მკვლელი ლიფტები - კვირის პალიტრა

მკვლელი ლიფტები

ქართული ანდაზა გვეუბნება, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის, უფრო სწორად კი ხელისუფლებისთვის, არაერთხელ გადაბრუნდა ურემიც და უფრო მეტიც, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მკვლელ ლიფტებს არაერთი ჩვენი მოქალაქის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლეც შეეწირა, მაგრამ გზა არა და არ ჩანს.14 იანვარს მოძველებულ ლიფტს კიდევ ორი მოქალაქე ემსხვერპლა - ვაზისუბანში ქალი და მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის გამო დაიღუპნენ. ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, არმენ სარქისოვი და არმინე ვოსკანიანი არიან, მათ მცირე­წლოვანი შვილი დარჩათ. როგორც "კვირის პალიტრას" ოჯახის ახლობელი უყვება, ისინი მე-9 კორუსში ცხოვრობდნენ, რომლის ლიფტიც რამდენიმე თვის წინ შეარემონტეს.

- მე-6 კორპუსში ვცხოვრობ. აქ ყველა ლიფტი მოძველებულია, ზანზარით ავდივართ და ჩამოვდივართ. როგორც ირკვევა, მათ ლიფტი გამოიძახეს, კაბინა­ გაიღო, მაგრამ ლიფტი იმ სართულზე­ არ იყო, შახტაში ჯერ მამაკაცი ჩავარდა,­ შემდეგ კი მისი დახმარება მეუღლემ სცადა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა, გრუხუნით­ წამოვიდა და ორივე ქვეშ მოიყოლა. ეტყობა, მექანიზმი მოწყდა და მთელი სისწრაფით წამოვიდა. როგორც მეზობლებმა თქვეს, რადგან კარი ისე გაიღო, რომ ლიფტი სხვა სართულზე იყო, სავარაუდოდ, დამცავი მექანიზმი მოშლილი იყო. ჩვენს კორპუსშიც არაერთხელ მომხდარა - ლიფტის კარი ისე იღება, სხვა სართულზეა გაჩერებული. ტელეფონით ვანათებთ ხოლმე გასაგებად, ზემოთ არის გაჩერებული, თუ ქვემოთ არის გაჭედილი. არადა, როგორც გვითხრეს, თუ გაფუჭებულია, კარიც არ უნდა იღებოდეს, მაგრამ ლამის საუკუნისაა და რას გაუგებ.

ისნის საკრებულოს მაჟორიტარის კახა ლაბუჩიძის თქმით, ტრაგედია, სავარაუდოდ, ლიფტის გაუმართაობის გამო მოხდა.­ გამოძიება უკვე დაწყებულია. "ამბობენ, თითქოს კორპუსის ბინადრებმა ლიფტის შესახებ გამგეობას მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია, რაც სიმართლე არ არის, ლიფტის რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს", - აცხადებს­ კახა ლაბუჩიძე.

"ყველანი ნაღმზე ვზივართ"

როგორც არქიტექტორი და ექსპერტი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მთელ საქართველოში ძალიან მწვავეა, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ტრაგედია ხვალ არავის ემახსოვრება.

- ტრაგედია რომ მოხდება, ადამიანი რომ მოკვდება, მაშინ გახსენდებათ ეს პრობლემა, მაშინ როდესაც ყველანი ნაღმზე ვზივართ. ორი კაცი ვიღაცის უპასუხისმგებლობას შეეწირა, მაგრამ ცოტა ხანში ესეც ისე მიჩუმდება, ვითომ არაფერი მომხდარა. მერიის შესაბამისი სამსახური თუ ვერ ამოწმებს ლიფტების უსაფრთხოებას, აჭედონ და საფრთხეც შემცირდება. არა გვაქვს სხვა ალტერნატივა. თვითმფრინავს გაფრენამდე­ ტექდათვალიერებას უტარებენ, ისევე, როგორც ავტომანქანებს, და რომელიც გაუმართავი აღმოჩნდება, არ უშვებენ, იმიტომ,­ რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული.

- არსებობს სტატისტიკა ლიფტების მდგომარეობის შესახებ?

