ცალსახად ჩანს, ინფლაციამ როგორ შეჭამა ყველანაირი ზრდა. ამიტომ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ცალსახად გაგრძელდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის დროსაც იყო ეს პრობლემა და იქნება ახლაც. თუმცა კარგი ის არის, რომ ინფლაცია 12-14%-იანი, ალბათ, აღარ იქნება და დაიწევს. დიდია ალბათობა, რომ ამ მხრივ რასაც გეგმავენ, რეალობა იმასთან ახლოს იყოს. თუმცა ეკონომიკა არ არის მომავლის აღწერის მეცნიერება, ეკონომიკა წარსულის შეფასებაა.

- წარსულის შეფასებიდან გამომდინარე, უახლოესი პერიოდი, თუნდაც გაზაფხული, მოსახლეობისთვის შეიძლება იმაზე ცუდი იყოს, ვიდრე შარშანდელი წელიწადი?

- თუ ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი გვექნება, ვიდრე შარშან და ინფლაციური პროცესები ისევე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, უარესი იქნება, რადგან რაღაცები გაძვირდება, შემოსავლები კი ნაკლებად გაიზრდება, ან შესაძლოა არც გაიზარდოს.

- მოლოდინი როგორი გაქვთ?

- ადრე თუ გვიან, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ეფექტი ამოიწურება. შესაძლოა ეს 2023 წლის პირველ ან მეორე კვარტალში მოხდეს. რეალურად ეს ზრდაც წყალში ჩაგვეყარა, იმხელა ინფლაცია გვქონდა. ამიტომაც მოლოდინი უარყოფითია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, მსოფლიოც რეცესიაშია შესული. ჯერჯერობით ამას ოფიციალურად არ ჰქვია მსოფლიო რეცესია, მაგრამ ქვეყნების უმეტესობა შესულია დაბალი ეკონომიკური ზრდის და ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი ზრდის პერიოდში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დიდია ალბათობა, რომ 2023 წელი ყველაზე რთული წელი იყოს დასავლეთისთვის, განსაკუთრებით რუსეთისთვის და სხვა. საქართველოშიც ეფექტის ადრე თუ გვიან ამოწურვა ჩვენც ნეგატიურად შეგვეხება, ეს გარდაუვალია და შეუძლებელია გავექცეთ, თუ ხელისუფლებამ მკვეთრად დადებითი ეკონომიკური ნაბიჯები არ გადადგა, ეს კი მეეჭვება, ათი წლის განმავლობაში არ გაუკეთებიათ ასეთი რამ.

- ჩავთვალოთ, რომ ახლა გადადგეს, რა უნდა იყოს ეს ნაბიჯები?

- ასეთ დროს რამდენიმე რაღაცაა ყველაზე სწორი. ოჯახის მაგალითზე ვიმსჯელოთ - შემოსავალი რომ უმცირდება, რას აკეთებს, ხარჯებს ამცირებს, ხომ? ქვეყნებიც ასევე იქცევიან, მაშინვე ხარჯების შემცირებაზე გადადიან, რაც კარგ მთავრობებს გამოსდით ხოლმე, ცუდ მთავრობებს კი არა.

ანუ პირველი - ხარჯები მკვეთრად უნდა შემცირდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან გაბერილი გვაქვს. ხარჯების შემცირება ნიშნავს, რომ ნაკლები ვალი უნდა ავიღოთ, დეფიციტი ყველა შემთხვევაში შევამციროთ.

მეორე - ამ გაჭირვების დროს სტიმული რომ მისცე ეკონომიკას, საჭიროა გადასახადების შემცირება, რაც მეტი დოვლათის შექმნას ნიშნავს.

მესამე - მაქსიმალურად უნდა მოიხსნას ის რეგულაციები, რაც ათი წლის განმავლობაში მივიღეთ. ვგულისხმობ საბანკო-საფინანსო რეგულაციებს, რადგან რეცესიის დროს პირველს საფინანსო სექტორს უჭირს და, თუ ისინი მოქნილი არ იქნებიან, შეიძლება ეს გაჭირვება უფრო დიდი დარტყმით გადავიტანოთ.

მეოთხეა მონეტარული პოლიტიკა და საჭიროა მისი გამკაცრება. ცხადია, ეკონომიკურ ზრდაზე ეს უარყოფითად აისახება, მაგრამ კრიზისის დროს ფასების გაკონტროლება გაცილებით მნიშვნელოვანია. თუმცა სხვა საკითხია, რომ ამ ყველაფერს აკეთებ, რათა ინვესტიციები წაახალისო, ინვესტიციების შემოსვლა კი მაინც არარეალისტური იქნება, სულაც ის ზღაპარი რომ ახდეს და ეს ნაბიჯები გადაიდგას.

რუსა მაჩაიძე