„კრაკენი“ საქართველოშიც შემოაღწევს?! - კვირის პალიტრა

„კრაკენი“ საქართველოშიც შემოაღწევს?!

ახალი ვირუსის, "კრაკენის" ანუ XBB.1.5-ის გამოჩენამ მსოფლიოში ეპიდვითარების გართულების საფრთხე შექმნა. როგორც მეცნიერები ამბობენ, "კრაკენი", სხვა შტამებთან შედარებით, 140%-ით უფრო გადამდებია, ამიტომ ბევრი შიშობს, რომ ის პანდემიური ჩაკეტილობის მიზეზად იქცევა. "კრაკენის" თავისებურებებსა და ეპიდვითარების გართულების პროგნოზებზე "კვირის პალიტრასთან" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება.

"ქვეყნის ჩაკეტვის ალბათობა თეორიულია, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ინფიცირება"

- ჯერ გასარკვევია, XBB.1.5 ანუ "კრაკ­ენი", კორონავირუსის ახალი ვარიანტი, მართლაც ახალი ვარიანტია თუ აქამდე არსებული მუტაციის ქვევარიანტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კორონავირუსის სრულიად ახალი მუტაცია 2021 წლის 26 ნოემბერს იქნა ჯანმოს მიერ კლასიფიცირებული (2021 წლის განმავლობაში 3 ახალი მუტაცია დაფიქსირდა), რაც ნიშნავს, რომ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც კორონავირუსის ახალი მუტაცია­ არ აღმოუჩენიათ და ეს ძალიან კარგია. ის, რაც 2021 წლის ნოემბრის შემდეგ დომინირებს, ერთადერთი ახალი მუტაცია "ომიკრონია", მისი ქვემუტაციები კი კორონავირუსის ახალ ტალღებს განაპირობებს. ჩვენთან სწორედ "ომიკრონის" პირველი და მეორე ქვევარიანტები იყო 2022 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში­ ყველაზე ძლიერი, პანდემიის მეექვსე ტალღის განმაპირობებელი. 2022 წლის თებერვლის დამდეგს 26 ათასი ინფიცირებული გვყავდა, რაც პიკი იყო მთელი პანდემიის პერიოდის განმავლობაში. შემდეგი ტალღა, რომელიც 2022 წელის ზაფხულზე წამოვიდა, უკვე "ომიკრონის" მუტაციის მეოთხე-მეხუთე ქვევარიანტმა გამოიწვია, ხოლო ის, რაც ახლა ჩინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშია გავრცელებული, "ომიკრონის" მუტაციის მეხუთე ქვევარიანტის კიდევ ქვევარიანტია, რომელსაც სამედიცინო ენაზე XBB.1 ჰქვია.

- რით ხასიათდება "ომიკრონის" ეს ქვევარიანტი?

- საბედნიეროდ, "ომიკრონის" ეს ახალი ქვევარიანტი არ არის უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი და მის წინააღმდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა მეტ-ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს. შეშფოთების ერთადერთი მიზეზი მისი სწრაფი და იოლი გადამდებლობაა - 140%-ით უფრო გადამდებია და არა მძიმედ გადასატანი. ინფიცირების ხარისხი "ომიკრონისათვის" დამახასიათებელი იქნება - მსუბუქად მიმდინარე, შეიძლება გადაიტანონ ბინაზე, შეიძლება უსიმპტომოდაც. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს მოსახლეობის ფენა, რომლისთვისაც მსუბუქად მიმდინარე მუტაციაც კი შეიძლება მძიმე გართულებების მიზეზი გახდეს. კერძოდ, 65 წელს გადაცილებული პირები, ქრონიკული დაავადების მქონენი და ორსულები - მათთვის ეს მუტაცია შეიძლება გართულების მიზეზი აღმოჩნდეს.

- XBB.1.5 ჩვენთანაც დაფიქსირდა?

