„ნერვების ომი - ვინც გატყდება, ის წააგებს!“ - კვირის პალიტრა

„ნერვების ომი - ვინც გატყდება, ის წააგებს!“

"უკრაინაში ომის პარალელურად უმნიშვნელოვანესი მოვლენები ვითარდება ჩინეთში, - ამბობს­ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე, - კორონავირუსის ახალ ტალღას ჩინეთი მოუმზადებელი დახვდა. მოსახლეობის მასობრივი გამოკეტვის შედეგად კოლექტიური იმუნიტეტი ვერ განვითარდა. ახალი ტალღა ურტყამს როგორც ეკონომიკას, ასევე სი ძინპინის რეჟიმსაც, რომელიც მესამე­ ვადით დარჩა ხელისუფლების სათავეში. მესამე ვადა ჩინეთში უპრეცედენტო მოვლენაა და მის ლეგიტიმაციას წარმატება ესაჭიროება, საამისო პერსპექტივა კი არ ჩანს. ამას ისიც დაემატა, რომ ლოკდაუნებით დატანჯულმა ჩინელებმა პროტესტი გამოხატეს და რეჟიმს დათმობაზე წასვლა მოუხდა. ცხადია, პეკინში ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში ომს და რაც უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს, მით უფრო შეეცდება ჩინეთი დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარებას, რათა თავიდან აიცი­ლოს სანქციები და ეკონომიკა გადაარჩინოს"

- ახლა ჩინეთის საფიქრალი ის არის, დაეხმაროს რუსეთს თუ არა. თუ დაინახავს,­ რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე იჭედება, აუცი­ლებლად გადგება განზე.

- ფიქრობთ, რომ ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისია და პეკინი ამას ხედავს?

- ახლა მოსკოვი ნამდვილად გაჭედილია უკრაინის ფრონტზე, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო, რომ გამოიკვეთოს, ვის მხარეს შეიძლება იყოს წარმატება. ახლა მოსკოვის ამოცანა იმ ოთხი რეგიონის დაკავებაა, რომელთა ანექსიაც უკვე გამოაცხადა, უკრაინას კი ყირიმამდე უნდა ტერიტორიების გათავისუფლება.­ რაც ახლა ფრონტის ხაზზე ხდება, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება. იმისათვის, რომ პუტინმა თავისი მოსახლეობა მაინც დაარწმუნოს წამოწყებული "სპეცოპერაციის" წარმატებაში, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები უნდა დაიკავოს, რაც გაუძნელდება. სავარაუდოდ, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ორივე მხარე ძალიან გადაიღლება და დაიწყება ნერვების ომი.

რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია, რამაც უკრაინელებს შეიძლება შეუქმნას განცდა, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ აქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინელები დანებებას არ აპირებენ, რაც რუსებს­ უნდა უქმნიდეს განცდას, რომ ეს ხალხი სიცოცხლეს გაწირავს და არ დანებდება. ვნახოთ, ვის უმტყუნებს ნერვები. ფაქტი ერთია - ვინც გატყდება, ის წააგებს. ახლა პუტინის მთავარი რესურსი ცოცხალი ძალაა, რომელიც ბევრი ჰყავს, თანაც იაფი უჯდება. ამ ნერვების და გამძლეობის ომში რუსეთის უპირატესობა ის არის, რომ მთლიანად საკუთარ თავზეა დამოკიდებული, იარაღსაც თავად აწარმოებს და საკუთარ ჯარისკაცებს უშვებს საომრად, უკრაინა კი იარაღით მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ისიც საფიქრალია, რამდენ ხანს ექნება დასავლეთს იმის ნება, რომ უკრაინა იარაღით მოამარაგოს.

- თუ ჩინეთმა საბოლოოდ თქვა უარი რუსეთთან თანამშრომლობაზე, შეიძლება ომის სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალოს?

- ძნელი სათქმელია. არ ვიცით, სინამდვილეში რას აწვდის ჩინეთი რუსეთს. თუ გამჟღავნდა, რომ ტექნოლოგიებით ეხმარება, ჩინეთს ეს ძალიან ძვირად დაუჯდება.

- რატომ უნდა რისკავდეს პეკინი და ფარულად ეხმარებოდეს რუსეთს?

- იმიტომ, რომ ომის ისეთი ფინალი არ აწყობს, რომელიც ამერიკას თავზე გამარჯვების გვირგვინს დაადგამს. არც ის უნდა, რომ მოსკოვის დახმარების გამო სანქციები დაუწესდეს, მაგრამ არც მისი დამარცხება აწყობს. ამიტომ სიტუაციას შორიდან, ფრთხილად აკვირდება.