- არა, ვინ შეამოწმებდა, თუკი სპეციალისტი არ ჰყავთ? ამ საქმეს პროფესიონალი სჭირდება. ჯერ უნდა მოაფიქრდეს, რომ შემოწმებაა საჭირო და შემდეგ კვალიფიციურად უნდა შეამოწმონ. ისე კი არა, თანაპარტიელს რომ მოიყვანენ,­ რომელიც არაფრის აზრზე არ არის. მხოლოდ­ თბილისში კი არა, რეგიონებშიც უმძიმესი მდგომარეობაა, მაღალსართულიან კორპუსებში­ ლიფ­ტების უმეტესობა 70-იან წლებში დამონტაჟდა. ყველანაირ სატრა­ნსპორტო საშუალებას აქვს ექსპ­ლუატაციის ვადა, მას მოვლა სჭირდება. მოვლაში შედის მუშაობის კონტროლი, გვარლის, ხუნდების, მოტორის, რელეების, მუშაობის რეჟიმების შემოწმება, შეზეთვა. ლიფტს აქვს ელექტროძრავა, რომელიც ელექტროგაყვანილობით მუშაობს, და 5 წელიწადში ერთხელ კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ხუნდები უნდა შეიცვალოს. 25 წლის შემდეგ მთლიანად ლიფტია შესაცვლელი. რამდენიმე დღის წინ კიდევ ჩავარდა ლიფტი, შიგ ოთხი კაცი იყო, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა. ისინი, ვინც 70-იან­ წლებში­ დამონტაჟებული ლიფტებით სარგებლობენ,­ ყველა განწირულია ჩვენი, საზოგადოების და ხელისუფლების მიერ, რადგან არავინ არაფერს ვაკეთებთ. ვყვირი სადაც და როგორც შემიძლია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე, არც მაქვს იმედი, თუ საზოგადოებამ არ იაქტიურა. ქალაქი, ქვეყანა სავსეა მკვლელი ლიფტებით და ამაზე არავინ ზრუნავს.

"ლიფტების აღრიცხვასაც არავინ აწარმოებს, არათუ იმას, თუ რა მდგომარეობაშია"

lifti-1673785509.jpg

უსაფრთხოების ექსპერტის სანდრო შელიას­ თქმით, მხოლოდ თბილისში რამდენიმე ათასი მოძველებული ლიფტია და უმეტესობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. უმეტესობა არ მოწმდება და უბედურ შემთხვევას ელოდება.

- მხოლოდ თბილისშიU 15 ათასამდე ლიფტია. მათგან შემოწმებულია მხოლოდ 10% და ყველა ახალ შენობებშია. ძველი ლიფტების უმეტესობა გაუკონტროლებელია და რაც დრო გადის, სულ უფრო საშიში ხდება. ეს მაშინ ახსენდებათ, როდესაც უბედური შემთხვევა ხდება.

არსებობს ტექნიკური რეგლამენტი და კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მოძველებული ლიფტები მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებად ითვლება. შესაბამისად, მათი ინსპექტირება, სულ ცოტა, სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, მაგრამ ლიფტების აღრიცხვასაც კი არავინ აწარმოებს, არათუ იმას, თუ რა მდგომარეობაშია ამა თუ იმ კორპუსის ლიფტი. ინსპექტირებაში შედის მისი გამოცდა, რამდენად გამართულად მუშაობს, რა რაოდენობის ტვირთს უძლებს... ჩვენ ლიფტებს დაშვებულზე 20%-ით გადატვირთვით ვამოწმებთ - თუ განსაზღვრული 1 ტონაა, 1 ტონასა 200 კილოგრამს ვალაგებთ. შემდეგ ლიფტს თავისუფალ ვარდნაში ვუშვებთ და სათადარიგო მუხრუჭით ვაჩერებთ, საფრთხის შემცველი ლიფტების უდიდესი ნაწილი არ ინსპექტირდება, უმეტესად ახალი ლიფტების ინსპექტირებისთვის მოგვმართავენ, მაშინ, როცა ახალი შენობა ბარდება და დეველოპერი დაინტერესებულია, ობიექტი რაც შეიძლება სწრაფად ჩააბაროს. ხშირად მოგვმართავენ ისინიც, ვისაც ხარისხიანი, ძლიერი ლიფტები აქვთ დამონტაჟებული, მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, მაღალი კლასის ობიექტები, ძველი კორპუსებით კი არავინ ინტერესდება.

- ძველი ლიფტების შემოწმება მერიის მოვალეობაა?