- ამ კითხვაზე პასუხი დაავადებათა ეროვნული­ ცენტრის პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, "ომიკრონის" ეს ქვევარიანტი საქართველოშიც შემოაღწევს. ასეთი სწრაფად გადამდები ვარიანტისგან ძალიან ძნელია ქვეყნის დაცვა.

- იქნება თუ არა ეს ახალი ტალღის თუ შეზღუდვების მიზეზი?

- სავარაუდოდ, არა. ეს დაავადება უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, ხშირად უსიმპტომოდაც და ჰოსპიტლების გადატვირთვა ან ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესება მოსალოდნელი არ არის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეს, რომელიც რისკის ჯგუფს განეკუთვნება (ჯანმრთელობის სტატუსის ან ასაკის მიხედვით) შეუძლია დაავადების პირველი დღიდანვე მიიღოს საპრევენციო ეფექტური საშუალება "პაქსლოვიდი", რომელიც თითქმის 90%-ით ამცირებს გართულებების რისკს. ასევე, ვისაც ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული, ამ ვირუსის ზემოქმედების სიმძიმე ძალზე შემცირებულია და ალბათობა იმის, რომ არ დაინფიცირდნენ, ძალიან მაღალია. საქართველოში დაახლოებით 250 ათასმა კაცმა გაიკეთა ბუსტერდოზა. მათთვის ეს ვირუსი ნაკლებად სახიფათოა.

- რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება,­ რომ კოვიდვაქცინები ამ ქვეშტამის მიმართ სათანადოდ მდგრადი ვერ არის?

- ამიტომაც ვახსენე ბუსტერდოზა. "ომიკრონის" წინააღმდეგ სტანდარტული 2 დოზა ნაკლებად ეფექტურია. მაღალი ეფექტი აქვს მესამეს ან მეოთხეს. 4 დოზა ჩვენთან ცოტა ვინმემ თუ გაიკეთა. თუ ვინმეს ეშინია, რისკის ჯგუფს ეკუთვნის და ინფიცირების ალბათობა ზამთარში მაინც მაღალია, ყველაზე კარგი გამოსავალია მესამე ან მეოთხე დამატებითი დოზის გაკეთება.

- "კრაკენის" სამშობლო ისევ ჩინეთია?

- დიახ, ასე ფიქრობენ.

- ბევრი ამბობს, კარგი იქნება, ჩინეთიდან შემოსულებს თუ შეამოწმებენო...

- "კრაკენი" არა მარტო ჩინეთში, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და ბევრი ქვეყანა უკვე ტესტირებას უტარებს ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს, ვინაიდან ჩინეთში დეკემბრის განმავლობაში ყოველდღიურად მილიონი კაცი ინფიცირდებოდა. ამიტომ ახლა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება, რადგან მუტაციის გავრცელების წყაროს მხოლოდ ჩინეთი აღარ წარმოადგენს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მუტაცია საქართველოში არ დააინფიცირებს 30 ათას კაცს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე იყო პანდემიის მეექვსე ტალღის დროს, როდესაც პირველად დაფიქსირდა "ომიკრონი". ქვეყნის ჩაკეტვის ალბათობა თეორიულია, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ინფიცირება.

- ამჟამად ათზე მეტი ვირუსი მუტირებს და როგორ განვასხვაოთ მათგან "კრაკენი"?

- არა მგონია, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით ვინმემ შეძლოს განსხვავება, "ომიკრონი" იქნება თუ რომელიმე სხვა ტიპის ვირუსი. ყველა მათგანი რესპირაციულია - ყველას ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს და ძალიან რთული იქნება განსხვავება. ერთი რამ შეიძლება გამოვიყენოთ მიმანიშნებლად - ახლა გაცილებით უფრო მეტია ინფიცირებული გრიპის ვირუსით, რომელსაც უფრო მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, 38 გრადუსი და მეტი.

- პრევენციისთვის როგორ მოვიქცეთ?

- ვიფიქროთ ვაქცინაციაზე, კარგი იქნება ბუსტერდოზის გაკეთება და, რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს ნიღბის ტარება, დისტანცირება და ხელების ხშირი დაბანა.