HRW-მა საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

HRW-მა საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო ორგანიზაცია Humas Rights Watch-ის 2023 წლის მსოფლიო ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების დაცვაში თითქმის 100 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, საქართველოში. 712-გვერდიან ანგარიშში თავმოყრილია საქართველოში 2022 წელსა და 2021 წლის მიწურულს მომხდარი ფაქტები და ნათქვამია, რომ იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა, ბევრი სწორედ ადამიანის უფლებებს უკავშირდება. ანგარიში მედიის მდგომარეობის საკითხით იწყება. როგორც მასში ნათქვამია, საქართველოში მედიის თავისუფლებამ კრახი განიცადა მასმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არაერთი ფაქტისა და კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია: სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მათი ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ეს ანგარიში და რა უნდა გაკეთდეს ვითარების გაუმჯობესებისთვის, ამ საკითხებზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს ნონა ქურდოვანიძეს ვესაუბრეთ.

- წლევანდელ ანგარიშში შევიდა 2022 წელს განვითარებული მოვლენები და ერთი ქვეთავი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვაში არსებულ მდგომარეობას შეეხება. რამდენიმე მწვავე საკითხი, რომლებზეც საუბრობდა არასამთავრობო­ სექტორი შესულია ანგარიშში. ხაზგასმულია­ მედიის თავისუფლება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, ასევე შრომის უფლებების დარღვევა, უსამართლო ანაზღაურების პრაქტიკა და სხვა არაერთი მწვავე საკითხი. ეს ანგარიში საყურადღებო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რათა სახელმწიფომ დაინახოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაშია ადამიანის უფლებათა დაცვაში.

- ის საკითხები, რომლებიც ანგარიშში მოხვდა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუარესებაზე მიუთითებს?

- ასეთი ინდიკატორებით, გაუარესებულია თუ გაუმჯობესებული, არ ხდება შეფასება. ანგარიში მედიის თავისუფლების­ ნაწილით იწყება და აქცენტია ერთი მხრივ იმაზე, რომ მედიის წარმომადგენლები­ იზღუდებიან, მათზე თავდასხმებია და საილუ­სტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც არის მოყვანილი. შემდგომი გამოძიების პრობლემაც არის ნახსენები. აქცენტი გაკეთებულია ნიკა გვარამიას საქმეზე, ხაზგასმულია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.

საგულისხმო და ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენების თემაც. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია-მ შარშან გაგზავნა ამ თემასთან დაკავშირებული საჩივარი.

- ანგარიშში ძალიან მწვავედ არის შეფა­სებული შრომის უფლებებისა და უმცირესობების უფლებების დარღვევის საკითხიც. რამდენად მწვავეა ეს საკითხები და ის რეფორმები, რომლებიც გატარდა, არ არის საკმარისი, თუ სხვა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე?

- მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარი, რაც დარეგულირებულია 1999 წელს მიღებული აქტით, დროსთან შეუსაბამოა და ადამიანის შრომით უფლებებს არღვევს. ანგარიშში სწორედ ამ პრაქტიკაზეა აქცენტი გაკეთებული. თუმცა ნათქვამია ისიც, რომ დაბალ ხელფასს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რასაც "მოპარული ხელფასი" განაპირობებს. "მოპარულ ხელფასში" იგულისხმება ის, რომ არ ხდება ზეგანაკვეთური ანაზღაურება ან არასწორად ხდება დაქვითვა და ასე შემდეგ... საუბარია ლგბტ თემის უფლებებზეც, მათ შევიწროებასა და დისკრიმინაციაზე, ფემიციდის შემთხვევებზე, მათ შორის ნახსენებია ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელშიც გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს დაუდგინდა დარღვევა და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებაც იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში იყო ნახსენები.

- რამდენიმე დღის წინ ხანუმ ჯეირანოვას საქმის დამნაშავეები დააკავეს და შეიძლება ამ ფაქტმა დადებითი გავლენა იქონიოს ფემიციდის პრობლემაზე?

- პრინციპში ეს გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულება იყო. თუმცა­ ეს ერთი კონკრეტული საქმე ფემიციდის მდგომარეობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. უმნიშვნელოვანესია ზოგადი ზომების გატარება, რათა ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

- როდესაც ხელისუფლების ქმედებებზე­ კრიტიკული ანგარიში ქვეყნდება, ხელისუფლების პასუხია, ამ ორგანიზაციებს ინფორმაციას დაინტერესებული მხარეები აწვდიან და სიმართლეს არ შეესაბამებაო...

- ასეთი მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის ანგარიშებში მსგავსი თემები შემთხვევით არ ხვდება. ანგარიშში კონკრეტული ფაქტებია მითითებული, რომელთა უკან კონკრეტული გარემოებები დგას.

- როდესაც ასეთი შეფასება ქვეყნდება, ქვეყნის მდგომარეობაზე რისი თქმა შეიძლება?

- ეს მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რთული მდგომარეობაა. ვინაიდან ანგარიშში პრობლემების ფართო ჩამონათვალია, სხვადასხვა გამოსავალი შეიძ­ლება იყოს. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება­ იყოს პრაქტიკის პრობლემა, ზოგ შემთხვევაში - საკანო­ნმდებლო ხარვეზი. საკითხების მიხედვით უნდა შეფასდეს და განისაზღვროს, რა არის გასაკეთებელი. ამ ტიპის ანგარიშები არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

რუსა მაჩაიძე