- დიახ, მერიას ევალება ამის მართვა.არაერთხელ მივმართეთ მოძველებული ლიფტების დიაგნოსტიკისთვის და რომ გამოსავალი ჩვენს და ამ სფეროში აკრედიტებულ ყველა კომპანიას ერთობლივად ეპოვა, ერთობლივი შესყიდვები გაგვეკეთებინა, რაც ამ პროცესს გააადვილებდა. რამდენიმე მილიონზეა საუბარი, რაც შეუძლებელი სულაც არ არის, მით უფრო, მერია ისეთ პროექტებზე ხარჯავს დიდ თანხებს. პირველ ეტაპზე გვინდოდა საფრთხის შემცველი ლიფტებისთვის წაგვეწერა, რომ საფრთხის შემცველია. ხალხი გაფრთხილდებოდა მაინც და თავად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ცოტა ხანს გაეჭირვებინათ თუ მაინც ემგზავრათ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის, მათ კორპუსში ლიფტი საშიშია თუ არა. შეიძლება ლიფტს საშინელი ხმა ჰქონდეს, მაგრამ საშიში არ იყოს და პირიქით, ჩუმად მოძრაობდეს, მაგრამ ტექნიკურად გაუმართავი იყოს. ასეთ დროს ხდება უბედური შემთხვევები.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- აუცილებელია კომისიის შექმნა, საპარლამენტო ან მთავრობის ეგიდით, სადაც ამ საქმის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას და კომპლექსურად დაიწყება პრობლემის მოგვარება. ეს იმდენად დიდი პრობლემაა, მთავრობის ჩარევის გარეშე მისი მოგვარება შეუძლებელია. ლიფტი ამხანაგობის საკუთრებაა და კანონით მისი ინსპექტირება ამხანაგობის ვალია, მაგრამ არ შეიძლება ეს მათ გადავაბაროთ, რადგან მათ ახალი ლიფტის დამონტაჟებისა ან განახლების შესაძლებლობა არა აქვთ. ეს საკითხი მთავრობამ და მერიამ ერთად უნდა მოაგვარონ.

„ყველაფერი წამებში მოხდა“

  • 2017 წელს, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 9 წლის მარიამ სოკოლოვი სადარბაზოში თავის დისშვილთან ერთად თამაშობდა­. მათი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ლიფტის ბადე გახსნილი იყო, სადაც მარიამმა თავი შეყო და ლიფტის საპირწონემ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ მარიამის დედა, ადვოკატი დიანა მარტიაშვილი გვიყვებოდა: "მეზობლების თქმით, მინიმუმ 10 წელი მაინც შახტა ღია ყოფილა. თურმე ერთხელ ლიფტი ჩამოწყდა და შიგ მყოფი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ გარღვეულა ბადე და მას მერე მისი შეკეთება არავის უცდია. მობინადრეები სულ სთხოვდნენ ამხანაგობის თავმჯდომარეს, ეს პრობლემა მოეგვარებინა... ამხელა ტრაგედია მოხდა და მეორე სართულზე ლიფტის კარი ისევ არ იკეტება. ახალ მსხვერპლს ელოდებიან?!"

საშინელი ტრაგედიიის დეტალებზე გვიამბო მარიამის დამ, სწორედ მისი 7 წლის ვაჟი იყო ტრაგედიის თვითმხილველი.

"მარიამი ძალიან ფრთხილი იყო და გიორგის მასთან ერთად ვუშვებდი, გვერდიდან არ იცილებდა. სახლში ვიყავი, გიორგიმ რომ მოირბინა, დედა, მგონი, მარიამი მოკვდაო. ვიფიქრე, ეტყობა, ბავშვი გაიქცა, მარიამი გაეკიდა და, ალბათ, კიბეზე გადავარდა-მეთქი. გიორგიმ მითხრა, მარიამს ლიფტში თავი მოჰყვაო. მარიამს ვერცხლისფერი ქურთუკი ეცვა, ხელი რომ მოვკიდე და სისველე ვიგრძენი, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. ძალიან მალე წაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც მერე მეზობელმა მითხრა, იმ სართულზე ლიფტის ბადე ყოფილა გარღვეული და ეტყობა, ბავშვმა თავი შეყოო. გიორგი, ნახე, აქედან ყველაფერი ჩანსო, - ეს იყო მარიამის ბოლო სიტყვები, ამ დროს საპირწონემ სახე გაუფატრა. ყველაფერი წამებში მოხდა".

  • 2019 წელს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლიფტი შახტაში ჩავარდა და ადამიანები დაშავდნენ. ინციდენტის შედეგად მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე დაშავდა. დაზიანება მან თავის არეში მიიღო.
  • 2020 წლის მარტში ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა. ის მაშინვე გადაიყვანეს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა. ექიმების თქმით, ბავშვის მე-7 სართულიდან ვარდნამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები გამოიწვია. იმავე წელს, გლდანის ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა, თუმცა მას გაუმართლა და გადარჩა.