- ამერიკა, რომელსაც თავის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ რუსეთთან ერთად ჩინეთიც ჰყავდა დასახელებული, პეკინის საეჭვო­ სვლებს სათავისოდ არ გამოიყენებს და დასჯის შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს?

- სანამ არგუმენტირებულად არ დაადასტურებს, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიებით ეხმარება, მანამდე მორალური უფლება ვერ ექნება, რომ ჩინეთის დასჯა და მისთვის ახალი სანქციების დაწესება ევროპასაც მოსთხოვოს.

- საქართველო ახლა ომის დასრულების რა სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს?

- საქართველოში ახლა ამ ომის დასრულების რამდენიმე, მინიმუმ, ორი სცენარი უნდა განიხილებოდეს. ხელისუფლება­ სწორად იქცევა, როდესაც რუსეთთან ლავ­ირებას ცდილობს, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოსდის და როგორც დასავლელ პარტნიორებს, ასევე თავის ხალხსაც აღიზიანებს. არასწორია, როდესაც­ უკრაინაში­ ომია, საქართველოს დედაქალაქის მერი ტრაბახობდეს, ჩვენ მშვიდობა გვაქვსო. კარგია, მშვიდობა რომ გაქვს, მაგრამ როდესაც სამეზობლოში ადამიანები იხოცებიან, შენი სიხარული ცოტა უცნა­ურია. საერთო ჯამში "ქართული ოცნების" პოლიტიკა სწორია, მაგრამ რიტორიკა გაუგებარია.

ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია,­ რომ ცუდი სცენარისთვის მოვემზადოთ, ცუდი სცენარი კი რუსეთის გამარჯვება იქნება უკრაინაში. კარგად უნდა განვსაზ­ღვროთ, რას მოვიმოქმედებთ, თუ რუსეთი­ უკრაინაში გამარჯვების შემდგომ ჩვენ დაგვარტყამს, დასავლეთს ვთხოვოთ დახმარება?! დასავლეთი ჩვენ ისე არ დაგვეხმარება, როგორც უკრაინას ეხმარება, მაგრამ რომც დაგვეხმაროს, აქვს კი ამას აზრი? ჩვენ არც უკრაინასავით დიდი ტერიტორია გვაქვს და არც დიდი ადამიანური რესურსი გვყავს. ამასთან, დასავლეთს გაუჭირდება ჩვენი მომარაგება­ სამხედრო ტექნიკით. საამისოდ მხოლოდ ერთი ხაზი გვაქვს, თურქეთის მიმართულ­ება, ამ ხაზის გადაჭრა კი რუსეთს არ გაუჭირდება­... ამიტომ ცდილობს "ოცნება"­ რუსეთი ისე არ გააღიზიანოს, რომ უკრაინის შემდგომ სამიზნე ჩვენ არ გავხდეთ... ერთადერთი, რაც რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში... მაგრამ დღეს ოპოზიცია ისეთ ცუდ დღეშია, წარმოდგენაც კი მიჭირს, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ არჩევნები მოიგოს. თავად კი აქვთ იმედი, უკრაინა ომს რომ მოიგებს, ივანიშვილს დაასანქცირებენ და "ოცნებას" გასაქცევად გაუხდება საქმეო, მაგრამ ტყუილად ჯდომას ურჩევნიათ, ხელი გაანძრიონ. ომში უკრაინის გამარჯვება ნამდვილად დაარტყამს "ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ ძალიან გაიფუჭეს ზელენსკის ხელისუფლებასთან საქმე. მაგრამ თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ომში გამარჯვებული ზელენსკი სააკაშვილს გამოიხსნის ტყვეობიდან და ხელისუფლებაში "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრუნებს, ძალიან ცდება.

- თუმცა უკრაინა სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

- მხოლოდ უკრაინა არა, მთელი დასავლეთი გააქტიურდა და ეს თავიდან ბოლომდე ჰუმანიტარული აქციაა. მსოფლიო ორ ფერად გაიყო, უკვე ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში განიხილავენ. შესაბამისად, სააკაშვილსაც, რომელიც პუტინის ტყვედ ითვლება, დასავლეთმა ცოტა მეტი ყურადღება მიაქცია.

- "ქართული ოცნება" ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილი სინამდვილეში სულაც არ არის პუტინის მტერი, პირიქით, მის სასარგებლოდაც კი მოქმედებდა, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩაუგდო ხელშიო.

- ორივე ერთმანეთს პუტინის აგენტობას აბრალებს, რაც დიდი სისულელეა. სააკაშვილი არის პუტინის მტერი, მაგრამ ცდილობდა რუსი ხალხის გულის მოგებასაც ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე სწორია "ოცნების" პოლიტიკა, როდესაც პუტინთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენს. პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთი ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩინონ, რაც პროვინციალიზმია და სხვა არაფერი.

ხათუნა ბახტურიძე